სოთბის აუქციონზე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა

ბოლო დროს დასავლეთევროპელი კოლექციონერების ინტერესი ქართველი მხატვრების ნამუშევრებისადმი გაიზარდა. სოთბის აუქციონზე მათი არაერთი ნახატი გაიყიდა... გუშინ კიდევ ერთი ნახატი გაიყიდა და ამის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეცნიერი ლადო მირიანაშვილი:

- 14 ნოემბერს, ლონდონში გამართულ სოთბის აუქციონზე ვახტანგ ადვაძის მიერ 1968 წელს შესრულებული ნამუშევარი, "ქუჩა ლიტვაში"  5,000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ნახატი აუქციონზე მხატვრის ოჯახმა გაიტანა. ეს სოთბიზე გაყიდული, ვახტანგ ადვაძის უკვე მეორე ნამუშევარია: მხატვრის მიერ 1974 წელს შესრულებული ნახატი "გაზაფხული"  2016 წლის ნოემბერში 6,250 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ვახტანგ ადვაძე საქართველოს დამსახურებული მხატვარიდა
საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი, რეალიზმის სკოლის წარმომადგენელი იყო და პეიზაჟების, საყოფაცხოვრებო სცენებისა და პორტრეტების ხატვაში იყო დასპეციალებული.

1935-1939 წლებში იაკობ ნიკოლაძის თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა. შემდგომ, სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის სტროგანოვის ცენტრალურ სამხატვრო-სამრეწველო სასწავლებელში ჩააბარა, თუმცა, ფინეთთან ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა და ფრონტზე წავიდა. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დემობილიზების შემდეგ მოსკოვის სასწავლებელში აღადგინეს, მაგრამ მალევე საქართველოში დაბრუნება მოუწია და სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.

1950–1960 წლებში დონის როსტოვის სამხატვრო სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. სამხატვრო გამოფენებში 1951 წლიდან მონაწილეობდა. მისი ნახატების პერსონალური გამოფენებისთვის თბილისს, მოსკოვს, ლენინგრადს, კიევს, როსტოვსა და პალანგას უმასპინძლია. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის გარდა, ადვაძის ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის (მოსკოვი), აღმოსავლეთის კულტურის მუზეუმის (მოსკოვი), რუსული მუზეუმის (სანკტ-პეტერბურგი), რუსული სახვითი ხელოვნების მუზეუმისა (კიევი) და როსტოვის სურათების გალერეის კოლექციებში. მხატვრის რამდენიმე ათეული ნამუშევარი კერძო კოლექციონერების მფლობელობაშიც არის.

მისი გარდაცვალების შემდეგ, 2004 წელს, მისი ნახატების პერსონალური გამოფენა რომში, კარლო მარია ბიაჯიარელის კერძო, ანტიკვარულ გალერეაში გაიმართა, რომელიც საბჭოთა ხელოვნების ნიმუშების გაყიდვაზეა ორიენტირებული. დასავლეთევროპელ კოლექციონერთა მხედველობის არეში სწორედ ამ გამოფენის შემდეგ მოექცა. 

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

alex jandieri 2017-11-16 00:17
gilocavt zalian gvixaria vaxtang nikolaevichis tsarmateba dafaseba kidev ertxel gilocavt mtel ojaxs nikusha zalian hgavs papas am suratshi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები