მარანი კორპუსის ბინაში და... საქართველოს ხედებით გალამაზებული კედლები

ფოტოგრაფი და კოლექციონერია და სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შევხვდი წლების წინ. თუმცა ძველი ღია ბარათებისა და საქართველოს პეიზაჟების ფოტოებთან ერთად, ჩემზე არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ბინამ, მარნითა და აივნიდან ულამაზესი ხედით. პირადად მე, კორპუსის ბინაში მარანი არასოდეს მინახავს და ალბათ ვერც სხვა დამისახელებს მეორე ასეთ ადგილს...

მირიან გუჯაბიძე ვერაზე, მაღალსართულიანი სახლის დუპლექსში ცხოვრობს, რემონტი რამდენიმე წლის წინ გააკეთა. კედლებზე უმთავრესად საქართველოს ხედები აქვს გამოფენილი. ფოტოებს სხვა ქვეყნებშიც იღებს, უბრალოდ, ყველაფერი ინტერიერში არ ეტევა და კარადებში, ფერად ალბომებშია გადანაწილებული, სხვადასხვა წლით

დათარიღებულ ღია ბარათებთან ერთად.



პირველი ფოტოები საკუთარი ხელით გაკეთებული აპარატით უმცროს ძმას, მამასა და ბაბუას გადაუღო. შემდეგ სტუდენტობის დროს შეიძინა აპარატი “სმენა”და ახლა უკვე ამით იღებდა.

ორი შვილი ჰყავს. ვაჟი - მოსკოვში, ხოლო გოგონა ესპანეთში ცხოვრობს თავ-თავიანთი ოჯახებით. თურმე დროდადრო სიძე სიმამრს ეკითხება ხოლმე, სად გინდა მოგზაურობაო და ისიც მარშრუტს უსახელებს. შემოდგომაზე თურქეთში იყო, მანამდე ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი მოიარა.... იქაც იღებს, თუმცა რატომღაც უცხოეთის ბუნებით ნაკლებად ინტერესდება. იღებს რკინის კონსტრუქციებს, არქიტექტურას და კარებს. არაერთი ლამაზი ქვეყანა უნახავს, ობიექტურად უყურებს ამ საკითხს, თუმცა, ყველას მაინც საქართველო ურჩევნია და ვერსად დარჩება სამუდამოდ საცხოვრებლად. ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა კანონი და შეზღუდვა არსებობს, რომელსაც ვერ ეგუება და ვინაიდან თავისუფლება უყვარს, შინ ყოველთვის სიხარულით ბრუნდება. ძველ მისალოც ბარათებსაც მოგზაურობის დროს იძენს. შეიძლება სპეციალურადაც კი გაემგზავროს სადმე, როცა იგებს, რომ ვიღაცას ისეთი ნიმუშები აქვს, რომელიც მის მრავალათასიან კოლექციაში ჯერ არ მოხვედრილა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:



- ერთხელ ვიღაცამ მაჩვენა ბარათი: შენ ხომ ქართველი ხარ, აი, შეხედე, ქართველი ბიჭუნაო. შევხედე, გასაგებად წერია: «Грузин, кахетинец, на осле» - ნახშირი ჩამოიტანა თბილისშიო. ეს იყო პირველი, რაც შევიძინე და ჯიბით ვატარებდი. თან ყველას ვაჩვენებდი. მერე ერთ კაცს გადავეყარე, მითხრა: ასეთები ბევრი აქვს ერთ ადამიანსო. ბევრი რას ნიშნავს-მეთქი და, ოცამდე ექნებაო. გავგიჟდი, ოცი საიდან, მე ერთი ძლივს ვნახე და იმან ამდენი სად ნახა-მეთქი? ჰოდა, გავიცანი ეს ადამიანი. მას სხვადასხვა ქვეყნის ბარათები ჰქონდა, რომელთაგან შვიდი საქართველოზე იყო. ერთი თვის ხელფასს მოგცემ, თუ ამას დამითმობ-მეთქი. ისე მოგცემ, არაფერი მინდაო. მაგრამ ეს უფრო ძვირი დამიჯდა. ორჯერ შევიყვანე „არაგვში“. იმხანად „არაგვი“ საუკეთესო რესტორანი იყო მოსკოვში (იღიმის).

მირიან გუჯაბიძეს დიდი სურვილი აქვს, მისი გადაღებული ფოტოების მიხედვით, ღია ბარათები დაბეჭდოს, ბევრი თუ არა, 1000 ცალი მაინც. კიდევ ერთი იდეა აქვს და ნამდვილად ყურადსაღები - სურს, რომ დედაქალაქის ერთ რომელიმე უბანში დარბაზი ჰქონდეს, სადაც მუდმივმოქმედი ექსპოზიციის სახით იქნება ბარათები გამოფენილი. თვალის ერთი შევლებითაც კარგად ჩანს, თუ რა უნიკალური მასალის მფლობელია ეს ადამიანი და მსგავსი ფართი მისთვის აუცილებელია. პორტრეტების, კულტურული ძეგლებისა და სხვა თემატიკის გარდა, აქ დაახლოებით 6 ათასზე მეტ ბარათზე საქართველოს ხედებია აღბეჭდილი, რომელსაც ფოტოგრაფი დღესდღეობით სტუმრობს და ცდილობს, ისინი უკვე არსებული ნიმუშების მიხედვით, იმავე წერტილებიდან და რაკურსიდან გადაიღოს. ბარათების გამოშვებიდან საუკუნე და ზოგან 100-ზე მეტი წელიცაა გასული.



* * *
წარმოშობით ბათუმელმა მირიან გუჯაბიძემ, სამხედრო სამსახური რუსეთში გაიარა, შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო, საქონელმცოდნეობას დაეუფლა და მუშაობა დაიწყო. სურსათის ხარისხის დამადასტურებელ სახელმწიფო ინსპექციის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მისი გადამმუშავებლების ხარისხს ადგენდა. ასე დაგროვდა 25-წლიანი სამუშაო სტაჟი, ხოლო 40 წლის განმავლობაში ღია ბარათების კოლექცია საგრძნობლად გამდიდრდა. მარკებსაც აგროვებს და ვინტერესდები, აგროვებს თუ არა კიდევ რამეს, რაზეც ღიმილით, აჭარული კილოთი მპასუხობს: “სხვა არაფრის კოლექცია არ მაქვს. არც საზღვარგარეთ ვყიდულობ ხოლმე ნივთებს. მხოლოდ, ერთხელ შევიძინე და სახლში წამოვიღე ერთი ნივთი: ნახევარი წლით ვიეტნამში მივლინებით ვიყავი. იქ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაზე მოვხვდი. ნივთები გასაყიდად რომ გამოიტანეს, ერთ-ერთმა პირველი ადგილი დაიკავა. ბუდისტურ თემაზე შესრულებული უამრავი ფიგურაა ხის ერთ ნაჭერზე ამოკვეთილი. ვიზუალურად ძალიან მომეწონა და შევიძინე. მასში 1200 დოლარი გადავიხადე. სანდალი ტროპიკული ხეა და ამიტომ ნივთი საკმაოდ მძიმეა”.



* * *
თბილისის ქუჩებში ბევრს დადის, ფოტოებს იღებს და შინ საღამოს ბრუნდება. ბინა ორ სართულადაა დაყოფილი. მთლიანად 200 კვადრატულ მეტრს მოიცავს - ორი სველი წერტილითა და დიდი აივნით მეორე სართულზე. პირველ სართულზე მისაღები ოთახი, დიდი სამზარეულო, სასადილო ფართი და მარანია. სასტუმრო ოთახსა და ჰოლს, რომელშიც სარკეებიანი კარადებია დამონტაჟებული, პირობითად ყოფს რკინის კონსტრუქცია, რომელიც მასიურია, თუმცა “სიმძიმის” ასოციაციას არ ქმნის.

