ოთახის ზონირების დროს დაშვებული 4 უხეში შეცდომა

თითქოს არაფერია იმაზე მარტივი, ვიდრე ოთახის ზონირება. თუმცა ამ პროცესში ბევრჯერ ვუშვებთ შეცდომას, რასაც ხშირად საკმაოდ უსიამოვნო შედეგამდე მივყავართ ხოლმე, კერძოდ, საგრძნობლად მცირდება ოთახის კომფორტულობა და ფუნქციურობა, ასევე ინტერიერი კარგავს ეფექტურობას.
მოდით, ვისაუბროთ ოთახის ზონირების დროს დაშვებულ ყველაზე ხშირ და უხეშ შეცდომებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებლად გვმართებს, თუკი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტთ.

შეცდომა 1: პატარა ზომის ოთახის დიდი ზომის ნივთებით ზონირება

ზონირებს ყველაზე მარტივ და გავრცელებულ მეთოდად ავეჯის საშუალებით ზონირება მიიჩნევა, ეს შეიძლება იყოს კარადა, სტელაჟი, დივანი და ა.შ. თუმცა აქ
არის ერთი მთავარი მომენტი - აღნიშნული ხერხი მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, თუ საუბარია დიდ სივრცეზე. მცირეგაბარიტიან ოთახში ეს ხერხი აბსოლუტურად მიზანშეუწონელია.

როგორ მოვიქცეთ?
თუ მცირეგაბარიტიანი ოთახის მეპატრონე ბრძანდებით, გირჩევთ ფერებით ზონირების მეთოდს მიმართოთ. ეს ძალიან ეფეტური იქნეა, მაგალითად, დივნის უკან კედელი შეგიძლიათ კონტრასტულ ფერად გადაღებოთ და ისე გამოყოთ დანარჩენი სივრცისგან.

შეცდომა 2: სტელაჟის ფანჯრის პარალელურად მოთავსება

ზონირების ეს მეთოდი ავტომატურად გაუმართლებლად მიიჩნევა, თუ ის ოთახს ბუნებრივ განათებას დაუბლოკავს.
მაგალითად, თუ თქვენ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ და გინდათ საძინებლის ცალკე გამოყოფა, არ გირჩევთ თაბაშირმუყაოს კედლის გაკეთებას, რადგან შედეგად მიიღებთ ბნელ, არაკომფორტულ ოთახს.

როგორ მოვიქცეთ?
ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი იქნება შუშის სტელაჟი, რომელიც არ შეუშლის ხელს ბუნებრივი განათების ოთახში შემოდინებას.

შეცდომა 3: ზონირების დეკორატიულ ხერხად გამოყენება

ინტერნეტში ზონირების უამრავი მაგალითის ნახვაა შესაძლებელი. თითოეული ძალიან ეფექტურად გამოიყურება და გვგონია, რომ ამა თუ იმ ვარიანტის გადმოღება ჩვენ შემთხვევაშიც გაამართლებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ზონირება პირველ ყოვლისა არის ფუნქციურობა და არა დეკორაცია, აქედან გამომდინარე ის ჰარმონიულად მხოლოდ მაშინ აღიქმება, თუ დანიშნულებას ამართლებს და არის პრაქტიკული.
თუ სახლი დიდი გაქვთ და არ არის აუცილებელი სასადილო ოთახის სამზარეულოსგან გამოყოფა, უმჯობესია ზონირების მეთოდს თავი აარიდოთ.

როგორ მოვიქცეთ?
არ ღირს საქმის გართულება, თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ოთხმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, ეს ძალიან კარგია და ამ შემთხვევაში არ გინდათ ზონირებაზე ფიქრი.

შეცდომა 4: ზონირება მხოლოდ ავეჯის ხარჯზე

ოთახი ჯერ კიდევ რემონტის დროს უნდა იყოფოდეს ვიზუალურ ზონებად. თუ ეს პროცედურა თავის დროზე არ იქნა ჩატარებული, ოთახი უბრალოდ ყუთს დაემსგავსება და მოგიწვეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ აქციოთ ყუთი კომფორტულ ოთახად.

როგორ მოვიქცეთ?
თუ ჯერ კიდევ რემონტის ეტაპზე ხართ, აუცილებლად წინასწარ გათვალეთ, როგორი ფერებით თუ მასალით მოახდენთ სივრცის ზონებად დაყოფას. ასევე არ დაივიწყოთ თითოეული ზონის ფუნქციურობისა და პრაქტიკულობის შესახებ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები