როდენის ქართველი ასისტენტის სახელოსნო თბილისში – იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი


ერთ დღეს ქალაქში გავრცელდა ხმა, რომ ჩამოვიდა ვიღაც ნიკოლაძე, რომელიც თიხას თითხნის და მისგან რაღაცის გაკეთება უნდაო.

„ყველა ჩვენი ნაცნობი მოდიოდა დედასთან, ოხრავდა და თანაგრძნობას უცხადებდა. ამის შედეგად დედაჩემი მიიყვანეს იქამდე, რომ იგი საბოლოოდ დარწმუნდა ჩემ შეშლილობაში“... - წერდა იაკობ ნიკოლაძე თავის მოგონებებში. მიუხედავად იმისა, რომ ასე აფასებდნენ მის საქმიანობას მაშინდელ საქართველოში, ხელოვანს არავისი აზრი არ გაუთვალისწინებია და შერჩეული პროფესიის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლომდე...



როდენისა და ნიკოლაძის ქუჩები

ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი
პრორექტორი, აკადემიკოსი და პროფესორი იაკობ ნიკოლაძე ვერაზე ცხოვრობდა. თავისივე ძველი სახლის ეზოში, სახლი-სახელოსნოს მშენებლობა 1922 წელს დაიწყო და 1924-ში დაასრულა. ის მოქანდაკის დაკვეთით აშენდა, არქიტექტორ ანატოლი კალგინის პროექტით და აუცილებელი პირობა იყო - სახურავიდან შუქს კარგად შეეღწია შენობაში, რომ ამგვარად ხელოვანს მუშაობის კარგი პირობა ჰქონოდა. შებინდებისას კი სივრცეს გრძელ თოკზე მობმული ლამპით ანათებდა - საითაც უნდოდა, იქით ატრიალებდა და განათების კუთხეს უცვლიდა. როგორც ამბობენ, ნიკოლაძის სამუშაო სივრცე ძალიან ჰგავს ოგიუსტ როდენის სახელოსნოს.
 
ერთხელაც, კარზე დააკაკუნეს. მთავრობიდან იყვნენ. უცხო კაცმა მასპინძელს უთხრა: „ამ ქუჩას თქვენი სახელი უნდა დავარქვათ“. „მესიამოვნება, თუ ქუჩას ჩემი მასწავლებლის სახელს დაარქმევთ - ოგიუსტ როდენის“, - უპასუხა მოქანდაკემ. კაცმა თავი დაუქნია, მიტრიალდა და წავიდა. მეორე დღესვე ქუჩას ოგიუსტ როდენის სახელი დაარქვეს. მეორე მხარეს, პარალელურად, მოქანდაკის სახლში შესასვლელი ქუჩა იაკობ ნიკოლაძის სახელობის გახდა და მას შემდეგ, მოქანდაკე სტუმრებს თავისთან ასე პატიჟებდა: „მობრძანდით, ჩემი სახელობის ქუჩა #18-ში...“



ოჯახის მეცამეტე შვილი და მისი პირველი ნახატი

მიუხედავად დიდი პერსპექტივისა საზღვარგარეთ, მან სამშობლოში დაბრუნება და მუშაობა არჩია. ცნობილი ფრანგი მოქანდაკის გავლენის ქვეშ მოქცეულმა, საკუთარი ინდივიდუალური გზის პოვნით მოტივირებულმა, საქართველოში პირველი ქართველი პროფესიონალი მოქანდაკის სახელი დაიმკვიდრა.

ქუთაისში დაიბადა. ოჯახის მეცამეტე შვილი იყო. უწინ ბავშვები მცირე ასაკში ხშირად იღუპებოდნენ და არც იაკობის ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი - მხოლოდ ოთხი ბავშვი დადგა ფეხზე. იაკობს მამა ადრე გარდაეცვალა... ხატვისა და ძერწვისადმი ინტერესი სკოლის ასაკში გამოუვლენია. პირველად ყვავილი დაუხატავს და ხელი ასე მოუწერია – „ჩემი ნახატი“.

დედამ იაკობი ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანა, შემდეგ უფროსმა ძმამ ბათუმში წაიყვანა, სადაც იაკობი სახელოსნო სასწავლებელში სწავლობდა. ერთი პერიოდი ოდესაში ცხოვრობდა, შემდეგ ისევ ბათუმში დაბრუნდა და იქიდან საფრანგეთში გაემგზავრა. ორი წელი მოსკოვის სტროგანოვის სამხატვრო სასწავლებელშიც გაატარა, მაგრამ როგორც თავად აღწერდა, იქაურმა სწავლების კურსმა და მიმართულებამ არ დააკმაყოფილა. იაკობს საფრანგეთში გამგზავრებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაეხმარა. მომავალი მოქანდაკე იმ მრავალთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც დავით სარაჯიშვილის დანიშნული სტიპენდიით წავიდა საზღვარგარეთ განათლების მისაღებად.



წერილი „პარიჟიდან“

...ბათუმიდან სტამბოლში, იქიდან კი მარსელში მიმავალი გემების ყველაზე იაფფასიანი ბილეთით გაემგზავრა. პარიზში ჩასული იაკობი დედას სწერდა:

„საყვარელო დედა ბატონო!

პირველად თქვენს სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, კარგად ვარ. დღეს ჩამოვედი პარიჟში - მარსელიდან. სტამბოლიდან გამოვედი ოთხშაბათს და სამშაბათს მარსელში ჩამოვედი და მეორე დღეს აქა... ოთახი ვიქირავე მეოთხე სართულზე, 15 ფრანკად. ე.ი. ექვს მანათად თვეში.



სადილი, ვახშამი, ყავა (აქ ჩაი არ არის, როგორც სტამბოლში) სულ 70 ფრანკად. ე.ი. ოცდარვა მანათად თვეში. შეიძლება ეს ძვირი იყოს, მაგრამ ვეცდები, იაფიანი ვიშოვო. სახლის ქირა წინდაწინ გამომართვეს, სადილის კი თვის დამლევში უნდა მივცე...

აქ სულ სამი წელიწადი დავრჩები. თქვენ იცით, როგორ არ დამივიწყებთ. რა არის, რომ ერთი წერილი ვერ მომწერეთ. სხვა რა მოგწეროთ, დედა. მალევე მოგწერთ პარიჟის ვითარებას... მხოლოდ ვიტყვი, რომ აქ სამოთხე ყოფილა. შენი მორჩილი შვილი იაკობი“.



ოგიუსტ როდენთან პარიზში

სტუდენტობას ფუფუნებაში ნამდვილად არ გაუვლია. თუმცა, იაკობმა პარიზის ხელოვნების აკადემია რომ დაამთავრა, საფრანგეთიდან წამოსვლა არ უნდოდა. ფიქრობდა, რომ თავის საქმეში ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა. იაკობის და საფრანგეთში, კემულარიაზე იყო გათხოვილი და ერთხანს სიძესთანაც ცხოვრობდა. მას პარიზის კაზმული ხელოვნების აკადემიაში საკმაოდ ცნობილი მხატვრები ასწავლიდნენ: ალექსანდრე ფალგიერი, ანტონ მერსიე, თუმცა, როდენმა ყველა დაჩრდილა...

იაკობმა მცირე ხანს იტალიაშიც იცხოვრა, რის შემდეგაც, მუშაობა საფრანგეთში, როდენთან დაიწყო. მანამდე იაკობი ორ მოქანდაკესთან მივიდა და მათ მუშაობაში დახმარება შესთავაზა, მაგრამ არ მიიღეს, რადგან ბევრი ასისტენტი ჰყავდათ. ცნობილია, რომ როდენს ყოველთვის ერთი ასისტენტი ეხმარებოდა და ეს საკმაოდ რთული მისია იყო. მკაცრ და თავისებური ხასიათის შემოქმედთან ერთ თვეს თუ გაძლებდი, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. რუსეთის სათვისტომოს თავმჯდომარე გოლუბევის დახმარებით, იაკობმა როდენის გაცნობა შეძლო. მან უთხრა, ბაღში გასულიყო და ქვაზე მისი რომელიმე ნამუშევარი გადაეტანა. იაკობმა როდენის „იოანე ნათლისმცემლის თავი“ ამოარჩია, თვე-ნახევარში გამოაქანდაკა მარმარილოში და აკადემიაში მიუტანა. როდენს ნამუშევარი მოეწონა და უთხრა, თუ დილით ადრე ადგომა შეგიძლია, ჩემთან ვილაში მოდი და საქმეს შეუდექიო. მეორე დილით იაკობი თავისი ინსტრუმენტებით როდენთან მივიდა, კარი გაიღო და იქიდან გამოვიდა კაცი, რომელიც როდენს ეხმარებოდა. იაკობს უფიქრია, - ალბათ ცოტა ხანში მეც ამგვარად გამიშვებსო, მაგრამ ასე არ მოხდა. იაკობმა მასთან წელიწადი და სამი თვე გაატარა, შემდეგ თვითონ გადაწყვიტა წამოსვლა და ამის მიზეზი ილიას მკვლელობა იყო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ ვინ დადგამდა ილიას საფლავზე ძეგლს. ამ შეკრებას დავით სარაჯიშვილიც ესწრებოდა. მას უთქვამს, საფრანგეთში ახალგაზრდა მოქანდაკე რომ გვყავს, მას დავუკვეთოთო. ასეც მოხდა და მთაწმინდის პანთეონში, ილიას საფლავის მონუმენტური ნამუშევარი „მწუხარე საქართველო“ იაკობს დაამზადებინეს. დავით სარაჯიშვილი საფრანგეთში რომ ჩადიოდა, თურმე, იაკობსაც მოინახულებდა ხოლმე და იმ პერიოდში მოქანდაკეს მისი ბიუსტიც გაუკეთებია.

რამდენიმე წლის წინ, იტალიაში ვილა ბორგეზე იაკობის შესრულებული რუსთაველის ბიუსტი დადგეს; შემდეგ ბათუმში, ზღვისპირა ქალაქის განახლებისას, იგივე ნამუშევარი გაიხსნა - მხოლოდ, შოთა რუსთაველის ბიუსტი აქ მოოქრული სახითაა. ბათუმში მოოქრული და უფრო დიდი ზომის „მოცეკვავეს“ ფიგურაც დაიდგა, რომელიც იაკობ ნიკოლაძემ პარიზში, 1905 წელს შექმნა.



შემოქმედება

XIX-ის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, ნიკოლაძე პირველი იყო, ვინც ევროპული სულისკვეთების გავლენით, საფუძველი ჩაუყარა ქართული ქანდაკების განვითარებას. მისი ნამუშევრების ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, უფრო დიდი ნაწილი კი სახელოსნოში, სადაც მოქანდაკის შექმნილი ქანდაკებები, ბიუსტები, პორტრეტები და სხვადასხვა ფიგურაა.

მემორიალურ ნივთებს შორისაა: სამგზავრო სკივრი, მაგიდა, სკამი, კარადა, ჭურჭელი, მოქანდაკის სამუშაო დაზგები და, ხელსაწყოები, იტალიის მუზეუმებში დაცული 400-მდე გემასა და კამეას კოლექციების ასლები, რომელიც რომში შეუძენია. სხვა ქმნილებებთან ერთად, აქვეა იაკობ ნიკოლაძის უკასკნელი ნამუშევარი - უბისის ფრესკა.

მართალია, ის არაერთი ძეგლისა და ფიგურის ავტორია, მაგრამ მაინც პორტრეტისტად ითვლება. 1897 წელს ნიკოლაძემ შოთა რუსთაველისა და ალექსი-მესხიშვილის პორტრეტული გამოსახულებები შექმნა, რის შემდეგაც, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოქანდაკის საუკეთესო ნამუშევრებს შორის არის რამდენიმე პორტრეტი-ბიუსტი, მათ შორის: XII საუკუნის ქართველი მოაზროვნისა და პოეტის - ჩახრუხაძის, აკაკი წერეთელის, ილია ჭავჭავაძის, ეგნატე ნინოშვილის, ნოე ჟორდანიასა და სხვათა ბიუსტები.

იაკობ ნიკოლაძე გონებამახვილი და არტისტული ხასიათის ყოფილა. მის ფოტოებს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, თუ როგორ პოზირებს: ქანდაკებასავით დგას და ჩამოყალიბებული აქვს კომპოზიცია. პედანტი გახლდათ და ეს სახლ-მუზეუმში შემონახული ნივთების უმეტესობასაც ეტყობა.



პირადი ტრაგედიები და სიცოცხლის ბოლო წლები...

იაკობის პირველი მეუღლე გახლდათ სალომე სულხანიშვილი, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა: თეონა, ირაკლი და მაია. სამწუხაროდ, ვაჟი მცირე ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით, გერმანელ ქალბატონზე დაქორწინდა, რომელთანაც ტყუპი ეყოლა, მაგრამ მათი სიცოცხლეც ხანმოკლე აღმოჩნდა. სამი გარდაცვლილი შვილის მამა მთლიანად მუშაობაზე გადაერთო. სურდა, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე აღეზარდა...…

ბოლო წლებში იაკობს ფილტვები აწუხებდა. აკადემიის სტუდენტები მოსანახულებლად ხშირად აკითხავდნენ. ერთხელ მისთვის ხაშიც მიუტანიათ. მეუღლე იაკობთან ოთახში შესულა, რომ ჩაცმაში დახმარებოდა. საწოლზე წამომჯდარმა ცოლი გვერდზე გასწია და ფანჯარას გახედა. რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, მერე თვალი დახუჭა და სული დალია.

იაკობ ნიკოლაძე 1951 წლის 10 მარტს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მთაწმინდაზე, ილიას საფლავის წინ დაკრძალეს.

ანა კალანდაძე

კომენტარები

Евгений квавадзе 2020-06-12 12:20
С большим интересом прочитал историю Николадзе, тем более, что я учился в художественное училище им. Николадзе в 60-те годы. К моему сожалению многого не знал о нем.

კომენტარის დამატება