ახალგაზრდა გოგონების მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა - ხელნაკეთი აქსესუარების შემქმნელი დეიდაშვილები

საქმიანობა, რომელიც დღეს წარმატებულ ბიზნესად იქცა, ორმა ხელოვანმა გოგონამ, ერთმანეთის დეიდაშვილებმა 4 წლის წინ წამოიწყეს. ერთი ყელსაბამით დაიწყო ყველაფერი და იქცა ხელნაკეთი აქსესუარების პატარა წარმატებულ საწარმოდ. დამფუძნებელი და დირექტორი სოფიკო მუხულიშვილი გვიამბობს, რაშია მათი წარმატება და როგორ დაიწყეს ეს ყველაფერი.


- 4 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს მე და ჩემმა დეიდაშვილმა, თამუნა აფციაურმა პირველი ყელსაბამი შევქმენით და მისი ფოტო ფეისბუქზე გავუზიარეთ მეგობრებს. მანამდე კი იყო ჩვეულებრივ: ვსწავლობდი ბიზნესის ადმინისტრირებას, შემდეგ მაგისტრატურა დავამთავრე სოციოლოგიის განხრით. შევიცვალე ძალიან ბევრი სამსახური, ვაკვირდებოდი ყველა
ორგანიზაციის სტრუქტურას და მუშაობის პრინციპებს. გატაცებული ვიყავი მოტივაციის სისტემებზე დაკვირვებით და სამაგისტრო ნაშრომი სწორედ ამ თემას მივუძღვენი. პირველი კურსიდან სამსახურების ძიებისას ძალიან მინდოდა მეპოვა კომპანია, სადაც მთელი გუნდის მთავარი მიზანი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ხელფასის აღება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გონებაში ნელ-ნელა ყალიბდებოდა ჩემი იდეალური სამუშაო ადგილი და თავისთავად მოვიდა ეს საქმე. მოვიდა და თამაშ-თამაშით გაიზარდა. საწყის ეტაპზე, სამსახურის შემდეგ მე და თამო, ოჯახის წევრებთან ერთად ვამზადებდით ყელსაბამებს, ვქსოვდით ჩოკერებს, სიზმრის დამჭერებს. მაშინ არ ვფიქრობდით, რომ ეს საქმე წარმატებული იქნებოდა, უბრალოდ ვაკეთებდით მთელი გულით ჩვენთვის საყვარელ საქმეს. 6 თვეში დანაზოგით გავხსენით პირველი ფილიალი. ეს იყო მთავარი ნაბიჯი, რადგან ამის შემდეგ წამოვედით სამსახურებიდან, რადგან მხოლოდ ღამით მუშაობა აღარ იყო საკმარისი პროდუქციის შესაქმნელად. და ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი თამაში გუნდის ახალ წევრებთან ერთად. იდეა იდეალური სამუშო ადგილის, საუკეთესო გუნდის ყოლის და ერთად კომპანიის შენების ნელ-ნელა რეალობა ხდებოდა. გასაკვირი შემართებით და ენთუზიაზმით დღეს უკვე 32 თანამშრომელი მუშაობს დღე და ღამე იმისთვის, რომ ეს იყოს ძლიერი ქართული კომპანია, ქართული, ხარისხიანი პროდუქტით და მომსახურებით.

- რა მასალით იქმნება ნამუშევრები?
- ხე, ტყავი, მეტალი, ეს არის ძირთადი მასალები, რომლებისგანაც მზადდება ჩვენი პროდუქცია. ვქმნით სამკაულებს, ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარს, რომელთაგან უმეტესს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ჩანთები, რომელიც გარდა იმისა, რომ ნატურალური მასალისგან (ხე და ყტავი) მზადდება, გაფორმებულია ძველი ქართული ორნამენტებით, ზოგიერთი მათგანი შექამნილია ძველი ქართული ანბანის ინსპირაციით, ასევე ჩანთის დეტალი იმეორებს თამარ მეფის გვირგვინის ფორმასა და ორნამენტებს. მუდმივად ვცდილობთ შევქმათ თანამედროვე, მოდური და განსხვავებული პროდუქტი ქართულ ელემენტებთან კომბინაციით, რომელიც გამოგვარჩევს მსოფლიოს ბაზარზე და ღირსეულად წარმოაჩენს ქართულ მრავალფეროვან და საინტერესო წარსულს.

- უფრო მეტად რა არის პოპულარული?
- დიდი მოთხოვნაა სამკაულებზეც და ჩანთებზეც, როგორც ქართველი მომხმარებლის, ასევე ტურისტების მხრიდან. თუ ეძებ საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეულ საჩუქარს, ჩვენთან აუცილებლად იპოვი სასურველს, რადგან ნივთები იქმნება თემატურად: ხელოვნება, ბუნება, სპორტი, ქართული და ა.შ. შეიძლება საყვარელი წიგნიდანაც კი აღმოაჩინო პერსონაჟის გამოსახულებით აქსესუარი. სხვათა შორის, თავდაპირველად იყიდებოდა მხოლოდ საქართველოში. 1 წლის წინ ჩვენი ჩანთები ტყავის საერთაშორისო ფესტივალზე აღიარეს განსხვავებულ კოლექციად და საუკეთესოთა შორის მოხვდა 2 მოდელი, რამაც მოგვცა სტიმული, ჩვენი ნამუშევრები გაგვეყიდა სხვადასხვა ქვეყანაში.


- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- თემატურად შექმნილი აქსესუარების კოლექციას თითქმის ყოველთვიურად ვაახლებთ, ამიტომ მუდმივად ვადევნებთ თვალს, რა არის მოდაში, რომელი ფილმი ან პერსონაჟია კონკრეტული დროისთვის პოპულარული.  2020 წელს დიდი მოწონებით სარგებლობს ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები „ქართული ანბანი“. მანამდე იყო „ფოთოლი საყურე“, ჩანთა „თამარის გვირგვინი“ და ა.შ. დავამზადეთ თაგუნიები ქართული ჩოხებით, ანგელოზები ქართული ორნამენტებით, ქართული ანბანის სათამაშოები. ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულად მოეწონათ იდეა, რომ მათი საახალწლო დეკორაცია ყოფილიყო ქართული და ბევრ ოჯახს უკვე აქვს ქართული ანბანით მორთული ნაძვის ხე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას, ასევე ვმუშაობთ ჩანთების ახალ კოლექციაზე.

- რა რჩევას მისცემთ მათ, ვინც ახლა იწყებს თავისი იდეის განხორციელებაზე ფიქრს და მუშაობას?
- უოლტ დისნეის დავესესხები და გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ ფრაზას (უფრო მეტია, ვიდრე რჩევა, წარმატების ფორმულაა): „ჩვენ განუწყვეტლივ მივდივართ წინ, ვაღებთ ახალ კარს და ვცდით სიახლეებს, რადგან ცნობისმოყვარენი ვართ. სწორედ ცნობისმოყვარეობით ვიკვალავთ ახალ გზებს“.





კომენტარები

nana 2020-03-30 16:23
sad seicleba cantebis shecena?
თამო თამო თამო 2020-01-07 15:00
საუკეთესო გუნდი და ადგილი სადაც შენს სურვილებს და ოცნებებს რეალობად აქცევენ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები