ცნობილი ქართველების სახლები, 2020 წლის ტრენდები და საახალწლო საჩუქარი ყველასთვის - "შინ"-ის ახალი ნომერი

ჟურნალ "შინ"-ის მე-19 ნომერი ტრადიციულად საინტერესო თემებითაა დახუნძული.
საახალწლო თემატიკას „შინ“-ის ზამთრის ნომერში განსაკუთრებული ადგილი უკავია. პირველივე ფურცლებიდან მიიღებთ საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მორთოთ ნაძვის ხე ტენდენციების გათვალისწინებით, რა უნდა გქონდეთ სუფრაზე და როგორ უნდა შეხვდეთ 2020-ს, რომ მომავალი ვირთხის წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის წარმატების და საუკეთესოს მომტანი იყოს.
მცენარეების მოყვარულებს გასწავლით, როგორ გააშენოთ შიდა ბაღი, ისე, რომ ორგანულად ერწყმოდეს ინტერიერს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა ფართი გაქვთ.
ბუნებრივია, „შინ“ ცნობილ ადამიანებსაც ესტუმრა და მათ სახლებში სამოგზაუროდ
მკითხველიც თან გაიყოლა.

მომღერალმა ნათია დუმბაძემ ჩვენს ჟურნალისტს იმ სახლის კარი გაუღო, სადაც უკვე 13 წელია, ოჯახის შექმნის შემდეგ ცხოვრობს. როგორც გაირკვა, სახლი ძირითად ნათიას მეუღლის გემოვნებითაა გაკეთებული, თუმცა დეკორაციებზე, ფერებზე ნათიამ იზრუნა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს სახლში ყოფნა ძალიან უყვარს, რეალურად სულ დროის დეფიციტი აქვს და სამზარეულოში ფუსფუსიც კი ენატრება. ალბათ ბევრს არ ეცოდინება ის, ფაქტი რომ ნათია სიმღერასთან ერთად არაჩვეულებრივად ხატავს, მის ნამუშევრებს შინის ფურცლებზე იხილავთ.


ბაზალეთის ქუჩაზე ლამაზ და მყუდრო ბინაში, პოეტი ლია სტურუა მეუღლის, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა. ჩვენს ძველ სახლში ელგუჯას შემდეგ რა გამაჩერებდაო, - აღნიშნა პოეტმა და გადმოვიდა მარტო, მაგრამ არა მეუღლის გარეშე. ყველა ოთახს ბატონი ელგუჯას ქანდაკებები და ნახატები ამშვენებს. საინტერესოდ განვლილ ცხოვრებას ლია სტურუა ეპიზოდებად იხსენებს, თუ რა პირობებში მუშაობდა მოქანდაკე იმ ნამუშერვებზე, რომლებიც დღეს თბილისისა და საქართველოს სავიზიტო ბარათია, ამას ლია სტურუას ინტერვიუდან შეიტყობთ.


კომპოზიტორმა ქეთი გაბისიანმა ''შინ''-ს იმ სახლში უმასპინძლა, სადაც ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევარია ცხოვრობს. ბინა მამამ მის საყვარელ უბანში აჩუქა, გაკეთება და მოწყობა კი კომპოზიტორმა საკუთარ თავზე აიღო და ისე შეასრულა "დავალება", რომ ვინც მის ინტერიერს ნახულობს, რთულად იჯერებს, რომ აქ პროფესიონალ დიზაინერს არ უმუშავია. სტილისტური მიქსი, ფერების საოცარი შეხამება და ხელოვნების ნუმშები განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ქეთის ბინას, სადაც მოგზაურობას საშუალებას ჩვენი ჟურნალი მოგცემთ.


მაია მიქაშავიძის გვარ-სახელი სამკაულებთან ასოცირდება, რადგან საზოგადოებამ ის აქსესუარების დიზაინერად გაიცნო. ამის ფონზე, ცოტამ თუ იცის, რომ მაიამ ბედი სცადა ინტერიერის დიზაინში და ამ სფეროშიც წარმატება ხვდა წილად. ამ თემით ყოველთვის დაინტერესებული ყოფილა, მაგრამ ბოლო წლებში მიეცა საშუალება, სერიოზულად ემუშავა ინტერიერის დიზაინზე. მაიამ ''შინ''-ს საშუალება მისცა ის სახლი გადაეღო, რომელსაც თავის ''სავიზიტო ბარათს'' უწოდებს, სხვათა შორის ამ სახლში ცნობილი სერიალის ''ჩემი ცოლის დაქალების'' ფრაგმენტებიცაა გადაღებული. ხელოსნებთან გაჩაღებულ ომსა და მათთან დამეგობრების ამბებს მაიას ინტერვიუში შეიტყობთ.


ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა, დიპლომატმა და პედაგოგმა ნუგზარ რუხაძემ ბინა თბილისის ცენტრში, კლსიკურ გიმნაზიასთან ახლოს, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ შეიძინა და უკვე 18 წელია სამსართულიანი შენობის მესამე სართულზე ცხოვრობს. ''მომწონდა ძველი სახლები სქელი კედლებით, დიდი ფანჯრებით, მაღალი ჭერით. სახლი გადასარევ ადგილზეა, ცოტა ძნელია კიბეზე ამოსვლა, მაგრამ აქაურობას ვერ ველევიო'' - ამბობს ბატონი ნუგზარი.
ბევრ საინტერესო ნივთთან ერთად ყველაზე უჩევულო შეცოდმების ბლოკნოტი აღმოჩნდა, რომელის შესახებაც დეტალურად ბატონი ნუგზარი ''შინი''-ს ფურცლებიდან გესაუბრებათ.

კიდევ ბევრი საინტერესო სახლი, სიურპრიზი, რჩევა და რა თქმა უნდა, სასიამოვნო საჩუქარი ყველა მკითხველისთვის - არ გამოტოვოთ "შინ"-ის ზამთრის ნომერი. 

კომენტარები

ვვვ 2019-12-17 19:24
კახიანები აღარ არიანცნობილები თუ ბინა არა აქვთ, რას მოვაწეროთ მათი რუბრიკაში არყოფნა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები