ხელოვანი ცოლ-ქმრის ნამუშევრები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით იყიდება

ხელოვანი ცოლ-ქმრის ნამუშევრები ნამდვილად გაგაოცებთ. რენა პარუნაკოვი ლენტებით ულამაზეს პეიზაჟებს ქარგავს. წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი ნამუშევრები ირლანდიაში, იტალიაში, რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, ამერიკაში გაიყიდებოდა. რენას თქმით, იგი მეუღლესთან ერთად ტიხრულ მინანქარზეც მუშაობს და ისინი ერთმანეთისთვის ყველაზე კრიტიკული შემფასებლები არიან.


- ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა, ვქარგავდი მულინეს ძაფებით, ვჭრიდი, ვკერავდი ტანსაცმელს, მაგრამ ეს ბავშვობაში იყო. ჩემს გატაცებას სერიოზული სახე 7 წლის წინ მიეცა. როდესაც შვილი მეყოლა, ძირითად დროს სახლში ვატარებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი, ცოტა არ იყოს

გამიჭირდა სულ სახლში ყოფნა და ვიგრძენი, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მეკეთებინა. ჩემს თავს ვკითხე, რენა, აბა, რა გიყვარს შენ, ან რის კეთება მოგწონს? გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვქარგავდი. შევედი ინტერნეტში, რომ მომეძებნა რამე საინტერესო ვიდეო ან ფოტო ამ თემაზე და სრულიად შემთხვევით წავაწყდი ლენტებით მოქარგულ სურათს. ისე მომეწონა, გამიჩნდა სურვილი, მეც მეცადა. პირველი ნამუშევარი, რაც მოვქარგე, იყო ყვავილებით სავსე კალათა. იმდენად მომეწონა, რომ მაშინ მეგონა, გენიოსი ვიყავი, მაგრამ ახლა რომ მახსენდება ჩემი პირველი ნამუშევარი, მეცინება და მგონია, პატარა ბავშვის შესრულებულია.


- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
- ვმუშაობ ორ საერთაშორისო ორგანიზაციაში მთავარ ბუღალტრად. ვქარგავ თითქმის ყოველდღე და ხანდახან ღამეც კი, ღამის ორ სამ საათამდეც კი შემიძლია ვიჯდე და რეალობად ვაქციო ის იდეები და სურათები, რაც თავში მიტრიალებს. ხანდახან პაუზებიც მაქვს ხოლმე. ზოგჯერ ერთი თვე ან მეტიც ყოფილა, რომ ხელი არ მომიკიდია ნემსისთვის ან რომელიღაც დაწყებული ნამუშევრისთვის, გადამიდია მუზის მოლოდინში. მაგრამ ყოველი პაუზის შემდეგ უფრო მეტი ძალებით და შემართებით შევუდგები ხოლმე ჩემს საყვარელ საქმიანობას. ეს ჩემი სამყაროა, რომელშიც ყოფნა არ მბეზრდება და იდეები არ ილევა.
დღეს მხოლოდ ქარგვით არ ვარ დაკავებული, ნაჭრისგან, თიხისგან, თექისგან ვქმნი თოჯინებს, ასევე სხვადასხვა სათამაშოებს და აქსესუარებს.


- თქვენთვის ქარგვა მხოლოდ ჰობია თუ შემოსავლის წყაროცაა?
- თავიდან ჩემთვის ქარგვა მხოლოდ ჰობის დონეზე იყო. არც მიფიქრია, რომ შესაძლებელია ოდესღაც შემოსავლის წყაროდაც იქცეს. ჩემი ნამუშევრები გაყიდულა როგორც საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად ირლანდიაში, იტალიაში, რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, ამერიკაში...


- რამდენიმე სახეობის ქარგვა არსებობს, თქვენ ქარგვის რომელ მეთოდს იყენებთ?
- დიახ, არსებობს ქარგვა მხოლოდ ძაფებით ან ბისერით, არის ქარგვა მულინეს ძაფით, ჯვარედინი ქარგვის ტექნოლოგია, ასევე არსებობს ე.წ. წყლით ქარგვა. მე ძირითადად ვქარგავ ლენტებით, მაგრამ ჩემს ნამუშევრებში ძაფებსაც ვიყენებ, ბისერებსაც და სხვადასხვა ნაჭერსაც, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლი, რომ ნამუშევარი მოითხოვს.


- რამდენად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია?
- ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მოითხოვს დიდ დროს, კარგ მხედველობას, მოთმინებას, ნებისყოფას. მეგობრები ხშირად მეუბნებიან, შენ გეტყობა, კარგი ნერვები გაქვსო.


