როგორ სახლებში ცხოვრობენ ქართველი მხატვრები?

მხატვარ და ხელოვან ადამიანებს რომ განსხვავებული და თავისებური ხედვა აქვთ, ეს მათ შემოქმედებაშიც იგრძნობა. მათ ნამუშევრებში ბევრი დეტალის დანახვაა შესაძლებელი, თუმცა, საინტერესოა, როგორ გარემოში ქმნიან შედევრებს. როგორ სახლებში ცხოვრობენ, როგორო აწყობენ სახელოსნოებს, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ატარებენ და მათთვის საყვარელ საქმეს აკეთებენ. ამჯერად რამდენიმე მათგანის სახლებში შეგაჭყიტებთ.

თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა სახელოსნო საკუთარ სახლშივე, ლისი ვერანდაზე, მშვიდ გარემოში მოიწყო. მხატვარი დუპლექსის ტიპის სახლში ცხოვრობს, სადაც 4 ოთახია განთავსებული, თუმცა ღია აივნები, დიდი ზომის კარ-ფანჯარა და ბუნებრივი განათება სივრცეს
უფრო დიდს აჩენს ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, მთავარი აქცენტები კი თავად მხატვრის კომპოზიციებზეა გადატანილი:

- სახლისთვის ახალი ავეჯი შევიძინეთ და მხოლოდ ის, რაც ძალიან მჭირდება. შესარჩევად ხან ჩემი მეუღლე დამყვებოდა, ხან - ბიძაშვილი, ხან - და-ძმა. თუმცა, ფერები, განწყობა და გამა ჩემი სურვილით შეირჩა. სახლში არ მაქვს კარადა, კამოდი, განჯინა და ა.შ. მხოლოდ მაგიდები, სკამები, სავარძლები, ნახატების სადგარები, ტორშერები, ისიც რამდენიმე, რომელიც ძალიან მომწონდა, მაჩუქეს. სულ ესაა. თეთრი კედლები სპეციალურად ნახატებისთვის დავტოვე. ჩემი ბიძაშვილი სადა შპალერის გაკვრას მირჩევდა, სახლი თბილი და მყუდრო რომ ყოფილიყო, მაგრამ არ დავუჯერე. სახელოსნოშიც კედლები თეთრად იმიტომ შევღებეთ, რომ როცა მომინდება, მასზე ხატვის საშუალება მქონდეს.

ჯერჯერობით ყველაფერი მოხატული არ არის, რაღაც-რაღაცები დაწყებული მაქვს და ნელ-ნელა დავასრულებ. როცა დიდი ფართობის ათვისება მინდება, ეს კედლები ამ სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ჩემი დიდი ზომის ტილოები უმთავრესად საზღვარგარეთ კერძო კოლექციებშია. მაშინ, მათ რომ ვხატავდი, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ახალ ტილოზე ხატვა მომნდომებია და ცარიელი ვერ მიპოვია. ახალი ნახატი გადამიღებია, გრუნტისთვის თეთრი ან სხვა ფერი დამიდვია და ზემოდან მეორე დამიხატავს. თუ რაღაცის გაკეთების სურვილი მიჩნდება, ეს იმ წამსვე უნდა გავაკეთო. ლოდინი არ მიყვარს.

იხილეთ რუსუდან ფეტვიაშვილის სახლის მეტი ფოტო და ინტერვიუ მხატვართან - რუსუდან ფეტვიაშვილის სახლი-სახელოსნო და მოხატული კედლები


მხატვრების გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის საცხოვრებელი სახლის კორპუსი ვერეს ხეობას გადაჰყურებს. ბინა ბოლო სართულზეა და საკმაოდ ნათელია. დერეფნიდან სხვადას-ხვა სივრცეში აღმოჩნდები - მისაღები, სამზარეულო, ოთხი საძინებელი, ორი სველი წერტი-ლი. აქვეა ქალბატონი ქეთის სამუშაო ოთახი, საიდანაც მანსარდაზე ხის კიბით ადიხარ. მან-სარდა ქალბატონი ქეთის სათავსოა, სადაც სამუშაო ნივთები, წიგნები და რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი. ამ ბინაში დიასახლისის სახელოსნოა, ხოლო ბატონ გიას სახე-ლოსნო სხვა ადგილას აქვს, სადაც ძირითადად შაბათ-კვირას მიდის, რადგან დანარჩენ დღე-ებში სამხატვრო აკადემიის რექტორი ხატვისთვის ვერ იცლის...

- სახლი ჩვენი დაპროექტებულია. ოჯახის ყველა წევრს თავისი საძინებელი აქვს. მას შემდეგ, რაც გიორგი დაოჯახდა, ცალკე ცხოვრობს. მთავარი პრინციპი ის იყო, რომ ახალგაზრდებს ჰქონოდათ თავიანთი სივრცე, ანდა სტუმარს თუ მისაღებ ოთახში მიიღებდნენ, ჩვენ თავზე არ წამოვდგომოდით და დერეფნის გავლით სამზარეულოში ან ჩვენს ოთახში შევსულიყა-ვით. რაც შეეხება ბინის შიდა დიზაინს, რაღაცები ერთად მოვიფიქრეთ, მაგრამ უმთავრესად ბინა ქეთის მოწყობილია. აქ მან შეიქმნა და შეგვიქმნა ჩვენ-ჩვენი სამყარო. ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ ისაა, რომ ბოლო სართულია. ბინა ხის, კოტეჯური ტიპის გადახურვით არის გაფორმებული, ბუხარიც გვაქვს და მწვადებსაც ვწვავთ ხოლმე. - აღნიშნა ბატონმა გიამ.


დაათვალიერეთ გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის სახლი - იმოგზაურეთ სახლში, სადაც ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ექსკლუზიური ნივთები

მხატვარ გუგა თევდორაძესაც სახელოსნო სახლში, წინამძღრიშვილის ქუჩაზე აქვს, მსურველს მისი მიგნება არ გაუჭირდება, რადგან გუგას სამყარო ქუჩიდანვე იწყება და უცნობისთვისიაც კი მარტივად მისახვედრი ხდება, რომ აქ ხელოვანი ადამიანი ცხოვრობს.

- რაღაცას ვხატავდი, მისაფრქვევი საღებავი მომრჩა და სახლის გვერდით კედელი მოვხატე. აივნიდან რომ ვიყურები, ახლა ფერად კედელს ვხედავ. არ ჩავუღრმავდები იმას, თუ რომელ ფერს რა დატვირთვა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ ის მიდგომა: მეტი ფერი ქალაქს, ქვეყანას და კარგი განწყობა ადამიანებს. მინდოდა ხალისი ყოფილიყო ირგვლივ და მგონი გამოვიდა. შემდეგ უკვე ჩემი სახლის გარე ფასადზეც დავხატე რამდენიმე კომპოზიცია - აღნიშნა გუგამ „შინ“-თან საუბრისას.

თითქოს ერთგვარი წესია, რომ მხატვრისთვის აუცილებელია სახელოსნო ცალკე იყოს და იქ მუშაობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში გუგასთვის მთავარია, სიმშვიდე იყოს იმ გარემოში, სადაც ხატავს. ფაქტია, ეს ფუფუნება მას აქვს. დღეც მუშაობს, მაგრამ განსაკუთრებით უყვარს ხატვა ღამით, თანაც მუსიკის თანხლებით. მუსიკალური გემოვნება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ბოლო დროს განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკა იზიდავს.

გუგა თევდორაძის სახლი-სახელოსნო - „ნახატი ოჯახის წევრივითაა და არა მხოლოდ მასპინძლის გემოვნებაზე მეტყველებს...“

მხატვარ დავით მონავარდისაშვილს სახელოსნო და სახლი სხვადასხვა ლოკაციაზე აქვს. ოპერის დამდგმელი მხატვრის სახელოსნოს ფართობი ბინასთან შედარებით დიდია და შესაბამისად, მისი ნამუშევრების უმთავრესი ნაწილისთვის კარგი “საწყობია”. აქ ცალკე სამყაროა, რომელშიც რამდენიმედღიანი მოგზაურობაც კი არ კმარა. უყვარს რელიგიური თემების დამუშავება და მათზე არაერთი კომპოზიცია აქვს შექმნილი, მათ შორის იყო სერია “მოგზაურობა ბიბლიაში”. სახელოსნოში შეხვდებით ისეთ კონსტრუქციებს, როგორიცაა მოსე, ნოეს კიდობანი და ა.შ. აქ უამრავ ნივთთან ერთად ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი სერია “მოგზაურობა გენეალოგიაში”, რომლის შექმნის იდეა ავტორს წინაპრების ფოტოებმა გაუღვივა და კომბინირებული მასალის მეშვეობით დიდი ბებია-პაპის კომპოზიციები შექმნა.

მხატვარი შინ გაცილებით თავისუფალია, არ ერიდება ექსპერიმენტებსა და თამამ იდეებს. დავით მონავარდისაშვილის ავანგარდული მხატვრობა, ხისა და რკინის ქანდაკებები მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მხატვრის ბინაში ავეჯის დიდი ნაწილი მასპინძლის მიერაა დამზადებული: სავარძლები, სანათი, სარკეები... როგორც წესი, ნივთების შექმნისას ერთ კონკრეტულ თემაზე მთელ სერიას ქმნის. სწორედ ასეთი სერიის - “ქართველის” ერთ-ერთი ნივთია სავარძელი, ვაჟას პორტრეტის მიხედვით... თუმცა, სავარძლების სერიის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი საკუთარი ავტოპორტრეტი “დაღლილი მოქანდაკე” იყო, რომელსაც სახელურის ფუნქციის შემსრულებელ “ხელში” ის იარაღი ეკავა, რომლითაც ყველაზე ხშირად მუშაობს ლითონზე. მას შემდეგ ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკების დატვირთვით, არაერთი ასეთი ავეჯი შექმნა, ზოგიერთი მასთანაა, ზოგიც კერძო კოლექციაში.


იხილეთ: დავით მონავარდისაშვილის ავეჯი-ქანდაკებები და ძველი თბილისი ლითონის ხეზე

მხატვარ-კერამიკოსი და დიზაინერი ოთარ ვეფხვაძე ჯერ თავისი სახლის ინტერიერის მოწყობით დაინტერესდა, რომელიც მოგვიანებით სასტუმროდ აქცია და ახლაც მის მიერვე დაპროექტებულ სახლში ცხოვრობს, რომელშიც უკვე სხვაგვარი ინტერიერია. იმ სახლში კი, სადაც ახლა სასტუმროა, ნამდვილად იგრძნობა მხატვრის განსაკუთრებული ხედვა. 

- ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე, რაც ჩვენმა სახელოსნომ განაპირობა, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს. ძველ უბანში მხატვრებისთვის სახელოსნოებად გადაცემულ ტერიტორიაზე ჩვენც გვქონდა ადგილი, სადაც არქიტექტორების ზაზა ციციშვილისა და გოგი თაყაიშვილის დახმარებით ავაშენეთ სახლი-სახელოსნო. როდესაც ინტერიერზე მიდგა ჯერი, მე და ჩემმა მეუღლემ დიდხანს ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ, მხატვრების სახლ-სახელოსნოში ჩვეულებრივ რემონტს ხომ არ დავჯერდებოდით, ამიტომ ყველაფერს შემოქმედებითად მივუდექით და საკმაოდ საინტერესო ინტერიერი გამოვიდა. ამჟამად იქ წარმატებული სასტუმრო ფუნქციონირებს. ჩვენ რომ წამოვედით, ყველაფერი ისევ ისე დავტოვეთ, როგორც იყო.


ოთარ ვეფხვაძის სახლი-სასტუმრო და გამორჩეული ნამუშევრები
ციცი ომანიძე

კომენტარები

გიორგი 2019-10-01 10:26
ბუხარი არ ვარგა კაპიკად, ბოლავს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები