ბევრისთვის უცნობი, მშვენიერი წალკა - იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად

ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა. ის უცხოელი ტურისტებისთვის ერთგვარი აღმოჩენაა და თავისი მრავალფეროვნებით დამთვალიერებლებს ქვეყნის განმეორებით მონახულების სურვილს უჩენს. ხშირად მიფიქრია, ვიცნობ კი ჩემს ქვეყანას ისე, როგორც საჭიროა? სამწუხაროდ, არა. ამაში რამდენიმე დღის წინაც დავრწმუნდი, როცა ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტს ვესტუმრე. სამწუხაროდ, აქამდე არ ვიცოდი, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ასეთი გამორჩეულია თავისი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიული ძეგლებით, ბუნებით, არქეოლოგიით. გაგაოცებთ ციკლოპური ნასახლარები, ციხესიმაგრეების ნანგრევები, გამოქვაბულები, გვიანი თუ ადრე შუა საუკუნეების ეკლესიები, ნასოფლარები, სამარხები
და ა.შ.

წალკაში პირველად ხუთი წლის წინ ვიყავი და მაშინ სულ სხვა შთაბეჭდილებით დავბრუნდი შინ. ახლა ყველაფერი შეცვლილი დამხვდა. აქ ყველაფერია ტურისტისთვის კომფორტის შესაქმნელად: საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები ულამაზესი ხედებით, რესტორანი უგემრიელესი კერძებით და სხვა. დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას, ამ საოცარ ადგილას დრო საუცხოოდ გაატაროთ. ისიც გაითვალისწინეთ, თუ წალკის ყველა სანახაობის დათვალიერებას განიძრახავთ, ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ.
შევეცდები გიდობა გაგიწიოთ ამ უნიკალურ რაიონში და ის აუცილებლად სანახავი ადგილები გაგაცნოთ, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

დაშბაშის კანიონი
წალკის ხსენებისას პირველად ალბათ ყველას დაშბაშის კანიონი გახსენდებათ. კანიონი სოფელ დაშბაშში, ზღვის დონიდან 1230-1550 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მწვანეში ჩაფლული დაშბაშის ჩანჩქერი სამოთხისებური სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავს. კანიონის პოპულარობა იმითაცაა განპირობებული, რომ ფეხით გასავლელი მანძილი მცირეა და ნებისმიერ მსურველს მარტივად, დიდი ძალისხმევის გარეშე შეუძლია ამ საოცარ ადგილს ესტუმროს.

აღსანიშნავია, რომ წელს დაშბაშის კანიონზე საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა. მოეწყო თანმდევი ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
„ბრილიანტის ხიდზე“ გავლა სამ წლამდე დამთვარიელებლისთვის უფასოა. 3-12 წლამდე შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს, ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი. რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთ ადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო სამ ადგილიანი - 150 ლარი.




ბარეთის ტბა
გსმენიათ ბარეთის ტბის შესახებ? ის წალკის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1612 მ სიმაღლეზე მდებარეობს და აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ტბის ნაპირი დაჭაობებულია, რაც საუცხოო სანახაობას ქმნის. აქ საინტერესო და იშვიათ მცენარეებს იხილავთ, ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ.



ჭიქიანის მთა
ტურისტების საყვარელი ადგილია ჭიქიანის მთა, რომელიც ჩამქრალი ვულკანია. მთა მდებარეობს წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჯავახეთის ქედზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2.415 მეტრს აღწევს. მთასთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე ბრინჯაოს ხანის მეგალითური ძეგლი - ჭიქიანის მენჰირი, რომელსაც საკულტო დანიშნულება ჰქონდა. შთამბეჭდავი გარემო და უძველესი ისტორია საოცარ მომხიბვლელობას სძენს ჭიქიანის მთას. თუ კი კარვებში ღამის გათენება და მეგობრებთან ერთდა დროის გატარება გიზიდავთ, ეს ადგილი ნამდვილად თქვენთვისაა განკუთვნილი.



წალკის წყალსაცავი
წალკის წყალსაცავი საქართველოს უდიდესი წყალსაცავია. როგორც ადგილობრივებისგან შევიტყე, ზამთარში წყალსატევი იყინება, ისე, რომ ზოგჯერ ყინულის სისქე 80 სმ-ს აღწევს და გაყინულ წყალზე სეირნობაც შესაძლებელია. თუმცა ახლაც საოცარი სანახავი იყო და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი.

დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია წარწერის მიხედვით X-XI საუკუნის მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. გუმბათიანი ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. ეკლესიის გარშემო საუცხოო ხედი იშლება. აქ ადამიანს რაღაც მისტიური გრძნობა გიპყრობს. განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლა და ალმოდებული ჰორიზონტი.


დაშბაშის ღვთისმშობლის ეკლესია

აუცილებლად მოილოცეთ ეს უძველესი და საუცხოო ტაძარი. ის სოფელ დაშბაშის ცენტრში მდებარეობს და ადვილად მიაგნებთ. სამწუხაროდ ეკლესია დანგრეულია, თუმცა ძველი სიდიადე დღემდე შენარჩუნებული აქვს.



წალკის სოფლები

განსაკუთრებით ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო წალკის სოფლების მონახულება და ადგილობრივებთან კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, წალკაში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს და უმეტესობას საკმაოდ დიდი მეურნეობა აქვს. უნდა ნახოთ როგორ ფუსფუსებენ საკუთარ ნაკვეთებში და რა სიყვარულით ეფოფინებიან მოსავალს. მინდა თითოეული მათგანის შესახებ უფრო ვრცლად, ცალკე სტატიაში მოგიყვეთ, ამიტომ აქ აღარ გავაგრძელებ.






მერი ბლიაძე

კომენტარები

კუკური მეტრეველი 2022-09-09 00:13
რატომ ბატონო ასეთი მოკრძალებული თხოვნა?! უკვე აღმაშფოთებელია ასე უგუნურად წალკის კანიონის "დაშბაშის კანიონად მოხსენიება! კანიონი(ხრამი) თავიდან ბოლომდე იწყება წალკასთან და მთავრდება "დაშბაშამდე", რატომ უნდა ვეძახდეთ მაინცდამაინც დაშბაშისას და არა წალკისას?! მხოლოდდამხოლოდ იმიტომ რომ "დაშბაში"არაქართული სახელია?! ვინმეს შეუძლია ამიხსნას შუაგულ საქართველოში არაქართული, სომხების მიერ შერქმეული თურქული სახელის ასეთი პრივლიგირება ქართულზე რა პრინციპია?! რა სიბრიყვეა?!
ანზორ ჯაფარიძე 2022-09-08 18:15
მოკრძალებული თხოვნაა, დაშბაშის კანიონის მაგივრად ვიხმაროთ წალკის კანიონი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები