სახლი, რომელიც უწინ ერეკლე მეორის დის აგარაკი იყო და დღეს ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს

ძველი თბილისის უბნებში არაერთი ისტორიული ნაგებობაა, რომელმაც წლების განმავლობაში შეიცვალა პირველადი სახე და დანიშნულებაც. მათ გარშემო ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთს ენაცვლება.
ჩვენამდე გადმოცემით მოსულ ამბებს შორის კი ზოგიერთი სასიამოვნო მოსასმენია და ალბათ, ეს შემთხვევაც მათ შორისაა. სოლოლაკი უწინ ის ადგილი იყო, სადაც ქართველ წარჩინებულთა ბაღები იყო გაშენებული. დროთა განმავლობაში მწვანე საფარი იჩეხებოდა, მაღალი ფენის წარმომადგენლები ლამაზ სახლებს იშენებდნენ და XIX-XX საუკუნეებისათვის აქ უკვე არაერთი ორიგინალური არქიტექტურული ნაგებობა აიგო. თუმცა, შენობა, რომელიც ცოლ-ქმარ საბა თევზაძესა და ანი კვარაცხელიას ეკუთვნის, გაცილებით ადრეა
აშენებული, დაახლოებით XVIII საუკუნის დასაწყისში. წყვილმა სახლი 2010 წელს შეიძინა, თუმცა მხოლოდ გასულ წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ახლაც სივრცეს ეტაპობრივად სხვადასხვა დეტალს მატებენ და ეზოსაც ლამაზად აწყობენ.


საბა:

- ეს ადგილი ერეკლე II-ის დის ქეთევანის აგარაკი იყო და აქაურობას „სოლოლაკის ბაღებს“ ეძახდნენ. იმ კედლის იქით, სადაც ახლა ჩვენი ეზოა, იწყებოდა ტყე. მას შემდეგ აქ ვინ ცხოვრობდა, არ ვიცი. ბავშვობა აქვე ეზოში მაქვს გატარებული, მხოლოდ - სხვა სახლში და სულ აქ დაბრუნება მინდოდა. რამდენიმე წლის წინ ეს სახლი შევიძინეთ, რემონტი 2019 წელს დავიწყეთ და საბურთალოდან სოლოლაკში საცხოვრებლად 2020 წელს გადმოვედით.


- სახლის ფართობი რამდენია?

- სულ 160 კვდრატია: მეორე სართულზეა სამი საძინებელი და შუშაბანდი, ხოლო პირველზე - მისაღები ოთახი და სამზარეულო. სახლს აქვს ბუხრები და სამზარეულოშია ღუმელი. პირველ სართულზე მოურავები ცხოვრობდნენ და როცა ისინი ბუხარს (დღევანდელ ჩვენს მისაღებ ოთახში) დაანთებდნენ, სპეციალური გათბობის სისტემით, ანუ კედლებში ჩამონტაჟებული მილების საშუალებით, სითბო ორივე სართულზე ნაწილდებოდა.

- სახლში მოხვედრა ქუჩის მხრიდანაც შესაძლებელია და ეზოდანაც. ზედა სართული საძინებლებს უკავია, ხოლო პირველი - სამზარეულოსა და მისაღებს. დერეფანში მდებარე ხის მრგვალი კიბე აკავშირებს ორ სართულს, რომლის თავზეც ორიგინალური ხელნაკეთი სანათია დამონტაჟებული. ეს ახლა, მაგრამ რა მდგომარეობაში დაგხვდათ აქაურობა?


- აქაურობა ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, ყველასთვის წარმოუდგენელი გახლდათ, რომ რამე გამოვიდოდა. ამ სახლს სანამ შევიძენდი, ჩემი ერთი მეზობელი, რომელთანაც ბავშვობიდან ვიზრდებოდი, მოვიდა და მითხრა, - ხომ იცი, შენთვის კარგი მინდა, კარგად დაფიქრდი, სანამ იყიდიო. ცოტა ხანს მაცადეთ და ნახავთ, რა გამოვა-მეთქი. მართლაც, რემონტი რომ დასრულდა, ყველაფერმა სულ სხვა სახე მიიღო. კედლები გალესილი იყო, შეღებილი და რამდენიმე ფენა გაჯი ესვა, რომლის მოშორების შემდეგ, გამოჩნდა ძველი ქართული აგურის კედლები. პირველად კედლები სამზარეულოში „ჩამოვხსენით“ და აგურის წყობა ვნახეთ, უბრალოდ დანაშაული იქნებოდა, რომ პირვანდელი სახით არ დაგვეტოვებინა. ოთახებში ადგილ-ადგილ „აყირავებული“ აგურებია. სოლოლაკში ბევრ სახლში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი წყობა არსად მინახავს. საკმაოდ მყარი სახლია, მეტრ-ნახევრიანი სიგანის კედლებით, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნაგებობა პირდაპირ მიწაზე იდგა, ფაქტობრივად საძირკვლის გარეშე და როგორც შესაძლებელი იყო, გავამაგრეთ.




- დიზაინერი თუ გყავდათ?

- ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. რამე იდეა რომ მომივიდოდა, დედაჩემთან, ეკა ეგაძესთან ერთად ვამუშავებდი, რომელიც პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორია. მასვე ეკუთვნის მისაღები ოთახის განათების დიზაინიც. მართალია, გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ რემონტის პროცესში თვითონ სახლმა შემიწყო ხელი.

ანი:

- ჩვენთვის მთავარი იყო, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ინტერიერის პირველადი სახე და რისი საშუალებაც იქნებოდა, ახლით არ ჩაგვენაცვლებინა. ასეთი აღმოჩნდა დარაბები, რომელიც ყველა დავტოვეთ, მხოლოდ რესტავრაცია ჩავუტარეთ. ასევე მოხდა ძველი კარ-ფანჯრის შემთხვევაშიც. იატაკი არა დაჭრილი, არამედ მთლიანი 6-მეტრიანი ფიცრებისგან არის გაკეთებული. გვინდოდა, ესეც შეგვენარჩუნებინა, მხოლოდ რესტავრირება გავუკეთეთ. ასევეა შუშაბანდიც, რესტავრაციის შემდეგ პირველად ვარიანტთან იდენტური სახე მიიღო. რეალურად ეს სახლი თავის დროზე ერთ ადამიანზე იყო გათვლილი, ჰქონდა თავისი საჯინიბოც და ქუჩიდან შენობაში რკინის ხიდით შეიძლებოდა მოხვედრა. ეს ფოტოები არქივში გვაქვს ნანახი. ეს სახლი სწორედ თავისი სიძველისა და უნიკალურობის გამო მოგვწონდა. სამეფო ოჯახს ეუთვნოდა, მე-18 საუკუნის დასაწყისიაა და ასეთი ტიპის სახლი ბევრი არ არის თბილისში. ვხვდებოდით, რომ დიდი შრომა უნდა ჩაგვედო ამ ყველაფერში, მაგრამ ძალიან გვინდოდა, პირვანდელ სახესთან ახლოს ყოფილიყო და ამავდროულად ჩვენთვის კომფორტული საცხოვრებელი.




- რაც შეეხება სახლის ავეჯითა და სხვა ნივთებით გაწყობას, მისაღებსა და სამზარეულოში ორიგინალური მაგიდა და სკამებია. ძველი ავეჯია?

- ავეჯის უმეტესობა ძველია, რესტავრირებულია. მათ შორის სამზარეულოს მაგიდაც დეკუპაჟის ტექნიკით არის გაკეთებული, საბას დედის ნამუშევარია. ის არქიტექტორია და ძალიან დაგვეხმარა სახლის მოწყობაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საძინებლის საწოლის გარდა, ყველაფერი ძველია. მათ შორის სკივრები, რომლებიც სათითაოდ გვაქვს ნაყიდი და რესტავრირებული. ჩვენს ოთახში გვაქვს ძალიან ძველი ხალიჩა და ფარდაგი, რომელიც ასევე უხდება სახლის ინტერიერს. არც ჭურჭელია თანამედროვე, თუმცა ვცდილობთ სახლის გარემოდან გამომდინარე კლასიკურ სტილში შევარჩიოთ. მეორე სართული მეტ-ნაკლებად უფრო თანამედროვედაა მოწყობილი, ვიდრე პირველი. ჩვენს შვილებს, 23 წლის სანდროს და 11 წლის ელის ძალიან მოსწონთ აქაურობა, განსაკუთრებით ელია გახარებული, რადგან ბებია-ბაბუა გვერდით ეზოში ჰყავს. მათ ოთახშიც ზოგი ახალი ავეჯია და ზოგიც ძველი, ვცდილობთ დავაბალანსოთ, თუმცა ვფიქრობთ, პირველ სართულზე აგურს ძალიან უხდება ძველი სტილის ავეჯი და სხვა ნივთები. ჩვენი სახლის ინტერიერის ძირითადი „გაფორმება“ კედლებზე ნახატებია, რომელიც ეკუთვნით მხატვრებს: ბესიკ არბოლიშვილს, მაკა ბატიაშვილს, ლევან ბზვანელს, ნიკო ცეცხლაძეს, კოკა რამიშვილს, კოტე სულაბერიძეს და ა.შ.



- ეზოში სამზარეულოდან გადიხართ. ერთ მხარეს სახლია, მეორე მხარეს კი ქვით და აგურით ნაშენი კედელი...

- დიახ, ამ სივრცის ნაწილი გვინდა გადავხუროთ და დავდგამთ დიდ სასადილო მაგიდას, როგორც ჩვენთვის, ისე სტუმრების მისაღებად. აქვე პატარა სავარჯიშო ადგილიც იქნება და ესეც მომავლის გეგმაა. ეზოში დგას ბროწეული, მუშმალისა და დაფნის ხეები. მცოცავი ვარდი დავრგეთ, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდება და მთელ კედელს დაფარავს. მცენარეების დამატებას ეტაპობრივად ვაპირებთ, რომ ეზო მაქსიმალურად მწვანედ მოეწყოს. საბას ყოველთვის უყვარდა აქაურობა და ჩვენც ძალიან შეგვიყვარდა. ბავშვებიც კმაყოფილები, ბედნიერები არიან და ჩვენი მეგობრებიც. ვფიქრობთ, კარგი არჩევანი გავაკეთეთ.

ანა კალანდაძე

კომენტარები

ოლია 2024-02-04 21:38
საოცრად ლამაზია ყველაფერი, ულევი სიხარული და ბედნიერება♥️♥️
იზა 2024-02-04 20:15
ყველაფერი საუკეთესოდ არის მოფიქრებული და აღდგენილი. გაიხარეთ, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.
eteri 2022-12-06 20:32
ბედნიერად გაცხოვროთ
თემური 2021-10-18 20:49
ნაღდი ქართველები!
მაია 2021-10-16 14:25
ძალიან ლამაზია, მშვიდობაში მოიხმარეთ! გემოვნება უდავოა.

კომენტარის დამატება