ნამუშევრები, რომლებიც თითო ეგზემპლარად იქმნება და ყველას აღაფრთოვანებს

დიზაინერ დავით ჩხეიძის ნამუშევრებს სხვა ბრენდული საიუველირო ნაწარმისგან ერთი შეხედვითაც გამოარჩევთ. ბრენდ „ჩხირას“ თითოეული ნაკეთობა ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად იქმნება, რაც ხელოვანის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. შეუძლებელია, მისი ნამუშევრების ხილვამ აღტაცებაში არ მოგიყვანოთ და არ აღგაფრთოვანოთ ავტორის უსაზღვრო ფანტაზიამ, ოსტატობამ.

– პროფესიით არქიტექტორი ვარ. დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ათი წელი ვმუშაობდი არქიტექტორად. იმ პერიოდში ჩემი მეგობარი მუშაობდა მინანქარში, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მინანქრის ტექნიკაში მუშაობა. რამდენჯერმე სტუმრად ვიყავი მასთან, მომეწონა ეს საქმე და მეც ჩავერთე. 1998 წელს გაიხსნა მინანქრის პირველი
გალერეები. ვმონაწილეობდი გამოფენებში. სულ 4-5 კაცი ვიყავით, ვინც მინანქარში ვმუშაობდით. გალერეა „შარდენის“ თანამშრომლებმა იმ პერიოდში ჩაატარეს ორი ძალიან სერიოზული, საერთაშორისო გამოფენა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდა 150 ავტორი. იყო სხვადასხვა ნომინაცია. პირველ ბიენალეში გავიმარჯვე მოცულობით კომპოზიციაში, ხოლო მეორეში ავიღე საუკეთესო პრიზი სამკაულის ნომინაციაში.

2000-იანი წლების დასაწყისში ამავე გალერეის თანამშრომლებმა მოიფიქრეს, რომ გაკეთებინათ სკოლა, სადაც ავტორები მსურველებს შევასწავლიდით მინანქარზე მუშაობას. ავთანხმდით. პირველი გაკვეთილები ჩავატარეთ მე, ზაზა ნოდიამ და პაატა პაატაშვილმა. თუმცა ამ გაკვეთილებს იმდენი დრო მიჰქონდა, ჩემს ნამუშევრებს ვეღარ ვაკეთებდი და მოგვიანებით თავი დავანებე.
ამის შემდეგ ნელ-ნელა გადავერთე სამკაულის კეთებაზე, რადგან მინანქარი უკვე ნაკლებად საინტერესო გახდა. ტექნიკურად უკვე მარტივი იყო ამ სამუშაოს შესრულება და ცოტა უინტერესო გახდა ჩემთვის. მინდოდა რაღაც სიახლე, მქონდა ახლის აღმოჩენის სურვილი. ძალიან საინტერესო იყო, როცა ჩემი მოფიქრებული სამკაულის დამზადება დავიწყე. შენვე რომ აკეთებ იმას, რასაც ჩაიფიქრებ, ამას ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს.

- ყველასგან გამოირჩევა თქვენი ნამუშევარი და მისი ამოცნობა რთული არ არის. როგორ მიაგენით თქვენს ნიშას?
- სხვათა შორის, მინანქარზეც ამას მეკითხებოდნენ. ყველა იმდროინდელ მხატვარს ჰქონდა თავისი განსხვავებული ხედვა და ხელწერა. თვითონ ნახატის გრაფიკა, ტიხრების სილუეტი, ფერთა შეხამება, ეს ყველაფერი ვინც არ უნდა გიკარნახოს, მაინც რაც ტვინში გიდევს, იმას აკეთებ. ყველაფერი შენგან მოდის, ამიტომ ჩემი პალიტრა, ფერთა შეხამება, ფორმები ყოველთვის განსხვავდებოდა სხვებისგან.

- პლაგიატების მსხვერპლი თუ გამხდარხართ როდისმე?
- არა, და რატომ იცით? ნამუშევრებს ვქმნი ისეთი ტექნოლოგიით, რომ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო კოპირება. რეალურად მხატვარ-იუველირი თბილისში თითქმის არ არის. ე.წ. ოქროს ბირჟაზე, უმრავლესობამ ხელოსნის დონეზე იცის, როგორ შეადუღოს ოქროს ერთი დეტალი მეორესთან. ერთი კატალოგიდან ერთ დეტალს აიღებს, მეორე კატალოგიდან - მეორეს და რაღაც გამოუვა. რაც მე გავიარე, ის ბაზა, იგივე ხატვის, ფერწერის, ხელოვნების არ აქვთ. ჩემი პრინციპია, რომ ყოველი მომდევნო ნამუშევარი არ ჰგავდეს წინას. არასოდეს არ ვქმნი ერთნაირ ნამუშევარს. ტექნოლოგიურად ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ვიზუალურად ყველა განსხვავებულია. ხშირად ყოფილა შემთხვევა, მივსულვარ გალერეაში და ესა თუ ის ნამუშევარი, საერთოდ არ მახსოვს, როდის გავაკეთე. ბევრი სამკაული გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემთვის აღმოჩენაა ხოლმე.

- სამკაულის მიხედვით თუ შეიძლება განსაზღვროთ ქალის ხასიათი?
- რა თქმა უნდა, კი. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენთან ხუთი ქართული ბრენდი რომ იყოს, ხუთი მხატვარი რომ მუშაობდეს საიუველირო სფეროში, ხუთივე იქნებოდა განსხვავებული და თავისი სტილისტიკა ექნებოდათ. მაგის მიხედვით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთებოდა ქალის ხასიათი.

- დღეს როგორი სამკაული მოსწონთ ქალბატონებს? ინტერესდებით ხოლმე ამით?
- მართლა არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვს. არასოდეს ვამზადებ სამკაულს დაკვეთით. გამიკეთებია თამამი ფორმები, რადგან ეს ჩემშია და მინდა ამის შექმნა. თუმცა არასოდეს მიფიქრია, ეს ნამუშევარი გაიყიდებოდა თუ არა. თამამ ნამუშევრებს ქართველები არ ყიდულობენ, ძირითადად უცხოელებს მოსწონთ.

- უცხოეთშიც იყიდება თქვენი ნამუშევრები?
- შვედეთში, ერთ-ერთ გალერეაში იყიდება ჩემი ნამუშევრები. ამ ეტაპზე წარმოდგენილია 20-მდე ნამუშევარი. აგრეთე საფრანგეთში ვთანამშრომლობთ ადგილობრივ გალერეასთან. ახალი დაარსებულია ჩვენი ბრენდი და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ჩინელები დაინტერესდნენ ჩვენი ნამუშევრებით და გვქონდა მოლაპარაკება. ჩინელები ხომ ყველაფერს აკოპირებენ და ამრავლებენ, ამიტომ ფიქრობენ, რომ ექსკლუზიური სამკაულის და ნივთების მაღაზია კარგად იმუშავებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო მელია 2021-12-22 21:58
ძალიან გამიხარდა რომ წავიკითხე, ბ.დსვითმა მსოფლიოში ნომერ პირველი ვოკალისტის ყაზახი მომღერლის დიმაშ კუდაიბერგენისთვის შექმნა ორიგინალური გულსაკიდი
დავითი 2019-11-26 14:10
ძალიან ორიგინალური და სერიოზული ნამუშევრებია, ეგებ დაწეროთ თბილისში სად შეიძლება მისი ნამუშევრების ნახვა ან შეძენა?
თამარი 2019-11-26 10:34
ძალიან კარგია ყველა ნაკეთობა, გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ყველა ჩხეიძეს. მიყვარს ჩხეიძეები.
ქეთევან 2019-11-04 13:04
გარაყანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები