ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი სამყარო - სტუმრად ცნობილ რეჟისორთან

ეპითეტებს ვერიდები ხოლმე, თუმცა ელდარ შენგელაია ის ადამიანია, რომელზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი არსებობა ჩვენს რეალობაში დიდი გამართლებაა. მან თანამედროვე ქართული კინოს უმნიშვნელოვანესი ნიმუშები შექმნა; ფილმები, რომელთა ფრაზები ყველამ ზეპირად ვიცით...

თბილისის იმ სახლში, სადაც ელდარ შენგელაიამ ბავშვობა გაატარა, რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, ახლა მაკა მახარაძე ცხოვრობს. ვუკოლ ბერიძის ქუჩის ერთ-ერთ შენობაზე, სადაც ხელოვანების ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას მემორიალური დაფებია. რეჟისორმა მითხრა, რომ ის ბინა არ უყვარს, რადგან არც ისე კარგ მოგონებებთან არის დაკავშირებული:



-
მართალია, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იმ ბინაში გავატარე, მაგრამ არ მიყვარს. იქიდან გავასვენეთ ჯერ მამა, მერე ბებია და ბოლოს - დედა. ახლა რომ მითხრათ, იქ დაბრუნდიო, არ დავბრუნდები... მამაჩემი რომ გარდაიცვალა, 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა რთული დრო იყო. შავი პური ბარათებით გაიცემოდა - 400 გრამს ვიღებდით. მაშინ დედაჩემს, თენგიზს და მე ნავთის რიგში დგომა გვიწევდა. დედა საჭმელს რომ გვაჭმევდა, აუცილებლად გვისხამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს.



ჩემი ძმების - გიორგისა და თენგიზისგან განსხვავებით, რთულად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, „სუვოროვის სასწავლებელში“ (სუვოროვის სამხედრო სკოლა) ჩავებარებინე. ეს რომ გავიგე, სხვენში ავვარდი. ბიჭებმა მომიტანეს საჭმელი, საბანი და 3 დღე იქ ვიყავი. მეგონა, როცა ჩამოვიდოდი, დედა გამიბრაზდებოდა. მან კი ბიჭებს სთხოვა, მომიყვანეთ და გადაეცით, არ გავუბრაზდებიო. მართლაც, როცა სხვენიდან ჩამოვედი, არაფერი მითხრა - ჩვეულებრივად გავაგრძელე სკოლაში სწავლა.

მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლა რომ გადავწყვიტე, დედაჩემი წამომყვა. ასე ყველა არ აკეთებს. დედა მაშინ პოპულარული მსახიობი იყო. არ მინდოდა, ინსტიტუტში მოსულიყო. გამოცდების დღეები იდგა, 5 საათი იქნებოდა, როცა მომაკითხა. ერთმა ბიჭმა მითხრა, ქვევით ვიღაც ქალი გელოდებაო. ჩავედი და დედა დამხვდა. მშიერი ხარო და კაფეში წამიყვანა. მომიტანეს საჭმელი და ერთი ჭიქა არაყი. ძალიან გამიკვირდა, დედამ რომ მითხრა, ეს შენთვისაა, ჭამე, დალიე და გამოცდაზე ისე გადიო. მართლაც, ასე მოვიქეცი - გავედი გამოცდაზე და ჩამრიცხეს ინსტიტუტში.


* * *
ელდარ შენგელაია დაახლოებით 15 წელია ვაკეში ცხოვრობს. დერეფანში გამოფენილ აფიშებსა და ფოტოებზე, მისი ტრიუმფალური შემოქმედების ამსახველი სხვადასხვა კადრია გამოფენილი. მათ შორის 80 წლის იუბილისა და ვარსკვლავის გახსნის კადრები, რეჟისორი კანის ფესტივალზე, „სავარძლის“ აფიშა და ა.შ.

სასაუბროდ მისაღებ ოთახში ვსხდებით. უმთავრესად ეს ოთახი და დიდი მაგიდაა რეჟისორის სამუშაო ადგილი.

ბატონი ელდარი მისთვის რამდენიმე ძვირფას ნივთს გვათვალიერებინებს. არასოდეს ჰქონია რამის კოლექცია. ნივთებს შორის ყველაზე ძვირფასი მაინც ისინია, რაც დედასთან არის დაკავშირებული. ელდარ შენგელაიასა და მისი ოჯახის რელიკვიების დიდი ნაწილი ხელოვნების სასახლესა და გურჯაანში, სახლ-მუზეუმში ინახება. იქ ნატოსა და ნიკოლოზ შენგელაიას ნივთების დიდი ნაწილია თავმოყრილი. მათი ნივთებიდან თქვენთვის შინ რა დაიტოვეთ-მეთქი, და არაფერი, მხოლოდ პორტრეტები და სხვა ფოტოებიო, - მეუბნება და კედლებზე მიმითითებს.

ბატონი ელდარის მეუღლემ, ქალბატონმა ნელიმ მითხრა, ბოლო პერიოდში ელდარს განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა ფოტოებისადმი, თავის ოთახში უამრავი ფოტო და წიგნი აქვსო. როცა რეჟისორის ლიტერატურული გემოვნებით დავინტერესდი, მითხრა, ძირითადად კლასიკას ვკითხულობ, ამჯერად ლუიჯი პირანდელოსო.

მართალია, მისაღებ ოთახში წინაპრების, ოჯახის წევრების ფოტოებია გამოფენილი, რეჟისორს ასევე ბევრი ფოტო აქვს თავის ოთახშიც. რამდენიმე ჩვენთვის ჩამოხსნა და გვთხოვა, გადაგვეღო. ფილმიდან „ცისფერი მთები“ ფოტოებზე ასახული არიან თემიკო ჩირგაძე, ვანო საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი და რამაზ გიორგობიანი. ავტორმა ამ ფილმის შესახებ რამდენიმე ეპოზოდი გაიხსენა.


* * *
კომედია „ცისფერი მთები“ 1983 წელს რეზო ჭეიშვილისა და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. ფილმში გაუთავებლად მეორდება ერთი და იგივე ვითარება. ამ ხერხით რეჟისორი შეეცადა, გადმოეცა საბჭოთა ეპოქის ყოფა და აეხსნა, რომ უძრავი საზოგადოება დასანგრევად არის განწირული. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში თავისი ნაწერი მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში დრო საოცრად იწელება. მოთხრობას არავინ კითხულობს, ახალგაზრდა შემოქმედი კი იმედს მაინც არ კარგავს, არადა, დრო გადის - შემოდგომას ზამთარი ცვლის, ზამთარს ბუნების გამოღვიძება მოსდევს და წელიწადის ყველაზე ცხელი პერიოდიც დგება.


ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ფილმში წელიწადის დროთა ცვლილებაა ნაჩვენები, „ვორონცოვის“ მოედანზე ერთ-ერთი სახლის სახურავზე იყო მოწყობილი და „ჟამთა სვლას“ თან გია ყანჩელის არაჩვეულებრივი მელოდია სდევს. ამ და სხვა კადრებს ოპერატორი ლევან პაატაშვილი იღებდა. რამდენიმე ობიექტს შორის, ფილმის ძირითადი ნაწილი (კაბინეტები და დერეფნები) მაშინდელი კონოსტუდიის დიდ პავილიონში იყო განთავსებული, ასევე ერთ-ერთი ლოკაციის ადგილი იყო დადიანის ქუჩა. დაწესებულების შესასვლელად მთაწმინდის ერთ-ერთი სადარბაზო შეირჩა, მოტობურთის მოედნად სპორტის სასახლის ტერიტორია გამოიყენეს, სადაც ახლა საცხოვრებელი სახლებია. ფილმის ბოლო სცენა კი, სადაც ფილმის მთავრი გმირი მარკშეიდერს ხვდება, დიდუბის ხიდთან, სამთო ქიმიის შენობასთანაა დადგმული...

საბჭოთა კავშირში ცენზურას ყველა ფილმი გადიოდა. ამისთვის სპეციალური ორგანო იყო შექმნილი, რომელსაც კინოკომიტეტი ერქვა. კინოკომიტეტში ხდებოდა სცენარის განხილვა და დამტკიცება, ფილმისთვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და შემდეგ უკვე გადაღებული ფილმის მიღება. ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა. სურათი დამტკიცების რამდენიმე საფეხურს გადიოდა: ჯერ სამხატვრო საბჭო იღებდა, შემდეგ კინოკომიტეტი, ბოლოს კი - ცეკას კულტურის განყოფილება.

კინოკომიტეტმა ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ფილმისთვის „მწვანე შუქი“ აენთო, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, 1983 წელს გადაღებული ფილმი თაროზე შემოიდო და რომ არა ერთი ფაქტი, შეიძლება ეს დრო კიდევ გაწელილიყო. 1985 წელს საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი მიხეილ გორბაჩოვი ბიჭვინთაში ისვენებდა. ერთ დღეს მან ედუარდ შევარდნაძეს დაურეკა და ქართული ფილმების მასთან ჩატანა სთხოვა. შევარდნაძემ ბიჭვინთაში რამდენიმე ფილმი წაიღო, მათ შორის იყო „ცისფერი მთები“. ფილმს სულ სამნი უყურებდნენ: შევარდნაძე, გორბაჩოვი და მისი მეუღლე რაისა. ჩვენებისას გორბაჩოვს რამე განსაკუთრებული ემოცია არ გამოუხატავს. ერთი-ორჯერ გაეცინა კიდეც და როდესაც ფილმი დასრულდა, ცეკას პირველმა მდივანმა შევარდნაძეს უთხრა: „ედუარდ, თუ რამე არ ვიღონეთ, ჩვენც იგივე დაგვემართება, რაც ბოლოს ამ დაწესებულებას მოუვიდა. თავზე დაგვენგრევა ქვეყანა“... მიუხედავად ამისა, გორბაჩოვს ფილმისთვის ტაბუ არ დაუდია, მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალა. მართალია, კინოკომიტეტში მაინც თვლიდნენ, რომ ფილმი საბჭოთა სულისკვეთების არ იყო და რამდენიმე ფესტივალზე გასვლის უფლება არ მისცეს, თუმცა ეკრანებზე დაუშვეს.


* * *
ფილმის სიუჟეტის ნაწილი გრენლანდიის პეიზაჟის ფონზე ვითარდება და ის ნაკლებად ცნობილი მხატვრის კალამს ეკუთვნის. შეუძლებელია ბატონი ელდარის მისაღებში ეს ნახატი - ფილმის განუყრელი „დეკორაცია“, თვალში არ მოგხვდეს.

სამწუხაროდ, ამ ფილმის სამსახიობო შემადგენლობის უმეტესობა ცოცხალი აღარ არის. ბატონი ვასო, ომამდელი ტანკისტი, სინამდვილეში ვასილ კახნიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში გორის სახალხო თეატრის მსახიობი იყო. ფილმის მთავარი გმირი რამაზ გიორგობიანი კი ოთარ იოსელიანის აღმოჩენად ითვლება და მისი კინოდებიუტი ფილმში „გიორგობისთვე“ შედგა. არც ბელას როლის შემსრულებელი დარეჯან სუმბათაშვილია ცოცხალი. ბევრის ბედიც საზოგადოებამ არ იცის, რადგან მსახიობებთან ერთად, რეჟისორმა ფილმში არაპროფესიონალებიც დააკავა. საერთოდ, ელდარ შენგელაიას უყვარს, როცა თავის ფილმებში პერსონაჟებს „ცხოვრებიდან“ არჩევს...

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი სესილია თაყაიშვილი, რომელმაც ფილმში ბუღალტრის როლი შეასრულა, ფილმის პრემიერიდან მცირე ხანში გარდაიცვალა. სცენარი რომ დაიწერა, ელდარ შენგელაიამ ბუღალტრის როლში მაშინვე სესილია თაყაიშვილი წარმოიდგინა თურმე.

- ქალბატონ სესილიასთან სცენარით რომ მივედი და ჩემი ჩანაფიქრი გავაცანი, უარი მითხრა, შენ გიჟი ხომ არ ხარ, ხვალ-ზეგ ცოცხალი აღარ ვიქნებიო. კარგი, მაშინ მე სცენარს დაგიტოვებთ, ხვალ მოვალ და თქვენ მითხარით, რომელი მსახიობი წარმოგიდგენიათ ამ როლზე-მეთქი. იმავე საღამოს დამირეკა ქალბატონმა სესილიამ: სასწრაფოდ ჩემთან მოდიო. მის ბინაში შესულს ზუსტად ისეთი ჩაცმული დამხვდა, როგორც ფილმშია. შევეხვეწე, ოღონდ დამთანხმდით და წუთებში გადაგიღებთ ხოლმე-მეთქი. ქალბატონი სესილია უკვე ცუდად იყო. ვაკეში „ლეჩკომისიის“ საავადმყოფოში იწვა. ოპერატორი ლევან პაატაშვილი დიდხანს აყენებდა ხოლმე განათებას. მიზანსცენას რომ გავაწყობდით, ქალბატონი სესილია საავადმყოფოდან გამოგვყავდა, უკვე გამზადებულ ადგილებში მის სცენებს ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით.

გადაღებები რომ დამთავრდა, კინოს სახლში პრემიერის დროს სხვა მსახიობებთან ერთად სცენაზე არ ამოვიდა. თავმდაბალი ქალი იყო, პარტერში იჯდა. მთელი ჯგუფი წარვადგინე და როცა მისი სახელიც ვახსენე, ადგილიდან მუშტი მომიღერა. ფილმის ჩვენების შემდეგ მისი აზრით დავინტერესდი. მითხრა, ვერაფერი გავიგეო. იმ დროს სმენა დაქვეითებული ჰქონდა. მეორე დღეს დარბაზში ისევ მივიყვანე. მექანიკოსთან მივედი, მაქსიმალურად ავაწევინე ხმა. მაყურებელი დაყრუვდა, სამაგიეროდ ქალბატონი სესილია იყო კმაყოფილი, კარგი ფილმიაო, მითხრა.

ბოლოს ფილარმონიის დიდ დარბაზში გვქონდა ფილმის ჩვენება. ქალბატონი სესილია არ მოდიოდა, ძლივს დავითანხმეთ, თქვა, მოვალ, მაგრამ არაფერს ვიტყვიო. სცენაზე პატარა სკამზე დასვეს, მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა ტაშს. მერე ვარდები მიართვეს, მანქანაში ჩასვეს, შინ წაიყვანეს და სამ თუ ოთხ დღეში გარდაიცვალა.

სესილია თაყაიშვილმა 40-ზე მეტი სახე შექმნა ეკრანზე. ამავე რაოდენობის ფილმში აქვს ნათამაშები კაცს, რომელსაც სესილია თაყაიშვილის გმირი დასანახავად ვერ იტანს: „ეს კაცი არ გამაკაროთ, თორემ შევიშლები“, ანუ მარკშეიდერის როლზე დაკავებულ - ივანე საყვარელიძეს. ის მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრებში მოღვაწეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „გაურკვეველი“ პროფესიის ადამიანის სახის შექმნით დაამახსოვრდა საზოგადოებას. „ცისფერ მთებში“ რედაქციის დირექტორი თემიკო ჩირგაძე პროფესიით ექიმი გახლდათ და რეჟისორთან მრავაწლიანი მეგობრობა აკავშირებდა...

ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ 2014 წელს კანის 67-ე ფესტივალის სპეციალურ სექციაში - კანის კინოკლასიკა, 1000 ფილმს შორის შეირჩა და მსოფლიოს 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა. ქართველი რეჟისორის ფილმის გარდა, ოცეულში შესულია სხვა ცნობილი რეჟისორების: ალფრედ ჰიჩკოკის, ვიტორიო დე სიკას, ფედერიკო ფელინის, ჟან-ლიუკ გოდარის და სხვათა ნამუშევრები...

* * *

უამრავ პრიზს შორის, თქვენთვის რომელიმე განსაკუთრებით ძვირფასი თუ არის-მეთქი, შევეკითხე. გაეღიმა, არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება პრიზებისადმი, არის და არისო, მიპასუხა. შემდეგ მზერა კინოპრემია „ნიკაზე“ გადამაქვს. 85 წლის ელდარ შენგელაიამ, 21-წლიანი პაუზის შემდეგ მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო. რეჟისორი შინ ინახავს ამ ფილმის ერთ-ერთ მთავარ მოქმედ „პერსონაჟ სავარძელს“ და ასევე კინოპრემია „ნიკას“, რომელიც ფილმმა 2018 წელს მოიპოვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კინოპრემიის 31-წლიანი არსებობის მანძილზე, თენგიზ აბულაძის „მონანიების“ შემდეგ, „ნიკა“ მეორედ გაიცა ქართველ რეჟისორზე.

* * *

თემიკო ჩირგაძის ნაჩუქარი ხანჯალი

დაბადების დღის საჩუქრებიდან რამდენიმე გამოვარჩიეთ. მათ შორის თემიკო ჩირგაძის ნაჩუქარი ხანჯალი, „შერეკილების“ ხომალდის მინიატიურა, რომელიც ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილეზე უსახსოვრეს და ასევე, ერთ-ერთ იუბილეზე შვილების ნაჩუქარი ფარაჯანოვის გამოსახულებიანი კოლაჟი-სკულპტურა.


- სერგო ფარაჯანოვთან ძალიან ახლო მეგობრობა მქონდა. იყო პერიოდი, როცა სერგო დააპატიმრეს და შემდეგ ფილმების გადაღება აუკრძალეს. კინოკავშირის პირველი მდივანი ვიყავი და მინდოდა, მისთვის რამე გამეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტე, მისი ნამუშევრების გამოფენა მომეწყო. კოლაჟების შეგროვება რომ დავიწყე, ჩემს კაბინეტში შემოვიდა ორი კაცი, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ ვაკეთებდი გამოფენას. მითხრეს, „სუკიდან“ ვართ და ეს გადაწყვეტილება ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინათო. ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ ხდებოდა და რომ გამოფენები ჩვენთან სისტემატურად იმართებოდა. წავიდნენ და დაიბარეს, გამოფენა გასახსნელად მზად რომ იქნება, ჩვენც მოვალთო. ამის შემდეგ წავედი სერგოსთან და ყველაფერი მოვუყევი. ერთ კარგ რამეს გავაკეთებო, თქვა და დაიწყო ლენინის კოლაჟის კეთება. სხვადასხვა ნამუშევარს შორის, სერგოს ციხეში ყოფნის დროს შესრულებულთან ერთად, გამოფენაზე ლენინის კოლაჟიც დავკიდეთ. „სუკის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, თითო ნამუშევართან 5-5 წუთი მაინც ჩერდებოდნენ, ლენინის კოლაჟს რომ მიუახლოვდნენ და დაინახეს, აი, მაშინ უკვე დაგვრთეს ნება, გამოფენა გაგვეხსნა. საოცარი დღე იყო, სერგომ მოიყვანა პატარა ბალერინები, რომლებმაც გახსნაზე იცეკვეს და ძალიან ლამაზად ჩაიარა ყველაფერმა.

ფარაჯანოვის კოლაჟია ნატოს პორტრეტიც, ორიგინალია და შენგელაიებისთვის ერთ-ერთი ძვირფასი ნივთია.


მის გვერდით კი მასპინძლების გარდაცვლილი ქალიშვილის პორტრეტია - თეთრარშიიანი წითელი კაბითა და ყელზე შინდისფერი ბაფთით. ის მხატვარ თაზო ხუციშვილის ფუნჯს ეკუთვნის. მხატვარს 6 წლის ელენე გამოფენაზე უნახავს, ეს ინფანტა ვინ არის, უნდა დავხატოო, უთქვამს, თუმცა, წლები ისე გავიდა, ეს არ მომხდარა. ელენე 23 წლისა გარდაიცვალა. დაახლოებით 1 წელიწადში, თაზო ხუციშვილს ელენეს პატარაობის ფოტოებისთვის შენგელაიებთან შინ მიუკითხავს და წაუღია. რამდენიმე ხნის შემდეგ, ელდარი და მისი მეუღლე თავის სახელოსნოში პორტრეტის სანახავად დაიბარა და მას შემდეგ შვილის ეს პორტრეტი შენგელაიების ერთ-ერთი უძვირფასესი რელიკვიაა.

გარდაცვლილი ქალიშვილის პორტრეტი

ანა კალანდაძე

კომენტარები

nana 2019-08-23 17:10
უნიჭიერესი რეჟისორი , ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი ფილმების ნახვა
ტოტო 2019-08-23 10:29
თქვენს ფილმებზე გავიზარდეთ.უნიჭიერესი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები