ყვავილებით სავსე ბინა და მოგზაურობა ფაიფურის სამყაროში

ამ სტუმრობას ბევრი სათაური შეიძლება მოერგოს, იმდენივე, რამდენი ყვავილიც ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი. ეს ულამაზესი სამყარო ექიმ-ოფთალმოლოგ ნანა მჭედლიშვილს ეკუთვნის. ერთი ნაწილი შეძენილი ნივთებია - ჭურჭელი და სუვენირები, უკვე საოჯახო რელიკვიად ქცეული, რომელსაც კედლებთან ერთად, ძირითადად ორი დიდი კარადა იტევს, ხოლო მეორე - უშუალოდ დიასახლისის მიერ შექმნილი ნატურალური ზომის, ულამაზესი ყვავილები და ჩარჩოში მოქცეული თაიგულები გახლავთ. ეს კერამიკული ნამუშევრებია, რომელთა რიცხვი დიდი ხანია რამდენიმე ასეულს გასცდა. კედლების ჩამოვლის შემდეგ, ერთი რამ შეგიძლია თქვა: ხავერდგადაკრულ ფონზე, სხვადასხვა ჯიშის ნატურალური ზომისა და ფერის
მცენარე “ხარობს”. შესრულების თარიღს ჩარჩოს უკან აწერს, ხოლო წინა მხარეს, ყველა სურათის მარჯვენა კუთხეში, სადაც, როგორც წესი, მხატვრები თავიანთ ინიციალებს ტოვებენ, წითელი გული და მასზე ცერა თითის ანაბეჭდია. როგორც აღმოჩნდა, ამ გზით გულზე საკუთარ კვალს ტოვებს ნანა მჭედლიშვილი...




კოლექცია

ოჯახში ხელოვანი არავინ ჰყოლია. სკოლის პერიოდში სხვადასხვა აპლიკაციით ღონისძიებებს აფორმებდა და ინტერიერს რთავდა, თუმცა, არც მაშინ და არც ახლა ხატვა არ ეხერხება. სამხატვრო აკადემიაში სწავლა კი სურდა, მაგრამ როგორც ამბობს, ისეთი პიროვნებაა, რომ იმ ჰანტელის აწევას არ ცდილობს, რომელსაც ადგილიდან ვერ დაძრავს. ასე რომ, ოცნება ოცნებად დარჩა, მაგრამ მხატვრული განათლების არქონას ხელი არ შეუშლია იმაში, რასაც აკეთებს.

ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ყვავილებისადმი. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად ყვავილის ფორმის ნივთების შეგროვებით იყო გატაცებული. იშვიათად ჩუქნიდნენ რამეს, ძირითადად თავად იძენდა. ნელ-ნელა მდიდრდებოდა კოლექცია სხვადასხვა ფორმისა და ჯიშის ფაიფურის მცენარეებით.




თიხა, როგორც თერაპია

სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს დაამთავრა და მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ოფთალმოლოგად მუშაობდა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პარალელურად ფაიფურზე მუშაობამ გაიტაცა. ყვავილებიანი ნივთების შექმნა მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო:

“ჩემი შვილი, ვახტანგი, აფხაზეთის ომში დაიღუპა, სოხუმის დაცემისას, 1993 წლის 23 სექტემბერს. ბნელი ღამეები იყო, რაღაცით უნდა შეგვევსო. მაშინ არ მიფიქრია, რომ თიხას უარყოფითი აურა მიაქვს, მაგრამ შემდეგ, როცა გავეცანი ლიტერტურას, გავიგე, რომ ნამდვილად ასეა. ეს თერაპიაა და საერთოდ, ფაიფური კარგი რამეა.……

ჩემს კოლექციას რომ ვუყურებდი, მეც მომინდა რამე გამეკეთებინა. ყოფილ “გეპეიში” სილიკატების ტექნოლოგიის კათედრაზე მეგობარმა გამაცნო მანანა კეკელიძე. მან ამიხსნა თიხასთან ურთიერთობის დეტალები. იქაური დოქტორები ძალიან დამეხმარნენ, მიშოვეს გამოსაწვავი ღუმელი და თავადვე დამიმონტაჟეს. “ყვავილების გზაზე” სულით ლამაზი ბევრი ადამიანი გავიცანი, დავახლოვდით და დღემდე ვმეგობრობთ. მაშინ ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაშლილი და თიხას იქიდან მიგზავნიდნენ. პატარ-პატარა ნამუშევრებს ვაკეთებდი, მაგრამ მუშაობის პროცესში ნელ-ნელა უფრო დიდ მასშტაბებზე გადასვლა მოვინდომე.

ფაიფურის საღებავებს ჩემი მეორე ვაჟი, ბესო, ნუი-იორკიდან მიგზავნიდა, მაშინ ის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა. მსოფლიო კერამიკული ასოციაციის წევრი ვარ. ჩვენთან ამ ასოციაციას პროფესორი ზვიად კოვზირიძე ხელმძღვანელობს. ერთხელ, მან საქართველოში ჩამოსული მსოფლიო კერამიკული ასოციაციის პრეზიდენტი ჩემს სახლში სტუმრად მოიყვანა. ნამუშევრები დაათვალიერა, ერთი ვაჩუქე კიდეც, დავმეგობრდით. ახლა თიხას მსოფლიო კერამიკული ასოციაციის პრეზიდენტი გერმანიიდან მიგზავნის და დღესდღეობით სწორედ ამ მასალით ვმუშაობ. როგორც ჩანს, ძალიან მოვინდომე და მუშაობაში კიდევ უფრო მეტი იდეა გაჩნდა”.




გეგმები და გამოფენები

უწინ ერთ სიბრტყეში ვაკეთებდი ყველაფერს, ახლა იმდენად გავთამამდი, ბევრი რამ აღარ მაკმაყოფილებს. თუმცა, არის ისეთი პერიოდებიც, როცა ფაიფურს საერთოდ არ ვეხები. ამ საქმეს ხომ შესაბამისი განწყობა სჭიდება. თან, ძალიან შრომატევადი საქმეა. იასამნებს რომ ვაკეთებდი, 6 თვე, დღე და ღამე, გადაბმულად ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ეს მცენარე რამდენი წვრილი ყვავილისგან შედგება, თითოეულის დამზადებას 7 წუთი სჭირდებოდა. წინხედიდან შეიძლება არ ჩანს, მაგრამ უკანაცაა, ანუ ყვავილები მთლიანად შევსებულია. ჩემი ნამუშევრები ორგანზომილებიანია, მაგრამ მინდა ერთი დიდი პანო შევქმნა, “გაზაფხული” დავარქვა, სადაც ყველა ყვავილს მოვუყრი თავს და ნამუშევარი სამგანზომილებიანი გახდება.

ნამუშევრების ერთი ნაწილი კერძო კოლექციებშია. წარმოშობით საგარეჯოდანაა და 2004 წელს იქ დიდი პერსონალური გამოფენა გამართა, რომელიც შვილის ხსოვნას მიუძღვნა.



გამოფენებში მუდმივად მონაწილეობს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იღლება, რადგან ნამუშევრების წმენდა, გადაზიდვა, გაფრთხილება, დარბაზებში გამოფენა და ჩამოხსნა რთულია. უყვარს, როცა საგამოფენო დარბაზებში თავად არჩევს, თავისი ნამუშევრები როგორ გამოიფინოს. დამთვალიერებელსაც სულ კონტროლი სჭირდება, რომ ნამუშევარს არ შეეხოს, თუმცა, გამოფენები ის გზაა, რომლითაც ფართო საზოგადოებას საშუალება აქვს, ნანა მჭედლიშვილის კერამიკული ნამუშევრები ერთად თავმოყრილი იხილოს.

“მიუხედავად იმისა, რომ გამოფენა არაერთ ქვეყანაში მქონია: გერმანიაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა მაინც მაშინ ვიგრძენი, როცა 2003 წელს ცისფერ გალერეაში პერსონალური გამოფენა გავმართე და ყველა დარბაზი ნამუშევრებით შევავსე. ეროვნული გალერეა ჩემთვის ყველაზე პრესტიჟიული ადგილია. ვიდექი ნამუშევრებით გადავსებულ დარბაზში და ვფიქრობდი, ნუთუ ეს ყველაფერი ჩემი გაკეთებულია?!”

ანა კალანდაძე

კომენტარები

მედეა ასათიანი 2021-02-05 17:34
უნიჭიერეი,, მშვენიერი და საოცარი ქალბატონი, დაგელოცოთ მარჯვენა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები