კიდევ ერთი საოცარი უცნობი სახლი გრიბოედოვის ქუჩიდან - თბილისის ისტორიის ნაწილი

თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული გრიბოედოვის ქუჩის ისტორია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ქუჩა 1843 წლიდან კომენდანტის სახელს ატარებდა, ვინაიდან ამ ქუჩაზე თბილისის სამხედრო კომენდანტის სახლი იდგა. მოგვიანებით, 1881 წლიდან მას ცნობილი მწერლის, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელი ეწოდა. სწორედ ამ ქუჩაზე 1903 წელს თბილისელი, ეროვნებით სომეხი ვაჭრის, ტუნიბეკოვის დაკვეთით იტალიელმა არქიტექტორმა ორსართულიანი სახლი ააშენა. წლების შემდეგ სახლი ოთახებად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, ძველ იერსახეს დღემე ინარჩუნებს. დღეს ამ სახლის ორი ოთახი ბოკერიების ოჯახის საკუთრებაა. ის მათ ტუნიბეკოვის ქალიშვილისგან, 1940 წელს შეიძინეს. ირინა
ბოკერიამ
შინ გვიმასპინძლა და სახლის ისტორიის შესახებ მოგვითხრო.

- ეს სახლი იტალიურმა კომპანიამ ააშენა. არქიტექტორი სავარაუდოდ იყო ანდრეა ოლეტი. ჩვენი პატარა ოთახი ფსევდო მავრიტანულ სტილშია, როგორც ოპერაში. რაც შეეხება დიდ, მისაღებ ოთახს, ის როკოკოს სტილში უნდა იყოს.
სახლი ეკუთვნოდა სომეხ ვაჭარს, გვარად ტუნიბეკოვს, რომელიც 1917 წლის რევოლუციამდე ხიზილალითა და თევზით ვაჭრობდა. მოგვიანებით ტუნიბეკოვი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, სადაც გარდაიცვალა. აქ დატოვა ცოლი და ქალიშვილი. ტუნიბეკოვის ქალიშვილი შემდგომში ცნობილი დირიჟორის ალექსანდრე გველესიანის მეუღლე გახდა.
ტუნიბეკოვის გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლესა და ქალიშვილს ძალიან გაუჭირდათ, დაიწყეს სახლის ოთახების გაყიდვა. ბოლოს ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ტუნიბეკოვებისგან ეს ოთახები 1940 წელს იყიდეს და მას მერე ჩვენი ოჯახი აქ ცხოვრობს. დედაჩემი უკვე 94 წლისაა და ამ სახლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
გარდა ზეპირი გადმოცემისა, მე სხვა ცნობები არ მაქვს ამ სახლის შესახებ. რაც ვიცი, ისიც ბავშვობაში მსმენია ვარვარა ანდრეევნასგან.
ამ სახლის მეპატრონეს, ბატონ ტუნიბეკოვს, ჰყოლია ვაჟი. ძმას შურდა მისი კეთილდღეობის, სიმდიდრის. არ უნდოდა, რომ ეს სახლი, სიმდიდრე, ძმისშვილს დარჩენოდა, ამიტომ მოუწამლავს ბიჭი და მას შემდეგ ცოლ-ქმარს შვილი აღარ შესძენიათ. მოგვიანებით კი იშვილეს ვარვარა ანდრეევნა, რომელზეც უკვე გესაუბრეთ.

ჩვენთან ექიმი კაცი ცხოვრობდა, ირაკლი ძაგნიძე. მასთან მოსულ პაციენტს მოუყოლია საოცარი ისტორია: ოჯახს ახალსახლობაზე გავლენიანი სტუმრები მოუწვევიათ. დაქირავებული ჰყავდათ შვეიცარი, რომელიც ქურთუკებს ხდიდა და ემსახურებოდა მოსულთ, და იმდენი გასამრჯელო მიუღია ამ წვეულებაზე, რომ მეორე დღეს წასულა და ავლაბარში სახლი უყიდია.
სახლში სხვა ოთახებიც ლამაზია, მაგრამ ასეთი არც ერთი არ არის. როგორც გითხარით, გვერდითა ოთახი ფსევდო მავრიტანულ სტილშია, ჩუქურთმები სხვანაირადაა გამოკვეთილი. მსგავსი ჩუქურთმები ოპერის ფოიეშია. ეს ოთახი გახლდათ ვარვარა ანდრეევნას სამეცადინო ოთახი.

- ძალიან ბევრ წელს ითვლის ეს სახლი, ალბათ რთული იყო პირვანდელი სახის შენარჩუნება. ოთახში რამე შეცვალეთ?
- ეს ერთი მთლიანი ოთახი იყო და გადავტიხრეთ. ორჯერ ჩავუტარეთ რესტავრაცია საკუთარი ხარჯებით. პირველად რუსთაველის თეატრიდან მოვიწვიეთ მხატვრები, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გადმოცემით ვიცი. მეორედ, როცა ოპერა დაიწვა, მაშინ მოვიყვანეთ მხატვრები. აქ არასოდეს უმუშავიათ ხელოსნებს, ყოველთვის მხატვრები მუშაობდნენ.
1937 წელს სახლს ზემოდან დააშენეს მესამე სართული, რამაც ძალიან გაუფუჭა იერსახე. საბჭოთა ხელისუფლების დროს აქ იყო სასამართლო და პროკურატურა. ეს სახლი პრივილეგირებული გახლდათ პროკურორებისთვის. სწორედ ამიტომ დააშენეს მესამე სართული, სადაც შემდეგში პროკურორები ცხოვრობდნენ.

ახლა დიდ გაჭირვებაშია ეს სახლი, ირეცხება საძირკველი. ვის არ მივმართეთ, რომელი მთავრობის წარმომადგენლები არ შევაწუხეთ, უარი არავის უთქვამს, თუმცა არც არავინ მოსულა. გვეუბნებიან, რომ გააკეთებენ თანადაფინანსებით, თუმცა მაინც ძალიან ძვირი ჯდება და თანადაფინანსებითაც ვერ შევძლებთ ჩვენ ამის გაკეთებას. აქ ხანდაზმული ხალხი ცხოვრობს და თითოს რომ ხუთი და ათი ათასის გადახდა მოუწევს, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ჩატარდა თბილისის უცნობი ადგილების ფოტოგამოფენა, სადაც ფოტოგრაფ გიორგი ვარსიმაშვილის მიერ გადაღებული ჩვენი სახლის ფოტოც იყო წარმოდგენილი.

- სახელმწიფოს არ უცდია სახლის შესყიდვა?
- არავინ მოსულა მსგავსი წინადადებით. თუმცა, რომც მოვიდეს ვინმე, მაინც ვერ დავთმობთ.

- თქვენს შვილებს როგორ მოსწონთ მსგავსი ინტერიერი?
- ინტერიერი მოსწონთ, მაგრამ საცხოვრებლად ცოტა მოუხერხებელი და რთულია. მე და ჩემი და აქ გავიზარდეთ, მივეჩვიეთ სახლს, ქუჩას, გარემოს. ამ სახლს უკავშირდება მთელი ჩვენი ბავშვობა და ჩვენთვის აქაურობა ძალიან ძვირფასია. გული გვტკივა, რომ სახლს ამ დღეში ვხედავთ. გამაგრებული რომ იყოს, რესტავრაციას გავუკეთებდით, მაგრამ აზრი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კვირა არ გავა, რომ ვინმე არ მოვიდეს დასათვალიერებლად. მოდიან ტურისტები, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები. ერთხელ მთელი თბილისის გიდები მოვიდნენ, 40-ზე მეტი ადამიანი იყო. ექსკურსიები ორჯერ მოვიდნენ, მაგრამ აღარ ვუშვებთ. ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ გურამ საღარაძის მამა გიორგი საღარაძე და სტეფანე ჯაფარიძე. ბაბუაჩემის მეგობრები იყვნენ. საოცარი დღეები ახსოვს ამ სახლს.

- თქვენმა შვილებმა რომ მოინდომონ, თანამედროვე სტილში გადაკეთება, მისცემთ უფლებას?
- გამორიცხულია, აზრადაც არ მოუვათ ასეთი რამ. როდესაც სახელმწიფომ აივნების გაარემონტა, შემოვიდა საქმეთა მწარმოებელი და მითხრა, ხალხო, რად გინდათ ასეთი სახლი, ამდენი მტვერი ეყრება კედლებს, ჩამოგიფხიკავთ და ანტრესოლს გაგიკეთებთო. გულში გამეცინა, რა უნდა ელაპარაკო ამ დროს ადამიანს, ვინც ამას გეტყვის? ამას ისე სათუთად ვინახავთ უკვე წლებია, ხელს არავინ ახლებს. მე ვთვლი, რომ ეს მარტო ჩვენი საკუთრება არაა, ეს თბილისის საკუთრებაცაა, რადგან ის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია.

მერი ბლიაძე
გიორგი ვარსიმაშვილის და ავტორის ფოტოები

ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა და რომელიც ფილმ "ქეთო და კოტეშიც" ჩანს - უცნობი ამბავი აბანოთუბნიდან

კომენტარები

iosebi 2018-12-03 22:26
madloba cotaa...,tqven xo yvelaze magali pativi da ugalato mecixovnis jildo gekutvnit..
გიორგი. 2018-12-02 14:46
კი მაგრამ, დიდი ბაბუა კგბ-ში ცხოვრობდა? თუ მხოლოდ კგბ-შნიკები იყვნენ უსახლკაროები. ე. ი. თქვენი დღევანდელი ყველა მეზობლები, დინასტიურად კაგებეშნიკები ყოფილან.
gio999 2018-11-21 20:24
kai nabozari xar laluka she nabozaro
gio999 2018-11-21 20:20
laluka she axvaro boze bozebi sheksken cxovronbenn
!!!!!!!!!!!!!!!! 2018-11-18 01:35
1940 წელს სახლს ვინ იყიდიდა, მთავრობას უნდა მოეცა,ჩამოოართვეს ალბათ მეპატრონეს და შეუსახლეს ჩეკისტები.ასე ჩამოართვეს ჩემს დიდ ბაბუას სამ სართულიანი სახლი და დაუტოვეს ერთი ოთახი. დანარჩენი სულ თითო ოთახად დაურიგეს ჩეკისტებს. ახლა იტალიური ეზოა და რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები