სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში... - სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ


მისი სამსახიობო კარიერა ეპიზოდური როლიდან დაიწყო, დიპლომი 70 წლის ასაკში მისცეს, როცა უკვე აღიარებული არტისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში ძირითადად უარყოფით გმირებს თამაშობდა, ედიშერ მაღალაშვილმა “მოახერხა” და მაყურებელს თავი ისე შეაყვარა, დღემდე მის სახელს დიდი სითბოთი იხსენებენ. მსახიობს ორი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი - ბატონი გოგი მაღალაშვილი, ცნობილი ნეიროქირურგია. ყოველდღიურად დამღლელი და საპასუხისმგებლო საქმის, პაციენტების კონსულტაციების და ოპერაციების შემდეგ, მამისეულ სახლში ბრუნდება, რომლის ერთ კედელს მსახიობის მემორიალური დაფა ამშვენებს. მიუხედავად რთული რეჟიმისა, ბატონმა გოგიმ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა და შინ
მამაზე სასაუბროდ მიგვიწვია. საუბარი სახლის ისტორიით დავიწყეთ.



- მე რომ დავიბადე, ჩემი მშობლები მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს იყო მამაჩემის დედის ნახევრად სარდაფის ტიპის პატარა სახლი, რომელსაც ფანჯრები ნახევრად მიწაში ჰქონდა. დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, როცა მამას ბინა მეჩნიკოვის, ახლანდელ დოდო აბაშიძის ქუჩაზე მისცეს. იმ პერიოდში მამა მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა, ამიტომ იქვე ახლოს დააკმაყოფილეს ოროთახიანი, კომუნალური ბინით. მახსოვს, ამ ბინას საერთო სამზარეულო და ქვანახშირის ღუმელი ჰქონდა. ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ეზოში დიდი მანქანით ყრიდნენ ქვანახშირს, მერე ჩვენ ვეზიდებოდით და ასე ვთბებოდით. ძალიან კარგი მეზობლები გვყავდა და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მეჩნიკოვის ქუჩიდან, საბურთალოზე გადავედით, მამას და ლენა ყიფშიძეს ვაჟა-ფშაველას 22 ნომერში, სამედიცინო უნივერსიტიტს წინ, მისცეს ბინები და იქ გადავსახლდით.

უკვე დიდი ვიყავი, როცა მამა სომხების პირველი გამაერთიანებელი მეფის დავით-ბეგის როლში გადაიღეს და სერიოზული, საკავშირო-საიუბილეო ჰონორარი გადაუხადეს, სწორედ იმ თანხით შეიძინა ეს ბინა, ახლა სადაც ვართ. ესეც კომუნალური სახლი იყო. დერეფნული სისტემით, აქეთ-იქით ოთახებით, საერთო აბაზანითა და სამზარეულოთი. მამამ აქედან 9 ოჯახი გაიყვანა, ზოგს ერთოთახიანი მისცა, ზოგს - ოროთახიანი. ბევრი იწვალა, რომ ეს ფართი გაეერთიანებინა. რემონტი რომ უნდა დაგვეწყო, მომაყვანინა ჩემი ძმაკაცები, უროებით დაგვანგრევინა ყველა კედელი, გაგვასუფთავებინა და მერე დაიწყო მშენებლობა. თვითონ მშენებელი იყო და საოცარი გახლდათ მისი და ხელოსნების ურთიერთობა. 2 კვირაში ერთხელ ხელოსნები იცვლებოდნენ, მამაჩემს მათი გაკეთებული რამე მოსწონებოდა - არ არსებობდა. ერთი კარგი დურგალი გვყავდა, სერგო, იმას პატივს სცემდა. რაღაცას რომ სჭირდებოდა 2 ტონა ცემენტი, მამა იძახდა - 4 გამოიყენეთო. “ავადმყოფობა სჭირდა”, ყველაფერი ბევრი უნდა გაეკეთებინა.... აქ რომ რამის გათხრა დაგჭირდეს, ტანკი უნდა მოიყვანო, ყველაფერი ისეა გაკეთებული, ძვრას ვერ უზამ.



- ალბათ, თქვენს სახლს უამრავი ცნობილი ადამიანი, იმ ეპოქის კორიფეები სტუმრობდნენ...

- მეჩნიკოვის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდით, სახლი თეატრთან ახლოს იყო და როცა რეპეტიციებს შორის პატარა ფანჯარა ჰქონდათ, ხშირად მოდიოდნენ მამას მეგობრები, კოლეგები. ხატოვნად მახსოვს რაჯ კაპურის და ზიტას ჩამოსვლა თბილისში, ჩვენთანაც იყვნენ სახლში, სადღაც ფოტოც მაქვს - კისერზე ვაზივარ რაჯ კაპურს. ევრიპიდეს “მედეაში” მამა იაზონს თამაშობდა, მედეა კი ცნობილი ბერძენი ტრაგიკოსი ასპაზია პაპატანასიუ იყო, მისი სტუმრობაც მახსოვს.

მამას ძალიან უყვარდა ქეიფი, სტუმარი და დედაჩემი სულ გაწამაწიაში იყო. ედიშერის ერთ-ერთი მეგობარი გურჯაანის ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი გახლდათ, რომელსაც მერე შვილიც მოუნათლა. ყველა დღესასწაულზე ის უგზავნიდა წარაფს - ისეთი ძლიერი ღვინო იყო, სამ ჭიქაში ძირს ყრიდა ხალხს. ამ წარაფს რამაზ ჩხიკვაძე “თავაზიან ღვინოს” ეძახდა, გეტყვით, რატომ:



ერთ დღეს ჩვენთან რამაზ ჩხიკვაძემ, ეროსი მანჯგალაძემ და მამამ იქეიფეს, დათვრნენ და რამაზი და ეროსი წავიდნენ სახლში. შინ მხოლოდ ოჯახის წევრები დავრჩით. უცებ გვესმის ხმა, მამა ვიღაცას ეპატიჟება, - მობრძანდით, დაბრძანდითო. ვიხედებით, არავინაა, ის კი მაინც აგრძელებს მოპატიჟებას. მეორე დღეს თეატრში დედამ გაუარა მამას. რამაზი, ეროსი, გოგი გეგეჭკორი, კარლო საკანდელიძე, ბადრი კობახიძე, სოსო ლაღიძე, ტრისტან ყველაიძე შეკრებილან და რამაზი ჰყვება წინა ღამის ამბებს. ჩვენგან რომ გასულან, ღამის პირველ საათზე ასულან ტროლეიბუსში, ისეთ დროს, არავინ რომ არ ადის ტრანსპორტში. მაგრამ რამაზი დგებოდა და ეპატიჟებოდა ვიღაცებს, - ამობრძანდით, ქალბატონო, დაბრძანდით, ბავშვი აქეთ დასვით... თურმე იყვნენ ერთ ამბავში, ვიღაცას ადგილს უთმობდნენ, ვიღაცას ამოსვლაში ეხმარებოდნენ, არადა რეალურად მარტოები ისხდნენ. მამაჩემი კი იდგა და დასცინოდა, როგორ დაგათვრეთ ყველაო. სწორედ ამ დროს მისულა დედაჩემიც და ეგრევე “ჩაუშვა” ედიშერი - ყველას უამბო, როგორ ეპატიჟებოდა შინ არარსებულ სტუმრებს. ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდებოდა?!. ამის შემდეგ ამ ღვინოს “თავაზიანი ღვინო” დაარქვეს - ვინც თვრებოდა, ყველა თავაზიანად ან სტუმრებს ეპატიჟებოდა, ან ადგილებს უთმობდა ტრანსპორტში ბავშვიან ქალებს.



- სახლში როგორი იყო?

- ხმაურიანი, მაგრამ რბილი. დედაჩემის უფრო მეშინოდა, ვიდრე მამაჩემის. მამა მოსკოვში გადაღებაზე იყო წასული, ზუსტად ერთი კვირის გამოყვანილი ვაზ-24-ის გასაღები მოვიპარე სახლიდან და მანქანა დავლეწე. ვიფიქრე, მამა რომ ჩამოვა, გამგლეჯს-მეთქი, მაგრამ ზურგზე ხელი დამარტყა, - კაი, კაი, რა მოხდა, გავაკეთებთო, - მითხრა და დაამთავრა. სამაგიეროდ, მთავარი ამბავი დედაჩემთან უკვე გადატანილი მქონდა.

- ალბათ მამათქვენს მეუღლის მხრიდან დიდი ხელშეწყობა ჰქონდა...

- დედა თავის დროზე კარგი პიანისტი იყო, მაგრამ ბავშვები, ოჯახი, მეუღლე... და იმის დრო აღარ რჩებოდა, თავისი საქმისთვის მიეხედა. მოსწავლეები ჰყავდა სახლში და საკმაოდ შემოსავლიანი გახლდათ. მამა მსახიობი იყო, მაშინ ხალხი “ლევი” შემოსავლით ცხოვრობდა, მამას რა “ლევი” უნდა ჰქონოდა?! ერთი გახმოვანება იყო და როცა კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ახმოვანებდა, რომ ორი კაპიკი ეშოვნა.

კლასიკურ-რეტრო სტილში გადაწყვეტილ ინტერიერში ედიშერ მაღალაშვილისეული ნივთების ძიებას ვიწყებთ... აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ თეატრისა და კინოს მუზეუმისთვის გადაუციათ, თუმცა გამორჩეულად ძვირფასი მაინც ოჯახში დარჩა.

- ეს ლითონის სკულპტურები მამას პრემიებია სხვადასხვა როლისთვის, ეს კი - ქეთევან მაღალაშვილის მიერ ახალგაზრდობაში დახატული მამას პორტრეტია. მამამ რობერტ სტურუას სადებიუტო სპექტაკლში “სეილემის პროცესი” ჯონ პროქტორი ითამაშა, ამ ნახატზე სწორედ ამ როლის შესრულებისასაა გამოსახული. ხსენებული სპექტაკლის მოსკოვურ გასტროლებს პიესის ავტორი და მერლინ მონროს მეუღლე არტურ მილერი დაესწრო. ისე მოსწონებია მამას მიერ ნათამაშები პროქტორი, რომ პრესით უთქვამს, “ასეთი ძლიერი პროქტორი ძალიან ცოტა მინახავსო”. აქვეა მეჩითოვის ფოტო, საიდანაც მამა, გურამ საღარაძე და გოგი გეგეჭკორი გვიცქერენ. ეს კი ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ მამასთვის მიძღვნილი ხელნაწერი ლექსია.



იმ დროს გამოჩენილი მსახიობების ბუკლეტებს ბეჭდავდნენ ხოლმე, ასეთია ესეც, სადაც მამა სერგო ორჯონიკიძის როლის შესრულებისასაა აღბეჭდილი... მოგეხსენებათ, ედიშერი ფილმებში ძირითადად უარყოფით როლებს ასახიერებდა, სერგო ორჯონიკიძე რომ ითამაშა, დედამ უთხრა, “მელკი გოთვერნებიდან” წახვედი და “კრუპნი გოთვერნების” თამაში დაიწყეო. საოცარი იუმორით დაჯილდოებული ქალი იყო დედა.

სახლში ასევე გვაქვს უშველებელი ყანწები, რომლებიც მამას ზუგდიდში აჩუქეს, სასმისს სამახსოვრო წარწერაც აქვს - “ედიშერ მაღალაშვილს ქ. ზუგდიდის ინტელიგენციისგან”.

ეს ფოტო, სადაც მამა სავარძელში ზის, ჩემი გადაღებულია. ძალიან ვიყავი დაინტერსებული ფოტოგრაფიით. ახლა რომაა, ისე კი არ იყო? აბაზანაში სიბნელეში ფერადი ფოტოს გამჟღავნებას დიდი ამბავი სჭირდებოდა. ძალიან უყვარდა მამას ამ სავარძელში ჯდომა და ტელევიზორის ყურება. პულტები რომ შემოვიდა, ამ ამბავს ვერ ეგუებოდა და პრინციპულად იყო ჩემს შვილზე - ედიშოზე დამოკიდებული. ედიშოოო, - დაუძახებდა. მოვარდებოდა პატარა ედიშო, რა იყო, რა ხდებაო? გადართე! - ეტყოდა ბაბუა, თვითონ არაფრის დიდებით თითს არ დააჭერდა პულტის ღილაკს. ედიშო ამაზე სულ ბრაზდებოდა... ჩოგბურთის ყურება უყვარდა ძალიან, 24 საათი ჩართული ჰქონდა. ფეხბურთიც უყვარდა და ნორმალურადაც თამაშობდა, რუსთაველის თეატრის ნაკრებში იყო. ერთხელ სოხუმში შეხვდნენ იქაური თეატრის ნაკრებს და 2:0 მოუგეს. ამ თამაშის ფოტოც გვაქვს, რომელზეც მამა, ეროსი მანჯგალაძე და გოგი გეგეჭკორი არიან აღბეჭდილი. ეს ფოტო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის არქივში როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი, მაგრამ იქ ჩემი მეგობარი მუშაობს, ნახა, ჩარჩოში ჩამისვა და მაჩუქა.

ამ ფოტოებზე ფილმ “იმედის ვარსკვლავში” სომეხთა მეფის დავით-ბეგის შესრულებისასაა აღბეჭდილი. თურმე ერევანში ისე ჩავიდა, არ იცოდა, რომ მეფის როლზე იყო დამტკიცებული. რომ გაიგო, რეჟისორისთვის უთქვამს, სომხებს ამდენი კარგი მსახიობი გყავთ, უხერხული ხომ არაა, მე ვითამაშო მეფის როლიო. გამოუხმია რეჟისორს გვერდით ედიშერი და უპასუხია, აბა, გადახედე, შენნაირი აქ რომელიაო. მამა ბავშვობიდან კარგად ჯირითობდა, ამ ფილმის გადაღებისას იყო სცენა, სადაც ცხენოსნებით გარშემორტყმულ წრეში მეფე ცხენით უნდა შესულიყო. რომ შევიდა მამა და ყალყზე დააყენა ცხენი, სულ გადაირივნენ სომხები, აღფრთოვანებულები დარჩნენ მამას შესაძლებლობებით.



ზოგადად, ედიშერს ძალიან დიდი სამსახიობო ტალანტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად არ რჩებოდა, სულ მუშაობდა, ფიქრობდა როლზე, გმირზე, მის ყველა დეტალზე, სწავლობდა იმ ეპოქას, რომელშიც მისი გმირი ცხოვრობდა, იკვლევდა, როგორი სამოსი ეცვათ იმ დროს, როგორ გამოიყურებოდნენ და ამაზე სულ დავა ჰქონდა კოსტიუმების მხატვართან თუ მკერავთან...

მიუხედავად იმისა, რომ შემდგარი მსახიობი იყო, დიპლომი არ ჰქონდა, 70 წლის ასაკში მისცეს. იმ დროს, როცა სადიპლომო უნდა ჩაებარებინა, გადაღებებზე იყო, თეატრალური უნივერსიტეტის დირექციამ გააპროტესტა ეს ამბავი და უდიპლომოდ დატოვა, მაგრამ მამას ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, სულ დაკავებული იყო, გადაღებები და სპექტაკლები ჰქონდა, მთავარ როლებს ასრულებდა. სხვათა შორის, თავიდან მამაც სამედიცინოზე სწავლობდა, მერე საინჟინროზე გადავიდა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტში, ამაში უფრო ბებიაჩემის ხელი ერია. ამ სასწავლებლის სტუდენტებს ჯარში არ იწვევდნენ და ეს იყო ძირითადი მიზეზი მისი გადასვლისა. მერე ომიც დაიწყო, მაგრამ ომში არ ყოფილა. ვახტანგ ტაბლიაშვილმა სადღაც, მგონი სუფრაზე ნახა, მოეწონა ტიპაჟი და “ქეთო და კოტეში” კოტეს მეგობრების ამალაში დაინახა მისი თავი. ეს იყო მისი პირველი როლი, რის შემდეგაც დაიწყო როლები სპექტაკლებსა და ფილმებში. ვიზუალურად მამა წარმოსადეგი იყო, ტანით მაინცდამაინც მაღალი არ გახლდათ, მაგრამ სცენაზე რომ იდგა, ახოვანი კაცი გეგონებოდა.



შთამომავლობა...

პირველი შვილიშვილი იყო ჩემი ძმისშვილი ნატუნა, რომლის გაზრდაც მთლიანად დედაჩემმა და მამაჩემმა აიღეს საკუთარ თავზე. ჩემი ძმა მიშა და რძალი სწავლობდნენ და ბავშვი ჩემს მშობლებთან იყო. მერე ერთ წელიწადში ჩემი შვილი - მამას მოსახელე ედიშერი დაიბადა, მე ჩემი ოჯახით მამასთან ვცხოვრობდი და ბავშვები და-ძმასავით გაიზარდნენ. დედას გავლენით ყველამ მივიღეთ მუსიკალური განათლება, ნატუნაც კარგად უკრავდა, მეც და ჩემს ძმასაც ათწლედი გვაქვს დამთავრებული, დღეში 3 საათი როზგის ქვეშ გვამეცადინებდა ბებიაჩემი, არადა, ის პერიოდი იყო, ქუჩაში რომ გვეძახდნენ ფეხბურთის სათამაშოდ და ამ დროს ჩვენ ვუკრავდით, როგორია?! იმ დღიდან, როცა ათწლედის დიპლომი მივიღე, დღემდე ინსტრუმენტს არ გავკარებივარ, მეტიც, ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ნოტების კითხვაც კი დამავიწყდა.

პროფესიული თვალსაზრისით, ჩემს ძმას ჰქონდა მამის გავლენა, ცდილობდა მსახიობობას, თეატრშიც თამაშობდა, მაგრამ მამაჩემთან კონკურენციას ვერ გაუძლო, მის ფარქვეშ იყო მაინც, მიხვდა, რომ ვერ გახდებოდა იმავე მასშტაბის მსახიობი, ამიტომ დაანება ამ საქმეს თავი და საოპერატოროზე ჩააბარა. დღეს ამ კუთხით მუშაობს. მე სამსახიობო კარიერა არასდროს მიტაცებდა, ბავშვობაში უფრო რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ მიშა თუმანიშვილმა გადამაფიქრებინა. სკოლის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე მამამ მიშასთან მიმიყვანა და უთხრა, რეჟისორობა უნდა და ნახე, მისგან თუ გამოვა რამეო. ეს ისეთი პროფესიაა, რომელსაც სხვანაირი ფანტაზია, სხვანაირი ხედვა უნდა. წარმოიდგინეთ, მეათე კლასში ვარ, კარგი ბიჭის სახელი მაქვს უბანში და ამ დროს მიშა მეკითხება, ქვიშაში თუ თამაშობო... გამიკვირდა, მეთქი რა ქვიშა, რა დროს ქვიშაა (იღიმის). მაშინ მივხვდი, რომ რეჟისორობა საჩემო არ იყო... მას უნდოდა, ჩემი წარმოსახვის უნარი შეემოწმებინა, მე კი უფრო მიწაზე მდგომი ადამიანი ვარ და ჩემგან რეჟისორი არ გამოვიდოდა. აბა, სად ჩააბარებო, მკითხეს. სახლის პირდაპირ სამედიცინო უნივერსიტეტი იყო და აქ ჩავაბარებ, ახლოსაა და აქ ვისწავლი-თქო... აი, სულ ეს იყო ჩემი ამ სფეროში წასვლის მიზეზი და არაფერი სხვა. გაუხარდა მამაჩემს, მაინცდამაინც არ უნდოდა, მის კვალზე წავსულიყავი.

- აშკარად გაამართლა თქვენმა არჩევანმა - დღეს ცნობილი ექიმი ხართ... თქვენი შვილი ედიშოც თქვენს გზას გაჰყვა. მეორე ვაჟი რას საქმიანობს?

- შვილიშვილებს არ ჰქონიათ სურვილი, ბაბუის საქმე გაეგრძელებინათ... ედიშერი ჩემს გზას გაჰყვა, ალბათ ეს ჩემი გავლენის შედეგია, მეორესაც არ აქვს კავშირი ხელოვნებასთან - ეკონომისტი, მარკეტოლოგია. კავკასიის ბიზნესსკოლის შემდეგ, ბარსელონაში გააგრძელა სწავლა და ახლაც იქ მუშაობს და ცხოვრობს. თბილისიდან რომ მიდის, სახლში მივდივარო, ამბობს და ამაზე ცოტა გული მწყდება... ჩემი არც ერთი შვილი დაოჯახებული არ არის, მაგრამ უკვე დროა. ერთი 38 წლისაა, მეორე - 28-ის. ვგიჟდები, ისე მინდა შვილიშვილი, მაგრამ ვინ მაღირსა?! ჰყავდათ კანდიდატურები ორივეს, მაგრამ რაღაც ვერ აეწყო.



დღემდე გამოყოლილი ხალხის სიყვარული...

...დაწყებული ბავშვობიდან, ბოლომდე, მამაჩემის ჩრდილქვეშ ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი იყო. რომ გაიგებდნენ, ედიშერის შვილი ვარ, თავს მევლებოდნენ. სადაც მის სახელს ვახსენებდი, ის საქმე აუცილებლად სწრაფად და კარგად გამოდიოდა. დედაჩემი მეუბნებოდა, მისი პორტრეტი წაიღე ხოლმეო (იღიმის). ნევროლოგიის ინსტიტუტში რომ დავიწყე მუშაობა, მისი დამსახურებაა. სამედიცინო წრეში ექიმის პოპულარობას ისიც განაპირობებს, ვინ ხარ, რა წრეში ტრიალებ. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ედიშერის ბიჭი ვიყავი და მოდიოდნენ ჩემთან, ეგ კი არა, ედიშერაშვილი ჩემი გვარი ეგონათ, არადა ედიშერის ბიჭთან იყვნენ გამოგზავნილები (იღიმის). ყოველთვის დადებითი მუხტი მოჰყვებოდა მის სახელს და გამოვტყდები, რომ ამას ვიყენებდი კიდეც. ეგ კი არა, ამას წინათ ჩემი ბიჭი მიყვებოდა, პატრულმა გააჩერა თურმე, წაიკითხა სახელი და გვარი და ჰკითხა, ვინ ხარ იმ ედიშერისო, რომ გაუგია, შვილიშვილიაო, გზა დაულოცავს. მეც მქონია მსგავსი შემთხვევები. ერთი პაციენტი მყავს მელაანიდან. ოპერაცია გავუკეთე და მას შემდეგ დავმეგობრდით. ხან უცებ გამომივლის და მივყავარ თავის სოფელში. თურმე, დედამისი ყოფილა მამაჩემის ფანი. პირველად მათთან სახლში რომ შევედი და დავინახე, ერთი ოთახის ოთხივე კედელი მამაჩემის ფოტოებით იყო დაფარული, კინაღამ “გული გამისკდა”. ეს ქალბატონი მელაანში ცხოვრობს, მაგრამ მამას მონაწილეობით არც ერთი სპექტაკლი, არც ერთი პრემიერა არ გამოუტოვებია თბილისში, იქიდან დადიოდა სანახავად. 3-4 წლის წინ, ოპერაციის შემდეგ პაციენტის ქალიშვილმა მითხრა, თქვენთვის საჩუქარი მაქვსო და მომიტანა ნარდი მამას გამოსახულებით. თავის დროზე თეატრალურმა საზოგადოებამ გამოუშვა ნარდი, რომელსაც ზემოდან აქვს “ვეფხისტყაოსნის” ზიჩისეული ილუსტრაცია და შიგნით რომ გაშლი, ლეილა აბაშიძე და მამაჩემი არიან გამოსახული, ოღონდ როგორი სურათებია, იცით? შავ-თეთრი, რომელსაც მერე აფერადებდნენ და მამაჩემს ისეთი ყვითელი პერანგი აცვია, შეიძლება გული გაგისკდეს. ეს ნარდი სერიულ გაყიდვაში იყო, ზედ აგორებდნენ კამათელს და ეს პატივად ითვლებოდა. აგარაკზე გვაქვს ატანილი, თორემ აუცილებად განახვებდით. ჩვენ კი ვიცოდით ამ ნარდის არსებობის შესახებ, მაგრამ არ გვქონდა, ამდენი წლის შემდეგ იმ ქალბატონმა გვაჩუქა. ძალიან მიხარია, რომ დღემდე ახსოვთ მამა და პატივს სცემენ მის სახელს.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ინეზა მებურიშვილი 2023-03-27 14:25
ბ-მა გოგიმ გამიკეტა ოპერაცია /ჰემისპაზმი/ რომელსაც ტვითონ თვლიდა კარგად გაკეტებულს მაგრამ მე ცალ ყურში 100%-ით დავკარგე სმენა , გამოიწვია სახის პარეზი და ერთი ჭლის შემდეგ დამეწყო იგივე სიმპტომები/უკაცრავად აღიარებისთვის. პირველად ვამბობ ასე საჯაროდ/
მანანა 2023-03-26 10:26
ჩემი საყვარელი ოჯახი ! სასიქადულო ოჯახის შვილები !სკოლის ამხანაგები.
გოგლიკა ექსპერიმენტალური სკოლიდან ,მისი მეუღლე რუსუდანი 51 სკოლიდან .ექიმები და განათლებული ადამიანები,შესანიშნავი შვილების მშობლები.ბატონი ედიშერი ხომ დაუვიწყარი ,საყვარელი მსახიობი და პიროვნება . ბედნიერება თქვენ ოჯახს .მეამაყებით❤️
ნან 2020-07-14 12:21
კარგად უხეში იყო მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი მუშტებზე იყურებოდა და ერთხელ ჩემებმაც მოსცხეს
გოჩა მჭედლიშვილი 2019-11-03 23:05
დიდებული ადამიანი და უძლიერესი დასტაქარი ბრძანდება ბატონი გოგი დიდი,მადლობელი ვარ ცხოვრებამ რომ, ბატონ გოგისთან შემახვედრა და არა სხვა ნეირო ქირურგთან
ლიკა 2019-08-05 13:37
საშინელი ექიმია გოგი მაღალაშვილი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანი გაიმეტა სიკვდილისთვის....ექსპერიმენტებს ცოცხალ ადამიანებზე ატარებს თეთრი ვირთხები ვგონივართ.....

კომენტარის დამატება