მეტალი ინტერიერის დეკორში - ქართველი მამა-შვილის ოჯახური საქმიანობა, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა

მევლუდ, გვანცა და თორნიკე მამისაშვილები მეტალისგან სხვადასხვა ტიპის, ძალიან ლამაზ და მრავალფეროვან დეკორატიულ ნივთებს ქმნიან. მათ სახელოსნოში, რომელიც მათივე სახლის ეზოშია განთავსებული, მზადდება როგორც შანდლები, ასევე პირსახოცების ჩასაწყობები, ქოთნის სადგამები და სხვადასხვაგვარი მეტალის ნივთები. სწორედ გვანცას იდეის გარშემო მოხდა ოჯახის გაერთიანება, ამიტომაც მეტის გასაგებად მასთან ჩავწერეთ ინტერვიუ.

- სამივენი მხატვრები ვართ. მამა წლების განმავლობაში მუშაობდა მეტალზე. მე მხატვრობასთან ერთად, ვმუშაობდი ჟურნალისტად, შემდეგ გადავინაცვლე ციფრულ მედიაში და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიაში კრეატიული დირექტორი ვარ. ჩემი ძმა თორნიკეც ხატავს, როგორც ჩანს, ეს ნიჭი
მამისგან გადმოგვეცა, თუმცა თორნიკეს არ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ მხატვარია, უბრალოდ, მე ვამბობ, რომ მხატვარია, რადგან ვიცი როგორ აკეთებს ამ საქმეს. მე ორი პერსონალური გამოფენა მქონდა, ამჟამად მესამესთვის ვემზადები.

სანამ ამ იდეამდე მივიდოდით, ყველაფერი ასე დაიწყო: მამაჩემმა გადაიტანა ინფარქტი და აღარ შეეძლო მეტალზე მუშაობა და ისეთი მძიმე სამუშაოების შესრულება, როგორიცაა კარის, აივნის მოაჯირების და ა.შ. შექმნა, რითაც მანამდე იყო დაკავებული. მამას ოპერაციისთვის ავიღეთ სესხი, თუმცა სრულად არ დაგვჭირდა და მორჩენილი თანხა ჩემი ინიციატივით დავაბრუნეთ ამ ბიზნესში. ამ ერთი წლის განმავლობაში მამამ გადმოგვცა თავისი ცოდნა, ჩემმა ძმამ საფუძვლიანად აითვისა მეტალზე მუშაობა, შაბათ-კვირას როდესაც ვთავისუფლდები სამსახურიდან, მეც მივდივარ და ვეხმარები, თანდათან მეც ვსწავლობ ე.წ. „სვარკას“ და რკინის ღუნვას ისე, რომ სასურველი ორნამენტი მივიღოთ. რადგან სამნი ვართ, დიდ შეკვეთებს ვერ ვიღებთ, თუმცა ბედნიერები ვართ იმიათაც, რასაც ვახერხებთ. პირველად მარტში ავამოქმედეთ ფეისბუქგვერდი, სადაცაა ერთი წელი შეგვისრულდება.

- თქვენ ინტერიერის აქსესუარებზე მუშაობთ. ნამუშევრის დიზაინი თქვენ გეკუთვნით, თუ დამკვეთზე ხართ დამოკიდებულები?
- სამივეს გვეხერხება ხატვა და შეგვიძლია, ჩანახატი გავაკეთოთ. თუმცა, ნივთი როდესაც ინტერიერშია წარმოდეგნილი, მეტად თვალსაჩინოა, ამიტომაც როდესაც ეს საქმე დავიწყეთ, ინტერნეტში მოვიძიეთ ისეთი ფოტოები, რომლებზეც ჩვენი აქსესუარების მსგავსი ნივთები უკვე ინტერიერში იყო წარმოჩენილი. ამან ნაწილობრივ გაამართლა და ადამიანებს გაუადვილდათ წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა ესა თუ ის მეტალის აქსესუარი მათ სივრცეში. შემდეგ უკვე, როცა ჩვენი საქმის განვითრება მეორე ეტაპზე გადავიდა, წამოვიდა ინდივიდუალური შეკვეთები. არის შემთხვევები, როცა ადამიანს დიზაინი მოსწონს, მაგრამ გარკვეული დეტალის შეცვლა სურს. ისეც ხდება ხოლმე, რომ დამკვეთს კონკრეტული ფერი უნდა, მაგრამ ის ფერი მეტალზე არ ჯდება, ამიტომ ვურჩევთ ალტერნატივას.  

- ყველაზე მოთხოვნადი რომელი აქსესუარია?
- პირსახოცის სათავსო და ტუალეტის ქაღალდის სათავსო აქსესუარები დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად გვწერენ კმაყოფილი მომხმარებლები, რომ მათ სტუმრებს ძალიან მოეწონათ ჩვენი ნამუშევარი. ძირითადად, დაინტერესებას იწვევს ის ნივთები, რაც საქართველოში არ არის. მაგალითად, რკინის თაროს, რომელიც უნიტაზთან დგას, შეხვდებით სხვადასხვა მაღაზიაში, თუმცა მსგავსი კონცეფციით არ იყო ხოლმე წარმოდგენილი და არც იყენებდნენ. როცა გაჩნდა გამოყენების ახალი იდეა, მასზე მოთხოვნაც გაიზარდა.

- საინტერესოა, როგორია მუშაობის პროცესი, როცა სამი ადამიანი ერთ საქმეს აკეთებს, ალბათ იქ კამათი, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი მოვლენაა...
- რა თქმა უნდა, თავიდან უფრო მეტი დისკუსია იყო, რადგან როცა ვეუბნებოდი, რომ ეს ასე ჯობია, მამა მიხსნიდა, რომ მეტალისგან კონკრეტული ფორმა უხეში იქნებოდა. გამოცდილებამ უკვე მასწავლა ბევრი რამ და ასეთ მარტივ საკითხებზე დროს არ ვკარგავთ, ვიცი რა გამოვა და რა - არა, რადგან მე თვითონაც ვისწავლე მეტალის „ენა“.

- სახლში თავად თუ გაქვთ საკუთარი ნამუშევრები?
- მე ჩემს მეუღლესთან ერთად ცალკე ვცხოვრობ, ჩვენს სახლში ავეჯს რასაც აქვს ფეხები, ეს იქნება, მაგიდა, ტელევიზორის სადგამი თუ აივნის მოწყობილობა, ყველაფერი ჩვენი გაკეთებულია. დანარჩენი აქსესუარები ძირითადად ჩემებს აქვთ სახლში - მშობლებს ძალიან მოსწონთ მეტალის ნივთები.

- მოსავლელად როგორია თქვენ მიერ შექმნილი აქსესუარები?
- აბაზანის ნივთებთან მიმართებაში ხშირად ისმება კითხვა, არ დამეჟანგება? ის ნივთები, რომლებიც განკუთვნილია თუნდაც ოდნავ ნესტიანი ადგილისთვის, მაგალითად, აივნისთვის, არაფერს ვამბობ აბაზანაზე, დამუშავებულია სპეციალური გრუნტით. ვიყენებთ გრუნტს, რომელსაც რეკომენდაციაში უწერია, რომ არაალერგიულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირსახოცი, რომელიც ადამიანს ეხება, სწორედ ამ სათავსოში უნდა მოთავსდეს. დაგრუნტვის შემდეგ ვღებავთ სპეციალური ეკო, ნესტგამძლე საღებავით.



ციცი ომანიძე

კომენტარები

თამარი 2019-03-17 09:56
მე მაქვს ბ-ნი მევლუდის მიერ დამზადებული აქსესუარები. ორიგინალური სასანთლე,რომელსაც განადაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს სახლში,რადგან ის უნიკალურია და ამავე დროს ძალიან ლამაზი დიზაინით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები