"საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ვისაც უბრალოდ თვითრწმენის პრობლემა აქვს. დავინახოთ საკუთარი თავები და ქვეყანაც ამოისუნთქებს" - ნიჭიერი ქართველი ხელოვანის გზავნილი მკითხველს

მისი განვლილი ცხოვრების შესახებ სრულად რომ ვისაუბროთ, თითოეული საქმიანობის ნუსხა რომ ჩამოვწეროთ, შესაძლოა ბევრმა არც დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა და ერთ ცხოვრებაში მოასწრო. ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. მისი ძირითადი „საქმიანობა“ მაშინ მეზობლებისთვის თეატრალიზებული ნომრების გამართვა იყო, რაც დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ოცნება აიხდინა, თეატრალურში ჩააბარა. წლების შემდეგ ბედი რეჟისურაშიც მოსინჯა, ტელევიზიაშიც მუშაობდა. წერს ლექსებს. ბოლო ერთი წელია ძერწვა დაიწყო. პლასტელინით და თიხით საოცარ ნამუშევრებს ქმნის.

თეატრი


„ყველაზე დიდი კაიფია ხედავდე
და ამ ხედვაზე გავლას ბედავდე“.
- ეს
სიტყვები ამონარიდია ჩემი ლექსიდან და ჩემი ცხოვრების, ჩემი სიცოცხლისეული პრინციპის ხერხემალია, - ამბობს ზაზა კავთუაშვილი, შემოქმედებითი ფსევდონიმით „ვინ მე“, - არტისტობა სულ მინდოდა. ბავშვობაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაყურებელს ვიწვევდით და "იმერულ ესკიზებში" რომ აწყობენ, დაახლოებით ასეთ წარმოდგენებს ვმართავდით მე, ჩემი და-ძმა და უბნის ბავშვები. შემოსავალიც დაახლოებით იმდენი გვქონდა -80 კაპიკი და კიდო მანათი. თეატრის სიყვარული იმხელა იყო ჩემში, თეატრალურ დრამ-წრეებზე სიარულით ვერ დავიოკე. ოჯახთან შეუთანხმებლად, 14 წლისამ სცენის მემანქანედ დავიწყე მუშაობა რუსთაველის თეატრში და მიწაზე ფეხდაუდებლად მივფრინავდი ყოველდღე დეკორაციების ასაწყობად, სპექტაკლების წასაყვანად. უბედნიერესი ვიყავი ხოლმე, როცა რობერტ სტურუა მე და სხვა სცენის მემანქანეებს სტატისტებად გაგვამწესებდა დიდ სცენაზე და უდიდესი მონდომებით ვთამაშობდი „როლებს“. ჩემი კოლეგები ჩემს ენთუზიაზმს დიდად არ იზიარებდნენ, მაგრამ მესმის მათი. ისინი სამსახურში იყვნენ, მე - ოცნებაში და ზღაპარში. აფიშებს ვაგროვებდი, დიდ არტისტებს შევხაროდი და ბედნიერი, ამაყი მოზარდი ვიყავი.

მერე ჩავაბარე თეატრალურში. კორუფციას მიჰქონდა იქაურობა. მიუხედავად სრული მზაობისა, ფასიანზე დამსვეს. ჩემი ოჯახი, გაჭირვების მიუხედავად, თავს არ ზოგავდა, რომ სწავლის საფასური დროულად გადამეხადა. ძლიერი პედაგოგები მყავდaა, ნიჭიერი ჯგუფელებიც, მაგრამ თეატრალურში ძირითადად მაინც ის ვისწავლე, როგორი არ შეიძლება იყოს არტისტი. არ ვიქნები ძალიან სასტიკი და დავამატებ - ცოტა ისიც, როგორი შეიძლება იყოს.

რეჟისურა


დამთავრებიდან მალევე, კარგი ხალხის წყალობით რეჟისურაში მოვსინჯე ძალები და აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს იყო ჩემი ყველაზე ღრმა მოწოდება. იმდენად ჩემი აღმოჩნდა, რომ არ მიჭირდა ერთდროულად დადგმა და საკუთარ დადგმულ სპექტაკლებში თამაში. კარგი გუნდი შევიკრიბეთ ერთად და სამ წელიწადში რეკორდული რაოდენობის, 12 უსაყვარლესი სპექტაკლი ვითამაშეთ. თავბრუდამხვევად, სწრაფად ვვითარდებოდით. ერთხელაც მივხვდი, ვეღარ ვეტეოდი თეატრში, როგორც სტრუქტურაში და სტრუქტურული თეატრისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი ალტერნატიული დასი შევქმენი, სადაც ძალიან კარგი არტისტები გავაერთიანე და ვითამაშეთ სპექტაკლი - „ტრამვაი, რომელსაც სურვილი ჰქვია". 11 თვე ვდგამდით სპექტაკლს ენთუზიაზმით სავსეები, ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ ვმუშაობდით, მაგრამ სულ ხუთი სპექტაკლი ვითამაშეთ, რადგან არენდის ფულს ვერ ვიხდიდით, საკუთარი შენობა კი არ გვქონდა. ის ხუთი სპექტაკლი იმ 11-თვიან გარჯად მაინც ღირდა, რადგან ძალიან საინტერესო და ექსპერიმენტული სპექტაკლი მივიღეთ.

მერე უფრო მასშტაბურ იდეებზე გადავედი. კიდევ ახალი გუნდი შევკარი და ალტერნატიული მოხეტიალე თეატრის შექმნაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ დაფინანსება ვერ მოვიძიეთ და 2010 წელს გავჩერდით.
...მძიმე და დეპრესიული პერიოდი მქონდა. თეტრის გარეშე ცხოვრება მიჭირდა, მაგრამ არ მინდოდა წრეზე წასვლა. სიახლეს ვეძებდი და დროებით ტელევიზიაში მოვსინჯე ძალები - კომპიუტერულ გრაფიკოსად. ცოტა ფოტოშოპი საკუთარი სპეკტაკლებისთვის აფიშების კეთებით მქონდა ნასწავლი და იმ დეპრესიულ ზაფხულში თავაუღებელი მეცადინეობით ავითვისე 2 და 3 განზომილებიანი გრაფიკული რედაქტორები.
კარგი გრაფიკოსი აღმოვჩნდი, ჩემი და, მეგი კარგი ჟურნალისტი იყო და მისი პროტექციით ადვილად ვიშოვე სამუშაო. სხვადასხვა არხზე გადაცემებს ვფუთავდი გრაფიკულად. საკმაოდ საინტერესო საქმე იყო, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა ჩემს შემოქმედებით პასუხისმგებლობას და რაკი თეატრის კარი საკუთარი თუ სხვისი ძალისხმევით დახურული იყო ჩემთვის, ფილმის გადაღება დავიწყე.


ტელევიზიის ბაზას და აპარატურას ფარულად, ხან შეთანხმებულადაც ვიყენებდი და ჯიუტად ვიღებდი ფილმს დაფინანსების გარეშე. თეატრიდან ვისაც ვახსოვდი, ჩემზე გაეგონა, ან სულ არ მიცნობდა, მაგრამ რაღაც განსხვავებული და საინტერესოს ძებნაში იყო, ყველა გულანთებული დამიდგა გვერდით. მე რა, იდეას. კარგი ჩანაფიქრი გვქონდა. ჯერ გვეგონა, მოკლემეტრაჟიან ფილმს ვიღებდით ნათხოვარ სახლში, მაგრამ სრულ ექსპერიმენტულ რეჟიმში მიდიოდა გადაღება. თვალსა და ხელს შუა გაგვისრულმეტრაჟიანდა ჩვენი „გუდიანი კაცი“. ყველა ის „შერეკილი“, რომელიც ჩემთან ერთად აშენებდა ცადმფრენს, ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს მალე ერთად ვუყურებთ ჩვენს ფილმს. მართალია, გახმოვანების ამბების ვერმოგვარების გამო ეს „მალე“ მეხუთე წელია ისევ მალედ რჩება, მაგრამ ამაზე არ ვნერვიულობ. ის კი არა, რაც დრო გადის, უფრო აქტუალური ხდება ფილმში მოყვანილი თემატიკა „გუდიან კაცებზე“.

მწერლობა

ბოლო რამდენიმე წელია „ვინ მეს“ ფსევდონიმით ვწერ საინტერესო ტექსტებს. ლექსებს არ ვეძახი. ესენი უფრო მონოლოგებია, ჩემს სულიერ გამოცდილებაში დაგროვებული და მოხეთქილი. იწერება, როცა იწერება! და როცა იწერება, მე ვარ „ვინ მე“. ეს ცალკე საუბრის თემაა და არ მოვყვები წერის მნიშვნელობაზე. ვისაც დააინტერესებს, „ვინ მეს“ ტექსტები უპასუხებენ ყველაფერზე.
პერიოდულად მქონდა ხოლმე შემოთავაზებები თეატრებიდან. ვთანხმდებოდი, ვდგამდი სპექტაკლებს, მაგრამ მუდმივად ის პრობლემები მეფეთებოდა, რასაც წლების წინ გამოვერიდე. მაინც „ვიჭერდი კაიფს“, რაკი ვხედავდი და ნანახზე გავლას ვბედავდი. იმათი თვალებიც არ მავიწყდება, ვინც მომყვებოდა და ბოლომდე გადიოდა ჩემთან ერთად გასავლელს. ვინც ვერ მომყვებოდა, ან უბრალოდ თავის საქმეს ვერ ქაჩავდა, არც ისინი მავიწყდება, მაგრამ ახლა ისეთი საინტერესო შემოქმედებითი გეგმები მაქვს, საერთოდ არ მცალია მავან-მავანებზე საფიქრალად.

ქანდაკებები


ბოლო ერთი წელია ძერწვა დავიწყე. ვძერწავ პლასტელინში, აქა-იქ - თიხაშიც. ძერწვა როგორც პროცესი არ ექვემდებარება სიტყვით გადმოცემას და ისეთი რამეა, რაც ყოველთვის ერთნაირად არ გამოდის. მეტიც, ხან საერთოდ არ გამოდის. მითუმეტეს, თვითნასწავლის შემთხვევაში. ზიხარ, უქლაქუნებ თითებს და თხიპნაობ რაღაცას უშნოდ, მაგრამ შემოქმედება - არასრული ცოდნის პირობებში მოქმედების უნარია და როცა ასეთი მოქმედების თავხედობას ვიჩენ, სასწაული ხდება. ხილული სასწაული. თითებში იღვიძებს ძალა, შეხების შეგრძნება იზრდება და გამოდის. თან იცი, როგორ გამოდის? წარმოსახვა ხორციელდება, თიხიერდება, პლასტელინიერდება, რაც გინდა დაარქვი, და ცოცხლდება. მანამდე მუნჯი მასა, მოლაპარაკე სხეული ხდება. კავშირი მყარდება. დრო იცვლება. ბიოლოგიური დრო სულიერ უდროობაში გადადის. ამისთვის ვისაც სცალია, საკუთარი თავისთვის სცალია, რადგან საკუთარი თავი მოიპოვება ასეთ სამკუთხედში: მე, ჩემი დრო, ჩემი სივრცე.

გამოფენა


პერსონალური გამოფენა არ მქონია, არც მეჩქარება მსგავსი მასშტაბის აქციების მოწყობა. მაქვს ფეისბუქ გვერდი „ვინ მეს სკულპტურა“ და რასაც ვძერწავ, იქ ვაქვეყნებ. ჩემს მეუღლესთან, ნიჭიერ მომღერალთან და საინტერესო ფოტოგრაფ ნანუსთან ერთად ფოტოებს ვუღებთ სახლის პირობებში სკულპტურებს, რაც ცალკე პროცესია, არანაკლებ საინტერესო და საამო.

შვილებთან

ყველა ნამუშევარი თანაბრად მიყვარს. სპექტაკლებზეც ასე ვიყავი. მე დღემდე მიყვარს ჩემი დადგმული სპექტაკლები. იმედია, ჩემი სკულპტურების მიმართაც ბოლომდე შემრჩება სიყვარული და სულ ვიპოვი ძალას, კიდევ შევქმნა, რადგან „ადამიანი ის არის, რასაც შექმნის და არა ის, რასაც მოიხვეჭს“. არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ სრულად ვეთანხმები.

მომავალი...

სხვა მედიუმებშიც მინდა მოვსინჯო ძალები. ადამიანი განუსაზღვრელი არსებაა. ყველა ვართ ის, რაც ვართ და ამას პლუს ის, რასაც მივეახლებით. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ვისაც უბრალოდ თვითრწმენის პრობლემა აქვს. დავინახოთ საკუთარი თავები და ქვეყანაც ამოისუნთქებს, სამოქალაქო საზოგადოებაც შედგება. „აბა ახლა მაგისთვის მცალია?“ - არაჯანსაღი მიდგომაა. „თეატრი ვჭამო?“ - არაჯანსაღი მიდგომაა. სიჯანსაღე მოდის საკუთარი მოწოდების აღმოჩენიდან, გულისთქმის მოსმენიდან, შესაძლებლობების გაცნობიერებიდან.
ყველაზე დიდი კაიფია ხედავდე
და ამ ხედვაზე გავლას ბედავდე.
„ვინ მე“.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლიკა 2021-01-21 09:36
ნიჭიერებას არ აქვს საზღვრები. წარმატებებს გისურვებთ. ველოდებით გამოფენას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები