ქართველი ფოტოგრაფის ფერადი ბინა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება ხვდა წილად - "გადავწყვიტე, გამყოფი კედელი მომეხსნა და ერთიან სივრცედ გადამექცია..."

ანი კერესელიძე ფოტოგრაფია. ბოლო 7 წელია იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს ტურიზმის განხრით, თუმცა წელიწადში მინიმუმ სამჯერ მაინც მორბის საქართველოში. სწორედ საქართველოში, თბილისში მოაწყო საკუთარი გემოვნებით ეს ფერადი ბინა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში (კერძოდ კი დიდ ჯგუფში - "რემონტში") დიდი მოწონება ხვდა წილად.

- გქონდათ თუ არა აქამდე დიზაინერული გამოცდილება? რა იყო ინსპირაციის წყარო და როგორ მიმდინარეობდა პროცესი?
- დიზაინით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და ახლაც სულ ვეცნობი მიმდინარე მოვლენებს, გამოცდილება ნამდვილად არ მქონია, თუ მშობლების სახლს არ ჩავთვლით, რომელიც ასევე უმშვენიერესი გამოვიდა.
ჩემი ბინა პატარაა, მისი
ფართი 47 კვადრატული მეტრია. თავდაპირველი ნახაზის მიხედვით საძინებელი, სამზარეულო და მისაღები უნდა ყოფილიყო. მაგრამ გადავწყვიტე, გამყოფი კედელი მომეხსნა და ერთიან სივრცედ გადამექცია, შესაბამისად ახლა მთლიანი სახლი ერთი დიდი ოთახია.

რემონტი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, კარკასიდან დავიწყეთ და შემდეგ კორონამაც შეაყოვნა ხელოსნები, თორემ უფრო მცირე პერიოდშიც დავასრულებდით. ალბათ მთავარი ინსპირაციის წყარო მცენარეები იყო. რემონტის დაწყებამდე ვიცოდი, რომ დომინანტი მწვანე ფერი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ნელ-ნელა შეემატა სხვადასხვა კონტრასტული ფერი.

- ძალიან ფერადი ბინაა, რაც უდაოდ იქცევს ყურადღებას. ფერების სიმრავლე ინტერიერში ძალიან თამამი გადაწყვეტილებაა და მეტად ითხოვს კარგ გემოვნებას, დიზაინერულ ხედვას, რომ არ იყოს სიჭარბე და სწორად იყოს გადანაწილებული ყველაფერი. რამდენად ადვილი იყო ფერების გადანაწილება სწორად და გემოვნებით?
- მის გათვალისწინებით, რომ სახლი ერთიანი გაშლილი სივრცეა, მთავარი მიზანი იყო ფერების მიხედვით ყველა კუთხის ცალკე ზონად გამოყოფა. სახლში გამოყენებული ყველა ფერი ძალიან მიყვარს და პოზიტიურ განწყობას მიქმნის. ადრე ვთვლიდი, რომ სახლი მხოლოდ დასაძინებელი ადგილი იყო, ახლა ვფიქრობ, სახლი ის სივრცეა, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა გრძნობდე და შენს ხასიათს უხდებოდეს. ძალიან მსიამოვნებს ამ სივრცეში მარტო ყოფნაც და მეგობრებთან ერთადაც. ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია. ამასთანავე ვიტყვი, რომ ფერების არჩევა ნამდვილად არ იყო მარტივი. სანამ სასურველ ფერს აარჩევ, გიწევს მილიონობით მაღაზიის მოვლა და მრავალი საათის დახარჯვა. ერთი ტონით სხვა ფერმაც კი შეიძლება სრულიად შეცვალოს ვიზუალი. ყველას ვურჩევდი, არ დაეზაროთ, არ დანებდნენ და ეძებონ იქამდე, სანამ საუკეთესო ვარიანტს არ იპოვიან.

- ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რასაც წააწყდით რემონტის ან საკუთარი ჩანაფიქრის, იდეების განხორციელების დროს?
- ყველაზე დიდი სირთულე ზუსტად მაღაზიებში სიარული იყო. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ ყველაფერი ბოლომდე შენზე არაა დამოკიდებული, შეიძლება უკვე წარმოდგენილი და აღქმული ფერები ვერ იპოვო მაღაზიაში. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე, მკვეთრი ფერების პოვნა ცოტა რთულია. იმას არ ვამბობ, რომ არ არის, უბრალოდ კრემისფერს და ყავისფერს თუ აქვთ ოცი ტონი, მწვანეს და ყვითელს აქვთ - ორ-ორი. 

- თუ გაამართლეს ხელოსნებმა? ესეც დიდი პრობლემაა ხოლმე.
- მე მიყვარს ჩემი ხელოსანი!!! ერთმა ადამიანმა გააკეთა ყველაფერი თეთრი კარკასის შემდეგ. თითოეული დეტალი მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია! იმუშავა ფანტასტიურად, მე ნამდვილად გამიმართლა.

- რას ურჩევთ თქვენი გამოცდილებიდან მათ, ვინც ახლა აპირებს რემონტს?
- ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ საკუთარი ემოციების და ხასიათის გამოჩენა საკუთარ სახლში. ზუსტად ჩვენი შიდა
სამყარო ქმნის გარე კომფორტს.

- არის ეს ის, რაც გინდოდათ და რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- ეს ნამდვილად ის არის, რაც ჩაფიქრებული მქონდა, სახლში ყოფნა არ მბეზრდება და საოცარი შეგრძნებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები