"ნაწლავური ინფექცია არ დააყოვნებს" - ინგა მამუჩიშვილი კურორტ მანგლისში არსებულ ვითარებაზე

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ცნობილი კურორტის, მანგლისის მოუვლელობასა და იქ შექმნილ მძიმე პირობებზე წერს. მისი თქმით, აღიარებული და უნიკალური კურორტი დღეს ნაწლავური ინფექციის წყაროა:

"ერთი კითხვა მაქვს, იქნებ იცით და მიმალავთ? თეთრიწყაროს რაიონი კვლავ არის საქართველოს რუკაზე თუ მოკვეთილია და ანათემას გადაცემული? რა დააშავა ასეთი, რომ არცერთ დროს,არცერთ ხელისუფლებას არც კი გამოუხედავს აქეთ, ყოველთვის უპატრონო იყო და ასეც დარჩა...მოწყვეტილია ეს სამოთხე ადგილი (კერძოდ მანგლისი) არსებულ რეალობას... არა წყალი, არა გაზი, არა ინტერნეტი, მზესაც მობეზრდა ეტყობა ცივილიზაციის ნიშანწყლის გარეშე დატოვებული ტერიტორიების
გაბრწყინება და ამოეფარა ერთი კვირაა ღრუბლებს. საშინელმა სიცივემ მთლად წაგვლეკა, არადა ასწლოვანი ფიჭვნარი ტყე, ალგეთის ხეობა, ულამაზესი სანახავი, ჟანგბადით გადაჯერებული გარემო და ამ დროს. ტყეში, იქვე, საცხოვრებლებთან გადასროლილი კანალიზაციის მილები, ლაღად მორბენალი ბავშვები, აზრზე რომ არ არიან, ხანდახან თავის პატარა ტოტოს რომ წატორავენ ხოლმე შიგ და მშობლების რისხვის მოლოდინით გულგახეთქილები პატარა თათოებით ირეცხავენ ფეხსაცმელს, რომელსაც მერე პირისკენ გააქანებენ და ნაწლავური ინფექციაც არ დააყოვნებს... სად ვართ, სად ვცხოვრობთ, მერამდენე საუკუნეა.. მანგლისში სტუმრად ჩამოსული ტურისტები 2 დღეში თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ დისკომფორტის გამო, არადა რა საკურორტო ზონაა...რამდენჯერ დავწერე, თუმცა ვერ ვიტყვი, წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით შეჭმული მილიონების გამო დაუჭერიათ ხალხი, მაგრამ რა... კვლავ ლოდინი უკუნითი უკუნისამდე, ისე ეს სუფთა ჰაერი და ზოგჯერ "სურნელოვანი" სიო კი მირჩევნია ტყვიის ღრუბელს, CO-ს და NO-ს, აკი სულ ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე! აი, ბატონო, ორი უკიდურესობა, გააკეთეთ არჩევანი... შვებულებაც დამთავრდება, ბავშვის დასვენების ამოწურვის შემდეგ, კომფორტულ, ცივილურ გარემოშიც წავალ დასასვენებლად, მაგრამ ამ ჩვენ ქვეყანას რატომ არ უნდა ეშველოს... სტაგნაციის ხანაში ვართ? გულის ტკივილი მაწერინებს, მიყვარს ეს ქვეყანა, ვერსად ვჩერდები დიდხანს, 15 წელი ვიცხოვრე უცხო ქვეყანაში, რომელიც ამოშლილია ჩემი ცხოვრებიდან. კიდევ არ ვკარგავ იმედს, გელოდებით, მომავალ ზაფხულს იმედია დაჭერილი ხალხის ნაცვლად ცენტრალური წყალგაყვანილობა, გაზი და კიდევ მრავალი კომფორტი დაგვხვდება." - წერს ინგა მამუჩიშვილი.

კურორტი მანგლისი ზღვის დონიდან 1204 მეტრზე მდებარეობს.
კურორტის სანიტარიული ზონის ფარგლებში, მანგლისის პლატოს ირგვლივ მთების ფერდობებზე 200 ჰექტარზე გადაჭიმული ფიჭვის ტყეა. პლატო ღიაა სამხრეთისკენ, რაც ჰაერის ზომიერ ვენტილაციას უზრუნველყოფს. მანგლისის ზომიერად თბილი და მშრალი კლიმატი რეკომენდებულია სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის მიწურული, ფიჭვის ყვავილობის და დამტვერვის დრო. დაბაში და მის შემოგარენში, ხევებსა და მთების ფერდობებზე მრავლად არის მტკნარი და მინერალური წყაროები, თუმცა მათი თვისებები ჯერჯერობთ მეცნიერულად შესწავლილი არ არის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები