"ვნანობ, ბევრი დრო დამიკარგავს..." - რას ნანობს სამი შვილის დედა, რომელიც საოცარ სახლებს ქმნის

თიკო ალავერდაშვილი ხელოვანების ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან მჭიდრო კავშირში იყო ხელოვნებასთან, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა თავადაც ეს საინტერესო და მრავალფეროვანი სფერო აირჩია. დღეს თიკო ინტერიერისთვის მინიატურული სახლის მაკეტებს ქმნის. ამბობს, რომ ბევრი ძიების შემდეგ მიხვდა, ეს სწორედ ის საქმეა, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა.

- დავიბადე თბილისში, ხელოვანების ოჯახში. მამა მხატვარია, დედა - მსახიობი, თუმცა ახლა დიასახლისია. ჩემს ბავშვობაში მშობლები ცდილობდნენ მეტი თავისუფალი დრო დაეთმოთ ჩვენთვის. ხშირად დავყავდით მე და ჩემი ძმა კინოსა თუ თეატრში, რათა განსაკუთრებით გვყვარებოდა ეს სფერო. მაშინ ფილმებს
მარტო "ილუზიონში" თუ ნახავდი (იღიმის). ძალიან მიყვარდა კინო „რუსთაველი" იმ მიზეზით, რომ მეორე სართულზე ფოიეში იდგა ხის სახლის მაკეტი, თავისი ინვენტარით. ეს ჩემთვის იყო საოცრება. ისეთი საოცრება, რომ ფილმის დაწყებამდე გაუნძრევლად ვიდექი ვიტრინის წინ და ცხვირპირმიდებული ვაკვირდებოდი თითოეულ დეტალს, თან გულში ვნატრობდი, მსგავსი სახლი მეც მქონოდა როდისმე.

- ეს გახდა თქვენი შთაგონების წყარო?
- ალბათ ეს იყო ჩემთვის შთაგონება. ჩემს ქვეცნობიერში სამუდამოდ დარჩა ტკბილ მოგონებად. სამწუხაროდ, ეს პატარა სახლი წლებია აღარ დგას იქ, მაგრამ თქვენი საიტის საშუალებით, ვისარგებლებ და მადლობას ვეტყვი მის ავტორს (სამწუხაროდ არ ვიცი, ვინ არის). ეს სახლი რომ არა, არც მე წამოვიწყებდი ამ პატარა „მშენებლობას“.

- რა პროფესიის ხართ?
- დავამთავრე სამხატვრო აკადემია, გობელენის ფაკულტეტი. პარალელურად ვსწავლობდი მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპიანოს განხრით. ხშირად მეცვლებოდა შეხედულებებიც და გემოვნებაც. მივხვდი, სხვა სფერო მაინტერესებდა და ეს იყო ფეხსაცმელები. დავიწყე სალონში ფეხსაცმელების მოდელების შექმნა. მივიღე შეკვეთები და ასე ჩამოვყალიბდი დიზაინერად. წლები ამ საქმიანობაში ვიყავი. ჩემთვის ბედნიერებაა მოგწონდეს საქმე და შემოსავალიც მოჰქონდეს. მერე ალბათ დგება ყველა ადამიანის ცხოვრებაში ის მომენტი, რომ იღლები. წლები ვიმუშავე დიზაინერად, შემდეგ კი ტაიმ-აუტი ავიღე. გავიცანი აწ უკვე ჩემი მეუღლე, რომელიც დიდ სტიმულს მაძლევს და ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელია. პარალელურად ვწერ საუნდთრექებს ფორტეპიანოზე.

- მინიატურული სახლის მაკეტების შექმნა როდის დაიწყეთ?
- დადგა ის ბედნიერი ერთი დღე... მინდოდა სახლის ინტერიერისთვის შემეძინა სახლის მაკეტი, თუმცა არსად მქონდა ნანახი და მოვიძიე ინტერნეტში. სამწუხაროდ, ვერავისთან გავედი კონტაქტზე. ვერ მოვნახე ვერავინ, ვინც გამიკეთებდა და გულდაწყვეტილმა ვთქვი: მოდი, მე გავაკეთებ... რატომაც არა? ვიყიდე თიხა, ხის მასალა და ათასი წვრილმანი. დამჭირდა უამრავი აქსესუარი თუ ნივთი. სამწუხაროდ ბევრი რამ საქართველოში არ იყიდება, ამიტომ მიწევდა უამრავი გადასაკეთებელი ნივთის ყიდვა - ცოცხიდან დაწყებული, მანქანის ნაწილით დამთავრებული. ასე მოვაგროვე მასალები, ჩავრთე ფანტაზია და მონდომებით შევუდექი საქმეს.
პირველი ნამუშევარი ძველი თბილისის სახლია, თავისი ლამპიონით. მთელი ღამე გავათენე და დილით უკვე სახლი მქონდა გაკეთებული. მართალია მერე დრო საღებავებმა წაიღო, გაშრობა-შეღებვამ, მაგრამ იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ძალიან გამიხარდა და პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე. შემდეგ მოჰყვა ევროპული სახლი, ჯუჯების, ივრითული და ა.შ.

- ალბათ ძალიან შრომატევადი საქმეა. რა დროს ანდომებთ თითოეული მაკეტის შექმნას?
- ზოგ მაკეტს ორ კვირას ვანდომებ, ზოგს ერთი თვე. გააჩნია ზომას და სირთულეს. ყველა დეტალზე ხელით ვმუშაობ. საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა. დიდი ძალისხმევა უნდა, რომ ნამდვილი, რეალური მინიატურა გამოვიდეს, მაგრამ შედეგი საბოლოოდ სასიამოვნოა.

- როგორ იქცევით, როცა რაღაც არ გამოგდით?
- ყველა მაკეტს ჩანახატისა და ესკიზის გარეშე ვქმნი. როცა რაღაც არ გამომდის, ვანგრევ და თავიდან ვაკეთებ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. უკვე გამზადებულს ვხედავ, ფერებში როგორი გამოვა. მუშაობის დროს მოდის მუზა და მთლიანად იმ სამყაროში ვარ. მინდა გადმოვცე ხასიათი, რათა მნახველის ემოცია და სიყვარული გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ბევრი სამუშაო დრო არ მაქვს. სამი შვილი მყავს. პატარები ოთხი და ხუთი წლის არიან. ხშირად ექსტრემალურ სიტუაციაშიც მიწევს მუშაობა, მაგრამ მაინც ვახერხებ.

- როგორც აღნიშნეთ, ბევრ სფეროში მოსინჯეთ ძალები. როგორ ფიქრობთ, ეს არის ის რაც გინდოდათ?
- ჩემი თავი ამ სფეროში ვიპოვე. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თავში უამრავი ესკიზი მაქვს. სულ ვაშენებ და ვანგრევ. ჩემს საქმიანობაში ჩემს ძმასაც დიდი წვლილი მიუძღვის, ისიც ხელოვანია. ის მაძლევს რჩევებს და ამავე დროს სტიმულს. მის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე დიდი ხანია, რაც შტატებში ცხოვრობს და მიწევს ვაიბერით ფოტოების გადაგზავნა. შემდეგ კი მის შეფასებას ვისმენ. ვიცი, ის რეალურ და კრიტიკულ რჩევას მომცემს.ასევე მეგობრებიც ჩაერთნენ ამ საქმეში, მგულშემატკივრობენ და ძალიან მოსწონთ. საბერძნეთიდან ჩემი ბავშვობის მეგობარი მეხმარება. რაც აქ დეფიციტური მასალაა და არ იშოვება, ის მიგზავნის და ასე ფართომასშტაბური ხასიათის გახდა ჩემი საქმიანობა. გარშემო ბევრი კეთილგანწყობილი ადამიანი მყავს, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. ბედნიერს მხდის, როცა მოსწონთ თუნდაც სულ მცირე ნამუშევარი. რამდენიმე თვეა, რაც ეს საქმიანობა დავიწყე და ვნანობ - ბევრი დრო დამიკარგავს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

წარმატებები თიკო 2019-12-22 22:21
მიხარია რომ პირადად გიცნობღ
tamar gviniashvili 2018-02-14 22:14
saocariaaa...... msgavsi nichi ishviatobaaa saqartveloshi ...vagiarot unda :))))
saqartvelo 2018-02-14 22:11
movixible am qalbatonis nichierebit...... sainteresoaaa :)))) bravo :))))
BESARION GABRIEL 2018-02-14 07:25
თიკო ალავერდაშვილის ნამუშევრებმა ამერიკელი ქართველები პირდაღებულები დაგვტოვა. BRAVISSIMO
YOU ARE A TRUE ARTIST
Tamar kandelaki 2018-02-13 20:19
Carmatebebi niciero adamiano!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები