ზღაპრული გარემო, რომელიც ცოლ-ქმარმა თავისი ხელით მოაწყო და ყველას აღაფრთოვანებს - პოეტის ქოხი ბურიანიდან

გსმენიათ რობაის ქოხზე? მას სხვანაირად პოეტის ქოხი ჰქვია და მართლაც ზღაპრულ ადგილას, ტყის პირას შეკიდულა... როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივი შფოთვისა და დაძაბულობისგან, რომელიც ლამის უკურნებელ სენად გვექცა თანამედროვე სამყაროში? დიახ, ამ ჯადოსნურ ქოხთან და მის შემოგარენში ეს სავსებით შესაძლებელია. საგურამოსთან ახლოს, ბურიანში ცნობილმა ჟურნალისტმა და პიარკონსულტანტმა მანანა გეგიძემ და მისმა მეუღლემ, ასევე ცნობილმა ჟურნალისტმა, პოეტმა, რობაისტმა ელგუჯა მარღიამ, საოცარი სამყარო მოაწყვეს. მათ მშვენიერ სააგარაკო სახლს, რომელიც მეგობრებთან ერთად "არტ-ბურიანად" აქციეს და ხელოვანი ადამიანებისთვის ყოველთვის ღიაა, პანდემიის პერიოდში ტყის პირას რობაის ქოხი
შეემატა, მათივე ხელით აგებული. ბურიანში მისულ სტუმრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ეს ქოხი სარგებლობს, საიდანაც მშვენიერი ხედები იშლება, წვიმის შემდგომ ცისარტყელა არნახულად ახლოს გადაკრავს სარტყელს ცაზე, ციყვები ანცად დახტიან ხიდან ხეზე, ჩიტების საამური ჭიკჭიკი ატკბობს არემარეს. ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა ეს მივიწყებული ადგილი თავისი პაწაწინა ქოხით ცოლ-ქმრისთვის საყვარელი ადგილად და არა მხოლოდ მათთვის - მათი უამრავი სტუმრისთვის.

- მოდით, თავიდან დავიწყოთ, როგორ მოხვდით აქ?
- აქ 11 წლის წინ აღმოვჩნდი. ნოემბრის თვე იყო და ავიკვიატე, რომ ველურ ბუნებაში მინდოდა სახლი, რომლის სიახლოვესაც იქნებოდა ტყე, მდინარე და ლამაზი ხედები. ამ ადგილს ინტერნეტით მივაგენით. ბურიანის შესახებ პირველად სწორედ მაშინ გავიგე. თბილისიდან 45 კილომეტრით არის დაშორებული. ამოვედი მეუღლესთან ერთად. საოცარი სანახავი იყო აფერადებული ტყე, აქ გამეფებული სიმშვიდე, სიწყნარე. სახლი იმ დროს ნახევრად დანგრეული გახლდათ, მაგრამ გარემომ ისე მოგვხიბლა, სახლისთვის აღარ შეგვიხედავს. ასე გადავწყვიტეთ ამ ადგილის შეძენა. გავაკეთე ბაღი, დავრგე ვარდები. რაც ბურიანში აგარაკი შევიძინეთ, სამწუხაროდ, არ გვქონდა თავისუფალი დროის ფუფუნება, რომ სულ აქ ვყოფილიყავით. მით უმეტეს აქ გადმოსვლაზე არ მიფიქრია. მხოლოდ შაბათ-კვირას ამოვდიოდით და ეს იყო ჩემთვის ბედნიერების პიკი. ვცდილობდი არანაირი შეხვედრა და საქმე არ დამეგეგმა ამ დღეებში, რომ აქ ამოვსულიყავი. მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, ხატავდნენ, ვახვედრებდი საღებავებს, ტილოებს და ამ საოცარ გარემოში მუზაც არავის ღალატობდა... პანდემიის პერიოდში კი ძალაუნებურად მოხდა ასე - ამოვედით და მთელი ზამთარი დავრჩით, მერე კი უცებ მოსულ იდეას ხორცი შევასხით და ეს ქოხიც გაჩნდა.

- საკმაოდ დიდი შრომა გაქვთ ჩადებული. ალბათ არ იყო მარტივი ამ ყველაფრის მოწყობა. მითუმეტეს ქალაქიდან მოშორებით ხართ, არც ისე მარტივია აქ ამოსასვლელი გზა, ფაქტობრივად ტყეში ხართ და ალბათ მასალების ამოტანაც არ იყო მარტივი.

- დიახ, რთული იყო მშენებლობის თვალსაზრისით, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, თავს არ ვზოგავდით. ისე გავიწაფე, ზოგჯერ ფილმის გმირი მგონია ჩემი თავი. საგურამოში უკვე ისე ჩავირბენ ხოლმე, როგორც უბნის მარკეტში გავდიოდი თბილისში. გადიხარ ამ ტყეს და გზად შეიძლება შეგხვდეს შველი, მელია, შეგეფეთოს ციყვი. ტურაც არაერთხელ შემხვედრია ღამე.

- ამ გარემომ შეგცვალათ?
- რა თქმა უნდა, შემცვალა. არასოდეს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელიც რაიმე საქმეს ითაკილებს. არასოდეს მითქვამს, რომ ამას არ გავაკეთებ. არ ვთაკილობ, რომ ყვავილი ჩავრგო და ხელი ტალახით დამესვაროს, ან ეზო მოვრწყა და ფეხები დამისველდეს... წარმოიდგინეთ, თბილისში სამსართულიანი სახლის კარები გამოვიკეტეთ და აქ დავსახლდით, იქით გახედვაც არ გვინდა. რამდენიმე დღე, როცა გვიწევს ჩასვლა, უკვე ვეღარ ვძლებთ, გული სულ აქეთ მოგვიწევს. მოგეხსენებათ, „ქართული ბრენდის დღისა“ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" დამფუძნებლები ვართ მე და ჩემი მეუღლე... მართალია, ჩვენს საქმეებს ჩვეულებრივ ვაგრძელებთ, თუმცა უკვე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ აქ და თბილისში საქმეებზე წასულები, ისევ აქეთ მოვრბივართ.

- ტყეში ცხოვრობთ. შიშის მომენტი არ გაქვთ?
- სამი-ოთხი წელია, რაც შიში დავძლიე. წარმოიდგინეთ, ქოხში ხარ და გესმის მგლის ყმუილი, ტურების და მელიის ჩხავილი, ჭოტის კივილი. ახლა ამ ყველაფერზე რეაქცია არ მაქვს, მაგრამ იყო დრო, რომ მეშინოდა. ახლა მომწონს კიდეც, ჩვენს ცხოვრებას სხვანაირ ელფერს სძენს. ერთი კვირის წინ ბილიკზე შველი გადამეყარა. დილაობით ელგუჯა ჩიტებს იღებს, ულამაზესი კადრები აქვს დაფიქსირებული.
დღეს აქ ელგუჯას რობაიები იწერება. ამ ქოხში განმარტოვდება ხოლმე და წერს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბურიანმა დიდი როლი ითამაშა მის პოეზიაში და რობაიების დიდი ნაწილი სწორედ აქ დაიწერა. როცა რაღაცას ერთად განვიცდით და მერე ის რობაიდ იქცევა, ეს არის სასწაული. რაც შენ განიცადე, ის იქცა ლექსად და პირველი შენ გიკითხვავს ამ ლექსს. ელგუჯას რობაიებზე სპექტაკლიც დაიდგა მოზარდმაყურებელთა თეატრში, რომელიც დიმა ხვთისიაშვილმა დადგა.

- მცენარეებთან მანამდეც გქონდათ ურთიერთობა? იცოდით მოვლა და გახარება?
- მთელი ცხოვრება კაბინეტში ვიჯექი, ვმართავდი პროექტებს,  თუმცა როცა აქ გადმოვედი ყველაფერი შევისწავლე და შევითვისე. პანდემიის წელი გარდამტეხი აღმოჩდა ამ მხრივ ჩვენთვის. იმ პერიოდში, როცა დაიხურა ოფისები, აქედან ვმუშაობდით დისტანციურად. ერთგვარი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, რომ თუნდაც ეს ქოხი აგვეშენებინა. დღეს რობაის ქოხი არ იქნებოდა, რომ არა პანდემია და ჩვენი აქ ყოფნა. ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო, ეს ქოხი აგვეშენებინა და ახალ წელს აქ შევხვედროდით. მართალია, იდეა ჩემი იყო, მაგრამ განხორციელებაში ლომის წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს. ჩვენმა მეგობრებმა გვაჩუქეს ძველი ხის სახლის მასალა. დავშალეთ სახლი და იმისგან ეს ქოხი ავაგეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეტყვი სალი სურგულაძეს, რომ მომცა ამის საშუალება. ცივ ზამთარში ნამდვილი გმირობის ტოლფასი იყო ამ ქოხის აგება, მაგრამ შედეგი ამად ღირდა. ამ ქოხის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ აქ სიახლოვეს კიდევ დავდგათ რამდენიმე ქოხი. 

- სახლიც ულამაზესია, ექსტერიერი თუ ინტერიერი... შესაძლოა ბევრს ჰქონდეს სურვილი, გემოვნებით მოაწყოს, გარემო ფაქტორები გაითვალისწინოს, მაგრამ არ გამოუვიდეს და ვერ შეძლოს ჩანაფიქრის განხორციელება. სურვილის გარდა რა არის საჭირო, რომ მსგავსი რამ შექმნა?
- მართალია, მხოლოდ სურვილი არ კმარა. დიზაინის მიმართულებით შესაბამისი განათლება მაქვს მიღებული. ზოგადად არაორდინარული ადამიანი ვარ და ყველაფერი განსხვავებული მიზიდავს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნის მიღება, ინფორმაციის მოძიება და ალბათ, გემოვნებაც, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობასთან ერთად.

- ყველაფერი მარტომ მოაწყეთ, თუ პროფესიონაი დიზაინერიც იყო ჩართული?
- ქოხის დიზაინი მხოლოდ მე და ელგუჯას გვეკუთვნის, თუმცა „არტ ბურიანის“ დაიზაინში ჩართული იყო ნინო ჟღენტი, რომელიც წვიმას, ქარს, თოვლს არ უშინდებოდა და ამოდიოდა აქ. მის კონსულტაციას ყოველთვის ვითვალისწინებდი. შეიძლება ითქვას, რომ „არტ ბურიანი“ ჩემი და ნინოს ერთობივი ნამუშევარია.
სახლის ინტერიერში შევიტანეთ ქვის და ხის დეტალები, რადგან გვინდოდა, ინტერიერსაც ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა. თითქმის ყველა სანათი ელგუჯას ხელით არის გაკეთებული, მდინარის ნაპირიდან ამოტანილი რამდენიმე ხის ნაფოტი სანათებად აქცია, ბევრი დეკორაცია ჩვენს მიერ არის შექმნილი ბუნებრივი მასალებისგან, ნარჩენებისგან...

- რა გაქვთ დაგეგმილი, რა სახის ღონისძიებები და საღამოები გაიმართება აქ?
- თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ „არტ ბურიანის“ მთლიანი სივრცე, ეს ჩვენი სახლი და გვერდით მეორე ლამაზი სახლი, არის ორი მეგობრის არტი ტყეში. მეორე შენობა ეკუთვნის ციცინო ფუტკარაძეს. როცა ის პირველად მოვიდა ჩემთან აგარაკზე, 10 წუთის მერე მითხრა, რომ აქ ადგილის ყიდვა გადაწყვიტა. საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო ამ ტყეში და კარგად გამოუვიდა ის, რაც გააკეთა. ამ ორივე სივრცეში არის დასასვენებელი ოთახები, ნომრები. მიზანი ძირითადად არის „ხელოვნების ბილიკები“ ტყეში - ამ სამყაროში, ველურ და ლამაზ ბუნებაში, ადამიანები ხელოვნებას მიუძღვნიან თავს - დახატავენ, ლექსებს დაწერენ, გამოძერწავენ... აქ არის თიხის საბადოები და მინდა განვავითარო თიხით რეწვა. ასევე ვგეგმავ გასტრონომიული მიმართულების განვითარებას. თიანეთი უხუცეს ქალბატონებთან შევაგროვე ძველი რეცეპტები, მაგალითად, ასკილის წუა, რომელიც თავადაც გავაკეთე. ასკილის წვენისგან მზადდება, ფელამუშის მსგავსი კერძია. კარამელის ფერი აქვს და საოცარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა... ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და მინდა, ყველა იდეა განვახორციელო. ჩემი ცნობილი პროექტია ქრიზანთემების ფესტივალი, რომელიც სამომავლოდ აქ დაიდებს ბინას...  კატეგორიულად არ მინდა, ამ ადგილმა უბრალოდ სასტუმროს ფუნქცია შეითავსოს, ეს უნდა იყოს კულტურული კერა.


თავისი ემოციები და მიზნები ბატონმა ელგუჯამაც გაგვიზიარა.

ელგუჯა მარღია:
- ჩემი სურვილია, ეს ადგილი ეთნოგრაფიული კუთხით იყოს მიმზიდველი. ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და იმედია, განვახორციელებთ. ჩვენ ამისთვის ძალას არ ვიშურებთ. აქ უმეტესი დეტალი ჩვენი ხელით არის გაკეთებული. ყოველდღე რაღაც ახალს ვამატებთ. ვცდილობთ ერთფეროვანი არ იყოს გარემო.

- იცოდით, რომ ხელობის ასეთი ნიჭიც გქონდათ, თუ აქ აღმოაჩინეთ?
- ზოგადად სიტუაცია განაპირობებს ხოლმე ადამიანის მიძინებული ნიჭების გაღვიძებას. ბევრს არ შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში რაღაცის კეთება. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით. სურვილთან ერთად შრომაც უნდა გიყვარდეს და არ უნდა გეზარებოდეს. როგორც ილია იტყოდა, "არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა". ასე რომ, მოცალეობის პერიოდში მიყვარს სხვადასხვა საქმის კეთება. ხშირად დავხეტიალობ და სულ მოვლილი მაქვს აქაურობა, უთოფო მონადირე ვარ - ლამაზ კადრებზე ვნადირობ.

- აქ გადმოსვლამ თქვენს შემოქმედებაზე თუ იქონია გავლენა?
- კი, ძალიან დიდი გავლენა იქონია. ფაქტობრივად ჩემი წიგნები უკვე აქ იწერება. ეს ბუნება ფიქრისთვის განგაწყობს. როგორც ჟან კოქტო იტყოდა, ადამიანს პლუს ბუნება უდრის ხელოვნებას. აქ უფრო თავისუფლად უღრმავდები გენიოსებს. ჩემი სამაგიდო წიგნია გენიალური ჰენრი დევიდ ტოროს „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“. ესეც გახდა ჩემი ინსპირაცია.

- დღიურებს არ წერთ?
- დღიურებიც არ ჰქვია ამას. ეს არის ჩემი შეხედულებები - „პანდემია, ანუ მთაში ცხოვრება“, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ახლა იმდენი ნააზრევია, ვერავის გააკვირვებ წიგნებით, მაგრამ ვიღაცა მაინც წაიკითხავს. ახლა სხვა თვალით წავიკითხე იმ დღეების შესახებ რაც გავიარეთ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ განსხვავებული და საინტერესო დეტალების შექმნას. მაისის თვეში გავიხსნებით სტუმრებისთვის. მინდა რობაის ქოხში საინტერესო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო შეხვედრები, საუბრები გაიმართოს. მინდა ყველა აქ მოსულმა ადამიანმა შეიგრძნოს ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების გემო.


















მერი ბლიაძე


კომენტარები

რუსუდან სამუშია 2021-06-13 21:20
ადამიანის შესაძლებლობას არ აქვს სამანი!ნიჭი,მონდომება,კრეატივი,სიახლისკენ ლტოლვა,წარმატება ამ ძალიან მაგარ წყვილს!
გიორგი 2021-06-12 20:54
დიდებულია, ძალიან მომწონს ????????????????????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები