მშვენიერი ბაღი თბილისის მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე, რომელიც ხელოვანმა ქალბატონმა მოაწყო

მხატვარ ლელა ჯინჭარაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. "შინ" მის სახლშიც იყო სტუმრად, სადაც მისი და მისი ასევე მხატვარი მამის ნამუშევრები გაგაცანით. ქალბატონი ლელა საოცარ ხელნაკეთ ნივთებს ქმნის, ასევე გატაცებულია დეკუპაჟით, ამჯერად კი იმ ულამაზესი ბაღით მოგვხიბლა, რომელიც მაღალსართულიანი სახლის სახურავზე გააშენა. ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, ვარდები, ხე მცენარეები, რომელიც ნაყოფს იძლევა, იმ მცენარეების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ქალბატონი ლელას ბაღში ბინადრობს.

- არ ვიცი ყვავილები როდის შემიყვარდა. ალბათ ყოველთვის მიყვარდა მცენარეები. 20 წლის წინ, როდესაც მოსკოვიდან დავბრუნდით, მოვხვდი ამ სახლში. ეს ადრე იყო მამაჩემის სახელოსნო
და შემდეგ ჩვენ დაგვითმო, რომ აქ გვეცხოვრა. შენობა იყო სახლის სახურავზე. ჰქონდა ცალკე ფართი, რომელიც მეზობლების სახურავად ითვლება. ამ ფართმა მომცა ბიგძი და შესაძლებლობა, რომ აქ გამეშენებინა ბაღი. მეზობლების თანხმობით გავაფართოვე და მოვაწყე მწვანე სივრცე. ყველაფერი ერთი ქოთნით დაიწყო და დღეს არის ის შედეგი, რასაც ხედავთ.

- მანამდე გქონდათ შეხება მიწასთან?
- არასოდეს არ მქონია მიწასთან შეხება. ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სოფელიც კი არ გვქონია. თუმცა იმდენად დიდი იყო ამის სურვილი, გამომივიდა. დღეს ჩვენს ახლობლებს ძალიან უყვართ ჩვენს ბაღში სტუმრობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.
ტაქსის მძღოლს, რომელსაც სახლში მოვუყვანივარ, უკითხავს, ხომ არ ვიცი, ეს ბაღი ვისია და მერე მთელი დიალოგი გაგვიბამს. აქ ყველამ იცის, რომ სახლის სახურავზე ეს ბაღი არსებობს. ასე რომ, ჩვენს სახლში სტუმარი არ ილევა.

- რთული არ იყო მაღალსართულიან კორპუსში ბაღის გაშენება?
- ამ ბაღის სირთულე სიმაღლეში არ მდგომარეობს. აქ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ყველა ზომის მცენარე არის ქოთანში. მცენარეებს მუდმივად სჭირდება ნიადაგის გამოცვლა, სასუქის შეტანა, დაახლოებით 200 ქოთანი მაქვს და წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ამდენი ქოთნისთვის მიწის გამოცვლა. მთელი ჩემი დილა ეთმობა ყვავილებს. მხოლოდ ერთ საათს მორწყვას ვანდომებ. მეორე სირთულე არის ის, რომ აივნის პირობებიც მკაცრია. მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ბაღი მზის გულზეა. თავიდან ყველა მცენარეს ვრგავდი რაც მომწონდა და ხშირად მიფუჭდებოდა. ახლა უკვე ისეთ მცენარეებს ვარჩევ, რაც მზის გულზე კარგად ხარობს. პრობლემას ქმნის ასევე ქარი. ვისაც ჰყავს ყვავილები, იმან იცის, მზე და ქარი როგორ აფუჭებს საქმეს. თუმცა ასე თუ ისე ყველა პრობლემას ვუმკლავდები.

- რა მცენარეები ბინადრობენ თქვენს ბაღში?
- ჩემთან კარგად ხარობენ ტუიები, ვარდები და მაქვს ვარდების არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელიც თითქმის მთელი წელი, მორიგეობით ხარობს. მაქვს ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები. მაქვს ასევე ხემცენარეები -ბროწეული, მუშმალა და ორივე მათგანი მაძლევს ნაყოფს. როგორც გითხარით, ეს ფართი მეზობლების სახურავად ითვლება და აქ მძიმე ქოთნებს ვერ დადგამ. სიმძიმე სახურავს აწვება და შეიძლება დააზიანოს. ამიტომ შეძლებისდაგვარად ყველა მცენარე შედარებით პატარა ქოთნებში მაქვს.

- ზამთარში როგორ აბინავებთ ამდენ ქოთანს?
- ძალიან მიყვარს სუკულენტები. შეიძლება ითქვას, ჩემი ფავორიტი მცენარეა. ზამთარში მხოლოდ ეს მცენარეები შემაქვს ჩემს პატარა ორანჟერეაში. დანარჩენი ყველა რჩება გარეთ და ჩვეულებრივად უმკლავდება ზამთრის პირობებს. მაქვს ოლეანდრები, გარდენია, რომლებსაც ნამდვილად არ უჭირთ ზამთარში გარეთ ყოფნა.

- ეზოიან სახლზე არასოდეს გიფიქრიათ?
- ძალიან ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. მამა ცხოვრობდა ლისის ტბასთან ახლოს. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ბაღში რაღაც კარგს გავაკეთებ. ვნახოთ, დრო უნდა ყველაფერს. იმის გამო, რომ ძალიან შრომატევადია ეს საქმე, გადაჭრით ვერ ვიტყვი. წლის განმავლობაში არ არსებობს დრო, როცა მცენარეებს დრო და ყურადღება არ სჭირდებათ.





მერი ბლიაძე

იხილეთ ქალბატონი ლელას ნამუშევრები სტატიაში:
ხელით შექმნილი დეკორის საოცარი ნიმუშები ქართველი ხელოვანისგან

კომენტარები

აუ რა მაგარია 2020-03-04 00:56
მანდ რესტორანი უნდა გააკეტო, ყველას რესტორანს კლიენტს წაარტმევ და შენოსავლის კარგი წყაროც გექნება :)

კომენტარის დამატება