ემიგრაციაში შვილებისა და ქვეყნის მონატრებით აღმოჩენილი გატაცება - "ჩემსავით მოხუცებთან სხედან და დარდს ნაქარგებად, ნახატებად და სამკაულებად აქცევენ..."

ალბათ ბევრს გახსოვთ ძალიან ემოციური ვიდეო, რომელმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა და ცრემლის გარეშე ვერავინ უყურებდა. მსახიობ ნიკა ფაიქრიძეს, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი დედა რვა წელი არ ჰყავდა ნანახი, ოცნება აუცდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ნიკას დედას, ქალბატონ ლალის სცენაზე მოულოდნელად უხმეს, რასაც საოცარი ემოციები მოჰყვა (იხილეთ ვიდეო).
ლალი შიუკაშვილი უკვე 10 წელია ემიგრაციაშია. ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. რამდენიმე წელი ზესტაფონის თეატრის მსახიობი იყო, მუშაობდა რაიონულ ტელევიზიაში. უკვე 10 წელია ამერიკაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს. სამშობლოს მონატრებით გამოწვეულ სევდას კი საოცარი ნამუშევრების შექმნით
იქარვებს.

- ჩემი ისტორია ალბათ დიდად არ განსხვავდება ათასობით სხვა ქალის ისტორიისგან - ერთ დღეს ყველაზე მძიმე არჩევანის წინაშე რომ დადგა და ემიგრანტობის მძიმე გზას დაადგა. წლების წინ აკვიატებული მქონდა ფრაზა, რომ ბეღურა ვარ და ყველაზე ცივ ზამთარსაც კი, საკუთარ სამშობლოში გადავიტან! მიყვარდა ჩემი ის ცხოვრება, რომელიც საქართველოში დარჩა და ახლა ლამაზი სიზმარივით, ხანდახან მესიზმრება... ბავშვობა ზღაპარს ჰგავდა! ჰო, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზღაპარში დავიბადე და ზღაპარში გავიზარდე. ამ ზღაპარს თეატრი ერქვა, ზესტაფონის თეატრი, სადაც მამა სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და მოქმედი მსახიობიც. 12 წლის დავდექი სცენაზე. ხატიას როლი შევასრულე სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“ და იმ დღიდან თეატრი ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად იქცა. არავის გაკვირვებია, რომ თეატრალურ ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, თუმცა არა სამსახიობო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის მერე მშობლიურ თეატრს დავუბრუნდი, პარალელურად მუშაობა დავიწყე ადგილობრივ ტელევიზიაში. ეს იყო ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში: უამრავი გამოწვევის, ბრძოლის, ახლის შესწავლის, პრობლემების გადალახვის. დღეს, ამ განვითარებული ტექნოლოგიების ფონზე, ვიღაცისთვის სასაცილოც შეიძლება ჩანდეს პატარა ქალაქის ადგილობრივი ტელევიზია, მაგრამ იმ დროს, 25 წლის წინ, ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ტელევიზიის უსასრულო შესაძლებლობების სივრცეში. მწირი მატერიალური ბაზის ფონზე, ვქმნიდით საკუთარი ქალაქის და რაიონის ახალ რეალობას და ეს იყო „საშინლად საინტერესო“ და რთული გამოწვევა. თუ რაიმე მენატრება დღეს, სწორედ ის განცდა, გადაცემის ჩაწერის წინ, ან კარგად გამოსული ინტერვიუს დროს რომ მეუფლებოდა. ჩემი ემიგრანტობის ისტორია უკვე 10 წელს ითვლის. ხანდახან გაოცებული ვკითხულობ, სად გაიქცნენ ეს წლები?

- რამდენად რთული იყო ის პერიოდი, რაც ემიგრაციაში გაატარეთ?
- უნდა ვაღიარო, რომ ერთი შეხედვით მებრძოლი და ძლიერი ადამიანი, ემიგრანტობის პირველმა წლებმა დამთრგუნა და ძალიან შემაშინა. უამრავი თანმდევი პრობლემის ფონზე, სრულიად მარტო დარჩენილი ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ძალიან დავიკარგე და ბევრი დროც დავკარგე, ვიდრე გონზე მოვიდოდი! მადლობა ღმერთს, გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, დღეს ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთაც წაქცევის და დანებების საშუალება არ მომცეს. ისინი მახსენებდნენ მიზანს, რის გამოც აქ აღმოვჩნდი.

- ბევრს ახსოვს ემოციური ვიდეო, როცა თქვენ ყველასგან ჩუმად ჩამოხვედით საქართველოში და თქვენი შვილის სპექტაკლს ისე დაესწარით, მან არაფერი იცოდა ამის შესახებ. რამდენად რთული და ემოციური იყო ეს შეხვედრა?
- ემიგრაციაში წამოსვლის დროს ნიკუშა უკვე თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, თაკო - მეათე კლასელი. ნიკუშას ხშირად ვეხუმრებოდი, აი, ნახე, შენ რომ მსახიობი იქნები, ერთ დღესაც, მოულოდნელად გამოგეცხადები სპექტაკლზე და ღიმილით მოგართმევ ყვავილებს... და ეს დღე იქნება ჩემი თავისთვის ჯილდო, ყველა მოთმენილი, გადატანილი ტკივილის თუ მონატრების სანაცვლოდ-თქო. საბუთების მოწესრიგების პროცესი, რომელსაც თითქმის წელიწად-ნახევარი დასჭირდა, ისე დავასრულე, ოჯახს არ გავუმხილე, რათა ზედმეტი განცდებისთვის ამერიდებინა. და როგორც კი ეს პროცესი დასრულდა, სიურპრიზის დაგეგმვაც დავიწყე. პირველი ადამიანი, ვისაც დავურეკე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ხვთისიაშვილი იყო. სასხვათაშორისოდ ვკითხე, ოქტომბრის თვეში როგორი განრიგი გაქვთ და ნიკუშა რომელ სპექტაკლში თამაშობს-თქო. დიმა, როგორც ეს ძალიან ჭკვიან ადამიანებს ჩვევიათ, მაშინვე მიხვდა, რომ ჩასვლას ვგეგმავდი და პირდაპირ მკითხა, შენ ის მითხარი, ბილეთი როდისთვის გაქვს აღებულიო. მოკლედ, ყველაფერი, რაც იმ დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მოხდა, მე და დიმამ დავგეგმეთ ერთად და საიდუმლოდ შევინახეთ მთელი თვე. ამ სიუჟეტის გასვლის მერე ბევრი მეკითხებოდა, როგორ გაიმეტე ბავშვი ასეთი ემოციისთვისო? მისაყვედურეს კიდეც. მეგობრებს ვპასუხობდი, ხალხო, მეც მკითხეთ, მე როგორ გავუძელი ექვსი წლის უნახავ შვილს რომ ვუყურე ორი საათის მანძილზე და ახლოს ვერ მივდიოდი, ვიდრე სპექტაკლი არ დასრულდა-თქო. მოკლედ, შეპირებული სიურპრიზი გამოგვივიდა...

- ულამაზეს აქსესუარებს ამზადებთ. რატომ გადაწყვიტეთ მათი დამზადება და როგორ შეისწავლეთ?
- უკან დაბრუნება საშინლად გამიჭირდა. ხელახლა დამეწყო ის განცდები, რაც ემიგრანტობის პირველ თვეებში გადავლახე. დეპრესიის უფლება არ მქონდა და საკუთარ თავს ვაიძულე, რაღაც ახალი და საინტერესო საქმით დავკავებულიყავი. ასეთი მაშინ აბრეშუმის ლენტებით ქარგვა აღმოჩნდა. ახალი ტექნიკა, უამრავი საინტერესო დეტალი, დაჩხვლეტილი თითები, გათენებული ღამეები, შეცდომები, აღმოჩენები... და შედეგი - ულამაზესი პეიზაჟები. ორი გამოფენა საქართველოში მქონდა. ხშირად მეკითხებიან, ამერიკაში რატომ არ ვაკეთებ გამოფენას. ალბათ იმის გამო, რომ მაქსიმალისტი ვარ და პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალი მაქვს. გამოფენაზე მაშინ ვიფიქრებ, როცა თავად ვიქნები 100 პროცენტით კმაყოფილი საკუთარი ქმნილებებით და ჩავთვლი, რომ უკვე შეიძლება მათი გამოჩენა!

- ალბათ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს და გატაცებას?
- აქ ხელსაქმით უამრავი ქალბატონია დაკავებული და საოცრებებს ქმნიან. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არ ჩანს. ჩემსავით მოხუცებთან სხედან და თავიანთ დარდს და ტკივილს ულამაზეს ნაქარგებად, ნახატებად და სამკაულებად აქცევენ. ხშირად მშურს ხოლმე აქაური მოხუცების. იცით, რამდენი კლუბია და თემატური ამხანაგობა, სადაც თავიანთი გატაცებების და შესაძლებლობების მიხედვით დადიან? ვოცნებობ, ოდესმე ჩვენთანაც იყოს ასე. ამერიკა ნამდვილად არის ახდენილი ოცნებების ქვეყანა, სადაც შრომას ფასი აქვს და მიზანს საკუთარი შრომით, ღირსეულად მიაღწევ. უბრალოდ აქ წარმატება რთულად მიიღწევა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ რა პრიორიტეტები გაქვს და რამდენად მზად ხარ სიძნელეების გადასალახად. აქ რომ ფეხზე დადგე, აქაური განათლება და სერტიფიკატი გჭირდება, აქაური ლიცენზია, ამისთვის კი დრო, ფინანსები და შემართებაა საჭირო! თუ გაგიმართლა, ახალგაზრდა ხარ და საკუთარი თავის გარდა არავინ გაბარია, აუცილებლად უნდა ისწავლო და ფეხზე დადგე. უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს ეს ქვეყანა, მაგრამ როცა ზურგს უკან ოჯახი გყავს და შენზე მინიმუმ 10 ადამიანი მაინცაა დამოკიდებული, ძნელდება მთელი რესურსი საკუთარი თავისკენ მიმართო. ამიტომ გვიწევს მოხუცებთან მუშაობა და საკუთარი ოცნებების ახდენის დროებით გვერდზე გადადება. როცა სხვა მოწოდება გაქვს, მაგრამ იძულებული ხარ, იმუშაო და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენ, ითრგუნები და დეპრესიისკენ მიდიხარ.

- როგორ ქმნით ფერთა გამას და რის მიხედვით არჩევთ ფერებს?
- ნაკეთობების ან ნაქარგების ფერთა გამას წინასწარ არასოდეს ვარჩევ. ეს ყველაფერი განწყობას მოაქვს. ხანდახან ისიც არ ვიცი, ზუსტად რას დავქარგავ ან რას გავაკეთებ. ფიქრებს მივყვები და იმის მიხედვით, რა განწყობა მაქვს, იბადებიან ფერებიც და ჩემი "შვილობილებიც”. ბევრი რამ არ ვიცი ტექნიკურად და ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი შემფასებელი?
- ხანდახან მეცინება ხოლმე, მეგობრებში თამუნა ლეჟავა მყავს, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესული არტისტი, რომელიც საოცრებებს ქმნის ბისერებით. ჩემს ნაკეთობას რომ დავდებ, თამუნა მახსენდება და ვეუბნები, უსინდისო ვარ და ალბათ თავხედიც-თქო. თამუნა მამხნევებს და სიცილით მპასუხობს, არა, ლალი, კარგია, კარგი! ჰოდა, თავხედობა თუა, თავხედობა იყოს, ოდესმე მინდა ისეთი რაღაცებიც შევქმნა, მართლა რომ გამოიწვევს ჩემი სუპერ მეგობრის აღფრთოვანებას. იქამდე დიდი გზაა, მაგრამ საინტერესო.


იხილეთ თამუნა ლეჟავას საოცარი ნამუშევრები - ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრები მსოფლიო კატალოგშია და მის ლუქს-კლასის სამკაულებს ცნობილი ადამიანები ირგებენ


- პრობლემების, დარდის დროს, ან მაშინ, როცა სევდიანი ხართ, თქვენი სამკაული გეხმარებათ?
- ამ დროს მშველის ზუსტად ხელსაქმე და ახალი გატაცებები. ახლა ბისერებს და გულსაბნევების დამზადებას შევეჭიდე... მომწონს, საინტერესოა, უსაზღვრო ფანტაზიის და შესაძლებლობების სამყაროა...

- საქართველოში ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას და საქმიანობის აქ გაგრძელებას?
- ფიქრებს მივყვები და იმის მიხედვით, რა განწყობა მაქვს, იბადებიან ფერებიც და ჩემი "შვილობილებიც" მე ახლა დომენიკოსავით მგზავრი ვარ, თუმცა ზუსტად ვიცი, სად არის ჩემი კანუდოსი, სადაც აუცილებლად დავბრუნდები...




მერი ბლიაძე

კომენტარები

ანა 2019-04-18 13:16
წარმატებები ლალი, ძლიერი, ნიჭიერი და გაბედული ადამიანი ხარ, ბედნიერი იყავი მუდამ!
Madona 2019-04-18 12:41
Lali, zlieri xar da xelic zalian magari gaqvs! Es xojoebi da peplebi saocrebaa, magram mzesumzirebi ....super! Imat ar sheeshva.
..თეკო 2019-04-18 03:10
რა ლამაზი რაღაცეებია..
გაყიდეთ
წარმატებებს გისურვებთ
Medea 2019-04-17 22:58
ლალი შიუკაშვილი არის უკეთილშობილესი, უნიჭიერესი ადამიანი, ღირსეული ყველა გაგებით, როგორც დედა, როგორც პიროვნება. იმსახურებს ყოველგვარ სიკეთეს და გულით ვუსურვებ ასრულებოდეს ყველა ოცნება!
თამარ კარანაძე 2019-04-17 20:06
უღრმესი მადლობა ამ სტატიისთვის! ბედნიერი ვარ რომ ლალის მეგობარი მქვია! უდიდედი სულის და უკეთილშობილესი ადამიანია ლალი, საუკეთესო მეგობარი და დედა, ყველას შემწე,დამხმარე და გამხნევებელი!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები