ირმა სოხაძის სამფლობელო, რომელიც საკუთარი გემოვნებით მოაწყო

ვაკის პარკის მხრიდან აბაშიძის ქუჩაზე რომ შეუხვევთ, შეუძლებელია, შემაღლებულზე მდგომი მრავალსართულიანი კორპუსი არ შეამჩნიოთ, რომელსაც ისეთი შესასვლელი აქვს, ნამდვილად ვერ იფიქრებთ, თუ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხვდით.
სადარბაზო - ეს სიტყვა ნამდვილად შეესაბამება იმ სივრცეს, სადაც კონსიერჟი გულითადად გხვდება და მიგასწავლის, საით უნდა წახვიდე კონკრეტულ მობინადრესთან მოსახვედრად. ლიფტამდე მისასვლელი გზა დიდი და ლამაზი სარკეებითაა დამშვენებული. ამ სილამაზის თვალიერებით გართული მეორე სართულზე ავედი, სადაც ჩემი მასპინძელი, პოზიტიური და მუდამ მოღიმარი ირმა სოხაძე ხალისით შემომეგება. რესპონდენტთან საუბარი სწორედ პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:

- ძალიან
კომფორტული კორპუსია საცხოვრებლად. სადარბაზო - ამ სიტყვას ნამდვილად ამართლებს ჩვენი შემოსასვლელი. ამ ტიპის სადარბაზოები მხოლოდ ძველ სახლებშია შემორჩენილი, მაგალითად, სოლოლაკში. თანამედროვე სახლებს, ძირითადად, პატარა სადარბაზოები აქვს, ყოველი კვადრატულის ეკონომიას აკეთებენ იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი იყოს. ჩვენი კორპუსის მშენებელი კომპანია ყოჩაღი აღმოჩნდა ამ მხრივ და არა მარტო სადარბაზო, სხვა ინფრასტრუქტურული დეტალებიც კარგად აქვთ დაგეგმილი და განხორციელებული.

რატომ დაბრუნდა ვაკეში საბურთალოზე 45-წლიანი ცხოვრების შემდეგ?

- მე დავიბადე ჭავჭავაძეზე, შემდეგ გადმოვედით აბაშიძეზე და აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 47 წლის წინ რომ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, რეზო, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბურთალოზე, კერძოდ, პეკინზე და ბუნებრივია, იქ გადავედი. საბურთალო შემიყვარდა ძალიან და როდესაც დადგა დრო, რომ მე და რეზო ცალკე უნდა გადავსულიყავით საცხოვრებლად, ბახტრიონზე შევაჩერეთ არჩევანი. ახლაც გული მიჩქარდება პეკინზე და ბახტრიონზე რომ გავივლი, მიყვარს ყველა კუთხე, ყველა გოჯი. წარმოიდგინეთ, 45 წელი ვიცხოვრე იქ.

ბახტრიონზე გადასვლის შემდეგ, პეკინის სახლი გავყიდეთ და მომგებიან ფასად, პეკინზევე მშენებარე კორპუსში 200 კვადრატულზე მეტი ფართი ვიყიდეთ მე-12 სართულზე, მაგრამ რომ ავედი და ვნახე, მივხვდი, იქ ვერასდროს ვიცხოვრებდი. ან რად გვინდოდა ამხელა ფართი, გოგოები უკვე გათხოვილები იყვნენ, მე და რეზოს კი ამხელა სახლი არაფერში გვჭირდებოდა.
ერთ დღეს მირეკავს ჩემი მეგობარი და მეუბნება, შენ იმ ფართს მაინც არ გამოიყენებ, მოდი, გაყიდე, აბაშიძეზე შენდება ახალი კორპუსი და იქ იყიდე, თან დედ-მამის გვერდით და ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიო. ჩემი ყველა მეგობარი ვაკეში ცხოვრობს და უნდოდათ, მეც აქ ვყოფილიყავი.

დავფიქრდი, მივედი, პროექტი ვნახე და გავგიჟდი. ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ ეზოში უნდა ყოფილიყო აუზი. ფასიც მისაღები გახლდათ, საკმაოდ იაფი ღირდა და ვიყიდეთ. ასეთი ჭკვიანური ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიკეთებია, ვგიჟდები, ისე მომწონს და მიყვარს ეს სახლი.

მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან მშვიდი სახლია. რემონტი კარგა ხნის განმავლობაში ვაკეთე, არსად მეჩქარებოდა, როცა ფული მქონდა, ვაკეთებდი. ყველაფერი ჩემი ჭკუითა და გემოვნებითაა შერჩეული, არ მყოლია დიზაინერი.
ძირითადი დეტალები უკვე დასრულებული იყო, მაგრამ აქ გადმოსვლას არ ვჩქარობდით მაინც. ბახტრიონზე გადასარევად ვიყავით, რა გვეჩქარება გადასვლა-თქო, ვფიქრობდი, მაგრამ ზაფხულში ჩემი შვილიშვილები - ადრიანი და მაქსი ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბახტრიონზე ყველას გაგვიჭირდებოდა მოთავსება და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ გადმოსვლა. ვიყიდე ფარდები, წამოვიღე ჩემი ელექტროპიანინო და გადმოვედით, მათი დამსახურებაა, რომ ამ ზაფხულს სწრაფ ტემპში გადმოვინაცვლეთ ამ ბინაში, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

ჰოლი ორ ნაწილად ყოფს ბინას, მარჯვენა ფლიგელში სტუდიოა მოწყობილი სამზარეულოთი და მისაღებით, მარცხენა მხარე კი საგარდერობო ოთახებს, აბაზანებს, საძინებელსა და კაბინეტს უკავია.
სამზარეულო, იატაკის ფილები და მისაღებში განთავსებული რბილი ავეჯი ფერთა საოცარ სინთეზს ქმნის, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს ამ სივრცეს. სახლში შესულს ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს უკვე ნამყოფი ხარ და კიდევ ერთხელ მოხვედი.

- სამზარეულო რა ფერია, არ ვიცი, ერთი სიტყვით არ გადმოიცემა, მაგრამ ძალიან მომწონს. მას შევუხამე მაცივარი. მაგიდა ადგილზე არ ჰქონდათ, შევუკვეთე და ჩამოიტანეს. შემდეგ რბილი ავეჯი შევიძინე და ასე შეივსო ეს ოთახი.

თავიდან, როცა ეს პროექტი ვნახე და აღმოვაჩინე, რომ სამზარეულო ცალკე არ არის, ცოტა არ მომეწონა. ბებიების გაზრდილი გოგო ვარ და სამზარეულოს სხვა დატვირთვა აქვს ჩემთვის. არასდროს მომწონდა სტუდიო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ კარგი ყოფილა. ადრე გოგოები რომ მოდიოდნენ ჩემთან, ისინი მისაღებში ისხდნენ, საუბრობდნენ, იცინოდნენ და მე ამ დროს სამზარეულოში ვტრიალებდი, არადა, ჩემი ყური და გული მათთან იყო. ახლა რომ მოდის ვინმე, თან მასთან ვარ და თან ვამზადებ, ერთად ვართ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

სახლი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი და მხოლოდ პრაქტიკული ნივთებია წარმოდგენილი:

- რელიკვიები ამ სახლში არ მაქვს, ბახტრიონზე დავტოვე, არ წამოვიღე ჩემი აკუსტიკური როიალი, რომელიც ძალიან მიყვარს. თუმცა შესაძლოა ერთ დღეს აქაც გამოვუძებნო ადგილი. ასევე არ წამოვიღე პეტრე ბლიოტკინის მიერ დახატული ჩემი პორტრეტი, ეს სახელოვანი ფერმწერი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და დამხატა.


სამაგიეროდ, თან მაქვს დედის და ბებიისეული ნივთები, მაგალითად, გარნიტური, რომელიც მომინანქრებულია. XVIII საუკუნისაა, დედას აჩუქეს დაბადების დღეზე და მე მისახსოვრა. ეს შანდალი ბებიაჩემის ნაჩუქარია, XX საუკუნის დასაწყისისაა - 1905 წლის. ზოგადად, არ მიყვარს ძველი ნივთები, თუ ის ჩემს ახლობლებთან არაა კავშირში. ერთი პერიოდი ბუმი იყო ანტიკვარებზე, მაგრამ მე არასდროს მიზიდავდა, არ მიყვარს სხვისი ნაქონი ნივთები.

სტუდიოდან მისაღების გავლით ქალბატონი ირმას საძინებელში შევედით, რომელსაც თან ახლავს საკუთარი აბაზანა და საგარდერობო ოთახი. ჩვენი რესპონდენტის მეუღლის, ბატონი რეზოს საგარდერობო ოთახი ჰოლშია განთავსებული, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ირმა იქაც შეჭრილია და სივრცის დიდი ნაწილი მის სამოსს უკავია.

- რა ვქნა, არ ეტევა ჩემი ტანსაცმელი, საკონცერტო, ტელევიზიისთვის, ყოველდღიური, ბევრი გროვდება და რეზოსთან „შევიჭერი“.

სააბაზანო, რომელიც ჩემს საძინებელს ეკუთვნის, ჩემი სამფლობელოა, მეორე სააბაზანო გახლავთ რეზოსი, ბავშვების და დანარჩენების (იცინის).

სტუმრების სააბაზანო დიდია და მხოლოდ ამ ფუნქციას არ ითავსებს, საშრობიცაა, საუთოო ოთახიც, უნივერსალურია (იღიმის).

ე.წ. ტრელაჟი სავსეა ქალბატონი ირმას სამკაულებით, აღმოჩნდა, რომ თავად აკეთებს მათ.

- ჩემი ინსპირაცია გახდა მაია მიქაშავიძის მიერ ნაჩუქარი საყურე, ძალიან მომწონს და მივხვდი, რომ მეც შემეიძლო ჩემთვის გამეკეთებინა სამკაულები, მას შემდეგ დავიწყე და უკვე ფერების მიხედვით მაქვს დალაგებული.




ციცი ომანიძე

კომენტარები

ნატალია 2022-06-19 11:42
ჩემი აზრით სამზარეულო მაინც ცალკე ჯობს თან როცა ამხელა ფართია
ana 2022-06-13 22:58
სტერილური სახლია, არაფრით გამორჩეული
მოქალაქე 2022-06-13 16:49
ტრელაჟი?
გიორგი 2022-06-13 15:58
მშვიდი და თანამედროვე დიზაინი! კარგად , გემოვნებითაა ბინა მოწყობილი! ბედნიერებას გისურვებთ ქალბატონო ირმა,თქვენს წესიერ და პატიოსან მეუღლესთან , რეზოსთან ერთად!
ვახო 2022-06-13 13:56
სახლი არა- ბინა. ქალბატონო ირმა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები