"ამ მუზეუმში დიდი სიმდიდრეა თავმოყრილი" - იმპერატორისა და მისი ფრეილინას ნივთები თბილისში


ბევრმა არ იცის, რომ თბილისში არსებობს მუზეუმი, სადაც ჯერ კიდევ შეუფასებელი ნივთებია თავმოყრილი. ეს სმირნოვების სახლმუზეუმი გახლავთ, რომლის ყოფილი მფლობელიც რუსეთის იმპერატორის დების ფრეილინა გახლდათ. აქ დაცული უნიკალური კოლექციის შესახებ მუზეუმის დირექტორი ბაია ამაშუკელი გვესაუბრა.

- ისეთი ნივთებია ამ სახლ-მუზეუმში თავმოყრილი, რომ ძალიან მინდა მუზეუმს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭოს... ორი ნახატია აივაზოვსკის, როცა სულ ხუთი დახატა თბილისში ყოფნის პერიოდში. ჯერჯერობით ამ ნახატების შეფასება არ მომხდარა, მაგრამ რასაკვირველია ძალიან მაღალი ფასი აქვს... ორი მაგიდაა, რომელიც ითვლება, რომ პეტრე პირველის ხელით არის გამოჩორკნილი...

პეტრე პირველის ნაჩუქარი ჯვარიც არის მუზეუმში. უამრავი გერმანული "სეკრეტერებია", აუარებელი ვერცხლის ნივთები, მედალიონები, ძალიან ბევრი უნიკალური ხატები... ეტყობოდა რომ მორწმუნეები იყვნენ, რადგან ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საზოგადოებასაც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი სმირნოვი. ექსპონატების დალაგების დროს ძალიან დიდი რაოდენობით ბიბლიები აღმოვაჩინე... აქ დგას პიანინო, რომელზეც ცნობილია, რომ თვით ჩაიკოვსკი უკრავდა. პიანინო არის დასავლეთ ევროპის წარმოების, მეცხრამეტე საუკუნის - ხე, ბრინჯაო, სპილოს ძვალი, სპილენძი და ძალიან ძვირფასია... ჩაიკოვსკი იმდენად დაახლოვებული იყო სმირნოვებთან, რომ მისი ავტოგრაფიც აქვს დედამისის სურათს. ძალიან ბევრი ფერწერული ნამუშევრებია. ზოგი უცნობი მხატვრის არის, ზოგის ავტორი ვიცით. ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები გვაქვს უამრავი. მას ამ შენობაში პუშკინის ასი წლისთავი აქვს გადახდილი.

 

 

 

 

 


მუზეუმში განსაკუთრებულად ბევრი და ძვირფასი ჭურჭელია. მათ შორის პეტრე პირველის დროინდელი თასები, რაც ითვლება რომ რუსეთშიც დეფიციტია დღეს და თითქმის აღარ არსებობს.

როგორც ვხედავთ მუზეუმში არის სიმდიდრე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის სამეფო კარის სიმდიდრემდე მიდის. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ ნივთების შესახებ, რადგან სმირნოვებმა ყველაფერი საქართველოს დაუტოვეს, მათ შორის შენობაც. წინანდლის მუზეუმის შემდეგ საქართველოში ამხელა სიმდიდრე არცერთ მუზეუმში არ არის.
მუზეუმი დალუქული იყო, მალე გაიხსნება, მაგრამ პატარა სივრცეა და ყველაფერს ერთად ვერ გამოვფენთ. მონაცვლეობით იქნება წარმოდგენილი. მთავარი ის არის რომ არ შეიძლება ამხელა კულტურული მემკვიდრეობა დაუკარგო ხალხს და მასზე წვდომა არ ჰქონდეს.


 

 

 

 

 

 




სამუზეუმო კოლექცია სმირნოვების ყოფილ სახლშია განთავსებული. ოტო სიმოსნსონის პროექტით, 1851 წელს აშენებული სახლის შენობა, სომეხმა მეცენატმა და ვაჭარმა, იაგორ თამამშევმა მზითევში გადასცა მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვზე გათხოვილ მის ქალიშვილს- ელისაბედ თამამშევას. მიხეილის დედა, ალექსანდრა სიმირნოვა-როსეტი იმპერატორის კართან დაახლოებული და იმპერატორის დების ფრეილინა გახლდათ. გარეგნობის გამო კი ალექსანდრა პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვისა და იმ დროს არაერთი ცნობილი პიროვნების შთაგონების წყარო, უსაზღვრო განათლების გამო კი - მრავალ საკითხში მათი მრჩეველიც და დამხმარეც იყო. ალექსანდრას მეორედ გათხოვების შემდეგ მიხელ სმირნოვმა პეტერბურგში არსებული დედამისის სალონის ნივთები და კოლექცია თბილისში ჩამოიტანა.
სმირნოვების ოჯახში ქართველ დიდგვაროვანთა სისხლიც სჩქეფს. სმირნოვების ოჯახში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, რომელსაც სტუმრობდნენ: ა.ჩაიკოვსკი; კ.აბაშიძე; დ. სარაჯიშვილი; ი. ჯავახიშვილი; პ. მელიქიშვილი; ე.ლანსერე; გ.ტაბიძე; გ.ლეონიძე და სხვები. წლების წინ, ილია ჭავჭავაძემ სმირნოვების სახლში გამართა პუშკინის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. სმირნოვების სახლში სმირნოვების სამმა თაობამ იცხოვრა: 1. მიხეილ ნიკოლოზის ძე სმირნოვმა (ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის შვილმა);
2. გიორგი მიხეილის ძე სმირნოვმა და 3. 1918 წელს დაბადებულმა და მისი ქონების საქართველოსთვის გადმომცემმა - მიხელ სმირნოვმა.
1970 წელს, სმირნოვების სახლის ბოლო ბინადარი, მიხეილ სმირნოვი ნივთების დაცვის მიზნით, საქმეში პარტნიორობას საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულ "მხატვრულ-მთარგმნელობით და ლიტერტურულ ურთერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიას" აბარებს, სადაც თავადაც მუშაობს. მის სიცოცხლეშივე, "ლიტერატურულ ურთერთობათა სახლს"-"პუშკინის მემორიალის" სტატური მიენიჭა. 1984 წელს დასნეულებული მიხეილ სმირნოვის ინიციატივით იმართება ალექსანდრა სმირნოვასა და ნ. გოგოლის დაბადების 170 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფრენცია. 1984 წელს, მიხეილ გიორგის ძე სმირნოვმა და დედმისმა, ევგენია ფონ შლეიერ-სმირნოვამ, მთელი საგვარეულო ქონება საქართველოს გადასცეს".
ანდერძის მე-9 პუნქტი , კოლექციის ერთიან მემორიალურ კომპლექსში შესანარჩუნებლად, "პუშკინის ეპოქის ყველა ნივთის სახლში უცილობლად დატოვებას ითხოვს".
სმირნოვების კოლექციაზე, "კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს" დაკვეთით 2007-2008 წლის სახელმწიფო დაფინასების ფარგლებში განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც (ქართული, რუსული და ინგლისური ანოტაციითა და ფოტოებით) გამოიცა წიგნი, "სმირნოვების სახლი-საჩუქრად საქართველოს".

მანანა გაბრიჭიძე



კომენტარები

Natia 2018-10-23 12:13
Zustad ra adgilas mdebareobs?an ra girs muzeumshi shesvla?

კომენტარის დამატება