"არავინ იცის, რამდენბალიან მიწისძვრებზეა გათვლილი ახალი კორპუსები, ქვეყანას სპეციალისტებიც აღარ ჰყავს" - სეისმური ცენტრის დირექტორი არსებული საფრთხეების შესახებ


ბოლო დროს მედიასაშულებებიდან ხშირად გვესმის საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულიმიწისძვრების შესახებ ინფორმაცია. საბედნიეროდ, უმრავლესობა მცირე სიმძლავრისაა და ნგრევას არ იწვევს. რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში სეისმოაქტივობის თვალსაზრისით, რამდენად მზად ვართ და როგორ უნდა დავიცვათ თავი მიწისძვრის დროს - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძეს გავესაუბრეთ:

- საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. თქვენ თუ გადახედავთ ბოლო ერთი, ორი ან თუნდაც ათი წლის მონაცემებს, მიწისძვრები ყოველთვის ხდებოდა საქართველოში. გააქტიურებული არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

- საქართველოში თუ არსებობს განსაკუთრებული რისკის ზონები, სადაც
ყველაზე ხშირადაა მიწისძვრის ეპიცენტრი?

- რეალურად, მთლიანად ტერიტორია არის სეისმურად აქტიური. თუმცა, ხშირი მიწისძვრების კუთხით ყველაზე მეტად აქტიურია რაჭის სეგმენტი, ჯავახეთი და კახეთის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი.

- რა ზიანის მოტანა შეუძლია პატარა ბიძგებს, რომლებიც არ იწვევს ნგრევას?

- პატარა ბიძგებს ზიანი არ მოაქვს, უბრალოდ ასეთი ტიპის მუდმივი რყევები ინფრასტრუქტურისთვის არ არის კარგი. ამიტომ, ინფრასტრუტურაც შესაბამისად უნდა იყოს დაპროექტებული, რომ გაუძლოს ხოლმე მუდმივ ბიძგებს.

- საქართველოში შენობები, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს და რამდენბალიან მიწისძვრებზეა გათვლილი?

- ამ ინფორმაციას არავინ ფლობს იმიტომ, რომ ინსპექტირების სამსახური საქართველოს ფაქტობრივად არ ჰყავს. მსოფლიო ბალის სისტემას აღარ იყენებს, საქართველო ჩამორჩენილია ამ კუთხითაც და ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ განათლების კუთხით. სერიოზული პრობლემებია, ფაქტობრივად, ქვეყანას სპეციალისტები აღარ ჰყავს.

- რა უნდა გაითვალისწინონ შენობების აგებისას, ამ კუთხით?

- პირველ რიგში, გრუნტის ფიზიკური და მექანიკური თვისებები უნდა გაითვალისწინონ. ეს ყველაზე მთავარია და აქედან იწყება ყველაფერი. თუმცა ჩვენს ქვეყანაში უკუღმა აკეთებენ ყველაფერს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში სამშენებლო სკოლაც აღარ არის. თუ ფიქრობთ, რომ ის, რაც ახლა შენდება, სამშენებლო ინდუსტრიაა, ცდებით.

- რეგიონში ატომური ელექტროსადგური გვაქვს, რა საფრთხეს წარმოადგენს ხშირი მიწისძვრები და რა სიძლიერის ბიძგს შეიძლება გაუძლოს მან?

- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება, როგორც ატომური ელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, ასევე სხვა დიდი ნაგებობები, რომლებსაც საფრთხის მოტანა შეუძლია. უარესი ბომბი გვაქვს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სახით ქვეყანაში, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. საბჭოთა კავშრიდან მოგვსდევს მემკვიდრეობა, ერთია რაზეა გათვლილი და მეორეა, რა მდგომარეობაშია ნაგებობა. ეს ორი ცნება ერთმანეთს არ ემთხვევა. ღმერთმა იცის, რა ხდება. არავის ეს არ შეუმოწმებია. მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით, მე თამამად ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს და მის უსაფრთხოებას რუსი მეცნიერები სწავლობენ, რაც ტრაგედიაა ამ ქვეყნისთვის.

- რეკომენდაცია რომ მისცეთ ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის დროს?

- ჩამოცვენილი საგნები რომ თავში არ მოგხვდეთ, მაგიდის ქვეშ უნდა შეხვიდეთ ან საყრდენ ბოძებთან უნდა დადგეთ. ლიფტში არ შეხვიდეთ და კიბეები არ გამოიყენოთ. ეს ძირითადი წესებია, მაგრამ არაფერი არ გიშველით, თუ შენობამ ვერ გაუძლო.

თამარ იაკობაშვილი

კომენტარები

ლიანა 2023-02-10 11:01
ბოლო ფრაზა მართლაც "მაგარია"
ნინო 2022-02-13 23:54
კითხვის ნიშნებს რატო მიწერთ სმაილებიდ ნაცვლად
ნინო 2022-02-13 23:53
ბოლო ფრაზა რა დამაიმედებელი იყო????????????
ნინო 2022-02-13 23:53
ბოლო ფრაზა რა დამაიმედებელი იყო????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები