როგორ იქმნება მარინა ნაცვლიშვილის ექსკლუზიური სამკაულები

დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი უკვე ხუთი წელია, ვერცხლის, ოქროს და ფერადი ქვების მრავალფეროვან სამყაროს ქმნის. თავდაპირველად სამკაულს საკუთარი სიამოვნებისთვის აკეთებდა, პირველი გამოფენის შემდეგ კი მის ნაკეთობებზე იმდენად დიდი მოთხოვნა გაჩნდა, გადაწყვიტა, იუველირობა ბიზნესად ექცია. მარინა ნაცვლიშვილის საიუველირო ხაზის მთავარი სიმბოლო ჩიტია. თავის პირველ ნამუშევარსაც სწორედ ამიტომ დაარქვა „ლურჯი ფრინველი“, რომელიც დღეს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ნივთია. ყველა მისი ნამუშევარი ექსკლუზივია და არასდროს მეორდება. ჩვენს მკითხველებს იმასაც ვეტყვით, რომ ქალბატონი მარინა ყველასთვის საყვარელი მსახიობისა და ტელეწამყვანის დუტა სხირტლაძის მეორე ნახევარია.

-
დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. ვმუშაობდი თეატრში, კინოში. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ შემესწავლა საიუველირო საქმე. სტუდენტობის პერიოდიდან მაინტერესებდა ეს საქმე, მაგრამ რატომღაც არარეალური მეგონა სწავლა. თუმცა შევძელი და ვისწავლე. უკვე ხუთი წელია ამ საქმეზე ვმუშაობ. მინდოდა ისეთი სამკაული შემექმნა, რომ ეფექტური და მიმზიდველი ყოფილიყო. ყოველთვის მიყვარდა დიდი სამკაული. ფაქტობრივად ჩემთვის დავიწყე ამის კეთება. როცა გარკვეული რაოდენობის სამკაული დამიგროვდა, გავაკეთე გამოფენა. საკმაოდ დიდი გამოხმაურება და სხვა გამოფენებიც მოჰყვა. ასე ნელ-ნელა დაინტერესდნენ ადამიანები ჩემი ნამუშევრებით და იქცა ბიზნესად ჩემი გატაცება.

- არის ეს ის საქმე, რომელიც გინდათ მთელი ცხოვრება აკეთოთ?
- როცა ადამიანი რაიმე საქმის კეთებას იწყებ და გსიამოვნებს ეს, ძალიან კმაყოფილი ხარ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქმეა, ჩემი ნაწილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა საქმეს არ ვაკეთებ, მაგრამ დღესდღეობით ჩემი ძირითადი საქიანობა მაინც ეს არის.

- რა მასალით იქმნება თქვენი ნამუშევრები?
- მასალა არის ვერცხლი და ოქრო. რაც შეეხება ქვებს, ყველა სამკაული გაფორმებულია ბუნებრივი ქვებით.

- ოდესმე პლაგიატების მსხვერპლი გამხდარხართ?
- მცდელობები იყო. არის ნიუანსები, დეტალები, რომელიც მინახავს სხვა ნამუშევრებში, მაგრამ ზუსტი კოპირება ჯერ არავის გაუკეთებია. როცა ნამუშევარს უყურებენ, ხვდებიან, რომ ჩემია. ხელწერა იგრძნობა, ამიტომ ვერ ბედავენ.

- ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, რთულად შესასრულებელია ეს ნამუშევრები?
- თავიდან ჩვეულებრივი რგოლების კეთებით დავიწყე. დროთა ნამავლობაში სწავლობ, იხვეწები. მინდოდა, რომ რაღაც ჩემი მეკეთებინა. პირველი ესკიზი, რომ მივიტანე ჩემი მასწავლებლები შოკში ჩავარდნენ. ყოველთვის აინტერესებთ ახალ ჯერზე რას გავაკეთებ. თვითონაც დიდი ინტერესით უყურებენ ამ პროცესს. ტექნიკურადაც და ისეც, ძალიან რთული სამუშაოა, მით უმეტეს ქალისთვის. ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

- ყველაზე რთული ნამუშევრის შექმნას რა დროს ანდომებთ?
- დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. ამ ყველაფერზე მარტო ვმუშაობ. ყველა ნამუშევარი ექსკლუზივია, ყველა თითოა და არ მეორდება. როგორც კი ნამუშევარს ვდებ, მაშინვე იყიდება.

- ექსპრომტად იქმნება თქვენი სამკაული, თუ წინასწარ ქმნით ესკიზებს?
- წინასწარ ვაკეთებ ესკიზს და ამ ესკიზის მიხედვით ვაძლევ საბოლოო სახეს. ყოველთვის ინტერესით ველოდები, რა გამოვა ჩემი ნახატიდან. ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. კონვეიერივით ვაკეთო ერთნაირი სამკაული, ეს ჩემთვის მიუღებელია.  

- თქვენს პირად კოლექციაში გაქვთ ნამუშევარი, როელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის?
- ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მაქვს ერთი ბეჭედი და ბროში, რომლებსაც არასოდეს გავყიდი და არც გავაჩუქებ. იმდენად რთული ნამუშევრებია, მეორედ ვერ გავაკეთებ. ვერც მსგავსს ვერ გავაკეთებ. ჩემს ნამუშევარს ყოველთვის ვატარებ ერთი დღე მაინც, სანამ გაიყიდება. ზოგადად ვყოველთვის მიჭირს გასხვისება, რადგან ჩემი ნაწილია თითოეული ნამუშევარი.

- საქართველოში სათანადოდ ფასობს ხელნაკეთი სამკაული?
- შეიძლება მოსწონთ, აფასებენ, მაგრამ საშუალება არ აქვთ გადაიხადონ ის თანხა, რაც რეალურად ღირს. სხვა ქვეყნებში ძალიან ძვირი ღირს ხელნაკეთი ნამუშევრები. სამწუხროდ ჩვენი ეკონომიური მდგომაროებიდან გამომდინარე ყველასთვის არ არის ხელმსიწავდომი.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის გემოვნებიანი სამკაული?
- სამკაული ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ქალის გარეგნობაში. შესაძლოა სამკაულმა აბსოლუტურად შეცვალოს განწყობა, გარეგნობა. თითქოს სხვა ადამიანი ხდები, უფრო თავდაჯერებული ხდები. ვთვლი, რომ დახვეწილი, გემოვნებიანი სამკაული თვითშეფასებას ამაღლებს.

- როგორ ფიქრობთ, სამკაული მეტყველებს ქალის გემოვნებაზე?
- აუცილებლად. სამკაული, ფეხსაცმელი და ჩანთა - ეს სამი დეტალი ნამდვილად მეტყველებს ქალის გემოვნებაზე.

- უახლოეს მომავალში თუ გეგმავთ პერსონალურ გამოფენას?
- ოქტომბრის თვეში გამოფენას ვგეგმავ ვენაში. ეს იქნება ჩემი და ჩემი ფოტოგრაფის ერთობლივი გამოფენა. უკვე აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინაკა 2018-07-03 14:18
მისამართი დადეთ ხომ შეიძლება
ნინაკა 2018-07-03 14:17
სად შეიძლება რომ შევიძინო,მაღაზია არსებობს ამ ნივთების
nino 2018-07-03 10:42
ულამაზესი ეს ბრენდი ფს მაქვს დამეგობრებული და თვალს ვადევნებ ყველა ახალ ქმინლებას და მე ვთლი რომ ეს ადამიანის მიერ არ არის შექმნილი
იზო 2018-07-03 09:16
ხელოვან ქალბატონზეა საუბარი, რომელსაც არაჩვეულებრივი სამკაულები შეუქმნია და კომენტარებში რას წერენ, გასაკვირია!
marika 2018-07-02 23:56
sssssss saidan moitanet rom duta coli ar aris, albat 20 welia rac dutas colia da ori shvilic yavt

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები