როგორ უნდა მოაწყოთ სამზარეულო დიდი ოჯახისთვის


თუ დიდი ოჯახი გაქვთ, ასევე გაქვთ რემონტი და არ იცით, როგორ დაგეგმოთ სამზარეულო, იქნებ, ჩვენი რჩევები გამოგადგეთ.

დავიწყოთ იმით, რომ უმთავრესი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოს დაგეგმარების დროს, გახლავთ მისი განლაგება და ზომა. ეს პარამეტრები პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს ინდივიდუალურ თავისებურებებზე და ოჯახის სიდიდეზე. მნიშვნელოვანია, რამდენად ხშირად ამზადებთ საჭმელს სახლში, რამდენად არის ეს პროცესი თქვენთვის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს საბოლოო გეგმა.

თანამედროვე ინტერიერისთვის დამახასიათებელია ღია სამზარეულო. ამიტომაც ხშირად კეთდება გაერთიანებული სამზარეულო და სასადილო. ჩამოწერეთ დეტალურად, რამდენ
კაცზე მოგიწევთ ხოლმე მაგიდის გაშლა ყოველდღიურად, რამდენი სტუმრის მასპინძლობას შეძლებთ და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრეთ სამზარეულოს საბოლოო ზომა. როდესაც საუბარი ქალაქის ბინებზეა, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის ზონა, სადაც ბინის პროექტის მიხედვით არის დაპროექტებული სამზარეულო.

სწორედ ამ პროექტიდან გამომდინარე, მოგიწევთ იმ ტიპის გათვალისწინება, რის მიხედვითაც დაამზადებინებთ თუ შეიძენთ სამზარეულოს გარნიტურს. ეს შეიძლება იყოს კუთხის, გრძელი და ა.შ.

დიდი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისის რაოდენობის შესანახი სისტემის არსებობა, არად, თანამედროვე ინტერიერი ითვალისწინებს რაც შეიძლება მეტ თავისუფალ სივრცეს. გამოსავალი ჩაშენებული დაფარული კარადებია. მსგავსი კარადების არსებობით თავიდან აიცილებთ გადატვირთულ, ქაოსურ გარემოს.
ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, თანამედროვე სტილს ბარის მაგიდა უფრო უხდება თუ ტრადიციული სასადილო მაგიდა? არსებობის უფლება ორივე ვარიანტს აქვს, თუმცა ბარის მაგიდა მაინც იმ ოჯახებისთვის არის უფრო მოსახერხებელი, ვისაც სადილობა სახლში არც ისე ხშირად უწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბარის მაგიდის გაკეთებას გადაწყვეტთ, ზომის აღების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რამდენ ადამიანს მიუწევს მასთან ჯდომა, ანუ ოჯახის რამდენი წევრი ხართ.

ასევე გირჩევთ წინასწარ გაითვალისწინოთ ელექტრო ჩამრთველების და სანათების რაოდენობა და მათი მდებარეობა. ჩამოწერეთ, რომელი ტექნიკის ხმარება მოგწვეთ სამზარეულოში ყოველდღიურად, რა ადგილას დაგჭირდებათ მათი გამოყენება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება მათ განთავსებასთან დაკავშირებით.

გახსოვდეთ, რომ განათება ძალიან მნიშვნელოვანია და რომ ერთი ცენტრალური განათება საკმარისი არ იქნება.
რაც შეეხება სამზარეულოს ავეჯს, თანამედროვე ინტერიერი მოითხოვს ერთტონიან სადა ფასადს შესაბამისი მოსაპირკეთებელი დეტალებით, იქნება ეს სამუშაო ზედაპირი თუ სახელურები.

იატაკის საფრად ყველაზე ოპტიმალური კერამიკული ფოლებია, ან ბუნებრივი ქვა. არც ლამინატის საფარია ცუდი გადაწყვეტილება, თუმცა ის იმდენად გამძლე არ არის, როგორც ფილა და ქვა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები