ქართველი გოგონა, რომელმაც საოცარი ორანჟერეა მოაწყო და ყვავილების მოყვარულებს საჭირო რჩევებს აძლევს

ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი შინაგანი სამყარო ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და შთამბეჭდავია. როცა მის შესახებ წაიკითხავთ, ამაში თავად დამერწმუნებით. ანას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ულამაზესი და მდიდარი ორანჟერეა, აკვარიუმი ფერადი და უნიკალური ჯიშის თევზებით, ქამელეონი იზმა, კატები, ძაღლები. ანი თითოეულ მათგანს თავად უვლის. ამბობს, რომ დაღლას არასოდეს განიცდის, პირიქით, ყველაფერს დიდი სიამოვნებით ართმევს თავს. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხელოვნებას. ხატავს ფანქრით, ტუშით, საღებავით, ნახშირით და თქვენ წარმოიდგინეთ მიკრობებითაც კი. ასევე მუშაობს თექაზე, რომლითაც უსაყვარლეს ცხოველებს აკეთებს.

ანას ჩვენი მკითხველი
უკვე იცნობს (იხილეთ სტატია). თუმაც ახლა მის კიდევ უფრო მრავალფეროვან გატაცებებს გავეცნობით.

- მცენარეები, ცხოველები, ფრინველები ყოველთვის მიყვარდა. რამდენიმე წლის წინ მამაჩემის დახმარებით მოვაწყვე ორანჟერეა. დავდიოდი სათბურებში, ყვავილების ბაზრობაზე და ვაგროვებდი ყვავილებს, შემდეგ მე თვითონ ვამრავლებდი. თუ სადმე იშვიათი სახეობის მცენარე ჩამოვიდოდა, პირველი მე გავრბოდი, რომ ყიდვა მომესწრო. ზოგჯერ ჰოლანდიიდან ჩამოდის მცენარეების მიქსები (მიქსი არის ყუთი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახეობის ყვავილი). იქ შეიძლება, ძალიან იშვიათი სახეობები იყოს. მაგალითად, მე შევიძინე ასპლენიუმის გვიმრა, საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ასეთი სხვაგან არსად შემხვედრია. განსაკუთრებულად მიყვარს გვიმრა. სკოლაში გვედგა ჩვეულებრივი მწვანე გვიმრა. იმდენად ლამაზი და ფუმფულა იყო, ჩემი ყურადღება მიიქცია. ამის მერე დავინტერესდი გვიმრებით. ვიყიდე ერთი ხუჭუჭა გვიმრა, რომელიც მაშინ ძალიან პატარა იყო. ახლა უკვე დიდი გოგოა (იღიმის).


ამ ეტაპზე ძირითადად გამომყავს გვიმრები, მყავს 28 სახეობა და სურვილი მაქვს გავზარდო სათბურის ფართობი, რადგან გვიმრებთან ერთად, მყავს 150 მდე სახეობის სხვადასხვა ტროპიკული მცენარე. ასევე ვმუშაობ ბონსაიზე. ბონსაი უძველესი იაპონური ხელოვნებაა, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გაჩნდა. ბონსაის ხელოვნება გულისხმობს ჩვეულებრივი ხე-მცენარეების ისეთი ტექნიკით გაზრდას, რომ მცენარემ შეინარჩუნოს თავისი ფორმა, ოღონდ მინიატურაში. ამისთვის წლებია საჭირო და ძალიან დიდ გამოცდილებას მოითხოვს. მაგალითად ვიღებთ ვაშლს, ვზრდით სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და ვიღებთ ვაშლის ხეს, რომელიც ყვავილობს, ნაყოფი აქვს, ოღონდ სიმაღლეში 60 სანტიმეტრია (ზომა პირობითია, შეიძლება 10-დან 1.5 მეტრამდეც კი იყო ბონსაის ზომა). იმის გარდა, რომ ვიღებთ უნიკალურ შედეგს, ეს ხელოვნება ადამიანში ანვითარებს მოთმინების, კონცენტრაციის უნარს, ნებისყოფას და ა.შ. წარმოიდგინეთ დაწყებიდან შედეგი 6-7 წელიწადშია ყველაზე კარგ შემთხვევაში და ასეთი ხეები დღეში ზოგჯერ ორ-სამჯერ საჭიროებს მორწყვას, რადგან დაბალ ქოთნებშია.

- სულ რამდენი სახეობის ყვავილი ცხოვრობს თქვენს ორანჟერეაში?
- დაახლოებით 150 მდე სახეობის. კონკრეტული რიცხვის დასახელება მიჭირს, რადგან პერიოდულად მზარდია მათი რაოდენობა. თუ ხეებს არ ჩავთვლით.

- რამდენად რთული იყო აქამდე მოსვლა? რა ძალისხმევა სჭირდება ასეთი ლამაზი ორანჟერიის მოვლას?
- რთული იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, არა შეუძლებელი. მთავარი ცოტა მონდომება და მოტივაციაა. თუ ადამიანს რეალურად სურს რაიმე, ამას აუცილებლად აღწევს. მოვლას რაც შეეხება ცოტა რთულია იმის გამო, რომ რაოდენობით ბევრია. განსაკუთრებით რთულია ზაფხულში მორწყვის რეჟიმის კონტროლი. თან არ უნდა გამოგვრჩეს პროფილაქტიკური შეწამვლის და სასუქის მიცემის პერიოდები. ასევე საჭიროა ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი სათბურში. ძალიან მაღალმა ან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარეების კვდომა. ამ ყველაფრის სწავლასთან და ცხოველების მოვლასთან შეთავსება არც ისე მარტივია

- რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ყვავილი, მცენარე თქვენთვის? მათი სიყვარულის გარეშე ამდენს შეძლებდით?
- ზოგადად, ჩემი აზრით, ადამიანმა არ უნდა მოკიდოს ხელი იმ საქმეს, რომელიც არ უყვარს. სხვა შემთხვევაში დაიტანჯება. ხოლო როდესაც გიყვარს ის რასაც აკეთებ, დაღლასაც ვერ გრძნობ . მცენარეები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ერთი იმის გამო, რომ სტრესის შემცირებაში და განტვირთვაში მეხმარება და მეორე, როცა ბონსაის ეხება საქმე, საოცარი შეგრძნებაა, რადგან ხედავ წლების განმავლობაში ყოველ სეზონზე როგორ იღვიძებს ვთქვათ წიფელი, როგორ მწვანდება, მერე წითლდება და ზამთარში იცვენს ფოთოლს. ფაქტობრივად მთელი ტყის სამყაროა შენს ხელის გულზე. ამ შეგრძნებას ვერაფერ სხვას ვერ შევადარებ. არ დავმალავ და იმედგაცრუებაც ხშირად მქონია, ყოფილა შემთხვევები სანამ ვისწავლიდი ზოგი მცენარე გამხმობია, ძალიან რომ არ მყვარებოდა ეს საქმე, უბრალოდ თავს დავანებებდი.

- მცენარეების მოვლაში ვინმე გეხმარებათ, თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?
- მცენარეების მოვლაში ბებია მეხმარება, რადგან გამოცდების პერიოდში ხშირად ვერ ვახერხებ საჭირო ყურადღების მიქცევას და ზოგიერთ პატარა მცენარეს ყოველდღე სჭირდება მორწყვა. თუ დაგვიანდა გახმება.

- თქვენს ორანჟერეას სხვა ბინადრებიც ჰყავს. მათზეც მოგვიყევით...
- ორანჟერეაში ცხოვრობენ აუზის თევზები, ასევე იადონები, ორანჟერეაში ხშირადაა ქამელეონი იზმაც, რომელიც ერთ ერთი ყველაზე ადვილად მოსავლელი შინაური ცხოველია. ამათ გარდა მყავს ძაღლები და კატები. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ცხოველები, რომლებიც ჩემთან სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ, ზოგი ქუჩიდან, ზოგი საშენიდან და ა.შ.

- ასევე დაინტერესებული ხართ მხატვრობით. როგორც ვიცი სხვადასხვა მეთოდით ხატავთ.
- მხატვრობა სულ მიყვარდა, ადრე ვფიქრობდი ძირითად პროფესიად ამერჩია, თუმცა შემდეგ შევცვალე გადაწყვეტილება, მაგრამ მიანც ყოველდღე ვხატავ, ფანქრით, ტუშით, საღებავით, ნახშირით, მიკრობებითაც კი. მიკრობებით ხატვა ბევრს უცნაურად ეჩვენება, თუცა მსოფლიოში ამ მიმართულებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული . ეს მხატვრობის საერთოდ ახალი და უნიკალური მიმართულება, სადაც საღებავებს ცოცხალი მიკრობები წარმოადგენენ და უნიკალური ნამუშევრების შექმნა შეიძლება. ისინი იცვლიან ფორმას, ფერს და ა.შ რაც თავისთავად უფრო საინტერესოს ხდის ამ ხელოვნებას.

- მათ შორის ყველაზე რთული რომელია?
- ყველაზე რთული მიკრობებით ხატვაა, რადგან ნამუშევრები აუცილებლად წესების დაცვით ლაბორატორიაში იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვმუშაობ ჰაერიდან აღებული აბსოლუტურად უვნებელი მიკრობებით. ისინი მაინც ცოცხალი ორგანიზმებია, ამიტომ ნახატი ზოგჯერ ფერს და ფორმას იცვლის. ფერები რომლებსაც ხედავთ არაა ხელოვნურად დამატებული. ბაქტერიები და საფუარები ამ პიგმენტებს თავად გამოიმუშავებენ. ამ დროს ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, მაგალითად მიკრობების ზრდის ტემპერატურა, სისწრაფე და ა.შ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეცდომის გამოსწორება აქ ვერ ხდება ვერანაირად.

- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. ასევე მუშაობთ თექაზე, რატომ დაინტერესდით, როგორ შეისწავლეთ თექაზე მუშაობა?
- ბოლო რამდენიმე თვეა რაც დავინტერესდი თელვით. ძალიან სახალისო და საინტერესო საქმეა, თან მგონია, რომ ძალიან მარტივია. მხოლოდ სპეციალური ნემსი და მატყლია საჭირო. ძირითადად ცხოველებს ვაკეთებ, უფრო კონკრეტულად მელიებს, რადგან განსაკუთრებით მიყვარს მელიები, შესაბამისად ყველაზე კარგად გამომდის. მომავალში ვგეგმავ უფრო რთული ნამუშევრების შექმნასაც.

მერი ბლიაძე

კომენტარები

დალი 2019-04-04 10:56
რა კარგი გოგო ხარ ყოჩაღ!ყვავულები მეც ძალიან მიყვარს.აღფრთოვანებული ვარ.

კომენტარის დამატება