ცნობილი ქართველების სახლები, რჩევები ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე, რემონტსა და მებაღეობაზე - "შინ"-ის გაზაფხულის ნომერი

გაზაფხულს სითბოსა და სურნელთან ერთად განსაკუთრებული განწყობაც მოაქვს - გამოღვიძების, განახლების, გარდასახვის... მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის მოვლენებმა ეს განწყობა თითქოს გააუფერულა და სახლებშიც კი გამოგვკეტა, გაზაფხული მაინც დადგა თავისი ლამაზი ფერებით და აყვავებული ბუნებით. ჟურნალი "შინ"-იც ერთგულად გესტუმრებათ მორიგ სეზონზე და ამჯერად თქვენს სახლებში შემოიტანს ბევრ საინტერესო ფერსა და თემას, რათა ცოტა გადაერთოთ პრობლემებისგან, დარდისგან და სულ სხვა სამყაროში გადაინაცვლოთ. 

ყველაფერი რომ გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ისევ მოგვინდება სახლების გადახალისება, ინტერიერში ცვლილებების შეტანა, დეკორის შეცვლა ან სულაც
ავეჯის გადაადგილება. ამიტომ „შინი“ პირველ რიგში ინტერიერულ რჩევებს შემოგაშველებთ - გაგანდობთ ხრიკებს, რომ თქვენი სახლის სივრცე უფრო დიდი და ნათელი გამოჩნდეს, გაგიზიარებთ ინტერიერის დიზაინერის რეკომენდაციებს. გასწავლით, როგორ გაახალისოთ ინტერიერი ცოცხალი ყვავილებით და როგორი აცოცხლოთ ისინი დიდხანს ლარნაკში.

რა თქმა უნდა, კვლავ გამოგზაურებთ ცნობილი ადამიანების სახლებში: დაათვალირებთ გვანცა დარასელიას სახლს მცხეთაში, სადაც ოჯახთან ერთად თბილისიდან გადაბარგდა და არც აპირებს დედაქალქში დაბრუნებას. დაათვალიერებთ მსახიობ ბაია დვალიშვილის თბილ ბინას. 

ანკა ვასაძემ საამაყო პაპის, აკაკი ვასაძის სახლში გვიმასპინძლა, მანანა ბერიკაშვილმა კი მამის, ყველასათვის საყვარელი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის რელიკვიებით სავსე სახლში გვამოგზაურა.

დაათვალირებთ გიორგი მახარაძის სახლსა და ორიგინალურ ნივთებს, ზურაბ გომელაურის სახელოსნოსა და უნიკალურ ნამუშევრებს.

ლანდშაფტის დიზაინერი თანამედროვე ბაღების ტენდენციებში გაგარკვევთ და ბაღების ულამაზეს ნიმუშებსაც შემოგთავაზებთ. გაგაცნობთ ნიჭიერ შემოქმედ ადამიანებს, ვისი ნამუშევრებიც სახლებს განსაკუთრებულ ელფერს სძენს - დაათვალირებთ მათ ორნამენტებით მორთულ ავეჯს და ფერად ვიტრაჟებს.
ნახავთ, როგორ გაარემონტა და საკუთარი ხელით მოაწყო კერძო სახლი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, შემოგთავაზებთ ბევრ საჭირო რჩევასა და რეკომენდაციას, კერძო სახლსა და აგარაკზე წყალგაყვანილობის სისტემის გასამართად, ოთახის მცენარეების მოსავლელად. დაათვალიერებთ ულამაზეს ეზოს ზუგდიდში...

"შინ" თქვენი სახლის ჟურნალია. გისურვებთ მშვიდ, ბედნიერ, ფერად და სიცოცხლით სავსე გაზაფხულს  და ყველა ცუდი ამბის უკან მოტოვებას, ჩვენს მკითხველებს, ჩვენს ქვეყანას და მთელ ჩვენს დიდ და ლამაზ დედამიწას.

- - - -
ჟურნალის შეძენა შეგიძლიათ ქსელურ მარკეტებში და ასევე შეგიძლიათ, შეიძინოთ ონლაინ

კომენტარები

ია 2020-04-01 18:55
ძალიან სასიამოვნო ფოტოებია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები