საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპირაციით შექმნილი სამკაულები, რომლებიც ისტორიას "ყვებიან"

დღეს, როცა დახლები თუ ინტერნეტსივრცე სავსეა სხვადასხვაგვარი ხელნაკეთი სამკაულით, ძნელია ვინმე რამით გააოცო და აღაფრთოვანო. სამკაულები, რომლებმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო, იმითაა გამორჩეული, რომ მისი კონცეფციაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ინსპირაციით ქართული სილამაზის წარმოჩენა. ეს საოცარი სამკაულები ძვ.წ. IX-დან ახ.წ. V საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ქართული ნამუშევრების ინსპირაციით არის შექმნილი. საინტერესოა იმითაც, რომ თითოეულ ნივთს თან ახლავს ანოტაცია, სადაც არის ინფორმაცია ინსპირაციის წყაროს აღმოჩენის ადგილის, დათარიღებისა და მხატვრული ღირებულების შესახებ. გვესაუბრება ამ საინტერესო ქართული ბრენდის კრეატიული დირექტორი მაკა შავგულიძე.

- როდის და
როგორ დაინტერესდით სამკაულების დიზაინით? 

- პირველი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, რამაც ხელოვნებისა და კულტურის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულება და ხედვა ჩამომიყალიბა. ამასთან, როგორც უმეტესობა ქალს, მეც განსაკუთრებული ემოციური კავშირი მაქვს დახვეწილ სამკაულთან. ჩემთვის, კონკრეტული სამკაული გარკვეული ამბის, მხატვრული ღირებულების და ემოციის მატარებელია და სწორედ ეს კავშირი მიქმნის მათი ტარების სურვილს და განსაკუთრებულ ამაღლებულ განწყობას.
ვფიქრობ, ქართულ სამკაულში იგრძნობა საოცარი სიცოცხლისუნარიანობა და სიცოცხლის სიყვარული, ჩნდება დღესასწაულის განცდა, რომელიც გახარებს და გამშვიდებს. მას ახასიათებს მშვენიერების თანდაყოლილი შეგრძნება, რომელიც სამკაულისა და ძვირფასი ლითონის დამუშავების ოსტატობის ტრადიციის სიღრმეშია გამოხატული. ვფიქრობ, ჩვენი კოლექციის შექმნის ინსპირაციაც სწორედ ჩემთვის განცდილი ამ ემოციების და შეგრძნებების გაზიარების სურვილია.

- თქვენი სამკაულები დიზაინერულად ზუსტად იმეორებს იმ ნამუშევრებს, რომლებიც აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე, თუ მათი შთაგონებით ოდნავ განსხვავებული დიზაინის სამკაულები იქმნება?
- მხატვრული გადაწყვეტის და ჩანაფიქრის ინსპირაცია სხვადასხვა ეპოქის სამკაულიდან მოდის, მაგრამ სრულიად ახლებურად არის ინტერპრეტირებული და შთაგონებული. სამკაული შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი სამკაულის საგანძურის შთაგონებით, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IX საუკუნიდან ახ.წ. V საუკუნემდე. აღნიშნული სამკაული საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული და ისინი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. თითოეული ნივთი სხვადასხვა ეპოქის კულტურის სახეს გამოხატავს და უნიკალურია თავისი საკუთარი ისტორიით. ჩვენი კოლექცია წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ხასიათის, კლასიკურისა და თანამედროვეობის მოხდენილ და ჰარმონიულ სინთეზს, რომელშიც შერწყმულია ტრადიცია და სიახლე.  

- რა გზას გადის ნამუშევრები - დიზაინიდან მომხმარებლის წინაშე წარდგენამდე და რა მასალებია გამოყენებული?
- პირველ რიგში ვათვალიერებ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე მუზეუმებს და ვარჩევ ახალი სამკაულის შესაქმნელად ინსპირაციის წყაროს, უძველესი სამკაულის ნიმუშებს. შემდეგ ვმუშაობ სამკაულის დიზაინზე, რომელსაც ვქმნი 3D ტექნოლოგიაში და ასე იქმნება ახალი დიზაინი, რომელიც არის ძველის და ახლის უნიკალური თანამშრომლობის შედეგი. ამის შემდეგ იწყება სამკაულის დამზადება, პარალელურად, თითოეული სამკაულისთვის იწერება ანოტაცია, სადაც არის ინფორმაცია ინსპირაციის წყაროს აღმოჩენის ადგილის, დათარიღებისა და მხატვრული ღირებულების შესახებ. საბოლოოდ, სამკაული იფუთება და მზად არის მომხმარებელთან წარსადგენად. ხელნაკეთი კოლექცია სრულად დამზადებულია საქართველოში და მასალისა და შესრულების ხარისხის გათვალისწინებით საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. სამკაული დამზადებულია 925 სინჯ ვერცხლში, 24K მოოქროვებით. ვერცხლის სამკაული როდირებულია - დაფარულია როდიუმის ფენით, რაც ვერცხლს უნარჩუნებს პირვანდელ სახეს და ბრწყინვალებას. ამასთან, არის ანტიალერგიული. სამკაულში გამოყენებულია ბუნებრივი ქვები და ცივი მინანქრის დეტალები.

- ძირითადად ვინ არის თქვენი მომხმარებელი ან სამიზნე აუდიტორია - ქართველები თუ უცხოელები?
- ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. მათ აერთიანებთ საერთო ინტერესი - ატარონ განსაკუთრებული შინაარსის, ტრადიციის და ესთეტიკის მქონე სამკაული, რომელსაც აქვს ერთგვარი ძალა, გამოიწვიოს ადამიანში საოცარი შეგრძნებები, უპასუხოს განწყობებსა და სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას. სამკაული თავისი შინაარსით იმდენად მასშტაბურია და დიდ ინტერესს იწვევს უცხოელებში, რომ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვებზეც.

კომენტარები

Nina 2020-02-27 23:25
https://www.instagram.com/chronosgeorgia_/
Anna 2020-02-27 23:21
https://www.facebook.com/chronosgeorgia/

კომენტარის დამატება