ქმრის მიერ ნაჩუქარი ორანჟერეა, რომელიც ნაირა ტუხაშვილმა „სამოთხის ბაღად“ აქცია

ვინ არ ოცნებობს ლამაზ ბაღზე ან უნიკალურ ორანჟერიაზე? ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი ხელით სახლში ულამაზესი და მდიდარი „სამოთხის ბაღი“ გააკეთოს, დატკბეს მისი ცქერით და მიიღოს დიდი სიამოვნებაა. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც ქალბატონი ნაირა ტუხაშვილის მიერ, საკუთარი ძალისხმევით შქმნილი ზამთრის ბაღი დავათვალიერე. შესვლისთანავე მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ქალბატონი ნაირა პროფესიით პედაგოგია. ძალიან უყვარს ხელოვნება, პოეზია და ყვავილები. დაოჯახების შემდეგ, რაკი ყვავილების ასეთ სიყვარულს იჩენდა, მეუღლემ საჩუქრად საოცრად ლამაზი ორანჟერეა გაუკეთა. ჰყავს 3 შვილი და 4 შვილიშვილი. დღევანდელი მისი

საქმიანობა სწორედ შვილიშვილები და ყვავილებია. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბაღი სკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთა, მოყვარულია და არა პროფესიონალი.


- ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები, მცენარეები, ბუნება. ყოველთვის ვაგროვებდი სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს, ამიტომ მეუღლემ გადაწყვიტა, ჩემთვის საჩუქრად გაეკეთებინა ზამთრის ბაღი. ვეძებდი, ვყიდულობდი ახალ-ახალ ყვავილებს და დღეს ჩემს ბაღში თავმოყრილია 400-მდე სახეობის მცენარე: ასპიდისტრა, ასპარაგუსი, იუკა, ცისუსი, პლექტრანტუსი, კალანჰოე, ჰოია, ეპიფილუმი, ბუგენვილია, ჰიბისკუსი, ეუფობია, კლივია, ბეგონია, ჰემანტუსი, ოპუნცია, ციპერუსი, დიფენბახია და სხვა მრავალ ულამაზესი ყვავილი. ყველას ჩემთან მოუხარია, წლის ნებისმიერ დროს შეგიძლია დატკბე ბუნებით, სიმწვანით, ყვავილების სილამაზით. 23 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს, რამდენიმე წლის წინ მეუღლე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდამეცვალა. ძალიან განვიცადე, ყველაფრის მიმართ ინტერესი დავკარგე, აღარც მუშაობის ნებისყოფა მქონდა, აღარც ფიზიკური შესაძლებლობა, მუშაობას თავი დავანებე და სახლში ჩავიკეტე. შემდეგ დავიწყე ეკლესიაში სიარული, თანდათან დამიბრუნდა მომავლის რწმენა, იმედი. მყავს 3 შვილი. სამივეს თავისი ოჯახი აქვს, დედ-მამის კერა ყველას უყვარს, ამიტომ ხშირად მსტუმრობენ. ჩემი ძირითადი საქმე შვილიშვილები და ეს ბაღია.


- როგორ უვლით მცენარეებს?
- მათთვის ოთახში დამონტაჟებული მაქვს სპეციალური გათბობა და განათება. ყველა მცენარეს განსხვავებული მოვლა უნდა. არის მცენარეები, რომლებსაც უყვართ წყალი, ზოგს არ უხდება ხშირი მორწყვა. ყველა ფოთოლს სათითაოდ ვწმენდ და ვასუფთავებ, თუ მოტყდა ფოთოლი, არასოდეს ვაგდებ, ვრგავ, ვახარებ და ვინმეს ვჩუქნი. როცა მოღრუბლულია და სათანადო სინათლე არ არის, დამატებით განათებას ვურთავ.


- თქვენს ბაღში ყველაზე ასაკოვანი მცენარე რომელია?
- ყველაზე ასაკოვანი მცენარე 32 წლის ცისუსია. მრავალწლოვანი, მარადმწვანე, ხვიარა მცენარეა. ულვაშებით ეხვევა საყრდენს და სიგრძეში 13-14 მეტრს აღწევს. სინათლის და სითბოს მოყვარულია. ზაფხულში მოითხოვს ტენს, ზამთარში- სიმშრალეს. იუკაც დიდი ხნისაა. ჰოლანდიური ყვავილები, რომ შემოვიდა საქართველოში მაშინ მაჩუქა ჩემმა მეუღლემ დაბადების დღეზე. ძალიან იოლი მოსავლელია, ამასთან ერთად ბაღს სასიამოვნო ელფერს მატებს. არ უყვარს სიცივე და სინათლის მოყვარულია. 


- ბაღში მანდარინის და ლიმონის ხეებიც შევნიშნე...
- დიდი ხანია ციტრუსოვანი ხეები მაქვს. სათანადოდ ვუვლი და გემრიელ ნაყოფსაც მაძლევს. ზაფხულის პერიოდში ეზოში გამაქვს.


- ბაღში ოთხი კუ სეირნობს, რომლებიც თურმე, უკვე წლებია ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან...
- ეს კუები 28 წელია ჩემი ოჯახის წევრები არიან (იღიმის). ორი გოგოა, ორი ბიჭი. ზამთარში მიწის ქვეშ ძვრებიან, გაზაფხულზე კვლავ მიბრუნდებიან. ახალი ამოსულები არიან და ნახევრად ისევ სძინავთ. ერთს ვუყვარვარ განსაკუთრებით. როცა ეზოში ვფუსფუსებ, საითაც წავალ, იქით მომყვება. მრავლდებიან, მაგრამ ვერც ერთი შვილი ვერ გავზარდე. ყველანაირ პირობას ვუქმნი, მაგრამ სამწუხაროდ, იღუპებიან.


ჩემს შვილიშვილებს მცენარეების და ყვავილების სიყვარულს ვუნერგავ. მინდა, მათთვისაც ისეთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყოს ეს ბაღი, როგორიც ჩემთვისაა და ისეთი სიყვარულით და სიფრთხილით მოუარონ, როგორც მე ვუვლი. იხილეთ ორანჟერეის და ქალბატონი ნაირას ყვავილების ფოტოები ფოტოგალერეაში.
მერი ბლიაძე

კომენტარები

მზია მუჩიაშვილი 2020-07-03 10:23
შესანიშნავი მეზობელი,თავისი ბაღით,ჩანს მისი შინაგანი სამყარო,გაიხარეთ თქვენს დიდ ოჯახთან ერთად!
ნაირა ჭულუხაძე 2020-03-29 18:34
გილოცავ ნაირა, მართლაც შესანიშნავი ბაღი გაქვს და შენც არაჩვეულებრივი , ლამაზი, მშრომელი ,ჭკვიანი ქალბატონი ხარ, დიდხანს იხარე შენი ოჯახით და ბაღით
დოდო კელენჯერიძე 2017-05-12 17:34
ნაირა, ჩემო საყვარელო! ულამაზესია ყველაფერი. მუდამ გქონოდეს ხალისი და ჯანმრთელობა, რათა ეს წალკოტი კიდევ უფრო გაზარდო და ჩვენ დაგვატკბო.
ზოია 2017-03-27 12:43
საოცარი ბაღი გაწვთ ქ-ო ნაირა გაიხსრეთ!
მაიკო 2017-03-27 12:03
საოცრებაა,ძალიან დიდი შრომაა საჭირო,ასე წალკოტად აქციო გარემო,წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნაირა....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები