ლალი თოდუას საოცარი ბაღი, რომლის შექმნასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა

ლალი თოდუა უკვე 40 წელია ყვავილების მოვლით, გახარებით, გამრავლებით არის დაკავებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ცხოვრება ყვავილებს მიუძღვნა. ქალბატონ ლალის ზუგდიდში ყველა იცნობს. მისი საოცარი ბაღი მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ვარდების ხეივანმა მიიქცია, რომლიც პატარძალივით გამოიყურება და ეზოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მეუღლის დახმარებით ქალბატონმა ლალიმ ბაღში ორასი სახეობის ყვავილს მოუყარა თავი.

- ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები. სექტემბრის თვეში 40 წელი გახდება, რაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით. მაშინ დავიწყეთ ყვავილების შეგროვება და დღემდე ვაგროვებთ. უკვე ორასამდე
სახეობის მცენარე მოვაგროვეთ. თითო-თითო ნერგს ვყიდულობდი და მერე მე თვითონ ვჭრიდი, ტოტებს, ვაფესვიანებდი და ვამრავლებდი.

- საკმაოდ გრძელი გზა გაგივლიათ. რთული არ იყო ამ გზის გავლა?
- კი, საკმაოდ. პირველ რიგში ამ ყველაფერს სჭირდება თანხა. შესაძენია ქოთნები, საჭიროა პატარ-პატარა სათბურები. ყვავილებს სჭირდება ტორფი, ქვიშა. ეს დიდ თანხებთან და შრომასთან არის დაკავშირებული. ჩემი მეუღლე მიდგას გვერდით და ნელ-ნელა ვახერხებთ ყველაფერს.

- მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ემსახურებით, თუ სხვა საქმითაც იყავით დაკავებული?
- 90-იან წლებში მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით სკოლაში. რომ აირია ყველაფერი დავრჩით უმუშევრები. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ ყვავილებისთვის დაგვეთმო მთელი დრო. მოთხოვნაც დიდი იყო ყვავილებზე.

- საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ყვავილებს თქვენს ცხოვრებაში. რას გრძნობთ მათთან ურთიერთობის დრო?
- ჩვენი დილა იწყება ყვავილებით. დილით როგორც კი ვდგები, მათთან გავდივარ, უნდა ვნახო, რომელი გაიშალა, რომელი დაიკვირტა. უნდა მოვეფერო, გავესაუბრო. მხოლოდ ამის მერე მივდივარ ძროხის მოსაწველად, ქათმების დასაპურებლად. სოფლის საქმის გასაკეთებლად. შუადღისკენ მყიდველი მოდის, იმას უნდა ყურადღების მიქცევა. ჩვენი დილა იწყება საქმით და მთავრდება საქმით. მაგრამ ეს სასიამოვნო შრომა და სასიამოვნო დაღლაა. ისე დაღამდება, რომ არ ვიღლები.

- სათბურიც გაქვთ ეზოში?
- შესაძლოა გაგეცინოთ, ისეთი სათბურია. ჩვენ თვითონ, საკუთარი ხელით გვაქვს გაკეთებული, მაგრამ სასურველი პირობები და ტემპერატურაა შექმნილია მცენარეებისთვის. ისე მიყვარს, თითოეულ მცენარეს ბავშვებივით ვეფერები.

- ალბათ გაგიჭირდებათ 200-ვე მცენარის დასახელების ჩამოთვლა. ამ წუთას რა მცენარეები გახსენდებათ, რაც თქვენს ბაღში ხარობს?
- მაქვს სხვადასხვა სახეობის ვარდები, ზამბახები, აზალიები, კამელიები, ხე ტიტები, გლიცინიები, ჰორტენზიები, მარწყვის ხეები, ქლოროფიტუმები, კვიპარისები, ემონიუსები, სხვადასხვანაირი სურობეი, ტიტები, დიაცინტები, ნამყენი იები. ასევე მაქვს მარაო პალმები, ბანანის ხეები, და ა.შ. გამიჭირდება ყველას ჩამოთვლა.

- რომელი ყვავილია ყველაზე სათუთად მოსავლელი?
- ყველა მცენარე სათუთად მოსავლელია, ყველას განსხვავებული ხერხი და მიდგომა სჭირდება. ზოგს ბევრი წყალი სჭირდება, ზოგს ნაკლები.

- ულამაზესი ხეივანი გაქვთ ეზოში...
- კი, ვარდების ხეივანი მაქვს. სხვადასხვა ფერის ვარდებით არის გაკეთებული. ძალიან მინდოდა იისფერი და ეხლა შევიძინე. თუ სადმე მივდივარ, მომაქვს ნერგები და შემდეგ ვამრავლებ.

- ყვავილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგი. როგორ კვებავთ და ანოყივრებთ ნიადაგს?
- რა თქმა უნდა ნიადაგი უმნიშვნელოვანესია. ამის გარეშე წარმოუდგენელია ყვავილის გახარება. ნიადაგში შეგვაქვს კომბინირებული სასუქები. უკვე 15 დღე იქნება რაც შევიტანეთ ეს სასუქი.

- ამ ეტაპზე რა სამუშაოებია ჩასატარებელი ბაღში?
- გასხვლები უკვე გაკეთებული გვაქვს. ეხლა შეწამვლა უნდა. ზამთარში ფაროსანები შემალული იყვნენ ხის სადგომებში, სასიმინდეში და უკვე გამოფრინდნენ. ასხდებიან ფოთლებს და ჭამენ მცენარეებს. შევიძინეთ შხამქიმიკატები და შევასხურებთ ფოთლებს. მარტო მე და მეუღლე ვმუშაობთ, როცა ძალიან ვიღლებით და ბევრი სამუშაოა მუშა ხელს ვქირაობთ.

- შველის ეს შხამქიმიკატები? ანადგურებს ფაროსანას?
- როგორც გითხარით ვიყიდეთ შხამქიმიკატები, რომელიც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. შემდეგ ვიყიდეთ ე.წ კარატე. თითო მოტანაზე 20-30 ამპულა მოგვქონდა, ვხსნიდით წყალში და სახლის ირგვლივ სულ ვასხამდით. ფაროსანამ სულ გააჩანაგა კივი და სიმინდი. ერთი კივიც კი არ მიგვირთმევია, ყველა გააფუჭა. მე პატარა შესაწამლი აპარატით დავდიოდი და ჩემი მეუღლე დიდი აპარატით. ჯერ კიდევ არ არიან ისე გამოსული და თითქოს ვერევით, მაგრამ, აი ზაფხულში რა იქნება არ ვიცი. შარშან საშინელება იყო.

- ეზოს ქვაფენილიც მეუღლემ გააკეთა?
- კი, ეზოს ქვაფენილი მეუღლემ გააკეთა. ნაძვის ძირშია კიდევ ერთწლიანი მცენარეები, სამ მარტს საჩუქრად გამიკეთა. ავად ვიყავი, ვიწექი. დამიძახა, მოდი რაღაც უნდა გაჩვენოო. ვერ ავდექი. მოვიდა. ხელი მოკიდა, გამიყვანა და მანახა. ძალიან მომეწონა და უზომოდ გამიხარდა ეს სიურპრიზი.

- პირველად რომელი ყვავილები ყვავილობენ თქვენს ეზოში?
- ეზოში მაქვს ნამყენი იები, რომლებსაც საოცარი სურნელი აქვს. პირველად ისინი ყვავილობენ. შემდეგ მოყვებიან ნამცეცა ყვავილები და იუდას ხეები.

- ყვავილებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. ყვავილების გამრავლების თქვენეული მეთოდები ხომ არ გაქვთ?
- შემოდგომაზე, როცა ვარდი ისხვლება, მაშინ აკალმებენ. მე ვარდს ვაკალმებ მწვანედ. ინგლისელი მევარდე, დევიდ ოსტინიც კი არ ამრავლებს ამ მეთოდით. ვწყვეტ მწვანე ტოტს და იმით ვამრავლებ ვარდს. მაგას თავისი დრო, ხერხი და მეთოდი უნდა. ამ ეტაპზე ჩემთვის, პატარა საიდუმლოდ შევინახავ დეტალებს.
არსებობს მახონია, ყვავილი, რომლიც დავთესე და გაუჭირდა ამოსვლა. მეორეჯერ ვცადე, არც მაშინ ამოვიდა. ვიფიქრე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჩემებურად გამეკეთებინა. მწვანე თესლით გავაკეთე და ისიც ამოვიყვანე. ეს იყო ჩემი მეორე აღმოჩენა. სწორედ ამ ექსპერიმენტებით იწყება და მთავრდება ჩემი დღე, რაც დიდ სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები