ბავშვობის მოგონებებით გაჯერებული სივრცე და აფიშები ინტერიერში - სტუმრად მაია ბარათაშვილთან

მაია ბარათაშვილს, როგორც წარმატებულ მუსიკოსს, ჯაზშემსრულებელს, თავისი საქმის პროფესიონალს, ყველა იცნობს. თუმცა, ალბათ, ცოტა რამ იცით მისი ოჯახის, ბავშვობის, პირველი ცხოვრებისეული ნაბიჯების შესახებ. მით უმეტეს, არ გინახავთ მისი ბინა ყაზბეგის გამზირზე, სადაც ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დასახლდა მშობლებთან ერთად და რომელთანაც ბევრი ტკბილი მოგონება თუ ტკივილიც აკავშირებს...

- ჩემთვის სახლი ასოცირდება ულამაზეს თავშესაფართან, სიმშვიდესთან, სადაც ვერავინ შემოაღწევს ჩემი ნების გარეშე. სახლი არის ის ადგილი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. სადაც იკრიბებოდა უამრავი ცნობილი და საამაყო ადამიანი. სახლი არის ის ადგილი,
სადაც ჩემი მეგობრები მოდიან. აქ ყველა კუთხეს თავისი დატვირთვა და ფუნქცია აქვს.

სტუმრები მისაღებ ოთახში იყრიან თავს. აქ არის ორი ზონა - ერთი სივრცე გამოიყენება სადილისთვის, მეორე - ლაუნჯისთვის. ამ ოთახში ძალიან საგრძნობია ჩემი არსებობა აფიშების სახით. ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, თავს უფლება მივეცი და გადავწყვიტე, რომ აქ წარმომედგინა ჩემი ისტორია.

ეს აფიშები, რომელთაც ოთახში ხედავთ, არის ჩემი სოლო კონცერტიდან „რესტარტი“, ანუ გადატვირთვა, და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საიუბილეო კონცერტის მერე, ფილარმონიის წინ გამიხსნეს ვარსკვლავი. ეს დიდი პატივი და სიხარულია. დიდი მოფრთხილება სჭირდება ამ ტიტულს. როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკონცერტო დარბაზის წინ წერია შენი სახელი, ეს გავალდებულებს, კიდევ უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე აქამდე აკეთებდი. ამ აფიშების დამზადებაში ორ ადამიანს მიუძღვის დიდი წვლილი. ერთია ჩემი ბავშვობის მეგობარი ბესო დანელია, რომელიც ძალიან კარგად მიცნობს. მან დაამზადა ეს აფიშაც, სადაც კარგად ჩანს ჩემი ხასიათი. ჩემი სახელი მაქვს ზუსტად გულში, ვარ გახარებული, თავდაჯერებული. უკან უამრავი მუსიკალური ინსტრუმენტია, თან მარტო ვარ და თან ზურგს მიმაგრებს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ ინსტრუმენტები, რომლის სოლისტი ვარ 1998 წლიდან. აფიშა შეასრულა ჩემმა მეგობარმა ლევან ცირეკიძემ და ეს იდეა ბრწყინვალედ განახორციელა. ეს აფიშა გადმოვიტანე ინტერიერში და ვფიქრობ, მოუხდა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასევე ბანერს, რომელიც ბესო დანელიას და ლევან ცირეკიძეს ეკუთვნით.



ყველაზე მეტ დროს ვატარებ სამუშაო ოთახში, სადაც ასევე უამრავი აფიშაა. ბავშვობიდან მოყოლებული, ამ ოთახში ვვითარდებოდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი...

ვახსენე, რომ სახლი არის ის ადგილი, სადაც ჩემი ნების გარეშე ვერავინ შემოვა. დიდ პატივს ვცემ ადამიანის პირად სივრცეს და იმავეს ვითხოვ სხვისგანაც. ეს ეხება ყველაზე ახლო მეგობრებსაც კი. არასოდეს არ ვჩნდები ადამიანთან, თუ წინასწარ არ დავრეკე, არ შევუთანხმდი, ნება არ ვითხოვე. ეს არ ნიშნავს, რომ სტუმარი არ მიყვარს. პირიქით, ამ სახლს უზომოდ დიდი სიტორია აქვს, საოცრად თბილი სახლია და ჩემი მშობლები სტუმართმოყვარე ხალხი იყო.

- ამ სახლში დაიბადეთ?

- არა... საკმაოდ საინტერესო ისტორია მაქვს... დავიბადე ე.წ. შანხაის დასახლებაში. პავლოვის (ახლანდელი ყაზბეგის - ავტ.) №47 - ჩემთვის არ არის უბრალოდ მისამართი. ეს არის ადგილი, სადაც შევიძინე ჩემი ცხოვრების მეგზურები, მეგობრები, რომლებიც შემდეგ ჩემს ნათესავებად იქცნენ. ბავშვობის მოგონებებიდან მახსოვს, როგორ ყვაოდა იქ ნუშის ხეები; როგორ მიყიდა მამამ პირველი ველოსიპედი „დესნა 2“, რომელიც ქალბატონებისთვის იყო და მე ამ დროს ვიყავი 7 თუ 8 წლის. მახსოვს, როგორ დავაქროლებდი ამ ველოსიპედს ეზოში. იქვე, მეორე ეზოში ცხოვრობდა ჩემი მუსიკის მასწავლებელი მედიკო ჩხეტიანი, ერთ-ერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, და დიდი მადლობა მას, რომ კლასიკური მუსიკა ასე შემაყვარა.

შემდეგ გადავედით ყოფილი პეროვსკაიას ქუჩაზე, დღეს უკვე ვაშლოვნის ქუჩაზე. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ადგილი. წინა საუკუნეში ამ ადგილას იყო ვერის ბაზარი. ეს არის თბილისის გული. იქ ცხოვრობდა ჩემი ბაბუა გოგი მგალობლიშვილი, საქართველოს მთავარი მეღვინე, პირველი სამტრესტელი, რომელმაც გერმანიაში მიიღო განათლება და როცა საქართველოში დაბრუნდა, სამეცნიერო შრომა დაწერა გერმანიის მეღვინეობაზე. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართული ნატურალური ნახევრად ტკბილი ღვინოების ფართოდ წარმოების განვითარებას. დღემდე ვამაყობ მისით.

მამაჩემი, ლევან ბარათაშვილი, იყო ცნობილი იურისტი, ადვოკატი. დღემდე მახსოვს, როგორ იჯდა სამუშაო კაბინეტში და წერდა სასამართლო პროცესზე გამოსასვლელ სიტყვას. მამა არ მახსოვს წიგნის გარეშე. ვისურვებდი, მისი მეოთხედი ცოდნა მქონდეს. უყვარდა მოხდენილად ჩაცმა, ჰქონდა ინგლისური ტვიდის იშვიათი კოსტიუმები. ბავშვობიდან მიყვარდა მის გარდერობში თამაში. შლაპას ატარებდა და ვინც მას იცნობდა, დღესაც იხსენებენ, ასე შლაპა არავის უხდებოდა თბილისშიო.

დედა პროფესიით კბილის ექიმი იყო და ხშირად დავყავდი სამსახურში. ფაქტობრივად სტომატოლოგიურ კლინიკაში გავიზარდე. დედაჩემის მეორე მხარე ბევრმა ადამიანმა არ იცის - არაჩვეულებრივად მღეროდა და პროფესიულ სცენაზეც იდგა. მე მაქვს ინოლა გურგულიასა და მერაბ თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული დედას სურათი. მე დედა გავიცანი ვაჟა აზარაშვილის სიმღერით „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, რომელსაც ხშირად ასრულებდა როიალთან. სიმბოლური იყო, რომ ჩემს საიუბილეო კონცერტზე, ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე, სწორედ ეს სიმღერა შევასრულე თანამედროვე არანჟირებით. დარწმუნებული ვარ, როცა ამ სიმღერას ვმღეროდი, დედა ამას გრძნობდა და ბედნიერი იყო... დაუსრულებლად შემიძლია ჩემს ოჯახზე საუბარი. ალბათ ყველა ადამიანი ამაყობს თავისი ოჯახით და მეც ნუ ჩამითვლით ამას ამპარტავნობად.



- საიდან იწყება თქვენი და ამ სახლის საერთო ისტორია?

- 11 წლის ვიყავი, როცა მშობლებთან ერთად აქ გადმოვედი. ბევრ სიხარულსა და სიყვარულთან ერთად დიდი ტკივილიც მაკავშირებს ამ სახლთან. 15 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. ეს იყო უდიდესი ტკივილი და დანაკლისი ჩემთვის. დიდ სირთულეებთან მომიხდა შეჯახება. ერთ წუთში გავიზარდე და დავბრძენდი. მამა მორალურად ძალიან მედგა გვერდში, მაგრამ თვითონაც უკვე ასაკში იყო და არც მისთვის იყო ეს ყველაფერი მარტივი. საღამოობით ბევრს ვსაუბრობდით, მასწავლიდა ჭადრაკის თამაშს, მაძლევდა რჩევებს. თუმცა დედის გარდაცვალების დღიდან, მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ფეხზე მყარად უნდა დავმდგარიყავი, მესწავლა, მემუშავა... ასე რომ, ცხოვრების საკმაოდ რთული სკოლა გავიარე. მაგრამ ამ სკოლამ ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ. ბევრი რამის შიშიც დამაძლევინა, თუმცა ეს გზა არ იყო მარტივი... 30 წლის გახლდით, როცა მამაც წავიდა ამ ქვეყნიდან.

- გაიხსენეთ ის საღამოები, რომელიც იმართებოდა ამ სახლში...

- დედა მეგობრობდა რამაზ ჩხიკვაძესთან, დოდო აბაშიძესთან, ჯანსუღ კახიძესთან. ხშირად ისხდნენ ერთად და უკრავდნენ აკორდეონზე. ასევე ხშირად გვსტუმრობდნენ დედას სხვა მეგობრები, მათ შორის იყო ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, ამავე დროს ბომბეის მეცნიერებათა აკადემიის რექტორი თეიმურაზ ლოლაძე. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა დედას, რომელთაც ჩემს მეგობრებადაც მივიჩნევდი.

- როგორია თქვენი ოცნების სახლი?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, მაინც მაქვს ჩემი ოცნების სახლი. ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა ვცხოვრობდე ქალაქის ცენტრში, რადგან არ მაქვს მანქანა და გადავაადგილდები ფეხით. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ე.წ. დუპლექსში, გაშლილი სივრცის სახლში, სადაც მოვაწყობდი ჯაზის კონცერტებს. მექნებოდა კარგი აპარატურა... ჩემი ოცნებაა, მქონდეს პატარა ბინა ბათუმში. მიყვარს ეს ქალაქი და მსიამოვნებს მის ალიონზე სეირნობა. იმედია, ეს ოცნება როდისმე ამიხდება.

სხვათა შორის, პროფესიით არქიტექტორი ვარ - ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი სათაყვანებელი არქიტექტორია ზაჰა ჰადიდი, ერაყული წარმოშობის ქალი არქიტექტორი, უნიკალური შედევრების ავტორი, რომელმაც სუპრემატული მიმართულება გააცოცხლა. სამწუხაროდ, ზაჰა ცოცხალი აღარა არის, თუმცა მისი ბიურო ისევ ფუნქციონირებს. მან დატოვა დიდი საგანძური, ტექნოლოგიები და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მის დაპროექტებულ სახლში. ეს იქნებოდა ჩემთვის იდეალური სივრცე.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება