მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ისტორია და საოცარი ინტერიერი

შენობა - მხოლოდ არქიტექტურა და აგურების წყობა არ არის, ხშირად ის ქალაქის ავთენტურობას ინახავს, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო დეტალებში იმალებოდეს... ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს, ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებულია. საინტერესო ისტორია აქვს ამჟამინდელ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესაც, რომელიც რუსთაველის გამზირზე №6-ში (ყოფილ გოლოვინის პროსპექტზე) მდებარეობს. შენობის მთავარი ფასადი გამზირს გადაჰყურებს, ხოლო დასავლეთიდან და სამხრეთიდან დიდი ბაღი აკრავს. ის მე-19 საუკუნეში აშენდა და თავისი სილამაზით გამვლელ-გამომვლელს ჭრიდა თვალს. შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა იერსახე. 1802 წელს, თავდაპირველად მცირე ზომის უხარისხო
შენობა აშენდა, რომელიც 1807 წელს დაანგრიეს და ახლით შეცვალეს. ეს გახლდათ რუსული კლასიციზმის ნიმუში, მაშინდელი თბილისის ყველაზე გრანდიოზული და თვალსაჩინო ნაგებობა. ახალი ხელისუფლების ერთგვარი სიმბოლო, რომელსაც სასახლე განასახიერებდა, კიდევ რამდენჯერმე გადაკეთდა. მისი იერსახის შექმნაში მრავალი იმ დროისათვის ცნობილი ხუროთმოძღვარი იღებდა მონაწილეობას. 1818 წელს იგი კვლავ დაანგრიეს და არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით მთავარმართებლის ახალი სასახლე ააშენეს. შენობას ჰქონდა დიდი დარბაზები, მთავარმართებლის პირადი აპარტამენტები, სამუშაო კაბინეტები, საბილიარდო და სხვ.



1845 წელს კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღეს. რაც უფრო მაღალ წრეს მიეკუთვნებოდნენ კავკასიის მეფისნაცვლები, მით მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა მათ რეზიდენციას, ამიტომ სასახლე ვერც მასშტაბით და ვერც ვიზუალურად ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა გემოვნებას და მოთხოვნებს. რუსეთიდან მოწვეულმა არქიტექტორმა, ნიკოლოზ სემიონოვმა, 1845-47 წლებში საფუძვლიანად შეცვალა სასახლის იერსახე და ძალიან საინტერესო, უნიკალური შენობა მიიღო. გარე ფასადზე, გვერდითა ნიშებში ჰერკულესისა და მინერვას სკულპტურები - სიმბოლურად ახალი ხელისუფლების ძალას და სიბრძნეს განასახიერებდა. ხეივნებიან ბაღში შადრევნებიანი აუზი გაკეთდა, პარკს „სასახლის ბაღი” ეწოდა და იქ სეირნობის უფლება მხოლოდ მაშინდელი უმაღლესი საზოგადოების ვიწრო წრეს ჰქონდა.



1869 წელს სასახლემ თავისი საბოლოო სახე თბილისში მოღვაწე შვედი ხუროთმოძღვრის, ოტო იაკობ სიმონსონის დამსახურებით მიიღო. კლასიცისტური ფასადი – რენესანსულმა შეცვალა. შენობის გვერდითმა ფრთებმა წინ წამოიწია და რენესანსული სტილის ორიარუსიანმა თაღმა დაამშვენა. მოიხსნა სვეტები, სკულპტურები, გადიდდა და დაემატა დარბაზები, შეიცვალა ინტერიერი და დიდი დარბაზი სარკეებით გაეწყო.

სასახლის მეორე სართულზე საზეიმო დარბაზი განთავსდა. ბაღის მხარეს, სამხრეთ ფასადსაც საზეიმო შეხედულება ჰქონდა. ცენტრში მოთავსებული იყო წვრილი კოლონადა, ღია ვერანდა-ვესტიბიულით, რომელიც რკინის სვეტებიანი, ელეგანტური, მორკალული ღია კიბე-აივნით იყო მიმართული ბაღისკენ. სწორედ აქ გახლავთ ქართული მხატვრული ფილმის „ქეთო და კოტეს” ცნობილი სცენა გადაღებული.



1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1916 წელს, საქართველოს დელეგაციამ ამიერკავკასიის სეიმის სხდომა დატოვა და ნოე ჟორდანიას მთავრობამ, ქვეყნის თავისუფლება გამოაცხადა. 1921 წლიდან სასახლეში საბჭოთა საქართველოს მთავრობა მუშაობდა.

1932-1937 წლებში ამ შენობაში ცხოვრობდა სტალინის დედა, კეკე გელაძე როცა გარდაიცვალა, სასახლიდან გაასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.



1937 წელს ეს შენობა ბავშვებს გადაეცა, როგორც თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე. 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც „პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე”, რომელსაც 1959 წელს ბორის ძნელაძის სახელი მიენიჭა. სასახლის წინ, ბუნებრივ ამაღლებაზე, გაკეთდა მცირე დაქანება – პანდუსები, რომლებიც ჭადრების ხეივანს ერთვის. ბებერი ხეების ჩრდილში დადგეს ქვის სკამები დასასვენებლად. 1958 წელს ბაღის პირქუში ზღუდე შეიცვალა მაღალი, ჰარმონიული, მკაცრი სისადავის მქონე ლითონის ცხაურით, რომელიც არქიტექტორების - ოთარ კალანდარიშვილისა და დავით მორბედაძის ნახატის მიხედვითაა დამზადებული.

დღეისათვის, ეროვნულ სასახლეში 4500-მდე მოზარდია დარეგისტრირებული, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან. აქ ბევრი მიმართულებაა: თეატრალური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სპორტული, უცხო ენების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სხვ.



ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკასაც დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ჯერ კიდევ სასახლის დაარსებამდე შეიქმნა და 35 წლის განმავლობაში ბავშვთა ცენტრალურ ბიბლიოთეკად ითვლებოდა. ეროვნული სასახლე 76 წლის ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც 6-18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები დამატებით განათლებას ირებენ.

თეა ინასარიძე

კომენტარები

lia 2019-02-11 15:39
ამ სასახლეში ყველა წრე მაქვს მოვლილი,ძალიან მიყვარს,ბავშვობასთან მაკავშირებს

კომენტარის დამატება