ქართული რესტორანი სლოვენიაში, რომელსაც ქართული კერძების დასაგემოვნებლად მეზობელი სახელმწიფოებიდანაც სტუმრობენ - "აქ ნამდვილად იგრძნობა ის სტუმარმასპინძლობა, რაც ქართველებს გვახასიათებს და უცხოელებს ძალიან მოსწონთ"

ზურა ჯიქიძემ მეგობარ გიორგი ვეფხვაძესთან ერთად სლოვენიაში ქართული რესტორანი გახსნა და სულ რაღაც 2 თვეში იმხელა გამოხმაურება და პოპულარობა მოიპოვა, რომ ქართული კერძების დასაგემოვნებლად მეზობელი სახელმწიფოებიდან სტუმრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავისი საქმე და წარმატებული კარიერა ჰქონდა, შვილების უკეთესი მომავლისა და განვითარებისთვის, საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა და სლოვენიაში ჩავიდა. იწვალა, იშრომა, არ დანებდა და დღეს უკვე ბრენდად ქცეულ რესტორან „ტიფლისს“ უძღვება.
რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც სლოვენიაზე, სადაც ჯამში ალბათ სულ 50 ქართველი ცხოვრობს და ამ ფონზე როგორ გარისკა ქართული რესტორნის გახსნა უცხო მხარეში -
ამას თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ.

- პროფესიით ეკონომისტი ვარ, ამასთანავე ფეხბურთელი ვიყავი. ისეთი პერიოდი იყო საქართველოში, საკუთარი პროფესიით მუშაობას უმრავლესობა ვერ ახერხებდა, მეც არ ვიყავი გამონაკლისი, ისეთი საქმეების კეთება გვიწევდა, რისი საშუალებაც იმ მომენტში გვქონდა. დაახლოებით 2017 წლამდე ნავთობსადენზე ბპ-ს კონტრაქტორ კომპანიებში ვმუშაობდი, შემდეგ მქონდა საკუთარი ბიზნესი, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ საჭირო იყო ევროპასთან ინტეგრირება. უპირველესი მიზეზი, რის გამოც მე და ჩემი პარტნიორი გიორგი ვეფხვაძე წამოვედით ევროპაში, იყო შვილების მომავალი. ჩვენი ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ. ჯერ პატარები არიან, მაგრამ მათი განვითარებისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან აქ საზღვრები უფრო გახსნილია, მეტი რესურსი და შესაძლებლობებია. წამოვედით სლოვენიაში და აქ არსებობისა და დაფუძნებისთვის გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ქართული რესტორანი.


ზურა მეუღლესთან ერთად

ჩვენი მეგობარია ვოვა ბოისა, რომელიც ლიუბლიანაში ცხოვრობს, მასთან გავედით კონტაქტზე, შევისწავლეთ არსებული სიტუაცია წინასწარი ვიზიტით და დადასტურდა ჩვენი ჩანაფიქრის სისწორე, გაგვეხსნა ქართული რესტორანი, რადგან სლოვენიაში არ არის ისეთი ქართული კვების ობიექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს.

ბევრ სირთულეს წავაწყდით, მუშახელი ძალიან დეფიციტურია, მათი მომსახურება ძალიან ძვირია. ამიტომ გადავწყვიტეთ ყველაფერი ჩვენი შესაძლებლობებითა და ხელით გაგვეკეთებინა. ის ობიექტი, სადაც ახლა ჩვენი რესტორანია, ლიუბლიანაში ერთ-ერთი ცნობილი პიცერია იყო, მაგრამ აქ 1992 წლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, ისეთ მდგომარეობაში გახლდათ, საფუძვლიანად გასაახლებელი იყო.
მოგვიხდა ინვესტიციის ჩადება, პროცესი დროში ძალიან გაიწელა. ვინაიდან შენობა ისტორიულ ნაწილში მდგომარეობს, გარე ფასადში რადიკალური ცვლილებების შეტანის ნება არ დაგვრთეს და იმ ჩარჩოებსა და ფარგლებში ჩავჯექით, რისი უფლებაც კანონით გვქონდა. შევქმენით რესტორანი „ტიფლისი“, რომელიც გავხსენით 2022 წლის 18 ნოემბერს და მიუხედავად ამ მოკლე დროისა, უკვე მოვიპოვეთ პოპულარობა.

ჩვენი ელჩი სლოვენიაში ირაკლი კოპლატაძე და საელჩოს თანამშრომლები გვყავდა სტუმრად და სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, ელჩმა გვითხრა, „სულ ორი ქართული კომპანიაა სლოვენიაში, ბიბლუსის სათამაშოების მაღაზია და თქვენი რესტორანი, მოხარულები ვართ, რომ წარმატებული სტარტი გაქვთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართო“. მართლაც ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი ხალხი გვსტუმრობს, აწყობენ საქმიან შეხვედრებს, სასიამოვნო საღამოებს და ერთმანეთს უწევენ ჩვენთან სტუმრობის რეკომენდაციას, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ინტერესდებიან საქართველოთი, მეკითხებიან ჩვენი ქვეყნის შესახებ. სხვათა შორის, კარგად იციან საქართველო, ბევრი ნამყოფიცაა და ვინც არ არის, უჩნდება სურვილი, რომ წამოვიდეს და ნახოს.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასე მოკლე დროში თქვენი რესტორნის პოპულარობა?
- ჩვენ გათვლა არ გვქონია ემიგრანტ ქართველებზე, რადგან იქ ძალიან ცოტანი არიან, მთელ სლოვენიაში მაქსიმუმ 50 ადამიანი იყოს. ჩვენ გათვლა გავაკეთეთ ადგილობრივებზე, ასევე იტალიელებზე, რომელთათვისაც სლოვენია ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ადგილია, ასევე ხორვატებზე, მართლაც ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ხორვატიიდან, სპეციალურად ჩვენი რესტორნისთვის ჩამოდიან. აქაურ კულინარიას იტალიური გავლენა აქვს და აშკარა იყო, რომ ბაზარი სიახლეს ითხოვდა და ეს სიახლე შევიტანეთ, ვფიქრობ, ესაა პოპულარობის მთავარი მიზეზი.

გვყავს ქართველი მზარეულები, პროდუქტი აქ შემოწმებული და ხარისხიანია, რაც იძლევა საშუალებას, რომ გემრიელი ქართული კერძები შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს. დიდი პოპულარობით სარგებლობს აჭარული და მეგრული ხაჭაპური, ფელამუში... ხინკალი - მეფეა. გარდა იმისა, რომ ვთავაზობთ კერძს, ვუყვებით ისტორიებსაც, აქაურებს უყვართ მითები, ლეგენდები. მაგალითად, აჭარული ხაჭაპურით ინტერესდებიან ხოლმე და ვეუბნებით, რომ აჭარული რიტუალური კერძია, რომლის წარმოშობაც ზღვისპირა რეგიონს უკავშირდება, მეთევზეებს ცოლები რომ ზღვაში აცილებდნენ, ამით უსურვებდნენ მზიან ამინდს. ვუხსნით, რომ ხინკალი მზის ფორმას იმეორებს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ ჯერ ისტორიით, შემდეგ კი გემოებით. გვაქვს ყველანაირი ღვინო, ქართული ლიმონათი და ვცდილობთ, პროპაგანდა გავუწიოთ ყველაფერ ქართულს.

- საინტერესოა, თქვენი რესტორნის ინტერიერში თუ არის ქართული დეტალები? გასაგებია, რომ გარე ფასადზე არ გქონდათ ამის საშუალება..
- გვინდოდა, რესტორანი ქართული აგურით გაგვეკეთებინა, მაგრამ ლოჯისტიკურად ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო, ქართული აგურის ტრანსპორტირება კოლოსალურ თანხებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, შევქმენით თბილი გარემო, სადაც ნამდვილად იგრძნობა ის სტუმარმასპინძლობა, რაც ქართველებს გვახასიათებს და უცხოელებს ძალიან მოსწონთ.
ინტერიერში გამოყენებულია ფოტოები, ნახატები, რაც თბილისთან, საქართველოსთან ასოცირდება და ასევე მაგიდებზე ქართული ტრადიციული, ლურჯი სუფრები აფარია, კედლის აქსესუარებია ქართული ელემენტების გამოყენებით. ძველი თბილისის აივნები, ჭიშკრები ასევე მაკეტებად გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხელოვანის, ქეთი ნოზაძის მიერ შექმნილი კედლის აქსესუარები, ძველი ქართული ელემენტებით, განსაკუთრებულ სიმყუდროვეს უქმნის რესტორნის ინტერიერს.


- უკვე ოჯახით გადახვედით სლოვენიაში? რამდენად მოგწონთ ეს ქვეყანა?
- არა, ჯერჯერობით მარტო ვარ, საკმაოდ რთულია აქ დაფუძნება, ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში უკვე ინვესტიცია მაქვს განხორციელებული, ჯერჯერობით არ იძლევიან უფლებას, რომ მუდმივად აქ ვიყო, სავიზო რეჟიმით ვსარგებლობ. პროცედურულად ძალიან გაიწელა ეს თემა, მაგრამ უკვე გვარდება დოკუმენტების საკითხიც. მე რომ მცოდნოდა ასეთი სირთულეებს წავაწყდებოდი, შეიძლება, შევყოვნებულიყავი, მაგრამ შევყევით საქმეს და ახლა ლაგდება ყველაფერი.
ქვეყანა ძალიან მომწონს. ამ ქვეყანაში ბავშვის კულტია, განათლების მაღალი დონეა, არაა საზღვრები, 2 საათში შეგიძლია აღმოჩნდე გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, ხორვატიაში, ერთი ეკონომიკური სივრცეა და ინტეგრირება ძალიან მარტივია. თუ გინდა, რაღაცას მიაღწიო, აქ მეტი შესაძლებლობა და ფართო არეალია. კრიმინალური შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. სლოვენიის ნიუსები იწყება უკრაინის ამბებით და შემდეგ მოგიყვებიან როგორ ჩატარდა ღვეზელის ფესტივალი, გამოფენა, კონცერტი და ა.შ. ადამიანები ფიქრობენ კონკრეტულ დარგებზე და არა იმაზე, ვიღაცამ ვიღაცა როგორ მოკლა, დაიჭირა და ა.შ. ხალხიც ძალიან პოზიტიურია. იმდენად კარგები არიან, საერთოდ ვერ ვგრძნობ რომ უცხოელი ვარ. ამასთან, ძალიან მორწმუნეები არიან, მრევლი დადის ეკლესიაში და ცხოვრების წესითაც მშვიდები არიან. 

- რა მოლოდინები და გეგმები გაქვთ ახლა ბიზნესის კუთხით?
- მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ გვაქვს გეგმები, მეზობელ ქვეყნებშიც ვცადოთ მსგავსი საქმიანობა, ვნახოთ. გეგმები დიდი გვაქვს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.



ციცი ომანიძე

კომენტარები

გაიკ 2023-01-20 13:04
წარმატებები !!! გულახდილად მოხარული ვარ თქვენი წამოწყობილი საქმიანობით ... მთელი გულით ( წამრატებები )!!!!
ქეტი 2023-01-20 02:16
წარმატებები.
lela 2023-01-18 15:10
მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს! სტატიას ვკითხულობდი და სიხარულისგან მეტირებოდა.
თამაზი 2023-01-17 17:26
წარმატებები! ძალიან კარგია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები