როგორ უნდა მიხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია - სპეციალისტის რჩევები

ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ დროთა განმავლობაში ავეჯის ზედაპირზე, მატრასზე, ხალიჩაზე, კონდიციონერში სხვადასხვა ბაქტერია იბუდებს, ჩვენ კი ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ ყველაფერთან. რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ამ ბაქტერიებმა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ, ამის შესახებ ორთქლით წმენდის უახლესი ტექნოლოგიების სპეციალისტი დათო ნადირაშვილი გვესაუბრა.

- ბევრს ჰგონია, რომ ყველაზე მეტი სიბინძურე კონდიციონერის ფილტრში გროვდება. სინამდვილეში ყველაზე მეტი სიბინძურე არის ბარაბანში, აგრეგატში, საიდანაც ჰაერი ტრიალებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანს აყენებს ადამიანს დაბინძურებულ კონდიციონერში გამოტარებული ჰაერის შესუნთქვა. ამ მხრივ ყველაზე საშიშია თავშეყრის ადგილები,
ოფისები, სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ბევრი ადამიანი მოძრაობს. თუ ოთახში ვინმე დავირუსებულია, ეს ფილტრი ვერ ფილტრავს და ვირუსებს ისევ ატრიალებს ჰაერში.
კონდიციონერის დანიშნულებაა შიგნითა და გარეთა შიდა ტემპერატურას შორის სხვაობა გააკეთოს. ამ დროს აგრეგატში წარმოიქმნება სიბინძურე და ბაქტერიები. ბევრ მათგანზე შემიძლია საუბარი, თუმცა ყველაზე საშიში ბაქტერიაა ლეგიონელა, რომელიც პნევმონიის მძიმე ფორმაა. წარმოიდგინეთ, დახშულ სივრცეში, ამ დაბინძურებულ ჰაერს კონდიციონერი ატრიალებს და კვალ ადამიანს უბერავს. საქართველოში კომპანიების, ორგანიზაციების, დაწესებულებების 99 პროცენტი არ წმენდს კონდიციონერს ისე, როგორც საჭიროა. ამას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

- რა სიხშირით და როგორ უნდა გაიწმინდოს კონდიციონერი?
- სასურველია, რომ წელიწადში ორჯერ გაიწმინდოს, სეზონურად. უახლეს კონდიციონერებს აქვთ იონიზებული, ბიო ფილტრები, მაგრამ ამ ფილტრებსაც სჭირდება გამოცვლა. მხოლოდ გამოცვლა და რეცხვა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ თვითონ აგრეგატი არ გაიწმინდა შიგნიდან. თუ აგრეგატი გასაწმენდია, არ მუშაობს გამართულად, არ აგრილებს და არ ათბობს სწრაფად. ეს ცალკე პრობლემაა. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ უშვებს დაბინძურებულ ჰაერს. წეღან ვახსენე ლეგიონელა. გაუწმენდავი კონდიციონერი ბაქტერიების ბუდეა და ამასთან ერთად იწვევს ფილტვების ანთებასაც. გაუწმენდავი კონდიციონერი ქმნის ძალიან დიდ ალერგიულ ფონს. ასეთ გარემოში ყოფნა განსაკუთრებით საშიშია ალერგიული ადამიანებისთვის.
ადამიანს შესაძლოა აწუხებდეს ხველა, თავის ტკივილი, ყელის სიმშრალე, სიცხე და ვერ ხვდებოდეს ამის გამომწვევ მიზეზს. ამ დროს აუცილებლად სჭირდება ანტიბიოტიკი. წარმოიდგინეთ რა მოსდის ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმს. ამის გაკონტროლება ყველაზე რთულია ოფისებში, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს.

- როცა ადამიანი ყიდულობს კონდიციონერს, ამ დროს აწვდიან მას შესაბამის ინფორმაციას მოვლის და თუნდაც წმენდის შესახებ?
- სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენს საზოგადოებაში. როცა კონდიციონერს ყიდულობენ, ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ ფილტრზე, ანუ როგორი ფილტრიანი კონდიციონერი იყიდონ. უახლესი კონდიციონერები არის ბიო ფილტრებით, იგივე იონიზებული ფილტრებით, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარემოს ასეთი შემთხვევებისგან. თუმცა ამასაც უნდა გაეწიოს კონტროლი. დაბინძურების შემთხვევაში მასაც სჭირდება წმენდა. ჩემი აზრით, ფილტრი მინიმუმ სამ თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, ხოლო თავად აგრეგატი, რაზეც ეს ფილტრი აყენია, წელიწადში ორჯერ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კონდიციონერი გასაწმენდია?
- ძალიან მარტივად. ახდით ხუფს, სადაც ფილტრებია. ამ ფილტრებს, რომ ამოიღებთ, უკანა მხარე უნდა დაათვალიეროთ სინათლის შუქზე. რადიატორს აქვს წვრილი ცხაურები, სადაც კონდიციონერი გამავალ ფრეონს აგრილებს. უნდა დაათვალიეროთ ეს ცხაურები. თუ ცხაურებში არის მტვერი, აქვს მომწვანო, მოყავისფრო ფერი, მაშინ კონდიციონერი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.
საქართველოი კონდიციონერების წმენდით ძირითადად დაკავებულები არიან კერძო ხელოსნები, რომლებიც არასწორად, უბრალოდ „თვალის ასახვევად“ წმენდენ კონდიციონერებს. არ აქვთ შესაბამისი დანადგარი, ვინაიდან ეს დანადგარი ძვირად ღირებულია. ღირს დაახლოებით 4 ათასი ევრო და არ აქვთ მისი შეძენის საშუალება. მათი წმენდა შემოიფარგლება ფილტრის მოხსნით და ონკანზე ცხელი წლით გარეცხვით. ამ ფილტრს აქვს უწვრილესი ბადე, თუ მას მაღალი წნევა არ დაუბერავს და ჭუჭყს არ გაიტანს, მხოლოდ დასველებული და შემდეგ გამშრალი ჭუჭყი უფრო გაუვალს გახდის ჰაერს. ამიტომ ონკანზე ფილტრი არ იწმინდება. ეს არის ზედაპირული წმენდა.
სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი ძალიან მტვრიანი და დაბინძურებულია, სათანადოდ არ ირეცხება ქუჩები, ამ მტვრის მაგნიტი კი არის კონდიციონერი.

- როგორც აღნიშნეთ, გაუწმენდავმა კონდიციონერმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. სკოლებში რამდენად კონტროლდება ეს საკითხი?
- ამ მხრივ სკოლებში ძალიან ცუდადაა სიტუაცია. არანაირად არ კონტროლდება ეს საკითხი და სწორედ ამიტომ ხდება სკოლებში ვირუსის ასე მარტივად გავრცელება. პირველ რიგში არ ხდება განიავება. თუ გამაგრილებელი და გამათბობელი სისტემა აყენია, რა თქმა უნდა, არ ხდება მისი გაწმენდა. დამლაგებლის მიერ ყოველდღიურად, სათანადოდ არ მუშავდება მერხის, სკამის ზედაპირები. არსებობს სპეციალური დანადგარები, ხსნარები, რომლითაც უნდა მოხდეს წმენდა. საუკეთესო საშუალებაა ოზონოზატორები. არსებობს ნისლით წმენდის ოზონიზატორი, რომელიც ჰაერში არსებულ ბაქტერიებს კლავს. არის კიდევ ერთი აპარატი, რომელსაც ჩართავ ოთახში რამდენიმე საათის განმავლობაში და ოთახი არის დეზინფიცირებული. ამ დროს ჰერში არსებული ბაქტერიაც კვდება და ოთახში არსებული ნებისმიერი ნივთის ზედაპირზე არსებული ბაქტერიაც.

- რამდენად ხელმისაწვდომია სკოლებისთვის ამ აპარატის შეძენა?
- ეს აპარატი არ არის ისეთი ძვირად ღირებული, რომ სკოლებმა ვერ შეიძინოს. თუ მაინცდამაინც ვერ ყიდულობს, არის ორგანიზაციები, რომელსაც გამოიძახებ და ჩაატარებენ ამ პროცედურას.

- ამ აპარატის გამოყენების შემთხვევაში სკოლებსა და ბაღებში შემცირდება ვირუსის გავრცელება?
- რა თქმა უნდა, შემცირდება. წარმოიდგინეთ საკლასო ოთახში, რომელიც არის დახურული, მოვიდა გაციებული ბავშვი, რომელსაც საინკუბაციო პერიოდი აქვს. ბავშვმა რამდენჯერმე დააცემინა, ოთახში მაშინვე გავრცელდება ვირუსი. სასკოლო პროცესის დასრულების შემდეგ დასუფთავება მხოლოდ ოთახის გამოგვას არ გულისხმობს. მოგვის დროს მტვერი და ბაქტერია ზემოთ ადის და მერე ისევ ზედაპირს ედება. როცა მშრალი ტილოთი წმენდენ ზედაპირებს, ასეთი დალაგება არის მხოლოდ თვალის მოტყუება. მტვერი ადის ჰაერში და შემდეგ ისევ ზედაპირს უბრუნდება.
საზოგადოებას მეტი ინფორმაცია, რომ ქონდეს ამ ყველაფრის შესახებ, ბევრი სტატია უნდა დაიბეჭდოს, ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდეს. ჩემი აზრით კონდიციონერის ყველა გამყიდველს უნდა ევალებოდეს გააცნოს მომხმარებელს, როგორ და რა სიხშირით უნდა გაწმინდოს კონდიციონერი.
ზოგიერთ კონდიციონერს მოყვება ინსტრუქცია, თუმცა სამწუხაროდ ამას 2 პროცენტიც არ კითხულობს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. იყიდიან ნივთს და არც კი ინტერესდებიან, რა წერია წიგნში, რომელიც მას მოჰყვა.

- რაც შეხება ავეჯის წმენდას, რა შემთხვევაში და რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს ავეჯი?
- ამისთვის არსებობს სპეციალური დანადგარი. თქვენ წარმოიდგინეთ ავეჯზეც არანაკლები ბაქტერია გროვდება. ამ შემთხვევაში უფრო ორგანული ბაქტერია იყრის თავს. ყველაზე საშიში ბაქტერიაა ობის და მკვდარი კანის ტკიპების ბაქტერია, რომელიც თვალით უხილავია. საწოლ მატრასზე კატასტროფულად ბევრი რაოდენობის ბაქტერია შეიძლება იყრიდეს თავს. ასევე ხალიჩაზე, თუმცა ხალიჩას კიდევ სხვა ბაქტერიები აქვს. ყველაზე საშიში მაინც საწოლის მატრასზეა. მკვდარი კანის ნაწილაკები ილექება მასზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა გადაიქცეს ტკიპებად. სასურველია ხშირად გაიტანოთ მატრასი მზეზე და გაამზეუროთ. მზის სხივები კლავს ბაქტერიებს და ხელს შეუშლის მათ გამრავლებას. თუმცა აქაც არის ადგილები, სადაც საჭიროა წნევა, შეღწევა და ამ ადგილების გასუფთავება. სასურველია თუ წმენდის დროს არ გამოვიყენებთ ქიმიურ ხსნარებს, განსაკუთრებით ჩვილი ბავშვების, მოზარდების მატრასების წმენდის დროს. დღეს საქართველოში არსებული ქიმიური ხსნარების 99 პროცენტი არის აგრესიული ქიმიისგან დამზადებული. რეალურად ბაზარზე არსებობს ბიო ხსნარები, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია და უმრავლესობა ვერ ახერხებს მის შეძენას.
ყველაზე მარტივი გამოსავალი იპოვეს იტალიელებმა. ეს არის ორთქლით წმენდა- ყველაზე გავრცელებული, მზარდი და მოთხოვნადი სერვისი წმენდის ინდუსტრიაში. ეს აპარატები შედარებით ნაკლებ ფასიანია და ყველას მიუწვდება ხელი, რომ შეიძინოს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

მარია 2019-01-05 04:09
აქ ისეთი საშინელებები წავიკითხე და თანაც საშველი არ არსებობსო მაშინ საერთოდ არ ღირს ამ კონდიციონერების შეძენა
ladi 2019-01-04 17:40
nu ibolebi! ra danadgari vis aboleb .....
მიგიხვდი დათო-! 2018-12-23 22:17
ეხლა პარლამენტი ამზადებს, კენჭის ყრაზე დასამტკიცებლად კანონს, თქვენს ძვირადღირებულ დანადგართან და თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, გაგიხსნან მომსახურების სამმართველო, რომ თქვენს გარეშე არავის ჰქონდეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითნება, გამწმენრი პიროვნება დაჯარიმდება დიდძალი თანხით. ცოტა პატრონი უნდა გამოძებნო და თანაც გამაზო.

კომენტარის დამატება