ხოლო მეორე სართულზე საძინებელსა და კაბინეტს შორის ბუხრიანი სივრცეა, იქვეა თვალში საცემი და ორიგინალური ხის ავეჯი.

სამზარეულოში თუნგები, დოქები და თასები აწყვია. საერთოდ, აქ ღვინო და ქართულ ტრადიციულ სუფრასთან დაკავშირებული ატრიბუტები ცალკე საუბრის თემაა. ქართული აგურით მოპირკეთებულ მარნის ინტერიერში, ძველქართულ ჩუქურთმებში ბევრ საინტერესო კომპოზიციას იპოვით. მასპინძლის იდეით გამოიჭრა ხის კარადებიც და პანოებიც, რომლებზეც ხეში ამოკვეთილი სიმბოლოებით გადმოცემულია სხვადასხვა თემა. მაგალითად, საქართველოს სიმბოლოები: ცაში არწივი, მიწაზე - ხარ-კამეჩი და წყალში - თევზი. ხეში გამოჭრილია მარადიულობის სიმბოლოც და აქვეა სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით შექმნილი კომპოზიციაც. პატარა იგავი “ორი ძმა” სულგრძელი და კეთილი ადამიანების ყოფაზე მოგვითხრობს...

მარანში ღვინის სუნი ტრიალებს და მასპინძელი ამბობს: ბავშვობიდან მახსოვს, ჩვენთან დასავლეთში იცოდნენ შეკითხვა: “შავ ღვინოს დალევ თუ თეთრს?” მეც შავს ვამბობ და არა წითელს. შემოდგომაზე 300 კილო საფერავი შევიძინე და ჩემს მარანში შავი ღვინო დავწურე. მინდა გითხრათ, რომ საფერავი მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც წვენი მუქი ფერის აქვს, დანარჩენი ღია ფერის წვენს გამოყოფს, უბრალოდ წნეხის დროს მუქდება და ამიტომ ვეძახით მას შავ ღვინოს”.



* * *
პირველიდან მეორე სართულზე ხის კიბით ავდივართ. ბუხარში ცეცხლს ვანთებთ და იქვე კაკლის ხის მაგიდასთან ვსხდებით. გარშემო ექვსი პატარა სკამი დგას. გამორჩეულია თამადის სკამი, რომელსაც სვანური კოშკები ამშვენებს, საზურგეზე კი თევზის გამოსახულებაა. ეს ავეჯიც მასპინძლის სურვილითა და ესკიზითაა შექმნილი. საერთოდ, ინტერიერში ხის მასალა სჭარბობს: “ხე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, მამაჩემთან ერთად სახერხში დავდიოდი და ნახერხით ვავსებდით ხოლმე ტომრებს, შემდეგ კი მთელი ზამთარი ამ ნახერხით ღუმელს ვანთებდით. სუნით ვარჩევ ხის ჯიშებს. ეს სურნელი ჩემთვის დღესაც ოჯახთან და სითბოსთან ასოცირდება”.

ბინის ვერანდიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება - ხელისგულივით მოჩანს ნახევარი თბილისი: ფუნიკულიორი, ქართვლის დედა, ლურჯი მონასტერი, მტკვარი, სამების ტაძარი... მართალია, ზაფხულში მეტი სიმწვანეა, ახლა კი ზამთარია და რუხი ფერები ჭარბობს, თუმცა, წელიწადის ყოველ სეზონზე მშვენიერია აქედან დანახული თბილისი... 

კიდევ მეტი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში

ანა კალანდაძე

კომენტარები

imereli 2017-04-09 14:11
პლასმასის ბოცები არ უხდება,უკაცრავად!
ps 2017-04-08 17:18
au zaan magaria!
maladec!
yes 2017-04-08 17:09
es nagdad milioniani saxlia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები