სტუმრად თელაველ მხატვართან - ხელით მოხატული ავეჯი, ჩემოდნები და სანათებად ქცეული ღვინის ბოცები

კახეთი... თელავი... სახლი, სადაც ერთი დიდი ოთახი ლურჯი ფარდების გარემოცვაშია მოქცეული, ხოლო თამბაქოსფერ კედლებზე მხატვრის ტილოებია გამოფენილი. ინტერიერში სხვადასხვა ისეთი ნივთია, რომელსაც მხატვარმა ახალი სიცოცხლე აჩუქა. მარი ლევაშენკოს ფუნჯი არა მხოლოდ ტილოს, არამედ სხვადასხვა ნივთს ეხება და ალამაზებს. ძველი ნივთები ახალ სიცოცხლეს იწყებს, თანამედროვე კი სხვადასხვა ფერით, ფიგურითა და ორნამენტით ირთვება. ფიქრობს, რომ როგორც მხატვარმა, ყველა ჟანრში და ყველა მიმართულებით უნდა სცადოს თავისი ძალები, უკვე წლებია, ასე იქცევა და სწორედ ამიტომაა მისი შემოქმედება ასეთი მრავალფეროვანი.


წელიწადის დროები

წელიწადის ყველა დროს
თავის განწყობა მოაქვს, შესაბამისად ნამუშევრებს უმთავრესად სეზონური მოვლენებისა და მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით ხატავს. ახალი წელი, ზამთარი, გაზაფხულის დადგომა, ფერადი ზაფხული - ეს ყველაფერი მის ნამუშევრებში აისახება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ახალი წელი. ასევე, სანამ მისი შვილი გაჩნდებოდა, ეს საკუთარი დაბადების დღე იყო - 3 დეკემბერი, ახლა კი 24 მაისია - მისი შვილის, იოანეს დაბადების დღე. ახალი წლისა და ზამთრის თემა ყველაზე ხშირადაა მის შემოქმედებაში და ამის გამო „ზამთრის მხატვარსაც“ ეძახიან. თავადაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ასეც იყოს, რადგან თვლის, რაც გიყვარს, ყველაზე კარგად გამოგდის.



გუშინ...

- ბავშვობიდან მახსოვს, რომ შინ გვქონდა რეპროდუქციები, მხატვრების ალბომები, რომლებსაც ყოველთვის სიამოვნებით ვათვალიერებდი. მართალია, ჩემს ოჯახში მხატვარი არავინ ყოფილა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ყველა იყო ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული. ხატვა 2 წლიდან დავიწყე და მას შემდეგ არც გავჩერებულვარ. სამხატვრო აკადემია დაზგური გრაფიკის განხრით დავამთავრე. მამისგან - თამაზ ლევაშენკოსგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. მეუბნებოდა, მოვა დრო და საქმეში შენს სიტყვას აუცილებლად იტყვიო. შეიძლება სახელგანთქმული მხატვარი არ ვარ, არც მაქვს ამის ამბიცია, მაგრამ ის მსიამოვნებს, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. რაც შეეხება დედას - ნათელა მწითლავიშვილი მუსიკის მასწავლებელია. პარალელურად კარგად ხატავს, ქარგავს, ქსოვს, თუმცა არ განავითარა თავისი უნარ-ჩვევები. ვფიქრობ, არც სათანადოდ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. რაც თავი მახსოვს, სულ სხვადასხვა ნივთს აკეთებდა და ყველას ჩუქნიდა. დედამ მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რომ თელავში სამხატვრო სკოლა დამემთავრებინა და შემდეგ აკადემიაში ჩამებარებინა. იმ პერიოდში ჩემს კლასელთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა, სწავლას ვამთავრებდი, როცა დაოჯახება და საბერძნეთში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იქ დიდი ხნით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 2 წელიწადში უკან დავბრუნდით და თელავში დავსახლდით. 9 წლის შემდეგ შეგვეძინა შვილი.





ძველი ნივთები

...ბისერებით მაქვს მოქარგული ჩანთები, ბოთლები და ღვინის ბოცები კი - მოხატული, ასევე - ძველი ხის სკივრები, ყუთები, ავეჯი. ბევრ რამეს მზის სხივიც არ უნახავს. ზოგი დაწყებული მაქვს და ვეღარ ვასრულებ, რადგან თელავში შესაბამისი მასალები არ იყიდება, თბილისში ჩასვლას კი ხშირად ვერ ვახერხებ. ძველი ნივთებისადმი არ მაქვს ისეთი დამოკიდებულება, როგორც ბევრს, თითქოს ასეთ ნივთებს პატრონის აურა დაჰყვება, ამიტომ ყოველთვის, როცა რამეს ვნახავ, მინდა, თან წამოვიღო და ახალი სიცოცხლე შევძინო. პაპაჩემის ხელსაწყოების ჩასალაგებელი ყუთი, რომელიც ჭიებისგან იყო შეჭმული, გავაახლე და მოვხატე. ახლა იქ საღებავს ვინახავ, ვიზუალურად ძალიან ლამაზია. ჩემოდნები და სკივრებიც მაქვს მოხატული. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის დიდ ბებიას უკრაინიდან ჰქონდა ჩამოტანილი. ძლივს მოვაშორე უამრავ ფენად წასმული საღებავი, გავაახლე და მოვხატე. ასეთ ნივთებს, ძირითადად, ახლობლები მითმობენ, მხოლოდ ერთი-ორი მაქვს ნაყიდი. ერთხელ დედამ ძველი მაგიდა მიყიდა და მოვხატე. ასევე შევიძინე წიგნების კარადა, რომელიც ჭურჭლის კარადად გადავაკეთე და შინ მაქვს.







კლიშესგან თავის დაღწევა

...ახლახან თელავში გაიხსნა გალერეა `სხივი~, სადაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარია გამოფენილი. მისი მფლობელი, იქაური გარემო მომეწონა და ნამუშევრების გადაცემაზე სიამოვნებით დავთანხმდი. სტუდენტობის დროს ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში მქონდა გამოფენა. ერთხელ აღდგომასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზეც გავიტანე ნამუშევრები, მაგრამ შემდეგ ვთქვი, რომ ამას აღარ ვიზამ. არა იმიტომ, რომ თელავში გამოფენის გამართვას არ ვკადრულობ, უბრალოდ, ჩემი აზრით, აქ საზოგადოების ინტერესი ამ სფეროს მიმართ ნაკლებია, მეგობრებმა და ნათესავებმა კი ისედაც იციან, რას ვაკეთებ. პანდემიის პერიოდში და მანამდეც, რამდენიმე ახლობელმა სასტუმრო გახსნა და ჩემი ნახატები და სანათები შეიძინა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კახური თემატიკის ნივთებს ეძებდა, მაგრამ მე ასეთ თემებზე არ ვმუშაობ. ჩემი აზრით, ვაზის, ყურძნის თემა უკვე კლიშეა და არ მინდა, მეც მივყვე. თელავში მოქმედი მხატვრების უმეტესობა ტრადიციულად ხატავს ერეკლე მეფის ძეგლს. მას დიდ პატივს ვცემ, როგორც მეფეს, მაგრამ კატეგორიულად არ ვხატავ - უკვე მილიონჯერ დაიხატა და არ არის აუცილებელი. უზომოდ მიყვარს კახეთი, თელავი, თორემ აქ არ ვიცხოვრებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ მსგავს თემებზე უნდა ვხატო.




დღეს...

...ბოლო დროს უფრო მეტად ფერწერაზე ვარ გადართული. ვხატავ, რადგან ძველი ნივთების მოპოვება ძალიან ჭირს. არადა, ვიცი, თუნდაც თელავის მიდამოებში, ოჯახებში უნიკალური ნივთები აქვთ. რომ გაიგებენ, მოხატვას ვუპირებ, ისე არავინ დათმობს და შეძენა კი ნამდვილად ძვირი ჯდება. შინ ბევრი ასეთი განახლებული ნივთი მაქვს, ვეღარ ვატევ. არაერთხელ მქონია საბჭოთა ავეჯის განახლების შეკვეთა და ამას სიამოვნებით ვასრულებ. სხვათა შორის, არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, პანდემიის დროს ყველაზე მეტი ნახატი გავყიდე, ვიდრე ოდესმე.

მთელი დღე შინ ვარ და ვხატავ. ეს დისკომფორტს არასდროს მიქმნის, რადგან მხატვარი ვარ და ვთვლი, რომ ჩემი სამუშაო ეს არის. სხვა სამსახური არასდროს მქონია და არც მიძებნია. რთულად აღსაზრდელი შვილი არ მყავს და მასთან ერთადაც ვახერხებ მუშაობას. ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა შარშან ბოთლები მქონდა მოსახატი. საკმაოდ ბევრი იყო - დაახლოებით 200, 2 თვის განმავლობაში მოვხატე. კალთაში ბავშვი მეჯდა და ისე ვმუშაობდი. დაძაბულობისა და დაღლილობისგან ხელები მიბუჟდებოდა, მაგრამ კარგი გამოცდილება დავაგროვე. მიყვარს ჩემი საქმე.

ანა კალანდაძე

კომენტარები

მარიამი 2021-10-14 20:45
ძალიან მომეწონა, როცა ბინასვიყიდი, აუცილებლად მოვახატინებ????
სოფიო 2021-10-11 13:21
როგორ მომწონს ასეთი ფერადოვნება. აუცილებლად მოვძებნი ამ მხატვარს, როცა ჩემი საოცნებო სახლის რემონტს დავიწყებ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები