წარმატებული ქართველი დიზაინერი შვეიცარიიდან - საინტერესო პროექტები და რეკომენდაციები ჩვენს მკითხველებს ექსკლუზიურად

ინტერიერის დიზაინერ ლელა ქავთარაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. დიზაინერი წლები რუსეთში მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი შვეიცარიაში ცხოვრობს და საქმიანობს და საკმაოდ საინტერესო ახალი პროექტებიც აქვს. სწორედ სიახლეებზე, უცხოურ პროექტებსა და ტენდენციებზე გვესაუბრა ექსკლუზიურად.


- ამ ეტაპზე ვცხოვრობ და ვმუშაობ შვეიცარიაში, ჟენევაში. დიდი ხანია არაა, რაც დავამთავრეთ მუშაობა პროექტზე ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიასთან. დამკვეთისთვის ჩემმა გუნდმა შეასრულა მთლიანი ციკლი სამუშაოების - დაწყებული ლოგოს დიზაინით და პრეზენტაციის შედგენით, თავისთავად - არქიტექტურით და ინტერიერის დიზაინით დამთავრებული. აქ შვეიცარიაში არის ასეთი პრაქტიკა - პრომოუშენი ჰქვია, ანუ კეთდება პროექტი, ავტორიზაცია, იყოდება ეს
დაპროექტებული ფართი და შემდეგ სამშენებლო კომპანია, რომელიც მოიპოვებს ამ პროექტის მშენებლობის უფლებას, იწყებს შესრულებას.

ასევე დიდი ხანი არაა, რაც დავამთავრეთ დიდი კერძო ვილის მშენებლობა ჩვენი კლიენტისთვის. საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა. ხშირად გვიწევს აგრეთვე decorative upgrade პროექტების კეთება. ახლაც ვაკეთებთ 220 კვ/მ ბინას, სადაც არ იცვლება სივრცის გეგმარება, მხოლოდ დეკორატიულ ხერხებს ვიყენებთ - ვცვლით ფერს, სანათებს, ვამატებთ საინტერესო ავეჯს და ტექსტილს. ასეთი პროექტები აქ ხშირია, რადგან სამშენებლო სამუშაოები ძალიან ძვირია და ამას შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ ადგილობრივი კლიენტები.

- ახალ პროექტებზე მოგვიყევით, როგორ იმუშავეთ, რომელ სტილზე შეაჩერეთ არჩევანი, როგორი იყო თანამშრომლობა დამკვეთთან?
- ახალი პროექტებიდან ჩემთვის პირადად ვილაზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან იყო საკმარისი ბიუჯეტი, რომ შეგვეკვეთა ყველა ის მასალა, რასაც მე ვთვლიდი საჭიროდ. დამკვეთიც მოგვყვებოდა ყველა ექსპერიმენტზე, ერთი სიტყვით, დიდი სიამოვნება იყო მუშაობა. რაიმე კონკრეტული ინტერიერის სტილი ჩემს შემოქმედებაში იშვიათია, რომ გამოკვეთილად იყოს. მე ეკლექტიკის ფანი ვარ და უკვე 20 წელია არ ვღალატობ.


- თქვენთვის კონკრეტულად რა არის პრიორიტეტული ინტერიერის დიზაინში, რა სტილი მოგწონთ მეტად, რა მასალებს, რა ტიპის განათებას, სივრცის როგორ განაწილებას ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემთვის პრიორიტეტი ფუნქციაა, ერგონომიკა, დეტალებსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. როგორც იცით, ღმერთი დეტალებშია, - ეს ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა არქიტექტორმა, ლუდვიგ მის ვან დე როიმ თქვა ოდესღაც. როცა ინტერიერი არის გააზრებული და ნაფიქრი კონკრეტული კლიენტისთვის, ის მინიმუმ 10-15 წელი აქტუალურობას არ კარგავს, ამიტომ ვცდილობ თავი ავარიდო ხოლმე ტრენდულ, ახალმოდურ ტენდენციებს. დღეს, როგორც მოდა, ინტერიერის ინდუსტრიაც გვთავაზობს სიახლეებს ყოველ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ეს შეუძლებელია დაინერგოს, პირველ რიგში ეკოლოგიის თვალსაზრისით.

მასალას ვირჩევ ძირითადად ნატურალურს, მიყვარს ხე, ეფექტების გარეშე, ხშირად უფრო უხეშად დამუშავებული. ნატურალური ქვა ჩემი სტიქიაა, ის დიზაინი, რასაც ბუნება ქმნის, არაჩვეულებრივია და მას კონკურენცია ვერ ექნება. არ მიყვარს ფეიკი არც ერთ განსახიერებაში - ადამიანში თუ მასალაში, უბრალოდ ვერ მივიღებ. განათებას ვამჯობინებ მრავალდონიანს, ანუ როცა არა მარტო ჭერია საქმეში, ბრები, ტექნიკური განათება, ტორშერები, რამდენიმე სინათლის კერა მაგიდის ლამპების მეშვეობით. მომწონს, როცა შეიძლება მუდმივად რეგულირება და შეცვლა განათების. ცალკე ახალ ინტერიერს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება ხატავს. სივრცე ვცდილობ გადავანაწილო ოპტიმალურად, არ დავკარგოთ არც ერთი სანტიმეტრი. რომ არ გვქონდეს გამოუყენებელი კუთხეები, ზედმეტი კორიდორები და მსგავსი. ასევე დანიშნულების მიხედვით ვაპროექტებთ დამხმარე სივრცეებს, რაც მომავალში ყოფას უადვილებს ჩვენს კლიენტს.

- ზოგადად რა არის ახლა აქტუალური მსოფლიო ინტერიერის დიზაინში, რაზე აკეთებენ აქცენტს დიზაინერები და რა არის ისეთი, რაც შემდგომ წლებშიც არ დაკარგავს აქტუალობას? რამდენად მისდევთ და ითვალისწინებთ ტენდენციებს ინტერიერის დიზაინზე მუშაობის დროს?
- როგორც ვთქვი უკვე, ტენდენციებს აყოლილი დიზაინერი არ ვარ. მე მარადიული ღირებულებების მომხრე ვარ. გავიმეორებ, რომ მიყვარს ნატურალური მასალა, ვინტაჟური ავეჯი, ხელნაკეთი, ლიმიტირებული ნივთები გამოყენებითი დიზაინერებისგან. პროპორციების დაცვა არის უმთავრესი ჩვენს საქმიანობაში. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ფერის (ტრენდს მნიშვნელობა არ აქვს) შეხამების ხელოვნებას, კომპოზიციურ გადანაწილებას, ეს არის ის ქვაკუთხედი, რაზეც ჩემი დიზაინი დგას. ასევე ხშირად ჩემი ესკიზებით ვამზადებთ ინტერიერის დეტალებს - რკინის, შუშის, ხის, საუკეთესო სპეციალისტებთან იტალიაში, საფრანგეთში თუ შვეიცარიაში.

- როგორია 2023 წლის დიზაინის ტენდენციები, რომელი სტილი და ფერი იქნება აქტუალური?
- ზოგადად ტენდენციებს, მაგალითად ფერში, სააგენტო panton აცხადებს ყოველ წელს. 2023 წელს blue perrenial არის გამოცხადებული. ლურჯის ეს ელფერი მე ისედაც მომწონდა და ვიყენებდი ჩემს პროექტებში, ასე რომ, პირობითია ეს ყველაფერი. პირადად მე ნაცრისფერის ყველა სახეობა მიყვარს, როგორც ფონი, არაჩვეულებრივად მუშაობს, ასევე - კლაინის ლურჯი, ვარდისფერის ნაირსახეობები. 

- საქართველოში თუ ადევნებთ თვალებს ინტერიერის დიზაინის განვითარებას, ბინებს და საინტერესოა, რა მოგწონთ და რა გხვდებათ თვალში უფრო ცუდად, რასაც შეცვლიდით?
- საქართველოში გვქონდა ერთი ობიექტი, თუ არ ვცდები, 2010 წელს და იმ დროიდან მოყოლებული ვაკვირდები ადგილობრივ დიზაინს. დიდი პროგრესი განიცადა ამ სფერომ ამ 12 წლის მანძილზე, გამოჩნდა მასალები, შემსრულებლები, პროფესიონალიზმი ჯერ კიდევ დიდ დეფიციტშია. ზოგადი ჰგონია ეს პროფესია ხალხს, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რა საჭიროა ინტერიერის დიზაინერი, საქართველოს ნახევარს ხომ სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და კარგი გემოვნება აქვსო. იმედია, ოდესმე მდგრადი ეკონომიკა გვექნება ქვეყანაში და ეს სფეროც ავა უფრო მაღალ პროფესიონალურ დონეზე. ასეა თუ ისე, მაინც პროგრესია და მე უკვე ვხედავ სრულყოფილ დიზაინს ზოგიერთ ობიექტზე. ქართველები მართლაც ნიჭიერი ხალხია, რაც არ უნდა მობეზრებული გვქონდეს ეს ცნება. შრომისმოყვარეობას და ხარისხიან გამოცდილებას თუ დავამატებთ, მართლა ტოლს ვერავინ დაგვიდებს.

- თქვენი საცხოვრებელი როგორ დააპროექტეთ, რა იყო პრიორიტეტები, რა არის მთავარი, რაც თქვენი სახლის ინტერიერს უნდა ჰქონდეს, როგორ გადაწყვიტეთ ამოცანა და როგორია ახლა თქვენი ბინა?
- ჩემი პირველი საცხოვრებელი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ, იყო მოსკოვში. საკმაოდ არასტანდარტული ბინა, რომელიც შუაგულ ქალაქის ცენტრშია, ძველ სახლში (1883წ აშენებული) და აქვს 4,5 მ სიმაღლის ჭერი, ძველი ბუხრით. ასევე თბილისშიც გვაქვს საცხოვრებელი, რომელშიც ახლა რემონტი მიმდინარეობს. იმედია, ესეც საინტერესო პროექტი გამოვა. აქ ჟენევაში კი ვცხოვრობთ ნაქირავებ საკუთარ სახლში, კერძო სკოლასთან ახლოს, სადაც ჩვენი შვილები სწავლობენ. ჩემმა პროფდეფორმაციამ აქაც არ მომასვენა - გადავღებე კედლები, შევიძინე ვინტაჟური ავეჯი და ნათურები, საკმაოდ ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები (ეს ჩემი ჰობია, მუზეუმების დონის ვინტაჟის მოძიება და შეძენა სპეციალურ აუქციონებზე). ერთხელაც ეს ჩემი მშვენიერი ბინა ადგილობრივი ინტერიერის ჟურნალის მთავარ რედაქტორს მოხვდა თვალში ჩემს ინსტაგრამზე, უმალვე დამიკავშირდა და შემდეგ თვეში უკვე დაიბეჭდა მასალა maison&ambiance-ში.

- რამდენიმე რჩევა მიეცით ჩვენს მკითხველს, როგორც დიზაინერმა, რა უნდა გაითვალისწინონ ბინის დაგეგმვის, სივრცის განაწილების დროს, როცა ვერ ახერხებენ დიზაინერის დახმარებით ამის გაკეთებას...
- ქართველ მკითხველს ვურჩევდი, სივრცის განაწილებისას მოერიდონ ფანტაზიურ გეომეტრიას, წრიულ ხაზებს, სასარგებლო ფართს გვაკარგინებს ეს ყველაფერი. ანუ ხარისხიანი დიზაინი სინამდვილეში სიმარტივეშია, რომელიც გენიალურია. ეს აზრი ოდესღაც გებელსმა ჩამოაყალიბა და ეს ერთადერთია, რაშიც უპირობოდ დავეთანხმები.

ლელა ქავთარაძის რამდენიმე საინტერესო პროექტს ცალკე წარმოგიდგენთ შემდგომში.
ლელა ზურებიანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები