"ხელოსანი გამოვიძახე და მოვიდა პატარა ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი..." - სევდიანი ამბავი

ინგა მილორავა:
"ხელოსანი მოვიდა, რა ვიცოდი ვინ მოვიდოდა, გამოვიძახე და მოვიდა პატარა ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა, მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი...
მივიდა, დაათვალიერა ონკანი, არაფერია ისეთი, ამას შენც კი გააკეთებდი, სულ იოლიაო, მოდი, უყურე და სხვა დროს თვითონ გააკეთებო.
ვდგავარ.
ვუყურებ.
ონკანს არა,
პატარა, დამჭკნარ გამჭვირვალე ხელებს...
ძველი მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები, როგორც ჩამქრალი თვალები...
მაქვს ჯემპრი, მოერგება კი არა, დიდიც ექნება, ახალი, მაგრამ ისეთია ეს ხელები, ისე
იყურებიან, ვერ აკადრებ, რომ აჩუქო.
გააკეთა.
,,ხო უყურე, რა იოლია, სხვა დროს თავითონ გააკეთებ და ფული არ დაგეხარჯება"...
მინდა, რომ ჩაიზე დარჩეს, გათბეს, კატომაც გაიღვიძა, მოვიდა და ფეხებზე მიეფერა, გაედო.
უი, ფისოო და გაიღიმა, როგორ გაიღიმა, ბავშვივით
მიეფერა
ვერ დავრჩები, მირჩევნია წავიდე, ჩემი ქალი მელოდება, ლოგინადაა ჩავარდნილი, მთელი დღეა ვმუშაობ, ცოდვაა მარტოო.
მინდა ვკითხო, რამდენი წლისაა და მერიდება
გაიგო, ფიქრი გაიგონა?
გაისად 90 წლისები ვხდებით ორივენიო
– ის ჩავარდა, ჩვენი ბიჭის მერე... – და აღარ აგრძელებს, ან რა საჭიროა.
პატარა ჩანთა აქვს, იარაღები უწყვია, ყავისფერი, გაქექილი
და... მთელი დღეა მუშაობს !!!
და ახლა სახლში მიდის
და ვინ იცის, იქ რა ხდება
რა აქვთ
როგორ არიან
და ეს, პატარა ყვითელი ჩიტი, გნომი, უნდა წავიდეს ბნელ სველ ღამეში......
კიდევ გაიღიმა, როცა ფული მივეცი და კიდევ ბავშვს გავს. კარგად იყავი, ფისოო და კატომ უპასუხა:,,მიაუ''
ისე მომინდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა, ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში და მერე თავის თითქმის 90 წლის ქალთან მიდის.
ვერ იცოცხლა იმ მათმა ბიჭმა და რა ექნა
შეატოვა ესენი ღამეს, წვიმას, სიცოცხლეს, ქარს....
მაგრამ აბა რას იფიქრებს... გიჟიაო იფიქრებს... ან ეწყინება, შემიცოდაო. ან რა აქვს შესაცოდი, ისე კოხტად უკავია თავისი ჩანთა, ისე კოხტად მიდის პატარა, ერთი ბეწო და ძლიერი კარისკენ.
ვუღებ კარს და ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაღაცას ეძებს. ამოიღო წითელ ქაღალდში კანფეტი, ეს ჩაის მიატანე, ერთი დამრჩა, მიყვარს ტკბილიო.....
და წავიდა.
და მე რა ვქნა ახლა?
და ან ამ სიცოცხლემ რა ქნას?
რამ მოაწყო ასე, თვითონაც რომ არ იცის?"

კომენტარები

!!!!!!!!!! 2019-05-20 10:34
ნამდვილი ამბავია თუ მხატვრული ჩანახატი? თუ რეალური ამბავია, ტელეფონი იქნებ მიუთითოთ ამ პიროვნების
ელისო 2019-05-17 17:11
რეზო ინანიშვილის ,,ლამაზი ცრემლები" გამახსენდა
მკითხველი 2019-05-16 17:08
ღმერთმა გაუმარჯოს ამ ადამიანს თუ ეს 90 წლის მოხუცი ხელოსანი რეალურად არსებობს.....მაგრამ მე უფრო ლამაზად გადმოცემული პატარა მოთხრობა მგონია...
ნანა 2019-05-11 08:34
ეს სევდა მეკლდა და აჰაა ესეც წუთისოფელო....
თამარი 2019-05-04 23:37
ამ ხელოსნის ტელეფონის ნომერი შეგიძლიათ მომცეთ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები