ბებიის საუკუნოვანი ქოხის ახალი სიცოცხლე - ფერადი სახლი წაღვერიდან

ბავშვობა ასეთი ახსოვს - ბებო აივანზე ფაიფურის მოხატული ჭიქიდან ჩაის მირთმევს და კილომეტრებზე გადაჭიმულ ნაძვნარს გასცქერის. მხრებს საკუთარი ხელით მოქსოვილი შარფი უთბობს. მაგიდაზე მსხლის, ქლიავის, ვაშლის ჩირი და გირჩის მურაბა აწყვია. წლების შემდეგ კი, ჰაერში დატრიალებული სურნელი სამუდამო ტკბილ მოგონებად იქცევა. ხელოვნებათმცოდნე სოფიკო ქებურია თბილისში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს ბორჯომის რაიონს. წაღვერში, ამ პატარა და ულამაზეს სოფელში, ასეთივე ლამაზი და ფერადი, ბებიის დანატოვარი სახლი აქვს, სადაც ბავშვობის ულამაზესი წლები გაატარა და დღემდე დიდი რუდუნებით უვლის. ქალბატონმა სოფიკომ შეძლო ძველი სახლისთვის
სიცოცხლის შენარჩუნება. სახლში სეზონურად უამრავი ადამიანი იყრის თავს და შემდეგ ყველასთვის დაუვიწარ მოგონებად იქცევა ხოლმე აქ გატარებული დღეები. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა სოფიკომ აგვისტოს ომის დროს შექმნა მინიატურული სახლი, რომელიც არაერთ საინტერესო თემატიკას აერთიანებს.

- არსებობს ადგილები ან მოვლენები, რომლებიც სასიცოცხლო ძალას გაძლევენ. აი, როგორც იაპონელებისთვის საკურას ყვავილობაა - ის სამი დღე ეროვნულ დღესასწაულად ცხადდება. ყველანი ბუნებაში გადიან, გაზაფხულის სინაზით ტკბებიან და ეს დადებითი მუხტი მერე მთელი წელიწადი, შემდეგ ყვავილობამდე აძლებინებთ, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდნენ. მე ასეთ მუხტს სამცხე-ჯავახეთში, წაღვერში მდგარი, საუკუნე-ნახევრის ერთი ციცქნა ქოხი მაძლევს.

- საოცრად ლამაზი და ფერადია თქვენი სახლი. ამავე დროს ულამაზეს ბუნებაშია ჩაკარგული. როგორც ვიცი, წინაპრებისგან გერგოთ.
- ოდესღაც წაღვერი ძალიან პოპულარული კურორტი იყო. ზაფხულობით ჩადიოდნენ მწერლები, პოეტები. თეატრის სეზონის გახსნამდე მსახიობები აქ ატარებდნენ მომავალი დადგმის რეპეტიციებს. სიცოცხლე ჩქეფდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ბებიამ იქ საზაფხულო სახლი იყიდა. ასე აღმოვჩნდი ამ „სამოთხის“ მემკვიდრედ. თითქოს იქაა ყველა ის მინერალი და ვიტამინი, რაც მკვებავს და შემდეგ დიდხანს მყოფნის. იმ პატარა ქოხში ჩემი ბებიების სიყვარულია გამჯდარი, რაც ბავშვობიდან მახსოვს და ასე მენატრება. როცა ჩავდივარ, ოთახებს შემოვირბენ ხოლმე, კარადებში ცხვირს შევყოფ, ხის სურნელს შევისუნთქავ, ჩრჩილებს ვაფრთხობ, ამოვალაგებ უჯრებიდან ბებიაჩემის ნაქარგ თეთრ, გახამებულ გადასაფარებლებს და თავ-თავის ადგილს მივუჩენ. მერე ტონეტის სკამზე ვჯდები, გირჩის მურაბას გეახლებით და ფაიფურის მოხატული ჭიქიდან ჩაის ვაყოლებ. ეს რიტუალია. ჭიქას ახლაც ემჩნევა ბებიაჩემის პომადის კვალი. ეს წითელი გაცრეცილი ზოლი ანა კალანდაძის ლექსს მახსენებს: „და ძვირფას კაბას ერთი მორჩი შერჩა სუსამბრის...“ თვალწინ დამიდგება ხოლმე საღამოობით ბებიების სიმღერა ბაფთიანი გიტარის თანხლებით და სტუმრებთან ერთად ფლირტის ან ლოტოს თამაში.

- როგორც აღნიშნეთ, ეს ადგილი მდიდარი ბუნებით გამოირჩევა. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე სოფლად, ამ საოცარ ბუნებაში?
- დავდივართ მჟავე წყალზე, ვსეირნობთ არჯევანიძის ტყეში, მდინარე გუჯარულას ნაპირზე, ჩანჩქერთან, თორელების ციხესთან, ტიმოთესუბანში, დაბის ეკლესიაში, სერაფიმე საროველის და მწვანე მონასტრებში. ზოგჯერ ავდივართ მწერალ მარიჯანის სახლის ეზოში. სამწუხაროდ, დღეს მიტოვებულია და გავერანებული. არადა, რამდენი რამ ახსოვთ იმ კედლებს!

- დღეს ხის სახლებს ნაკლებად აშენებენ. თქვენი აზრით, რით არის ასეთი სახლი გამორჩეული?
- წაღვერში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხის ძელებით ნაშენი სახლები. ზაფხულში გრილი, ზამთარში - თბილი. როგორც ამბობენ, ხის სახლი სუნთქავსო. ზოგი მორიდან ხის ფისი ახლაც ჟონავს. სამწუხაროდ, დრომ ახალი მასალების პოპულარობა მოიტანა. ხე და აგური თაბაშირმუყაომ და მეტალოპლასტმასმა ჩაანაცვლა, რაც დასანანია. ხის ძელური სახლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად უნდა გამოცხადდეს. მათ სათანადო ზრუნვა და მოვლა სჭირდებათ.

წაღვერში კიდევ ერთი რამ მიჩუყებს გულს: ცემისწყლის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდი, რომელიც მიხეილ რომანოვმა საფრანგეთიდან, გუსტავ ეიფელის სახელოსნოდან გამოიწერა, 1897-1901 წლებში ჩემმა დიდმა ბაბუამ, პირველმა ქართველმა მფრინავმა და ავიაკონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ დაამონტაჟა. ლამის 120 წელია, რაც ამ ხიდით „კუკუშკა“ ბორჯომ-ბაკურიანს ერთმანეთთან აკავშირებს. როცა ზედ გადავდივარ, რაღაც შინაურული, მშობლიური გრძნობა მიჩნდება - „ბაბუ! შენ არ მიცნობ, მაგრამ მე შენი ცოლის სახელი მქვია“.

როცა პატარა ვიყავი, მაგიდის ქვეშ სახლობანას ვთამაშობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ეზოში „შტაბობანაზე“ გადავედი. მას შემდეგ, რაც ამ ქოხის დიასახლისობა მერგო, „თამაში“ გავაგრძელე, სახლი ჩემებურად „გავპრანჭე“, ბებოს ნაქარგები დავკემსე, ზოგიც ჩარჩოში ჩავსვი და კედელზე ჩამოვკიდე. ჩემი შვილებისთვის დადგმული თოჯინების სპექტაკლების ფონური დეკორაციები კედლებზე გავაკარი. ყოველ ზაფხულს წაღვერში ჩასვლა ჩემთვის საკუთარ და ჩემი შვილების ბავშვობაში დაბრუნებასავითაა.

- როგორც ვიცი ეს სახლი მხოლოდ თქვენი საყვარელი ადგილი არ არის. წლის განმავლობაში არაერთი მეგობარი გსტუმრობთ.
- დიახ, ასევეა ჩემი მეგობრების, მათი შვილების და ჩემი შვილების მეგობრებისთვისაც. იმდენი ჩავდივართ ხოლმე, ტევა აღარაა, ორ ცვლად ვსადილობთ, მაგრამ ყველა ბედნიერია. ვდგამთ სპექტაკლებს, კოსტიუმირებულ მასკარადებს, პოეზიის საღამოებს...
მარტო წაღვერში რამდენიმე მინერალური წყაროა, ყველა სხვადასხვა შემადგენლობის. ადრე ჩვენი ქოხის გვერდით ძველი პოლიკლინიკა იდგა. ჩასვლისას და წამოსვლის წინ ბავშვებს სისხლის ანალიზს ვუღებდი. შედეგი ისე მახარებდა, მინდოდა თითოეული ფიჭვისთვის, ნაძვისთვის, მჟავე წყლისთვის ხმამაღლა მეთქვა „გმააააადლოოობთ!“
შემდეგ პოლიკლინიკა დაინგრა და იმ ადგილზე ეკლესია ააშენეს. ზაფხულობით წაღვერში ბევრი მოაგარაკე ჩამოდის და წირვის შემდეგ დიდი სტუმრიანობა გვაქვს ხოლმე.
იქაური მეზობლები, ზაირა, ირინა, ტასო, უკვე ოჯახის წევრებივით არიან. ძალიან დიდი იმედია, როცა იცი, რომ შენს არყოფნაში ჭიშკარს ავი ზრახვით ვერავინ შეაღებს.

- რთული არ იყო ძველი სახლისთვის სიცოცხლის შენარჩუნება?
- რასაკვირველია, ძველი სახლისთვის სიცოცხლის შენარჩუნება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, თავად გავაკეთოთ. ძალიან ვხალისობთ, როცა ხელში ფუნჯი გვიჭირავს და კედლებს ვღებავთ. სათადარიგო ფუნჯებიც მაქვს ხოლმე, სტუმრებისთვის. ასე რომ, თუ მოსვლას დააპირებთ, თეთრს ნუ ჩაიცვამთ, ამ ქოხში საკუთარი წვლილის შეტანა არ აგცდებათ! ერთ ოთახს მხატვარ მაია ქაჯაიას ხელნაკეთი აბაჟური ანათებს, იქვე დგას ხელოვნებათმცოდნე ნინო სანებლიძის მოხატული თეჯირი, კედლებსაც ჩემი მეგობრების ფერწერა ამშვენებს, ჩაის ნინო ჩიტაიშვილის მოხატულ ჩაიდანში ვაყენებთ. ამ პატარა ქოხის ისტორია ბებიებმა დაიწყეს, ჩვენ ვაგრძელებთ და იმედია, არც შვილიშვილები მიატოვებენ. ვერ მიატოვებენ. ყველა კუთხე-კუნჭულში მოსიყვარულე, ხალისიანი ადამიანების კვალი იგრძნობა. ვინ იტყვის ამაზე უარს?

- ასევე უნდა ვისაუბროთ თქვენს გატაცებაზე, რომელიც ბევრს აღაფრთოვანებს.... როგორ გაგიჩნდათ მინიატიურული სახლის შექმნის იდეა?
- ბავშვობაში დედა თავის გამოგონილ ზღაპარს მიყვებოდა, როგორ მიპოვა ფანჯრის რაფაზე. ცეროდენა გოგო ვყოფილვარ, ხოდა, პატარა ყუთში მომიწყო ბინა. ეს ზღაპარი ძალიან მიყვარდა. ხშირად ვაყოლებდი და ჩემითაც „ვამატებდი“ იმ წარმოსახვით ყუთში რაღაცეებს. ალბათ ეს ფიქრები ქვეცნობიერში დამელექა. ბავშვობის ფანტაზია ბევრად გვიან, უკვე ორი შვილის დედამ განვახორციელე. ამ სათამაშო სახლის ისტორია 2007 წელს დაიწყო, ჩემს შვილებთან ერთად შვეიცარიაში მოგზაურობის დროს. ჩემმა იქაურმა მეგობარმა ნინო გამსახურდიამ ბაზელის სათამაშო სახლების მუზეუმში წაგვიყვანა. ესაა ძველი მინიატურული მოდელების სრულიად ფანტასტიკური კოლექცია. წამოსვლა აღარ მინდოდა. მუზეუმის მაღაზიაში ნინომ ციცქნა ჭურჭლის კარადა იყიდა და ჩემს ქალიშვილს, 10 წლის ნინუცას გაუწოდა - ამით დაიწყე და შენი მოდელი გააკეთეო. ისე მოხდა, რომ ვერაფრით მოვიცალეთ. ეს კარადა თავის ანტურაჟს ერთი წელიწადი ელოდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. ყველანი დავიზაფრეთ. არ მინდოდა, ბავშვები ამ საშინელი ვითარებით დათრგუნულიყვნენ. როგორც მერე მივხვდი, სათამაშო სახლის კეთება შვილებისთვის მშვიდობიანი, უსაფრთხო, მყუდრო „ნაჭუჭის“ შექმნის სურვილმა დამაწყებინა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, მე სახლის კეთება დავიწყე ან, უფრო სწორად, „სახლობანას“ თამაში. ბავშვებიც ხალისით ამყვნენ. გავათავისუფლეთ წიგნის თარო და საქმეს შევუდექით. კოლოფები, ძაფის კოჭები, ღილები, ქსოვილის ნაკუწები, ათასი უსარგებლო წვრილმანი - ავეჯად და სხვადასხვა ნივთად ვაქციეთ. მალე მეგობრებიც ჩაგვერთნენ და სათამაშო სახლი უამრავი მინიატურული წვრილმანით შეივსო.

თანდათანობით სხვა თაროების დამატება მოგვიხდა. დღეს ეს უკვე „სამსართულიანი“ სახლია. აქაა მარანი, ვესტიბიული, სტუმრების მისაღები ოთახი, საძინებელი, კაბინეტი, სამზარეულო, სააბაზანო, ვერანდა, კაფე, სამხატვრო გალერეა და საფუნთუშე.



„კაბინეტი“ ეძღვნება ჩემი დიდი ბაბუის, პირველი ქართველი მფრინავის და ავიაკონსტრუქტორის, ბესარიონ ქებურიას ხსოვნას. ამიტომ, ამ ოთახში ყველაფერი ავიაციას და მოგზაურობას უკავშირდება.


„სამხატვრო გალერეაში“ ჩემი მეგობრის, მხატვრის, პოეტის, ხელოვნებათმცოდნე კარლო კაჭარავას მინიატურული ჩანახატებია გამოფენილი. ყველა ორიგინალია, კარლოს დის, ლიკა კაჭარავას მიერ შემოწირული. მეგობრები მეხუმრებიან, სიგნალიზაცია დააყენეო.


კაფეს ჰქვია „ნატვრის ხე“. ერთ მაგიდასთან ფუფალა ზის. გიორგი ლეონიძესთან შიოლა ფუფალას რომანტიკული ფანტაზიის ნაყოფია. ავდექი და ოცნება ავუსრულე - კარებში შიოლა დავაყენე.


სასტუმრო ოთახში საახალწლოდ მინიატურულ ნაძვის ხესაც ვდგამთ ხოლმე.


მარანი ჩემს მეგობრებთან ერთად კახეთში სამდღიანი მოგზაურობის შთაბეჭდილების შედეგია.

- სახლში ეექტროგაყვანილობაც გააკეთეთ. როგორ შეძელით?
- თავიდან ელექტროგაყვანილობა ჩემმა მეგობარმა, ფიზიკოსმა გიორგი ციციშვილმა გაიყვანა. ტექნიკაში ერკვევა. მერე ერთხელ პატარა ღამის სანათი გადაიწვა. დავურეკე და შეკეთება ვთხოვე. თურმე ეგონა, ჩვეულებრივ სანათზე ველაპარაკებოდი. რომ დაინახა, თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ გული არ დამწყვიტა. ერთი თვე მარტო მინიატურული სახრახნისის შოვნას მოანდომა. შეაკეთა, მაგრამ მთხოვა, ასეთი იუველირული რამ აღარ დამავალოო. ახლა საახალწლო გირლანდა ანათებს ჩვენს სახლს.

იმ დროს სკოლაში ვასწავლიდი ხელოვნებას. ერთხელ მთელი სათამაშო სახლი წავიღე და მოსწავლეებს ვაჩვენე. მალე ბევრმა ბავშვმა საკუთარი „სახლის“ მოწყობა დაიწყო. მეუბნებოდნენ, ნივთებს სხვა თვალით დავუწყეთ ყურება - აქედან რისი გაკეთება შეგვიძლიაო. ასეთი გატაცება ადამიანს წარმოსახვის უნარს უვითარებს, შემოქმედებითობას. ძალიან მიხაროდა.

ახლა ამ სახლის „დიასახლისი“ უკვე ჩემი ქალიშვილია, ნინუცა. საფუნთუშე და ვერანდა თავიდან ბოლომდე მისი გაკეთებულია.

უკვე დიდი გოგოა, საფრანგეთში ნეირომეცნიერების მაგისტრანტი, მაგრამ არდადეგებზე ახალ-ახალი იდეებით ჩამოდის ხოლმე. გეგმაში აქვს აფთიაქის და ქუდების ატელიეს გაკეთება. ჩემთვის ეს ბედნიერებაა - მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებშიც ბავშვი დიდხანს ცოცხლობს. ეს უნარი გეხმარება, შეინარჩუნო ხალისი, არ ჩაქრე, არ დამძიმდე.
ერთმა მეგობარმა მისაყვედურა - „ბაბუაშენი ცაში დაფრინავდა, ბიპლანიდან დასცქეროდა დედამიწას, როგორ შეგიძლია ამ ციცქნა თაროდან უყურო სამყაროსო?“ არ ვიცი. ყველას თავისი მასშტაბი და გაქანება აქვს. და თუ კაცობრიობისთვის რაიმე მნიშვნელოვანს, მონუმენტურს ვერ ვქმნი, რას ვიზამ? ზოგჯერ, როცა ამ სათამაშო სახლს ვათვალიერებ, ვფიქრობ - ბავშვებს ხომ გავუღვიძე ფანტაზია, რაღაც „სიმებს“ ხომ გამოვკარი ხელი? ესეც კარგი საქმეა, არა? იქნებ ესაა ჩემი მასშტაბი? და უკვე აღარ მცხვენია, რომ ამ ხნის ქალი წიგნის თაროში „ვთამაშობ“. დიახაც, მე ეს სიხარულს მანიჭებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ეთერი 2023-06-22 13:41
სიამოვნებით წავიკითხე.წარმატებები
Maia 2023-05-27 22:31
საოცარი ქალბატონია!
ანა 2021-12-16 12:51
პინჭი-პუნჭწბი
მაია 2021-04-13 18:22
მადლობა სოფიკოს, როგორი გემოვნებით, სილაღით, ხალისისით ამდიდრებს და ალამაზებს ჩვენს და ჩვენი შვილების სამყაროს,

კომენტარის დამატება