სამი შვილის დედის საოცარი ბაღი:"ჩემი დილა მათი მოვლით იწყება"

იკუნა როინიშვილი სამი შვილის დედაა. მთელს დროს ოჯახის და შვილების მოვლას უთმობს. თუმცა თავის გატაცებისთვისაც პოულობს დროს. ის მოყვარული მეყვავილეა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს, ყოველთვის ახერხებს ყვავილებს ყურადღება არ მოაკლოს. სათუთად უვლის და ეფერება ასობით მცენარეს, რომელიც მის სახლში ბინადრობს.

- მყავს მეუღლე და სამი შვილი. დიასახლისი ვარ და მთელს დროს ჩემი ოჯახის მოვლას ვუთმობ. ძალიან მიყვარს ქარგვა, ქსოვა, კერვა, ბისერებით სამკაულების შექმნა.ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ძალიან მეხმარება განტვირთვაში.



- ამასთან ძალიან გიყვართ მცენარეები.
როგორ გაგიჩნდათ ყვავილების მიმართ სიყვარული?


- ოოო, ყვავილები ჩემთვის ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტია. ჩემს დიდ ბებიას კახეთში,სოფელ საბუეში, საუცხოო ჯიშის ყვავილებით სავსე ეზო ჰქონდა. ალბათ მეც მისგან მემკვიდრეობით მერგო ეს სიყვარული. ჩემი დილა მათი მოვლით იწყება, ველაპარაკები, ვეფერები. გაგეცინებათ და ზოგს ვტუქსავ კიდეც. მიხარია ყოველი ახალი ფოთოლი თუ ყვავილი.

- როდის დაიწყეთ ყვავილების შეგროვება, ბაღის გაშენება? რამდენად რთული იყო ეს გზა?

- ბავშვობიდან სულ მაქვს ყვავილები. უბრალოდ ახლა ბევრი სათბური გაიხსნა და უფრო იშვიათ მცენარეებზეც მიგვიწვდება ხელი. ბოლო რამდენიმე წელია რაც გაიზარდა ჩემი კოლექცია, როგორც ოთახის, ასევე ეზოს მცენარეების. მაქვს დიდი ეზო და ვცდილობ გავალამაზო, ცოტა რთულია სამი შვილით ამდენი საქმის კეთება, მაგრამ მაინც ვახერხებ.



- რა მცენარეები გაქვთ შერჩეული ბაღისთვის და რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მცენარეები?

- მაქვს მარადმწვანე, ყინვაგამძლე, მრავალწლიანი ყვავილები. ყველას სათითაოდ ჩამოთვლა ძალიან გამიჭირდება. სეზონის მიხედვით შევარჩიე. ვცდილობ წლის ყველა დროს რაღაც მცენარე ყვავილობდეს.

- ყვავილების მოვლა როგორ ისწავლეთ? ყველა ყვავილს ხომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება...


- დიახ, გეთანხმებით. განათება, კვება, შეწამვლა, მიწის შერჩევა, მართლა ძალიან ბევრი რამ სჭირდებათ. ბევრი რამაა, რასაც ხან ჩემით ვუკვირდები მოვლის პროცესში, ხან ინტერნეტში ვკითხულობ, ხანაც ყვავილების მოყვარულთა ჯგუფში ვკითხულობ რჩევებს. ცოდნაც ასე გროვდება.



- გეხმარებათ ვინმე მათ მოვლაში?

- ძირითადად მარტო ვუვლი. თუმცა ეს სულაც არ არის დამღლელი პროცესი, პირიქით.

- წელიწადის ამ დროს რა სამუშაოებია ბაღში შესასრულებელი? ზამთრის პერიოდში როგორ უვლით მცენარეებს?

- შემოდგომით საქმე მართლაც ბევრია. ოთახის მცენარეებს მიწას ვუცვლი, ბაღში ვიღებ ყვავილის თესლებს. ვასუფთავებ ფოთლებისგან, ვიღებ ბოლქვებს, ვბარავ და ვამზადებ ზამთრისთვის. ზამთარში ყინვებამდე ვფუთავ ხოლმე აგავებს, ვინაიდან აღმოსავლეთის ყინვებს ვერ უძლებს.



- ქოთნის ყვავილებიც გაქვთ? რამდენი ქოთანი ყვავილი „ცხოვრობს“ თქვენს სახლში?

- არ დამითვლია, მაგრამ საკმაოდ ბევრია, ყველა თავისუფალ ადგილას ყვავილის ქოთანი დევს. ძალიან ძვირფასია თითოეული მათგანი. ისინი გვილამაზებენ გარემოს, სადაც ვართ. სიამოვნებთ მეგობრებს, ახლობლებს მათი ნახვა და ყველაზე მნიშვნელოვანია ის,რომ ხშირად ვახარებ მეგობრებს და ვჩუქნი მცენარეებს. მათ რომ უხარიათ მეც ბედნიერი ვარ ამ დროს.

- თქვენი ფავორიტი მცენარე რომელია?

- ჩემი საყვარელი მცენარეა ორქიდეა. მყავს ოთხი ფერის ფანელოპსისი, რომელიც არაა ძნელი მოსავლელი,დიდხანს ყვავის და ულამაზესი ყვავილი აქვს. ყოველი ახალი საყვავილე ან ფოთოლი უზომოდ მიხარია ხოლმე, ეხლა ოთხივე საყვავილე კვირტებითაა დახულძლული და ძალიან მიხარია.



- თქვენ თვითონ თუ გიცდიათ ყვავილების გამრავლება?

- კი, მე თვითონაც ვამრავლებ. ზოგს თესლით, ზოგს ამონაყარს ვყოფ,ზოგს კალმით ვაფესვიანებ. ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

- ულამაზესი გუბურა გაქვთ ეზოში, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთეთ. მოგვიყევით როგორ გაგიჩნდათ იდეა და როგორ მოიყვანეთ ეს იდეა სისრულეში?



- სულ მინდოდა, რომ გუბურა მქონოდა. ადგილიც შევარჩიე, მასალად რიყის ქვების გამოყენება გადავწყვიტე. მე და ჩემმა მეუღლემ დიდხანს ვაგროვეთ, ხან სად ხან -სად. პატარა ორი წლის მყავს და შუადღის ძილის დროს ვმუშაობდი ძირითადად. ღამის 2 საათამდეც მიმუშავია. ძალიან მეჩქარებოდა დასრულება. წინასწარ ვალაგებდი ქვებს, რომელი მოუხდებოდა ფერით,ზომით. შემდეგ ვზელდი ცემენტს და ვაშენებდი. თითქმის ერთი თვე მოვუნდი, მაგრამ, რომ დასრულდა იყო მართლაც საოცრება ჯერ ჩემთვის და მერე ჩემი ახლობლებისთვის. გავაფორმე ყვავილებით. ახლა ჩანჩქერის ხმის ფონზე ყავის დალევას არაფერი სჯობია.

- როგორ ფიქრობთ, არის ეს თქვენი საოცნებო ბაღი?

- ეს ეზო, გუბურა, ჩემი ოცნების ნაწილია. წინ კიდევ ბევრი იდეა მაქვს განსახორციელებელი. გაზაფხულისთვის ულამაზეს ადგილად უნდა ვაქციო ჩემი ბაღი. ბოლოს მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ ჩემი ნახელავით დაინტერესდით.









მერი ბლიაძე

კომენტარები

ცარო 2019-02-13 18:58
არ გიცნობ მაგრამ ძალიან მიყვარხარ სამაგალითო დედა იქნები
TINA AVALISHVILI 2019-01-21 14:41
რა საყვარელი და მაგარი ხარ.გაიხარე "შენ თვითონ ყვავილო", მიყვარს შენისთანა გოგოები, გაიხარეთ
მზია 2019-01-10 12:40
გადასარევია მადლობა შენს გამზრდელს, აა ქალი, აა დედა...ყოჩაღ ჩემო ლამაზო გოგო
ikuna 2018-12-23 10:24
madloba gogoebo.
eka qarqusashvili 2018-12-22 17:43
dzaan sayvareli xar.....tavidanve daxvecili iyavi....gilocav

კომენტარის დამატება