ძველი თბილისური კარები - არაჩვეულებრივი გამოფენა

ამჯერად ქალაქის კიდევ ერთ საინტერესო „სამკაულზე“ - კარებზე შევჩერდებით.

კარი სწორედ გამორჩეული თბილისური სადარბაზოებისკენ მიგიძღოდათ, ძველებური სახლების, თბილისური ეზოებისკენ.

ძველად ხის მასიური შესასვლელი კარი ძირითადად მორთული იყო ნაკვეთი ჩუქურთმებით, მისი ზედა შემინული ნაწილი ლითონის ჭედური თუ სხმული ორნამენტული ცხაურით იყო დაცული. კარის თავზე ზოგჯერ ფრამუგა იყო მოწყობილი და ხშირად წინფრაც ამშვენებდა, მაქმანისებრი გამჭვირვალე ორნამენტით.

კარები თუ გისოსები ადგილობრივ სახელოსნოებში სტანდარტული ნიმუშის მიხედვით მზადდებოდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც კარს საგანგებოდ უკვეთავდნენ, ის ორიგინალური, მხატვრული გაფორმებით გამოირჩეოდა.

სხმული დეტალები და დეკორატიულად გაფორმებული
სახელურები ასრულებდა კარის დიზაინს.

წინფრის ჩრდილში მოხვედრილი მიმსვლელი, ხის მძიმე კარს რომ შეაღებდა, საკმარისად განათებულ, საზეიმო სივრცეში მოხვდებოდა.

დეკორატიულობა, ერთგვარი სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ მიდრეკილება მატულობდა. ბაღებს, შადრევნებს, რელიეფებით და ქანდაკებებით მორთულ-მოკაზმული სადარბაზოებიც ერთვოდა და იმ დროინდელი ქალაქის ერთიან ატმოსფეროს ქმნიდა.

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი:

- უკვე წლებია ძველი თბილისური სადარბაზოების კარებს და ჭიშკრებს ფოტოზე აღვბეჭდავ. ძველი თბილისის ყველა კარი მაქვს გადაღებული. ასეთი თბილისში 300-მდეა. მასობრივად ყველაზე ლამაზი კარები მაინც მგონია, რომ ჩუღურეთშია. სოლოლაკში უფრო ჭიშკრებს გამოვარჩევ. სურვილი მაქვს, ერთ კრებულში მოვათავსო ჩემი გადაღებული ფოტოები და ამით ისტორიას შევუნარჩუნო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ალბომში მითითებული იქნება მისამართები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ გაიგონ სად მდებარეობდა ესა თუ ის ძველი კარი თუ ჭიშკარი. საქართველოში უამრავი უცხოელი ისტორიკოსი და პროფესორი ჩამოსულა ძველი თბილისური კარის გამოსაკვლევად... გაკვირვებით ამბობდნენ, როგორ გაქვთ ასეთი მემკვიდრეობა უყურადღებოდ მიტოვებულიო. შევეცადოთ შევინარჩუნოთ ჩვენი მემკვიდრეობა. წლებია ფოტოგრაფიაში ვმუშაობ... ვიღებ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს საქართველოში და საქართველოს გარეთაც. გული შემტკივა ჩვენს ქვეყანაზე, დედაქალაქზე ჩემი სურვილით ვაკეთებ ამ ყველაფერს. მსოფლიოში მასობრივად ყველაზე ლამაზი კარი თუ სადმე მინახავს, ეს არის აფრიკაში, კუნძულ ზანზიპარზე. მეორე არის ტალინში, სადაც დიდ პატივს სცემენ კარის კულტურას, მესამე - თბილისშია, სადაც ოდითგანვე კარის კულტურა გვქონდა.

ჩემი მიზანია, ძველი ტარდიციულის შენარჩუნება, ის რაც ოდითგანვე მოგვდამს. დედაქალაქი თავის დროზე გემოვნებიანმა ადამიანება გაალამაზეს, პირველ რიგში მათ უნდა ვცეთ პატივი. გამოდის, რომ 100 წლის წინ თბილისში უფრო მეტად გემოვნებიანი ადამიანები ცხოვრობდნენ და გემოვნებიანად ეპყრობოდნენ ქალაქის იერსახეს, ვიდრე დღეს.

წინათ, დიდ სახლებს ძირითადად ვაჭრები აშენებდნენ. შეძლებული ადამიანები უკვეთავდნენ ევროპელ არქიტექტორებს და თბილისი ამით არ ჩამორჩებოდა ევროპულ არქიტექტურას. ევროპული ანალოგები კი არ იყო, არამედ ტრადიციული ხასიათი და თავისი სტილი ჰქონდა შემორჩენილი. სახლის მთავარი ატრიბუტი არამხოლოდ ფასადია, არამედ კარიც არის, შესასვლელი კარი და სადარბაზო. ძველი სადარბაზოები ძალიან ლამაზად და შთამბეჭდავად არის მოხატული. სადარბაზოებისთვის აუცილებელი კარი მხატვრულად იყო გაფორმებული. მეპატრონე თითქოს ხაზს უსვამდა მის დახვეწილობას და გემოვნებას. პრაქტიკულად სტილი ერთნაირია, ზოგან მეორდება რკინის ჩუქურთმები. დროთა განმავლობაში კი თბილისური სადარბაზოს კარი თბილისის ღირსებად იქცა.

კარზე ძირითადად გამოსახულია ჩუქურთმები, ყვავილები. მეპატრონის ინიციალები. მაგალითად, მაზნიაშვილის ქუჩაზე არის სახლი, რომელსაც აქვს ინიციალები. ნინოშვილის ჩუქაზე არის კარი, რომელსაც აწერია რუსულად, ზავოდ. ეს ევროპული ჩუქურთმებია, რომელიც თბილისის ნაწილი გახდა. რაც უფრო მდიდრული და ძვირფასი იყო სახლი, მით უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი იყო კარი.

დღეს ძველი თბილისური ჭიშკრების 99% ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ისეთი ლამაზი მხატვრული ჭიშკარი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოთი და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება, პრაქტიკულად ყველა განადგურებულია. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თვად ეზოში მაცხოვრებლებმა მოახერხეს თავისი ძალებით აღედგინათ ძველი ჭიშკარი. ნინოშვილის ქუჩაზე ერთმა ადამიანმა თავისი ძალებით გააკეთა და შეინარჩუნა ძველი კარი. როგორც წესი, მათ შორის მერიის ჩარევით ბევრი კარი შეიცვალა და გახდა უფრო უსახური - ჩვეულებრივი რკინის კარი და ძველ შენობას დაუკარგა თავისი ხიბლი. ძველი თბილისის კარი არის ძეგლი და უფრო მოფრთხილება, განახლება სჭირდება. იცვლება უსახური კარებით, ჩვეულებრივი რკინის კარების ფასადით ან კიდევ ხის კარით, რომელსაც არანაირი ჩუქურთმა აღარ აქვს. სამწუხაროდ, 50 წელიწადში თბილისი მთლიანად დაკარგავს ამ კარს. არადა, ამის გარეშე წარმოუდგენელია თბილისის იერსახე.

თეა ცაგურიშვილი

კომენტარები

თამარი 2018-10-29 01:51
ძალიან ლამაზი კარებებია . ისტორიული ძეგლის სახით მართლაც უნდა მოფრთხილება . მხოლოდ მოფრთხილება კი არა ახალი თაობის დაისტატება ამგვარ კარებების კეთებაში. რომელიღაცა ოსტატს ალბათ თავისი სახელის ინიციალებიც კი ჩაურტვია . ეს ხელოვნებაა რომელიც უნდა ფასდებოდეს და ხალხი უნდა იწრთობოდეს ამ ხელოვნების ათვისებაში.
სხვა ქვეყნებშუ დიდი მნიშვნელობა აქვს ძველ ასეთ ხელოვნების ნიმუშების შენახვას და დაცვას .

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები