„მთელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება დედას და მეუღლეს" - ინტერვიუ განსაცვიფრებელი ნახატების ქართველ ავტორთან

„ძნელია დაიჯერო, რომ ამ საქმეში ადამიანის ხელი ერიოს, არადა ადამიანმა დახატა!" - ასეთ ემოციებს იწვევს მნახველში „თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მეტრის“, ქუთაისში დაბადებული ხელოვანის, გურამ დოლენჯაშვილის ნახატები, რომელიც 20 წელზე მეტია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. გრაფიკოსმა 1968 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1969 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მის თემატურ ციკლებად გაერთიანებულ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: "იმერეთის პეიზაჟი", "ჩემი სამშობლო", ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები – "გაფრთხილება", "განგაშის ზარები"; მისი ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.

- „ფანქრის ჯადოქარი“, „თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების
მეტრი“ - ასე აფასებენ თქვენს შემოქმედებას, თქვენ თავად როგორ შეაფასებთ თქვენს ნახატებს?

- დიდი ხნის წინათ, 1988 წელს პერსონალური გამოფენა მქონდა თბილისში, მხატვრის სახლში. და მაშინ უცნობმა ახალგაზრდა ქალიშვილმა ნანამ დამიწერა: “საშინლად მომინდა სოფელში ყოფნა“. მას შემდეგ ამ ოთხმა სიტყვამ განსაზღვრა ჩემი შემოქმედების ძირითადი მიმართულება. ეს არის ჩემი მშობლიური იმერეთი. მას არ შევუქივარ, როგორც მხატვარი და არ უთქვამს მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩემმა დათოვლილმა იმერულმა ბეღელმა და ნალიამ მოანდომებინა სოფელი, იქ ყოფნა... ამაზე დიდი შექება ჩემთვის არ არსებობს.
ამიტომ შემდეგ წლებში, როდესაც ჩრდილოეთში მოგზაურობის დიდი სერიები დავასრულე და სხვა თემებზე მუშაობა, საერთოდ ყველაფერი გვერდზე გადავდე და იმერეთის სოფლებში ხეტიალი და მასალების შეგროვება დავიწყე.
კარგად არ მესმის ხელოვანმა როგორ ან რატომ უნდა შეაფასოს თავისი ნაწარმოები. საბედნიეროდ, ამისთვის არსებობენ ხელოვნებათმცოდნეები და რაც მთავარია, უბრალო, ჩვეულებრივი ხალხი. მათი ემოცია, მათი განწყობა...
ჩემს ნახატებს მე ვერ შევაფასებ. ყველაზე კარგი შემფასებელია დრო! ვნახოთ, ასი-ორასი წლის შემდეგ რა მოხდება, თუ შემორჩა ისტორიას, ესე იგი კარგი და ღირებული ყოფილა.

- რა ასაკიდან გამოხატეთ ხატვის მიმართ ინტერესი? 
- საბავშვო ბაღში, ოთხი წლის რომ ვიყავი! ფერადი ფანქრებით ყველა ბავშვი ხატავს. უბრალო ფანქარის სიყვარული დღემდე მომყვება.

- როდის მოვიდა პირველი წარმატება და აღიარება?
- ჩემი პირველი წარმატება კარგად მახსოვს. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი. პიონერთა სასახლის ხატვის კაბინეტმა მოაგროვა ოცამდე ნორჩი მხატვრის ნამუშევარი და მოსკოვში გააგზავნა საკავშირო კონკურსზე. ჩემთან ეზოში, ერთი მოშლილი ონკანი გვქონდა, საიდანაც მუდმივად წყალი მოწიწკინებდა. გარშემო აგურები ჰქონდა შემოწყობილი. ზოგი აგური ჩამოყრილი იყო და ბალახ ბულახში იყო მიმობნეული. ეს დავხატე ფანქრით ფურცელზე და ხატვის მასწავლებელს მივუტანე. გავიდადრო და ქუთაისის საქალაქო გაზეთ „სტალინელში“ იბეჭდება სტატია: „წერილი მოსკოვიდან“, სადაც დასახელებული ვიყავი პირველ ადგილზე და განსაკუთრებულისაქებარი სიტყვებით მამკობდნენ. ის ბავშვური სიხარული და ბედნიერება დღემდე მახსოვს.
მას შემდეგ ბევრი პერსონალური გამოფენა მქონია, უამრავ საერთაშორისო ექსპოზიციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ვერავითარ სიხარულს ვერ ვგრძნობ. ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ყოველდღიურიობაა, ჩემი საქმე და პროფესია...
80-იან წლებში, ერთხელ ქუთაისის სახელოსნოში დამირეკეს საზღვარგარეთიდან, მომილოცეს გამოფენაში მონაწილეობა და ჯილდოს მიღება. მადლობა გადავუხადე და მუშაობაში გართულს გადამავიწყდა. გამახსენდა ამ პრემიის შესახებ მხოლოდ ორი წლის შემდეგ. როცა სახლში ვთქვი, მითხრეს: ასეთი სერიოზული საპატიო ჯილდო თუ მიიღე, ვერ თქვიო...

- თქვენი მოღვაწეობის უმეტესი პერიოდი საზღვარგარეთ გაატარეთ, რით ახსნით ამას?
- სრულებითაც არ ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას. ქუთაისში მშვენივრად ვიყავი მოწყობილი. კარგი სამუშაო გარემო, დიდი შემოქმედებითი სახელოსნო მქონდა. თუკი ვინმე საპატიო სტუმარი ჩამოვიდოდა ქუთაისში, ჩემთან მოჰყავდათ. სახელოსნოში იმერული ხისა და თიხის ჭურჭლის მდიდარი კოლექცია და ყინულოვანი ოკენიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ნივთები მქონდა. სტუმრებს ვაჩვენებდი სლაიდებს, გადაღებულს შორეულ აღმოსავლეთში. ვუყვებოდი ჩემს სახიფათო თავგადასავლებს, როგორ ვნადირობდი ვეშაპებზე და ზღვის ლომებზე... ეს იდილია დამერღვა თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ. დაისადგურა წყვდიადმა ქალაქში. ვცდილობდი მბჟუტავი ლამპისა და სანთლის შუქზე მემუშავა. მუშაობის დროს ჩემთვის აუცილებელია დიდი შუქი, რომ დავინახო, გამადიდებელი შუშის იქით როგორ ლაგდება უწმინდესი, მკრთალი შტრიხები. ამიტომაც ფაქტიურად გაჩერებული ვიყავი დიდი ხნით.
ჩემი ქვეყნიდან წასვლა იძულებითი იყო. რამდენიმე წელი გავატარე მოსკოვის შემოქმედებით სახლ „ჩელიუსკინში“. იქ მშვენიერი პირობებია მხატვრისთვის. არის ოფორტისა და ლითოგრაფიის კარგი სახელოსნოები.

- თქვენი შეფასებით, რა შესაძლებლობებია ქართველი მხატვრებისთვის ჩვენს ქვეყანაში?
- თქვენც კარგად ხედავთ, რომ მხატვრებისთვის საქართველოში არავითარი პირობები არ არსებობს. ვფიქრობ, ჩვენთან შედარებით მწერლებს გაუმართლათ. ლიტერატურაში რაღაც სისტემა მაინც არსებობს. ყველას ჰყავს თავისი გამომცემელი. ითარგმნება წიგნები, წელს ოქტომბერში იმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც ამ მსოფლიო მაშტაბის ღონისძიებაში საქართველო საპატიო სტუმრადაა მიწვეული.
მხატვრების ცხოვრება კი მიშვებულია თვითდინებაზე. ყველა წვალობს და ჯახირობს. ყიდიან მშრალ ხიდზე ფულის გულისთვის უსაშველოდ იაფად თავიანთ ნაწარმოებებს. მაგრამ ზოგიერთი მაინც ახერხებს ძალიან კარგი ნამუშევრების შექმნას და ზოგჯერ საქართველოში, და თუნდაც საზღვარგარეთ მაღალი დონის გამოფენის მოწყობას. თუ მხატვარს აქვს ძლიერი სული, ნება და ჭკუა, მაშინ იგი ისეთი მიმართულებით წაიყვანს თავის ცხოვრებას, რომ...

- რას ურჩევთ საკუთარი შემოქმედების რეალიზების კუთხით ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს?
- მე არ ვარ ბრძენი კაცი, ვინმეს რაიმე რომ ვურჩიო და არც იმის ილუზია მაქვს, რომ ვინმე ჩემს რჩევას გაითვალისწინებს, მაგრამ მაინც ვეტყოდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: ნურავინ ნუ შეეცდება დიდი შრომის და ტანჯვა-წვალების გარეშე რაიმე ღირებულს შექმნას. ნუ ფიქრობთ იოლ გზაზე. შეუძლებელია, ნიჭისა და შრომის ტანდემის გარეშე შეიქმნას დიდი შემოქმედება.

- თუ მოუმართავს, რომელიმე კოლექციონერს თქვენი ნახატების შეძენის სურვილით?
- შემოთავაზება ბევრია, განსაკუთრებით მათგან, ვისაც ძალიან უნდა შეძენა, მაგრამ შესაძლებლობა არა აქვს.

- თუ გაგიჩუქებიათ ნახატი ან მიგიძღვნიათ ვინმესთვის?
- ნახატების გაჩუქებას ვერიდები, მხოლოდ სამჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა. ნახატი ერთადერთია, უნიკალური. მე კი გამოფენა მაქვს თბილისში მოსაწყობი. ოფორტები ბევრჯერ გამიჩუქებია. საზღვარგარეთის სხვადასხვა მუზეუმს მხოლოდ გრავიურები აქვთ შეძენილი.
ნახატების მიძღვნა ვერ წარმოვიდგინე რას ნიშნავს, თუ უძღვნი უნდა აჩუქო კიდეც. 2006 წელს საზღვარგარეთ გამოიცა დიდი ალბომი „GURAM“, რომელმაც საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე ორჯერ მიიღო პრემია. ტიტულზე მიწერია: „მთელი ჩემი შემოქმედება ეძღვნება ორ ქალბატონს: დედას ნინა დოღონაძეს და მეუღლეს იზო ჭუმბურიძეს“.

- დაგვისახელეთ თქვენთვის გამორჩეული უცხოელი და ქართველი მხატვრები?
- უცხოელი გამორჩეული მხატვარი ჩემთვის იყო, არის და იქნება მიქელანჯელო. კარგად წერს მასზე რომენ როლანი: „მიქელანჯელო მაგალთია იმისა, თუ რა შეუძლია ერთ ადამიანს ერთი სიცოცხლის განმავლობაში“.
ქართველებში ბევრია კარგი და ძალიან ძლიერი მხატვარი, მოქანდაკეები. მათ უდიდეს პატივს ვცემ, მომიტევონ, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
მხოლოდ ერთზე ვიტყვი, ეს არის მერაბ აბრამიშვილი. სამწუხაროდ, უდროოდ წასული. იგი ჩემთვის აღმოჩენა იყო, საოცრად დახვეწილი, ნატიფი გემოვნების მხატვარი.

- გარდა ნიჭისა, რა არის აუცილებელი მხატვრისთვის, რომ დახატოს შედევრი?
- ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ნიჭთან ერთად შრომა აუცილებელია, მუდმივი და დაუღალავი შრომა. თუმცა შედევრები არ იქმნება ვიღაცების სურვილით. როგორ შეიძლება მხატვარი მიადგეს სუფთა ტილოს და თქვას: ახლა უნდა შევქმნა გენიალური ფერწერა, ან ამის შემდეგ დავხატავ შედევრს. ამის განმსაზღვრელი მხოლოდ მაღალი ღმერთია. როგორც ყველა შემოქმედს, ისე მის მიერ შექმნილ ნაწარმოებს დაჰყვება თავისი ბედი. ზოგი ნახატი უგზოუკვლოდ იკარგება, ზოგს კი ვიღაც ისეთი თვალით შეხედავს, იყიდის, „სოთბიზე“ გაიტანს, დიდი ხმაური ატყდება

- რა შეიძლება იყოს თქვენი, როგორც მხატვრის ინსპირაციის წყარო?
- ჩემი იმერეთის სოფლებში ხეტიალი. ერთ დროს მოგროვებულ მასალას თვალს რომ გადავავლებ, ისევ სიყვარულით ვივსები. სიყვარული არის ჩემი შემოქმედების თავი და ბოლო...


მამის შესახებ აზრი ვკითხეთ მის შვილს, ცნობილ თანამედროვე მწერალს თეონა დოლენჯაშვილს:

- რამდენიმე წლის წინათ მამაზე მოთხრობა დავწერე “თოვლით დახატული პეიზაჟი” ერქვა. ტექსტი მისი იმ მოგზაურობის ჩანაწერების მიხედვით ავაწყვე, რომელსაც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე მოგზაურობის დროს აკეთებდა. მოთხრობაც დოკუმენტურია, თუმცა მკითხველს შეიძლება გამონაგონიც ეგონოს, იმდენად უცნაურ ადგილებს და სახიფათო თავგადასავლებს აღწერდა მამა იმ ჩანაწერებში. საერთოდ, ყოველთვის დადიოდა, მოგზაურობდა, შინ ესკიზებით, ნახატებით, ეგზოტიკური ნივთებით დატვირთული ბრუნდებოდა. მერე სამხატვრო სახელოსნოს კედელზე ფოტო სლაიდებს უშვებდა და ეს ჩემი პირველი საოცარი მოგზაურობები იყო. მისი სახელოსნო იყო ჩემთვის ნახატებით და მუსიკით სავსე სივრცე, სადაც მთელი სამყარო ეტეოდა, მოკლედ, ბავშვობიდან სცდა ჩემმა ძმამაც ხელოვნების სამყაროში ხეტიალი სწორედ იქიდან დავიწყეთ. მერე ზურა არქიტექტორი გახდა, მე კი ლიტერატურას გავყევი, მაგრამ მხატვრობა ჩემიკ იდევ ერთი დიდი სიყვარულია.
გარდა ამისა, მამა ყოველთვის მაოცებდა იმ შემოქმედებითი თავისუფლებით, რაც ძალიან რთული იყო იმდროში.მას არსად არასდროს ერთი დღეც არ უმუშავია. არასდროს ჰყოლია უფროსი ან ხელქვეითი. მისი მთავარი და ერთადერთი საქმე ხატვა იყო და ახლა უფრო ვხვდები, რომ ეს ერთგვარი გმირობაცაა, ჩვენს რეალობაში მხოლოდ შემოქმედებით იცხოვრო და რთულყოფას, მატერიალურ პრობლემებს თუ ათას სხვა გამოწვევას ხელოვნების ძალით გაუმკლავდე. მაგრამ მან ეს შეძლო, ფაქტია. არ დანებდა და საბოლოო ჯამში, თავისუფლება, ნიჭი და შრომისმოყვარეობა - არის კიდეც ის სამი მთავარი კრიტერიუმი, რამაც შექმნა გურამ დოლენჯაშვილის სამყარო.

მამა ერთი შეხედვით, ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი კაცია, მაგრამ ჩვეულებრივი მამა ის არასდროს ყოფილა. ყველა სხვა მამაზე მეტად დაკავებული იყო და არც ჩვენთან სათამაშო დეცალა, არც გასართობად, მაგრამ პატარებიც კი მისგან სხვა უფრო და საჭირო იმპულსსა და ენერგიას ვიღებდით. მამა ჩემი ტიტანური ნებისყოფის პატრონია, რომელსაც შეუძლია დღედაღამე ხატოს. ამიტომ ბუნებრივია, მისი ცხოვრების წესზე აწყობა არც ისე იოლია, თუმცა იმდენად კარგად მესმის, რა სიამოვნებაა როდესაც იმას აკეთებ, რაც გიყვარს, რომ უკვე უსიტყვოდაც მესმის. ყოველთვის მეუბნება რომ ყველაზე დიდი მიღწევები შრომის და ნიჭის ერთობლივი შედეგია, მაგრამ მე თვითონ მაინც უფრო ნიჭის იმედზე ვარ და ვნატრობ ისეთივე შრომა შემეძლოს.გარდა ამისა, ძალიან ახლოსაა ჩემთვის მამისის ნოსტალგია და დაფარული სევდა,რაც მის ნახატებშიცაა, სამშობლოდან მოცილებული უფრო კარგად ხედავ შენს ქვეყანას და უფრო მეტსაც ფიქრობ მასზე. ამიტომ ის იმერული პეიზაჟები, რომლებსაც უცხო მიწაზე ქმნიდა, კიდევ უფრო ქართული და მშობლიურია.მოკლედ, მისგან, როოგორც მისმა შვილმა და როგორც ავტორმა, ბევრი ვისწავლე.პირველ რიგში, კი მისი ცხოვრების მაგალითზე დადასტურებული ერთი შეხედვით, ბანალური ჭეშმარიტებაც -  რომ სიყვარულია ყველა დიდი და შემდგარი საქმის ანიც და ჰოეც“.





რუსკა კილასონია

კომენტარები

Irina 2018-01-30 00:04
Guli da suli datba.mshvenier bavshobashi.damabruns.nichierma.da ubadlot.sheqmnilma.xelovanma
თამაზი ჭაფოძე 2018-01-26 19:20
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ზამთარი იმერეთის მაღალმთიან სოფელში, ბევრი რამე გაახსენდება.მადლობა ბატონო გურამ!!!
ილია 2018-01-26 19:03
ჩემი სოფელი,სახლი,ორღობე და ბავშვობა გამახსენდა!!! საოცარია!
ნინი 2018-01-25 16:45
დაგლოცოთ უფალმა .დიდხანს იცოცხლეთ.საოცარია ამ ყველაფრის ქაღალდზე გადმოტანა,გაიხარეთ....
ია 2018-01-22 00:33
დიდ სიამოვნებას ქმნის. უბადლო ნამუშევრებია. ნიჭი რას არ შექმნის. მადლობა ამ სიამოვნებისათვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები