"მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა..." - რას იხსენებენ ცნობილი ადამიანები სერგო ფარაჯანოვზე და რატომ დაკარგა თბილისმა მისი სახლი

რეჟისორი ხოსე მაჯინერე (გია ალავიძე) პირადად არ იცნობდა სერგო ფარაჯანოვს, თუმცა მისი შემოქმედებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ კინორეჟისორის შესახებ ვიდეოარქივი შეექმნა, რაზეც უკვე მეორე წელია მუშაობს. რა გააკეთა ამ ხნის მანძილზე, როგორი სახის მასალა აქვს და რას აპირებს მომავალში, ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

ხოსე მაჯინერე


- რამ გიბიძგათ, რომ ფარაჯანოვზე დოკუმენტური ფილმები შეგექმნათ?

- სერგოს ფილმს რომ ნახავ ადამიანი, რაღა ბიძგი გინდა. ეს საოცრებაა, ჯერ იმ თვალთაზრისით, რომ იქ ნაჩვენები სილამაზე და მშვენიერება შენში გადმოდის, რაც ერთგვარი თერაპიაა, თან ეს სილამაზე იმდენად
გავსებს, რომ უარყოფითი გრძნობებისთვის ადგილს არ გიტოვებს. და მეორე, სერგო არის უდიდესი რევოლუციონერი კინოში. მან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ლანა ღოღობერიძე საუბრობს იმაზე, რომ სერგოს სტატიური კადრი ეწინააღმდეგება კინოს პრინციპებს. რეჟისორმა უარი თქვა მოძრაობაზე, მაგრამ კადრი იმდენად მოძრავი და ისეთი შინაგანი ძალის მქონეა, რომ გაკვირვებული ხარ და მისი სილამაზე მოგწონს. ფილოსოფოს ლაო-ძის ერთი უცნაური გამოთქმა - „დიადი უძრაობა“ მახსენდება. სწორედ ამ ცნების ექსპერიმენტი ჩაატარა კინოში ფარაჯანოვმა და მისი ფილმების ნახვის შემდეგ, შეუძლებელია სერგოს თაყვანისმცემელი არ გახდე.

- რამდენი ფილმი გადაიღეთ?
- 50-მდე ადამიანი ჩავწერე და ამ მასალიდან შვიდი დოკუმენტური ფილმი გადავიღე. ერთ-ერთ ფილმში „სერგო ფარაჯანოვი - მშვენიერების მაესტრო“ საუბრობენ ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და გია ყანჩელი. მიხარია, რომ მოვასწარი ბატონი გიას ჩაწერა, ის უკვე ძალიან ცუდად იყო და მალე გარდაიცვალა. ყანჩელს არ ვიცნობდი, ამიტომ მასთან შესახვედრად ისეთი ადამიანი მოვძებნე, რომელსაც უარს არ ეტყოდა. ალტისტი გიორგი ცაგარელი დამეხმარა, ბატონ გიას დაურეკა და ჩემი მიღება სთხოვა. როცა მივედი, უჭირდა, მაგრამ საწოლიდან მაინც ადგა, რადგან კამერის წინ უნდა ესაუბრა. ცოტა კი გამინაწყენდა, სინათლეს 15-20 წუთი ვაყენებდი, მარტო ვიყავი და გამიგრძელდა. თუმცა მერე, ფარაჯანოვზე რაც საჭიროდ ჩათვალა, ყველაფერი მიამბო. სერგოს ნაჩუქარი ნივთებიც გადავიღე - ბროლის, ლურჯი ულამაზესი კანდელი, რომელიც დაკიდული ჰქონდა და ერთი ნახატი.
ამ ნახატს ასეთი ისტორია აქვს: მხატვარმა ბორის მესერერმა თავისი ნამუშევარი გია ყანჩელს გამოატანა მოსკოვიდან ფარაჯანოვისთვის გადასაცემად. ჩამოვიდა ყანჩელი და სერგო ვერ ნახა. როცა სერგო დაბრუნდა, თბილისში არ იყო ყანჩელი და... შეხვედრა ვერ შედგა, რომ საჩუქარი მიეცა. ბოლოს, ალბათ, ჩემი ვარაუდით, სერგომ უთხრა, ეგ ნახატი შენ გქონდესო (იცინის). ასე დარჩა სერგოსთვის განკუთვნილი ნახატი ყანჩელის სახლში.

- ფარაჯანოვის შესახებ რა გაიხსენა გია ყანჩელმა?
- სერგოს უმაღლესი დონის იუმორი ჰქონდა. ოპერის თეატრში ყანჩელის ოპერის პრემიერას დაესწრო, რომლის ლიბრეტო და დადგმა განახორციელა რობერტ სტურუამ, მხატვარი იყო გოგი ალექსი-მესხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. ფარაჯანოვი გაგიჟდა თურმე, ისე მოეწონა სპექტაკლი და გიას უთხრა: შენ ქართველი არა ხარ, ალბათ სომეხი იქნები, ხოლო სტურუა ებრაელია, ასეთ სპექტაკლს ქართველები ვერ დადგამდნენო. თავის მოსაზრებას დიდხანს უმტკიცებდა სხვებსაც. ეხალისებოდა aსეთი რამე.

ფარაჯანოვის შედევრი

- სერგო ფარაჯანოვის სახლი ისევ არის კოტე მესხის ქუჩაზე?
- კი, იქ ქალბატონი ცხოვრობს, სახლი გადავიღე კიდეც. სხვათა შორის, ამ ქალბატონმა გვითხრა, რომ როდესაც ბინა საჯარო რეესტრში გააფორმა, მეორე დღეს მასთან სოფიკო ჭიაურელი მისულა, სახლის შესყიდვა სდომებია სახლ-მუზეუმის მოსაწყობად. ასეთი უცნაური რაღაც მოხდა და ყველაფერი დაიკარგა. ფიზიკურად კი არის სახლი, მაგრამ გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ შიგნით სერგოს სული არ არის. ბინას ევრორემონტი აქვს, აღარაა სერგოს აივანიც... ფარაჯანოვი უკვე ცუდად იყო, როცა ნივთები და მთელი არქივი სომხეთს გადასცა, სადაც არსებობს კიდეც მისი სახლ-მუზეუმი. ჩვენი კინორეჟისორები დიდ გულისტკივილს გამოხატავენ ამ ფაქტთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ საქართველომ სერგო დაკარგა.

ფარაჯანოვის სახლმუზეუმი ერევანში


- ბოლო ფილმზე ვისაუბროთ.

- ციკლის „საუბრები სერგო ფარაჯანოვზე“ ბოლო დოკუმენტური ფილმია „ანატოლი რიაბოშენკო სერგო ფარაჯანოვზე“. ის გახლავთ თბილისელი მხატვარი, ახლა ხატმწერია და ეკლესიაში მსახურობს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა და რაღაცით ანდრეი რუბლიოვს მახსენებს. ფარაჯანოვი ანატოლის ახლობელი იყო. ვაპირებ ჩავწერო კიდევ ათიოდე ადამიანი, ვისაც შეხება ჰქონია სერგოსთან, შეიძლება მეტიც არიან, არ ვიცი. ერთი სიტყვით, ვინც იცნობდა, ყველას ჩავწერ. ჩემი სურვილია ამ ფილმებით საზოგადოებაში მომწიფდეს აზრი, რათა შეიქმნას სერგო ფარაჯანოვის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც ყველას ექნება საშუალება გაეცნოს დიდ ხელოვანს. კულტურის სამინისტროში შევიტანე განცხადება-თხოვნა და ხელმოწერები ამის თაობაზე. იქ მოიყრის თავს ყველა იმ მასალის ასლი, რაც კი გამიკეთებია.

- ფარაჯანოვის ნაჩუქარი ნივთები ბევრ ადამიანს აქვს, ნივთებიც მოიძიეთ?
- 50 კაცი ჩავწერე და ვიცი, ფარაჯანოვის ნივთები ვის აქვს. ლანა ღოღობერიძესთანაა თოჯინა და ფერადი ფრესკა. ლელა ალიბეგაშვილის სახლში იმდენი ნივთია, მგონი ყველაფერი სერგოს ნაჩუქარი აღმოჩნდა. ბაია დვალიშვილს კოლაჟები აქვს და ა.შ. სერგოს ნივთებიდან პირადად მაჩუქა ერთმა - ფოტო, მეორემ - ნახატი... რაც მაქვს, ამ ცენტრს გადავცემ, თუკი გაიხსნება. არა მგონია, ვინმემ თითო ნივთი მაინც არ გაიმეტოს, ოღონდ გაკეთდეს ეს საქმე.
ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. უნდა ჩამეწერა გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი ვალერი ხარიუტჩენკო სერგოსთან დაკავშირებით და წინასწარ გავაფრთხილე. ჩვენი შეხვედრის დღეს მან მითხრა: „შენთან საუბრის მერე ემოციურად ავღელდი და იმ ღამეს ფარაჯანოვი დამესიზმრა. ვითომ „კაზიონი სახლში“ რაღაც ნარზე იჯდა... მივხვდი, რომ ვერ ტოვებს სერგოს სული ჩვენ ქალაქს და როგორ გვჭირდება მისი ენერგეტიკა“. მეც ვგრძნობ, რამდენად ღარიბია ფარაჯანოვის გარეშე სამყარო. ვფიქრობ, რომ ეს სიზმარი რაღაც ნიშანია, თბილისს სჭირდება სერგო.

ფარაჯანოვის ძეგლი თბილისში

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

ტოტო 2020-02-01 20:38
თბილისში ბევრი გამოჩენილი სომეხი დაიბადა და გაიზარდა :ხაჩატურიანი,პეტროსიანი,ამბარცუმიანი,ფარაჯანოვი... დანარჩენების სახლ-მუზეუმები,თუ არსებობს საინტერესოა.

კომენტარის დამატება