უნიკალური სახლები ანანურში, რომლებიც დღეს აღარ არსებობს

ბევრი ლამაზი და ისტორიული სახლი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტოებზე შემოგვრჩა. ლამაზი შენობები არამარტო დიდ ქალაქებში, პროვინციებშიც შენდებოდა. ამჯერად ანანურზე შევჩერდებით, რომელსაც ყოველთვის ხელსაყრელი და სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა სავაჭრო გზების გასაყარზე.  

აი, რას გვიამბობს 93 წლის თამარ ლაზრიევი მამა-პაპისეული სახლის შესახებ, რომელიც ანანურში მდებარეობდა:
"ჩემი მამა-პაპანი ანანურში დაბადებულან და აქ გაიზარდნენ. გვარის წარმომავლობაზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ როსტოვში ცხოვრობს ამ გვარის ხალხი. ჩვენი სახლი ეკლესიის სიახლოვეს მამაჩემის პაპამ XIX საუკუნის დასაწყისში ააშენა. სოფელში მდიდარ ოჯახად ითვლებოდნენ, დუქნები ჰქონდათ და ვაჭრობდნენ. 1937 წელს სახლის ნაწილი მამაჩემმა სიმონმა ღამით ჩუმად
დაანგრევინა, იმიტომ რომ გაკულაკება მიმდინარეობდა და გვართმევდნენ. მეორე დღეს კომისია მოვიდა, სახლი დაათვალიერეს და უკან გაბრუნდნენ, აღარ გამოგვასახლეს. ის სახლი ფაქტიურად ასე, ნახევრად დანგრეული დარჩა. მას მერე, რაც ჟინვალჰესი აშენდა, ამ უბნის მოსახლებას ანანურის ბოლოს მოგვცეს სამოსახლო ადგილები."  - ამბო)ბს ლაზრიევი.
(მთავარ ფოტოზე ლაზრიევის სახლი)



ანანურის მდიდარ მოსახლეთა შორის იყვნენ ანდრეევები, მათ მიერ აგებულ შენობებს ანდრიაანთ სახლებს ეძახდნენ. ანდრეევები 5 ძმანი ყოფილან, თუმცა სოფელში დიდხანს არ უცხოვრიათ და სხვაგან დასახლდნენ. წინა პლანზე ყველაზე გრძელი სახლი ანდრეევებს ეკუთვნოდათ




ეკლესიის გალავანზე მიშენებულ სახლში მღვდლები ცხოვრობდნენ




ფოტოს მარჯვენა მხარეს, ანანურის კომპლექსის მოპირდაპირედ, მდინარე არყალასთან კვირაცხოვლობის ეკლესია ყოფილა აგებული, სადაც მოსახლეობა დღესასწაულებზე, ძირითადად მამლებს სწირავდა. ეს ეკლესია დიდიხნის წინ დაინგრა.

ანანურში ერთი მდიდარი ქალი ლუბა გელაძე ცხოვრობდა, მას მღვდლიანთ ლუბად (მღვდლის შვილი იყო) მოიხსენიებდნენ. მისი მეუღლე იყო მეფის რუსეთის არმიის გენერალი კოტე დაფქვიაშვილი, იგი დახვრიტეს. ლუბას ერთადერთი აყვანილი შვილი ილია, სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როდესაც ქალს მამისეული ქონება - ორსართულიანი სასახლე ჩამოართვეს (აქ ანანურის საშუალო სკოლა განათავსეს), იგი პირველი სართულის კუთხის ორ ოთახში შეიკედლა, სადაც იდგა ძვირფასი ავეჯი, ოქრო-ვერცხლით გაწყობილი ჭურჭელი, უზარმაზარი ჩინური ლარნაკები და სხვა. ერთ დღესაც სოფელში ხმა დაირხა, სკოლაში ხანძარიაო. სკოლასთან თავმოყრილ ხალხს ასეთი სურათი დახვდათ. მთელ ეზოში დახვავებული იყო: ყავლგადასული ფულის ბანკნოტები, წმინდანთა ფერადი ხატები, დიდრონი წიგნები რუსულ და უცხოურ ენებზე, სქელტანიანი საეკლესიო წიგნები და ეს ყველაფერი იწვოდა. ამ პროცესს რამდენიმე ადამიანი თვალყურს ადევნებდა, რომ ვინმეს ახლოს მისვლა არ გაებედა, მაგრამ ზოგმა ცეცხლის ალს წიგნები მაინც გამოსტაცა. ამის შემსწრე ასაკოვან ქალბატონ ლუბას დიდხანს აღარ უცოცხლია და ის 1954 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.



ფოტოზე ლუბა გელაძე

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

კობა 2018-09-14 22:19
მე ამ ეკლესიის წინ მდებარე სახლში ვცხოვრობდი 6 წლამდე. მახსოვს ძველი უბანი, ქ-ნი თამარი, მათი სახლი, შავი თუთა, საახალწლოდ გაგზავნილი მისალოცი ბარათები, მღვდლიაანთ სახლი, ლუბას შესახებ ტრაგიკული ისტორიებიც. ვკითხულობდი ამ სტატიას და თითქოს ყველაფერი თვალწინ გაცოცხლდა. კვირაცხოვლის ეკლესია ჩემ დროს უკვე აღარ იდგა, მაგრამ მამალს მაინც ვწირავდით.

კომენტარის დამატება