- ყველაზე რთული ნამუშევარი რომელია, რაც შეგისრულებიათ და რამდენი ხანი მუშაობდით ამ ნაქარგზე?
- მაქვს ნამუშევრები, რომლებზეც ერთი თვე მიმუშავია. ზოგადად მუშაობის ხანგრძლიობა ნამუშევრის ზომაზე და სირთულეზეა დამოკიდებული. მაქვს ისეთი ნამუშევარი, რომელშიც ძალიან პატარა დეტალებია მოქარგული, მას „სახლის ბაღი“ დავარქვი, რამდენიმე ქოთანში პატარ-პატარა ყვავილებია ჩარგული, მახსოვს დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, სანამ ამ ნამუშევარს დავასრულებდი.


- თქვენს ნამუშევრებში ფერთა საოცარი გამა იგრძნობა. როგორ ახერხებთ ფერების ასეთ შეხამებას?
- მადლობა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ გამომდის. ვფიქრობ, უფალმა მომცა ეს ნიჭი. მხატვარი არ გახლავართ, ჩემთვის არავის უსწავლებია ფერების შერწყმა, ეს შიგნიდან მოდის, ვუსმენ შინაგან სამყაროს, არ ვაჩერებ და მივდივარ წინ.


- ძირითადად რა სახის ნამუშევრებს ქარგავთ?
- ძალიან მიყვარს პეიზაჟების, ბუნების, ყვავილების მოქარგვა. ბოლო ნამუშევარი რაც მოვქარგე იყო ვარდები, მაგიდაზე ვიოლინოს ფონზე. შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ახლა ვაპირებ ფარშევანგის მოქარგვას, ვემზადები შინაგანად, ფიქრებში ვგეგმავ დეტალებს. ვნახოთ რა გამოვა.


- გაქვთ ნამუშევარი, რომელსაც არასოდეს გაყიდით და გააჩუქებთ?
- ჩემს პირველ ნამუშევრებს ვერასოდეს ვერ შეველევი. სიმართლეგითხრათ ყველა მიყვარს და მენანება როცა მშორდებიან, მაგრამ ისიც მესმის, რომ ყველას ვერ დავტევ ჩემს სახლში, ამიტომ ჩემს ნაწილს, ჩემს სამყაროს სხვებსაც ვუზიარებ,რათა გაახარონ ადამიანის თვალები, გულებიდა გაალამაზონ მათი სახლები. დედამიწაზე გამრავლდა ბოროტება და სიბნელე, ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ნამუშევრები დამთვალიერებლებს ცოტა პოზიტიურ განწყობას შეუქმნის.


- თქვენი მეუღლეც ხელოვანია. მის შესახებ მოგვიყევით, რას საქმიანობს?
- დიახ, ჩემი მეუღლეც ხელოვანია, ოქრომჭედელი გახლავთ. ასრულებს ძალიან რთულ და ნატიფ ნამუშევრებს ფილიგრანის ტექნოლოგიით. მისი ყველა ნამუშევარი არის სრულიად მისი ფანტაზიის ნაყოფი, მუშაობს როგორც ვერცხლზე, ასევე ოქროზე. ახლა ერთად დავიწყეთ მუშაობა ტიხრულ მინანქარზეც, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. მისი ნამუშევრები ხელნაკეთი და ექსკლუზიურია, არ მეორდება და არსად სხვაგან არ იყიდება. ამზადებს ყველა ტიპის სამკაულს, განსაკუთრებით მიყვარს მის მიერ შესრულებული პატარა გულსაკიდი ზარდახშა „ფაბერჟეს კვერცხი“. როცა გულსაკიდს გახსნი, შიგნით ჯვარი დაგხვდება. ვამაყობ მისით.

- ერთმანეთის ნამუშევრებს რამდენად ხშირად აფასებთ და რამდენად კრიტიკულები ხართ ერთმანეთის მიმართ?
- ჩევნ ერთმანეთისთვის მთავარი შემფასებლები და კრიტიკოსები ვართ. ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ, გამოხატავთ აღმრფრთოვანებას, მოსაზრებას ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, ერთად ვმსჯელობთ, ვთანხმდებით, ან არ ვთანხმდებით, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს ან შენიშვნას. ის მეუბნება ხოლმე, მაგარი გოგო ხარო, მე კიდევ ვეუბნები - მაგარი ბიჭი ხარ-მეთქი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

Maia Robaqidze-Dzida 2019-08-02 15:49
მაქვს ამ გოგონას შექმნილი ყურსაკიდი და ბროლოკი. შესანიშნავი რამაა. ყველას მოსწონს, მეკი საგანძურივით ვუფრთხილდები იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ხელითაა ნაკეთი და მეორედაც-ულამაზესია.
lia 2017-08-29 18:18
მართლაც საოცრებაა
ლია ბლიაძე 2017-06-01 18:58
ულამაზესი ნამუშევრებია!წარმატებებს ვუსურვებ ამ საოცარ წყვილს!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები