რატომ ჰქონდა ძველ თაობას აივნები და ფარეხები უამრავი უსარგებლო ნივთით გადავსებული და რატომ გრძელდება ეს ტრადიცია თანამედროვე ოჯახებშიც

ალბათ, ყველას გვინახავს აივანი ან ავტოფარეხი, რომელიც ათასი უსარგებლო ნივთით არის გადავსებული, თუნდაც ჩვენი ბებიების სახლებში. კითხვაც ბევრჯერ გაგვჩენია, ნეტავ, რაში სჭირდება ეს ყველაფერი, გამოსაყენებლად ხომ უვარგისია? არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი საქციელი საბჭოთა კავშირის დროინდელი აზროვნების შედეგია, მისი გადმონაშთია, იმ პერიოდისა, როდესაც ხალხს არაფერი ჰქონდა და ვერც ვერაფერს ყიდულობდა იმის გამო, რომ ყველაფრის დეფიციტი არსებობდა. ამიტომაც იყო, რომ იმ პერიოდში ხალხი არაფერს ყრიდა იმის შიშით, რომ ოდესმე დასჭირდებოდა, ახლის ყიდვის შანსი არ არსებობდა, ამიტომაც ძველით უნდა ესარგებლა, როგორმე შეეკეთებინა და
ისე გამოეყენებინა. ამიტომაც ძველი, ერთი შეხედვით გამოუსადეგარი და უკვე უსარგებლო ნივთები იმ დროინდელი სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახლდათ.

გარდა ამისა, საბჭოთა საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ნივთების მემკვიდრეობით გადაცემის ტრადიცია. ბევრი ნივთი ოჯახურ ფასეულობას წარმოადგენდა და მისი მემკვიდრეობით გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
არსებობს სხვა, ემოციური ფაქტორებიც, თუ რატომ არ იშორებდნენ ადამიანები თავიდან ძველ ნივთებს. ძველი ნივთები ადამიანს მოგონებებს უნახავს და მისი იდენტობის შენარჩუნების ერთგვარი საშუალებაა.

საბჭოთა იდეოლოგიამ მნიშვნელოვან გავლენა იქონია ძველი ნივთების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ მხრივ ნივთების თაობიდან თაობისთვის გადაცემას სოციალური მნიშვნელობაც აქვს. ეს უფროსი თაობის მზრუნველობის ნაწილია შთამომავლების მიმართ, ასევე ძველი ფასეულობების შემონახვის საშუალებაა. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება შეიცვალა, ადამიანებმა ძალიან ბევრი რამ გადააფასეს. ბევრმა ნივთმა სწორედ ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა და ბევრად ძვირფასად იქცა, ამან ისტორიული და კულტურული არტეფაქტების უფრო აქტიურად შემონახვა გამოიწვია. შემოვიდა რესტავრაციის კულტურაც, მნიშვნელოვნად გაიზარდა ძველი საგნების მიმართ კოლექციონერების ინტერესიც, შესაბამისად, მომრავლდა ხალხი, ვინ ძველ ნივთებს აგროვებს და ყიდულობს.

ფსიქოლოგების განმარტებით, ეს მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის არ არის დამახასიათებელი და აბსოლუტურად ნორმაა. ახალგაზრდები, როგორც წესი, მათი მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე, არ ინახავენ ძველ ნივთებს, მოზრდილს ასაკში კი, აცნობიერებენ რა იმ ფაქტს, რომ ეს მატერიალური რესურსი შესაძლოა შემცირდეს, იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ შესაძლოა ისე ვეღარ იცხოვრონ, როგორც ადრე და უფრო ეკონომიურები ხდებიან, ნივთებსაც მეტად უფრთხილდებიან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ძველი ნივთი კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის ოჯახში. ასე რომ, ზოგიერთი ტრადიცია კეთილდღეობის ერთგვარ გარანტიად იქცა. თუმცა მეორე მხრივ, ფსიქოლოგები იმასაც ამტკიცებენ, რომ ძველ ნივთებზე უარის ართქმა ახლის შეძენაზე უარის თქმის ერთგვარი მიზეზია.

ჩინური ანდაზის თანახმად კი, თუ ძველი არ წავა, ახალი ვერ მოვა, ეზოთერიკოსები კი განმარტავენ, რომ ძველი, უსარგებლო ნივთები ნეგატიურ ენერგიას აგროვებს, რაც სიზარმაცეს, უუნარობას, დეპრესიასაც კი იწვევს, მტვერზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე რომ, როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც ზომიერების და ოქროს შუალედის დაცვას გირჩევთ.

კომენტარის დამატება