ორიგინალური დეკორი ქართველი ხელოვანებისგან - როცა სილამაზე სიმარტივეშია

ზოგჯერ ერთი შეხედვით მარტივმა და სადა ფიგურამ შეიძლება ინტერიერს ისეთი დატვირთვა მისცეს, რომ უცხო გარემოში შესულს, პირველი სწორედ ის მოგხვდეს თვალში. თანამედროვე სტილის, ორიგინალური საყვავილეებისა და ინტერიერის სხვა დეკორაციების ავტორი გურამ მიქელაშვილია. ამ ნივთების შექმნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა შვილს დაბადების დღეზე საკუთარი ნახელავი აჩუქა. სადა საყვავილემ გააჩინა იდეა, რომ მამას მსგავსი ნივთები დაემზადებინა სარეალიზაციოდ. დაბადების დღე 20 სექტემბერს იყო, 1 თვეში კი უკვე პირველი მოდელები ჰქონდა მზად. რკინის სილუეტი, გამჭვირვალე ჭიქა და ყვავილი.



ამ საყვავილეებს ყველაფერი უხდება: ვარდი,
ორქიდეა, გვირილა, ტიტა, ენძელა, ჰერბერა თუ ხელოვნური ყვავილები, ვფიქრობ, არც სხვადასხვა ფერისა და ფორმის სანთელი იქნება ურიგო, თუ ინტერიერის კედლების ფერს, ან ავეჯს შევუხამებთ. ოთახში ერთი ასეთი ნივთი უკვე იქცევს ყურადღებას, თუმცა რამდენიმეც შეიძლება ერთად განთავსდეს და ისინი ერთმანეთს ხელს არ „შეუშლის“, არ დაამძიმებს. ამ ნივთების „მორგება“ არა მხოლოდ ინტერიერისთვის, არამედ ექსტერიერისთვისაც არის შესაძლებელი. სამომავლოდ ალბათ ამაზეც იზრუნებენ....



მალე საყვავილეებს, კედლისა და ოთახის სხვა დეკორაციები მოჰყვა: ჩაიდნები, ჭიქებისა და ტანსაცმლის საკიდები, ღვინის ბოთლების ჩასაწყობი და ა.შ. ჩანაფიქრმა გაამართლა და ეტაპობრივად იზრდება რკინის ნივთების რაოდენობაც და მოდელებიც.



„მამამ დაბადების დღეზე საკუთარი ხელით გაკეთებული საყვავილე რომ მომიტანა, ძალიან მომეწონა. რამდენიმე დღეში გამიჩნდა იდეა, რომ მსგავსი ნივთების დამზადება-რეალიზაციისთვის ბიზნესის სახე მიგვეცა. მამა მარტო მუშაობს და ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს. მასალა რკინაა, რომელიც შავად იღებება. საყვავილეები სიმაღლეში 25-30 სანტიმეტრია, თუმცა, შეიძლება სხვა ზომის მოდელებიც შევქმნათ, ამ მხრივ შეზღუდული არ ვართ.



რამდენიმე თეთრი ნივთიც გვქონდა და სამომავლოდ გვინდა, სხვა ფერებიც შევმატოთ. ვფიქრობ, ოქროსფერი ძალიან მოუხდება რკინის ნივთებს, რომლებიც განსაკუთრებით ესადაგება თანამედროვე სტილის ბინებსა და სახლებს. ვაპირებთ სხვადასხვა ფორმის ხილის კალათების, აივნების, ვერანდების საყვავილეებისა და სხვა მოდელების შემატებასაც. ვნახოთ, გზადაგზა ვიხვეწებით...“ - მითხრა ლიკამ.



გურამ მიქელაშვილი ელექტროშემდუღებელია, ესკიზებსაც თავად ქმნის, ზოგიერთს ინტერნეტში ნახულობს, ნაწილს კი მომხმარებელი სთავაზობს. თბილისთან ახლოს, სოფელში, საკუთარი ხელით მოიწყო სამუშაო კუთხე და იქ მუშაობს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, შედეგმა და ინტერესმა მუშაობის სურვილი გაუასმაგა და მთელ დღეებს სახელოსნოში ატარებს. ავტორისთვის დიდი მოტივაციაა საზოგადოების ინტერესი, რაც მის ნახელავს მცირე დროში მოჰყვა. მინიმალისტური და ასე ვთქვათ, სილუეტური ნივთების ავტორის მეუღლეს - ია ბერიძესა და შვილს - ლიკა მიქელაშვილს ვთხოვე, „შინისთვის“ ხელნაკეთი დეკორატიული ნივთების „გამოფენა“ მოეწყოთ. ორივე ერთნაირად ზრუნავს ამ ხაზის განვითარებასა და გაფართოებაზე. ფოტოების ნაწილი თავად ჰქონდათ, ნაწილის გადაღებისას კი ძალიან შეგვიწყვეს ხელი მე და ჩვენს ფოტოგრაფ გიორგი ჟამერაშვილს.











ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები