ფარდების შერჩევის დროს დაშვებული შეცდომები, რომელიც მთელ ინტერიერს აფუჭებს

ფარდები დეკორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის ინტერიერს ასრულებს და ოთახს სიმყუდროვეს ანიჭებს. სწორედ ფარდაზეა დამოკიდებული სივრცის ფორმა და ზომა, ასევე ინტერიერის საერთო სახე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ფარდა სწორად იყოს შერჩეული, რაც არცთუ მარტივი საქმეა. მოდით განვიხილოთ, რა შეცდომებს ვაწყდებით ხოლმე ყველაზე ხშირად ფარდების შერჩევის დროს.
თუ ფარდებს პირველად ყიდულობთ, დიდი ალბათობით, ყურადღებას პირველ რიგში ფერსა და ნახატს აქცევთ. შედეგად, მისი მთავარი მისია, დაგვიცვას მზისგან, შეუსრულებელი რჩება ხოლმე. შესაძლოა ფარდა შესანიშნავად ერგებოდეს ინტერიერს, უხდებოდეს მას ფერითაც და ფორმითაც, თუმცა მზეს
მაინც ატარებდეს ან პირიქით, საერთოდ არ ატარებდეს მზეს და ჩრდილავდეს მთელ ოთახს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ფარდის ფერი, რომელიც ინტერიერს საბოლოო სახეს ანიჭებს. ამ შემთხვევაში დიზაინერები რამდენიმე მარტივი წესის დაცვას გვირჩევენ.
კედლები და ფარდები ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს, მსგავს ტონში უნდა იყოს.

სიფრთხილით მოეკიდეთ ფარდებზე ორნამენტებსა და ნახატებს, თუ კედლებზეც არის ორნამენტები, გირჩევთ ფარდები სადა შეარჩიოთ.
ფერის შერჩევის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რბილი ავეჯის შალითების და დეკორის სხვა ელემენტების ფერი. ასე ინტერიერი ჰარმონიული გამოვა.

თუ ინტერიერი მონოქრომულია, მკვეთრი ფერის ფარდებით მისი გადახალისება ნამდვილად კარგი იდეა იქნება.
ნუ დააიგნორებთ ოთახის გაბარიტებს, გახსოვდეთ, ჰორიზონტალური ორნამენტები ოთახს აფართოებს, ვერტიკალური კი ამაღლებს. გარდა ამისა, მუქი ფერის ქსოვილი სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს, ღია ფერის ქსოვილი კი, პირიქით, მას უფრო დიდს აჩენს.
ფარდა, რომელიც საერთოდ არ ატარებს დღის სინათლეს, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მაშინ, როდესაც ადამიანებს მზის სხივები აღიზიანებთ, ეს ეს შესაძლოა ეხებოდეს საძინებელს, თუმცა სხვა ოთახებისთვის მსგავსი ვარიანტი ნამდვილად არ გამოგადგებათ. ვისაც სქელი ფარდები უყვარს, მათთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ფარდები, რომელსაც დიმაუთს უწოდებენ და რომლის სინათლის გამტარობა 70-95%-ია, ასეთი ფარდები ოთახში გაფანტულ სინათლეს უშვებს, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს.
ძალიან ხშირად ეკონომიის მიზნით დაშვებული შეცდომაა არასწორად შერჩეული ფარდის სიგანე და სიგრძე. ვიწრო და მოკლე ფარდა ფანჯარაზე ძალიან უშნოდ გამოიყურება, ისევე, როგორც ზედმეტად გრძელი და განიერი.

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც, ორი ფარდის შემთხვევაში, "წული" და სქელი ქსოვილი საერთოდ არ შეესაბამება ერთმანეთს, შეუსაბამობა შეიძლება გულისხმობდეს ფარდის სისქის, ფერის, ზომის და ტექსტურის შეუხამებლობას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები