5 შვილის დედა, რომელმაც ემიგრაციაში ხელოვნების ნიჭი აღმოაჩინა

თვითნასწავლი ხელოვანი ნინო თედიაშვილი 45 წლისაა და ხუთი ვაჟის დედა გახლავთ. დაიბადა საგარეჯოში. უკვე 22 წელია ემიგრაციაშია. ამ წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება მოუწია. ბოლო ცხრა წელია საფრანგეთში ცხოვრობს. გზა, რომელიც დღემდე გაიარა, არ იყო მარტივი. ხუთი შვილის დედამ სწორედ ემიგრაციაში დაიწყო ქარგვა, რაც მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება იყო. მისი ნამუშევრები ყოველთვის აღფრთოვანებას იმსახურებს. ქალბატონმა ნინომ დაამტკიცა, რომ უცხოეთშიც შეიძლება ქართული სული შეინარჩუნო, ოჯახსაც მოუარო, იმუშაო და ხელოვნებასაც ემსახურო.

– ამჟამად ვცხოვრობ საფრანგეთში. ცხრა წელია აქ ვარ. მანამდე ესპანეთში ვცხოვრობდით
რვა წელი. ესპანეთამდე გერმანიაში ვიყავით სამი წელი. ბავშვებიც შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში დაიბადნენ. თავიდან ეკონომიკური გაჭირვების გამო წამოვედით საქართველოდან, მერე ალბათ მივეჩვიეთ. 
ემიგრაციაში ამდენი ხნის ყოფნის მიუხედავად მაინც ვერ ვეგუები აქაურობას. მოწყვეტილი ვარ ჩემიანებს. შვიდი დედმამიშვილი ვართ. როგორი ასატანია, უფროსი ძმა 25 წელია არ მინახავს, არ ვიცნობ მის ცოლ-შვილს, მხოლოდ ინტერნეტით ვკონტაქტობთ. ჩემი უმცროსი დაიკო - მაკა ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი და-ძმაც წლებია არ მინახავს. რთულია უცხო ქვეყანაში ცხოვრება, სულ საბუთის მოლოდინში ვართ და თითქოს ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული, არ მაქვს მუშაობის უფლება.

– როგორც აღნიშნეთ, გზა, რომელიც ემიგრაციაში დღემდე გაიარეთ, არ იყო მარტივი. რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?
– იმ გზას, რომელიც მე გავიარე ემიგრაციაში ყოფნის დროს, მტერსაც არ ვუსურვებ. სამჯერ იყო მცდელობა ჩემი დეპორტირების, ორჯერ ვენების გადაჭრა მომიწია თავი, რომ დამეხსნა. ეს დიდი ისტორიაა, ცალკე წიგნად დაიწერება. ზოგადად, დიდი წვალებით მოვედით დღემდე. ამჟამად უკვე გვეკუთვნის საბუთი და მშვიდად ვარ, დეპორტირების საშიშროება აღარ გვემუქრება.

– ხელოვნებით ხართ გატაცებული და საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი შემოქმედება. როგორ გაგიტაცათ შემოქმედებითმა პროცესმა და რა ნამუშევრებს ქმნით?
– რაც შეეხება ხელოვნებას, ჩემი სულიერი საზრდო გახდა 2014 წლიდან. სრულიად შემთხვევით, ბაზრობაზე ძალიან იაფად ვიყიდე საქარგი ძაფები, ვიფიქრე, რამეს მოვქსოვ და გავერთობი-მეთქი. ინტერნეტში წავაწყდი ჯვარედინი ქარგვის სქემებს და მოვსინჯე. ძალიან მომეწონა შედეგი, მაგრამ ბავშვებმა დამიწუნეს, ნუ იბრალებ, მაგას ჩვენც კი დავქარგავთო. მაშინვე გული ავიცრუე. მერე ლენტებით ქარგვა დავიწყე, მაგრამ მარტო ყვავილები უნდა მექარგა, ცხოველები არ გამოდიოდა ლამაზად. საბოლოოდ ისევ ძაფს დავუბრუნდი, ოღონდ სხვა ტექნიკით და მივაღწიე იმ შედეგს, რასაც ახლა ვქარგავ.
დღევანდელ პირობებში, როცა ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლია ინტერნეტით, ძნელია აღმოაჩინო რაღაც უცხო, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველასგან განახვავებული ნაქარგები მაქვს. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, როცა ჩემს ნაქარგებს ვუცქერ, ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი შექმილია.
შარშან ზაფხულს ფერწერაც მოვსინჯე, ცუდი შედეგი არ ქონდა, მაგრამ მალევე შევეშვი. პირობებიც არ მაქვს, საძინებელში ვხატავდი, სადაც ბავშვიც იძინებს და მის ჯანმრთელობას საფრთხეს ვუქმნიდი. სკულპტურაც პირველივე ცდაზე გამომივიდა. პლასტმასას ბოთლებითაც გავაკეთე ყვავილები. რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი სწავლის მსურველი გამოჩნდა. მთხოვდნენ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერას, მაგრამ უადგილობის გამო ეგეც ვერ შევძელი. თექით ნაქარგი ცხოველებიც ამშვენებს ჩემს კედელს, მაგრამ ძაფით ქარგვა სულ სხვა სილამაზე და სიამოვნებაა.

– ხუთი შვილის დედა, როგორ ახერხებთ გამონახოთ დრო ხელსაქმისთვის, თან იმუშაოთ?
– ის, რომ ხუთი ბიჭის დედას შემიძლია დრო გამოვნახო საქარგავად, უკვე მათ ხასიათს გამოხატავს. დიასახლისობის და ხელოვნების გარდა ძალიან ბევრი საქმით ვარ დაკავებული. დღე არ გავა, ერთ ქართველს მაინც რომ არ გავყვე თარჯიმნად ექიმთან, ადვოკატთან, ან საბუთებთან დაკავშირებულ ვიზიტებზე. რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე. ენის პრაქტიკას გავდივარ და მე თვითონ ვარ კმაყოფილი. თვეში ერთხელ ფრანგებთან ვატარებ სხვადასხვა მასტერკლასს (უხელფასოდ, რა თქა უნდა).

– ბავშვები რამდენად ადაპტირდნენ სხვადასხვა ქვეყანაში?
– სხვათა შორის, საუკეთესო მოსწავლეები არიან. ნიკა (18 წლის) უცხოენების ინსტიტუტში ჩაირიცხა წელს, 1500 აბიტურიენტიდან მეხუთე ადგილზე გავიდა. ვაჩე (15 წლის) ლიცეუმში სწავლობს და კარგი სწავლისთვის უმაღლესი სტეპენდია დაენიშნა. პატარა - გაბრიელი (7წლის) ჯერ დაწყებით სკოლაშია. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ. თუმცა ჰიპერმზრუნველობით არ გამოვირჩევი. არასრდროს ვაძლევ მითითებას როდის დაიძინონ, ან როდის იმეცადინონ. შეიძლება თავზეც დაათენდეთ კომპიუტერთან ჯდომით, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას, თვითონ უკეთ იციან როდის რა უნდათ.
როგორც უკვე იცით , „მომთაბარე“ ცხოვრებას ვეწევით. ამდენი ქვეყნის, ენის და სკოლის შეცვლამ ბევრ რამეში შეუშალა ბავშვებს ხელი. ისე დაიზარდნენ, რომ მხოლოდ სკოლის აქტივობებში მონაწილეობდნენ. არადა ბევრი რამის ნიჭი აქვთ - მუსიკა, სპორტი, ხატვა. სამწუხაროდ, ვერც ერთ წრეზე ვერ ვატარე. ამჟამად მხოლოდ სავარჯიშოდ დადიან სპორტდარბაზში.

– საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
– ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში კერძოდ ვინმე, ან რამე მენატრება. ახლობლებს ინტერნეტით ვუკავშირდები და თითქოს სულ ერთად ვართ. ქართული კერძები აქაც შეგვიძლია დავამზადოთ, ტყემალსაც ვხარშავთ და ჩურჩხელასაც ვავლებთ. (მხოლოდ კარალიოკის ჩირის ჩამოტანა ვთხოვე ჩემ ძმას და რძალს). მთლიანი საქართველო მენატრება ყველა კუთხით, რომელთა უმეტესობა არც კი მნახავს. როგორც კი ჩამოსვლის უფლება მომეცემა, აუცილებლად მოვივლი ყველა კუთხეს.

– რას ისურვებდით ცხოვრებაში?
– რას ვისურვებდი? - ძალიან ბევრი სურვილი მაქვს... ხანდახან მომესურვილება, რომ მივატოვო აქაურობა და დავბრუნდე საქართველოში. ვოცნებობ მქონდეს ჩემი სახელოსნო-გალერეა, სადაც ყველა მსურველს ვასწავლიდი რაც ვიცი. მინდა საქართველოს ყველა კუთხეში მოვაწყო გამოფენა. კიდევ ბევრ რამეს ვისურვებდი, ძალიან ბევრს, მაგრამ ამდენი წლების წვალებას წყალში ვერ ჩავყრი. სხვა გზა არ მაქვს, უნდა დაველოდო ფრანგულ საბუთს, მერე ყველაფერი გამოსწორდება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ხატუნა 2019-11-01 11:33
ღმერთმა დაგლოცოთ ნინო, იბედნიერეთ ტქვენს დი ოჯახთან ერთად, აი საქართველოში როცა ყველა კუთხეს მოივლით ჩემთანაც მოდით
Tiko 2019-10-31 05:31
Bednieri qali mqvia.qalbatono nino rom gagicanit...unijieresi xart da zalian bevri qartvelis imedi.daglocot ufalma satno adamiano

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები